Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ჩალაბაშვილი: ყველა დამაქცევარი, რომლებიც გუნდრუკს უკმევდნენ ამ ხელისუფლებას, ჩამოსახრჩობია!

თემურ ჩალაბაშვილი: ყველა დამაქცევარი, რომლებიც გუნდრუკს უკმევდნენ ამ ხელისუფლებას, ჩამოსახრჩობია!

1061

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

_ ბატონო თემურ, 27 მაისის გრანდიოზული მანიფესტაციის შემდეგ საზოგადოებაში იმის რწმენა, რომ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია, ერთიორად გაიზარდა. თქვენი აზრით, დღესდღეობით არსებობს ამის რეალური წინაპირობა? ცოტა არ იყოს გადაჭარბებული ხომ არ გგონიათ ის მოლოდინი, რაც მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით გაჩნდა საზოგადოებაში?

_ ერთ რამეში ვარ ზუსტად დარწმუნებული და აგერ _ მე, აგერ _ თქვენ: როგორც კუზიანს ვერ გაასწორებს ვერაფერი, სამარის გარდა, ამ ხელისუფლებას გაყალბებაზე ხელს ვერ ააღებინებ.

…ერთადერთი ნორმალური არჩევნები მე მახსოვს 1991 წელს, როცა არჩეულ იქნა პირველი პრეზიდენტი, ოღონდ ნორმალური იყო ის არჩევნები არა იმის გამო, რომ მაინცდამაინც ზვიადი უნდა მოსულიყო, უბრალოდ, ერში სულიერების განცდა ყვაოდა და ხალხს სჯეროდა ერთმანეთის. დღესდღეობით ეს განცდა, ფაქტობრივად, ჩამკვდარია. ასე რომ, არ მინდა, ავსიტყვაობა გამომივიდეს, მაგრამ მომავალი არჩევნები იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებაყველაზე კარგი შედეგი, რაც შეიძლება უკეთეს შემთხვევაში მივიღოთ, ისაა, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად დიდი შემადგენლობით მოვიდეს პარლამენტში. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ხელისუფლების დამხობის მოლოდინი ნურავის აქვს. ჯერ ერთი, ამის გამკეთებელი არავინაა და მეორეც, არ არის დღეს საკმარისი ერთიანობა იმისათვის, რომ ყველა ეს პრობლემა ასე ერთბაშად, მყისიერად გადაიჭრას.

_ გინდათ, თქვათ, რომ, ივანიშვილის გამოჩენის მიუხედავად, საზოგადოებაში საკმარისი მოტივაცია მაინც არ არის?

_ ეს ფაქტია და ჩანს კიდეც. ასე რომ, ამას ვერავინ უარყოფს. კი, არის საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტი და ბუნებრივიცაა, მაგრამ მარტო ეს არაა საკმარისი, მთავარია, მოსახლეობა რამდენად გამოხატავს ამ უკმაყოფილებას.

1991 წელს არჩევნების ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე ვიყავი მთაწმინდის ოლქში და ახლაც თვალწინ მიდგას, იქ რა ხდებოდა _ ხმებს არც უნდოდა დათვლა, ხალხი მოდიოდა და იძახდა: «ზვიადი… თავისუფალი საქართველო…» ანუ, რის თქმა მინდა ამით _ ადამიანებს სწამდათ და გულწრფელად სჯეროდათ, რომ საარჩევნო ყუთთან მათი მისვლით მართლა რაღაც იცვლებოდა ქვეყანაში, ამიტომაც იყო იმხელა მოტივაცია და ერთსულოვნება.

დღეს ყველაფერი პირიქითაა _ საზოგადოება გაცურებულია, სახტადაა დარჩენილი, ამიტომ, ბუნებრივია, ის ჟინი ბრძოლისა, რაც ადრე იყო, არ იქნება. ის კი არა, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ 27 მაისს იმდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ამხელა მანიფესტაციას ნამდვილად არ ველოდი. არა იმიტომ, რომ ბიძინას პოპულარობა აკლია ან ხელისუფლების მიმართ არაა უკმაყოფილების მუხტი საკმარისად მაღალი, არა, უბრალოდ, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ . . ოპოზიციამ და მათმა ლიდერებმა, ფაქტობრივად, დაასამარეს ერში მომავლის რწმენა. მადლობა უფალს, ყველა იმ მუხანათობის მიუხედავად, ხალხს მაინც შერჩენია ძალა, დაირაზმოს უსამართლობის წინააღმდეგ.

