Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი გაბაშვილი: ოპოზიციის არაერთი ხალხმრავალი აქცია გვინახავს, მაგრამ… ხმებს არჩევნებზე ითვლიან!

გიორგი გაბაშვილი: ოპოზიციის არაერთი ხალხმრავალი აქცია გვინახავს, მაგრამ… ხმებს არჩევნებზე ითვლიან!

651

დააფიქრა თუ არა საქართველოს ხელისუფლება «ქართული ოცნების» მიერ 27 მაისს გამართულ აქციაზე მისული ხალხის სიმრავლემ და მოქმედებს თუ არა ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით _ ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი (გოკა) გაბაშვილი ესაუბრა.

_ 27 მაისის საპროტესტო აქციის შემდეგ ცალკე «ნაციონალური მოძრაობის» მომხრეები ითვლიდნენ აქციის მონაწილეებს და ცალკე «ქართული ოცნების» მხარდამჭერები, მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი გამოვიდა საკუთარი პროტესტის გამოსახატად. ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს, როცა ამდენი უკმაყოფილო ადამიანი გამოდის ქუჩაში?

_ ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოაგვაროს ხალხის პრობლემები _ არის ეს დასაქმების პრობლემა თუ სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვის სფეროში დღეს არსებული პრობლემები. ხელისუფლება სწორედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული და არა მიტინგებზე ადამიანების თვლით.

_ ამ აქციის შემდეგ მაინც თუ მიიჩნევთ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების სერიოზულ კონკურენტად?

_ რა თქმა უნდა. ვინაიდან ვიცით, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის «ნაციონალური მოძრაობაც» იბრძოლებს გამარჯვებისთვის, თუმცა ჩვენ ამ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, ვინაიდან არსებული პრობლემების დაძლევის ყველაზე რეალისტური და კარგი პროგრამა სწორედ «ნაციონალურ მოძრაობას» აქვს და შევეცდებით ამაში ხალხიც დავარწმუნოთ.

_ ექსპერტების აზრით, 27 მაისის საპროტესტო აქციამ დაადასტურა, რომ თბილისმა უკვე აირჩია საკუთარი ხელისუფლება…

_ ჩვენ ოპოზიციის არაერთი ხალხმრავალი აქცია გვინახავს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ხმებს არჩევნებზე ითვლიან და იმავე ოპოზიციის არჩევნების შედეგებიც ვნახეთ. ასე რომ, ოპოზიციურ პარტიებს საშუალება აქვთ, აქციებიც მოაწყონ, თავიანთი პროგრამებიც წარმოადგინონ და ხალხსაც ესაუბრონ, ხალხი კი ხელისუფლებას ოქტომბერში აირჩევს.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია, როცა ხელისუფლება ერთი კაცის გამო ცვლის კონსტიტუციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯიუტად არ აძლევს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას?

_ ხელისუფლება არ ცვლის კონსტიტუციას ერთი ადამიანის გამო, ის აღნიშნულ ცვლილებებს ახორციელებს, რათა საქართველოში საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად ღია და გახსნილი იყოს და ყველანაირი შეკითხვა, არჩევნებთან თუ კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით, მოიხსნას. იმისთვის ვცვლით კონსტიტუციას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ჰქონდეს სრული საშუალება, აწარმოოს საარჩევნო კამპანია და სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.

_ ბიძინა ივანიშვილი და მისი «რუსული ფული» მისაღები იყო, სანამ ის ხელისუფლებას აფინანსებდა, თუმცა მაშინვე მიუღებელი გახდა, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს?

_ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით არ მოქმედებს. ბიძინა ივანიშვილმა ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა და ბევრი სასარგებლო პროექტი დააფინანსა, მაგრამ მის პოლიტიკურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც თურმე საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან, საქართველოა ყველაფერში დამნაშავე და ჩვენ უნდა დავხაროთ თავი და ბოდიში მოვიხადოთ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობისა, ვერ დავეთანხმებით და მის ამ პოზიციას მხარს ვერ დავუჭერთ.

_ მიხეილ სააკაშვილი ხან რაღაცებს იჭრის და უგზავნის რუსეთის ხელისუფლებას, ხან აცხადებს, რომ «ვერავინ ვერასოდეს ვერ დააბრუნებს საქართველოს ჩექმის სალოკად», როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია, როდესაც პრეზიდენტი ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობს?

_ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს და გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში კი არის ის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და აღარასოდეს გახდეს რუსეთის უკანა ეზო და ეს აუცილებლად ასე იქნება.

_ მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი ტერმინებით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება შეუძლებელია და პრეზიდენტი დიპლომატიურ ენაზე უნდა წყვეტდეს ასეთ საკითხებს?

_ პოლიტიკოსებს ზოგჯერ მკვეთრი გამონათქვამები ახასიათებთ და ეს გასაკვირი არ არის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here