_ 9 აპრილს, ოთხთვიანი აქციების დროს, ხელისუფლება ხალხის ქუჩაში გამოსვლის მიზეზად სოციალურ პრობლემებს ასახელებდა, რითაც პოლიტიკური კრიზისის ფაქტორს გამორიცხავდა. დღეს კი «ქართული ოცნების» მაღალ რეიტინგს მმართველი გუნდისადმი საზოგადოების უკმაყოფილებით ხსნიან და არა ივანიშვილის პოპულარულობით. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ ის, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების უდიდესი ნაწილი დადებითადაა განწყობილი, ფაქტია, და ამას, მე მგონი, დამტკიცება არ სჭირდება, ეს უკვე ვნახეთ. რაც შეეხება მეორე და უმთავრეს მიზეზს, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოდის, _ მოსახლეობას უკვე ეზიზღება ეს მთავრობა. სააკაშვილი შეიძლება სულელია, მაგრამ იმას კი გრძნობს, რამხელა სიძულვილი მოდის მოქალაქეების მხრიდან მის მიმართ. ამიტომ ამ უბედურს მართლაც აღარ დარჩა უკვე სხვა გამოსავალი, გარდა იმ იდიოტური გამოხდომებისა, რითაც, ალბათ, ჰგონია, რომ რამეს უშველის. სხვათა შორის, ელინებს აქვთ ასეთი გამოთქმა: კაცს გონება წარტაცე, დასჯა თუ გინდაო. ზუსტად ასეა ამ ადამიანის საქმე, _ კაცს გონება წართმეული აქვს. ასე რომ, გინდ ასე თქვი, გინდ ისე, რასაც არ უნდა დააბრალონ ხალხის ქუჩაში გამოსვლა, მიზეზი მაინც ერთია _ გიჟი არ გვინდა, ბატონო, გვყავდეს სათავეში, გიჟი, ესაა, მეტი კი არაფერი

_ 27 მაისის მანიფესტაციის შემდეგ ხელისუფლების დაბალ, მაგრამ მაინც მეტნაკლებად მნიშვნელოვან ეშელონებში გარკვეული შიდაბზარები გაჩნდა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მაია მიმინოშვილი გამოუშვეს, რასაც მთელი მისი აპარატის გათავისუფლება მოჰყვა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი ხელისუფლების რღვევის პროცესად მივიჩნიოთ?

_ ხშირად მესმის ხოლმე ასეთი საუბრები: აი, ახლა ნახეთ, როგორ განუდგება სააკაშვილს ვანო მერაბიშვილი, როგორ უღალატებს ბოკერია და ა. შ. მე ვამბობ, რად მინდა ამათი ღალატი ან ერთგულება, თუ იგივე მთავრობა დარჩა. თუ შეცვლაა, ეგენი, როგორც მოვიდნენ, ისე ძირფესვიანად ერთად უნდა წავიდნენ, თორემ იმ სიბინძურის ბუდიდან რამდენი ადამიანი გადმობარგდება ოპოზიციაში და რამდენი უღალატებს ხელისუფლებას, რა აზრი აქვს?! სწორად გამიგეთ, მე, როგორც ჰუმანიტარი, როგორც მწერალი, დასჯის მომხრე კი არ ვარ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ყველა სამშობლოს მოღალატე, ყველა დამაქცევარი, რომელიც წლების მანძილზე გუნდრუკს უკმევდა ამ ხელისუფლებას, დასასჯელია და ჯვარზე გასაკრავი, უფრო სწორად, ჩამოსახრჩობი, ჯვარზე გაკვრას ვინ აღირსებს, ჯვარზე ქრისტე აცვეს

_ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების სამსახურში ნამყოფი ხალხის ასე ხელგაშლილად მიღება ივანიშვილის კოალიციაში საფრთხის შემცველი არ არის?

_ მოღალატის გვერდით დაყენება, რა თქმა უნდა, ყოველთვის საშიშია, მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო კოალიციის ან პირადად ივანიშვილის საფრთხეებზე არ არის საუბარი. რამე რომ მოხდეს, ბიძინა კი დარჩება მოტყუებული, მაგრამ სამშობლო იქნება ნაღალატევი. ესაა მთავარი საფრთხე და ამის უნდა გვეშინოდეს, თორემ კი, ბატონო, დაიყენოს გვერდით, ვინც უნდა.

…სხვათა შორის, მე არაერთხელ განვაცხადე საჯაროდ, რომ ძალიან ბევრი საეჭვო ადამიანის ყოფნა არ მომწონს ივანიშვილის გვერდით, რის პასუხადაც ჩემი კოლეგები მუდმივად მეუბნებიან ხოლმე, ახლა ასეა საჭიროო. არ ვიცი, ბატონო, რომელ დღეს რა არის საჭირო, მაგრამ ერთი კი ვიცი, მოღალატე კაცის ადგილი არსად არ არის; არ შეიძლება ასეთმა კაცმა სიკეთე ჩაიდინოს…

_ პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე რა აზრის ხართ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თქვენი აზრით?

_ საერთოდ, ხელისუფლება, რომელიც გრძნობს, რომ ყველას სძულს, ყოველთვის ცდილობს, გაექცეს საკუთარ ხალხს. რაც შეეხება პირადად სააკაშვილს, ხალხთან ურთიერთობა მისთვის, დიდი ხანია, სასიამოვნო პროცესი აღარ არის, ამიტომ, ბუნებრივია, გარბის ეს კაცი.

გარდა ამისა, პარლამენტის გადატანით ამათ კიდევ ერთ მიზანს მიაღწიეს _ რიგითი მოქალაქეები და ხელისუფალნი საბოლოოდ გამიჯნეს ერთმანეთისგან. ეს კი, იცით, რას ნიშნავს? ბოდიში და ძალიან მარტივად, ქუჩის ენით თუ ვიტყვით, ამით ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება, თავში ქვა გიხლიათ, ერთ ადგილზე მკიდიხართო. არ ერიდებათ უკვე ამის თქმა, იმიტომ, რომ, აქამდე რაც გაუკეთებიათ და რა უბედურებებიც დაატრიალეს, იოლად შერჩათ ყველაფერი. თუმცა ჯერ სად ვართ, უარესსაც ვნახავთ მომავალში, თუ დასცალდათ თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრების ბოლომდე განხორციელება.

_ შენობის გახსნის დღეს სააკაშვილმა განაცხადა: ქუთაისს დავუბრუნეთ ის, რაც მას ეკუთვნოდაო. თქვენი აზრით, რა არის ცუდი იმაში, რომ პარლამენტი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში გადადის?

_ პირველ რიგში, მაგან ქუთაისს და მთელ საქართველოს რაც წაართვა, ის დაუბრუნოს და სად, რომელ ქალაქში რა განთავსდება, ხალხი თვითონ გადაწყვეტს. ჯერ ერთი, რას ჰგავდა იმ დღეს ამათი საქციელი, ის სამარცხვინო შენობა რომ გახსნეს, რა ილაპარაკეს და რა სანახაობა მოაწყვეს. ამ თარგამაძეს კიდევ, ამ ასლანას გამოჭყლეტილს, რა შეურაცხყოფაც მიაყენეს, მის ადგილზე კაცს გული გაუკსდებოდა. ჩაფხუტი რომ შეაჩეჩა ხელში სააკაშვილმა, იმას ვგულისხმობ. დღეს რომ ეს შეიფერა, ხვალ-ზეგ სხვა რამესაც დაახურავს ეს გიჟი.

ახლა ზოგიერთი გონებასუსტი ადამიანი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარედ უპირებს გაშვებას და მაგ ჟესტით გადაულოცაო, კი არ გადაულოცა, დაამცირა, ბოდიში და, დაასვარა თავზე. აი, რა გააკეთა სინამდვილეში.

_ სხვათა შორის, იმ დღეს სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენებიც უხვად დაარიგა.

_ ეს ხომ საერთოდ თავის მოჭრა იყო, ამდენ «ბრწყინვალე» ხალხს რა უნდა მოუხერხოს საქართველომ, არ ვიცი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ბრწყინვალების ორდენის კავალერი გახდები და შენი დამცირებული მოძმის გვერდზე ამას შეიფერებ, ამას ჰქვია უსინდისობა და უნამუსობა. ეს ეხება ყველა იმ «ბრწყინვალე» ადამიანს, რომლებმაც სააკაშვილისგან «ჩინმენდლები» მიიღეს.

_ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენი სასულიერო პირებსაც გადასცა.

_ მეუფე კალისტრატე გყავთ, ალბათ, უწინარესად, მხედველობაში. არც ვიცი, რა ვთქვა, სამარცხვინოზე სამარცხვინო ფაქტია. ეს ადამიანი ლოცულობს თურმე სააკაშვილზე, ხოლო ვისაც სააკაშვილი არ მოსწონს, წყევლის. მაპატიოს უფალმა, მაგრამ მინდა, გულწრფელად ვკითხო მას: შეგიძლიათ, დამისახელოთ თუნდაც ერთი სასიკეთო შედეგი, რომელიც ამ თქვენი საფიცარი თუ სალოცავი სააკაშვილის მოქმედებებს მოჰყვა? ტერიტორიები დავკარგეთ, მოსახლეობა სიღატაკის ზღვარზეა, ხალხი შიმშილობს, მოკლედ, როგორც კახელებმა იციან ხოლმე თქმა, ქვეყანა კუდზე დაიყვანა კაცმა და შეიძლება, კიდევ მას სცემდე თაყვანს?! რაზეა ლაპარაკი, რა აქვს ამ გიჟს სამღერი და სათაყვანებელი?!

საქმე ისაა, რომ ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში რა უბედურებაც გვჭირს სააკაშვილის ხელისუფლების სახით, მაგრამ მათთვის ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, თავიანთ ტყავსა და სტომაქს გაუფრთხილდნენ; ვისგან მიიღებენ ორდენს, რა მნიშვნელობა აქვს. ესენი ნებისმიერ მთავრობას მოემსახურებიან, ოღონდ კარგად იყვნენ და არაფერი მოაკლდეთ. კონცერტები, ტაშ-ფანდური და დროსტარება. აი, რაზე აქვთ ამ ადამიანებს კბილები ალესილი, მიშა კიდევ ამას არ აკლებს.

_ ამ . . ორდენებისა და სიგელების ჩამორიგებით სააკაშვილი რასაც აკეთებს, გასაგებია, _ მის მიერ წლების წინათ «ჩარეცხილი» ინტელიგენტის ადგილზე ახალ «ინტელიგენტს» აკოწიწებს. საკითხავი ისაა, რა წვლილი შეაქვს ამ «ნორჩ ინტელიგენტს» არსებული რეჟიმის გამყარებაში?

_ ინტელიგენტი, რა თქმა უნდა, დიდი ძალაა და ყველა ხელისუფლებას სჭირდება იგი, როგორც ერთ-ერთი დასაყრდენი, მაგრამ მოდი, ამ შემთხვევაში იმით დავიწყოთ, თუ რა ინტელექტის მქონე ხალხისგან ქმნის სააკაშვილი ამ ე. წ. ახალ ინტელიგენტს, _ ფსევდო ხელოვანები, მომღერლები, მსახიობები, მწერლები და ა. შ. ერთი სიტყვით, არაფრის მცოდნე და შესაბამისად არაფრისშემძლე ხალხისგან. ახლა მე თქვენ გეკითხებით, შეიძლება, მათგან რამე სერიოზული ძალა შექმნა?! არა მგონია. აქედან გამომდინარე, რამდენად სერიოზული დასაყრდენიც გააჩნია მათი სახით ხელისუფლებას, გასაგებია.

საერთოდ, რა მყარ საფუძველზეც უნდა იდგეს ხელისუფლება და რა მხარდაჭერაც უნდა ჰქონდეს მას საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ის ძალადობაზე გადადის, უკვე ავტომატურად თვითრღვევისკენ მიდის, საყრდენი მას თავისთავად ეცლება. ამას შეიძლება წლები და ათწლეულები დასჭირდეს, მაგრამ ბუნების კანონია. ასე რომ, სააკაშვილის ხელისუფლების ბედი, შეიძლება ცოტა შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ ნათელია, _ ტიპური ავტორიტარული რეჟიმის აღსასრულის ფორმით მისი აღსასრულიც გარდაუვალია. ამას წინ ვერაფერი აღუდგება, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ეს ბუნების კანონია. მთავარია, მანამდე მოეგოს მთავრობა გონს, სანამ პიკის მომენტი დადგება, თორემ, საზოგადოება რომ აფეთქდება და პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს, მერე უკვე კონტროლი შეუძლებელი იქნება; ხალხი თუ აღსდგა, კალისტრატეს წირვა-ლოცვა ვეღარ უშველის სააკაშვილს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here