Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი თურქობის მოლოდინში

ახალი თურქობის მოლოდინში

700

სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის ხელშეწყობით აჭარაში, უკვე დიდი ხანია, თურქეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ ექსპანსიას ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ კი შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, თურქულ სკოლებში მე-11 კლასელებს ასწავლიან, რომ თურმე თავის დროზე ქართველებმა დაიპყრეს ბათუმი და რიზე. თუმცა თურქებმა რიზეს უკან დაბრუნება შეძლეს, ბათუმის კი _ ვერა და ის დღეს საქართველოს მიერ არის ოკუპირებული.

ეს ფაქტი ყურდღებას, ალბათ, არც მიიქცევდა, საქმე ვინმე იმპერიული აზროვნების ავტორის მიერ გამოცემულ წიგნს რომ ეხებოდეს, მაგრამ ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც თურქეთის განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული და, შესაბამისად, მასში სახელმწიფო პოლიტიკაა გატარებული. ასეთი ქმედებით თურქეთის ხელისუფლება მიზნად ისახავს მომავალი თაობის იდეოლოგიურ დაამუშავებას, რა დროსაც მათ მეხსიერებაში უნერგავენ, თითქოს აჭარა და ბათუმი მათი ისტორიული საკუთრებაა და მის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლონ. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა უარყოფით შედეგს გამოიღებს საქართველოსთვის ყოველივე ეს, მითუმეტეს რომ ჩვენი ქვეყანა დღეს პატარა და სუსტი, ხოლო თურქეთი ძლიერი და მზარდი ამბიციის მქონე სახელმწიფოა.

დღეს თურქეთი ღიად ცდილობს, დაანახოს მსოფლიოს, რომ მას აქვს პრეტენზია, გახდეს ისლამური სამყაროს ლიდერი სახელმწიფო და რეგიონში დომინანტური ძალა. ამ მიზნის მიღწევაში კი მას ზურგს ამერიკა უმაგრებს, ვინაიდან თურქეთის სახელმწიფო ინტერესები თანხვედრაშია აშშ-ის ინტერესებთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. შესაბამისად, ამერიკის პოლიტიკის გამტარებელი ამ სივრცეში თურქეთია, საქართველოს ხელისუფლება კი ამერიკის ფაქტორის გათვალისწინებით თურქეთს თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელებაში ხელს ვერ შეუშლის. არადა, თურქეთის მზარდი ამბიცია და ეკონომიკურ-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მორიგი დაქუცმაცებით ემუქრება. ჯერ კიდევ წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია აცხადებდა: «საქართველოს ნატოში შესვლით დაინტერესებულია თურქეთი და აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური წრეები. თურქეთს ეს მისცემს საშუალებას, რუსეთს არც შეხედოს, ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც 200 წლის წინათ ისინი რუსებმა გაყარეს. ხოლო ძველი ურთიერთობების აღდგენის მოწინააღმდეგეებს აფხაზეთსა და ოსეთში ეს იმის გარანტიას აძლევს, რომ არანაირ რეინტეგრაციულ პროექტებზე საქართველოსთან აღარასოდეს იქნება საუბარი. რა ინტეგრაცია უნდა იყოს მაშინ, როდესაც საზღვრის ერთ მხარეს ნატოს თურქული ჯარები დგას, მეორე მხარეს კი – რუსეთის ჯარები»?!

საქართველო დღეს კოლონიური სახელმწიფოა, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გატარება არ შეუძლია, არ შესწევს უნარი, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და თვითმყოფადობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის «სტრატეგიული პარტნიორი» სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით მის სახელმწიფოებრიობას და მოქალაქეების კეთილდღეობას საფრთხე ექმნება, იძულებული ხდება, გადადგას დამღუპველი ნაბიჯი, რამაც შეიძლება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, საერთაშორისო რუკიდან გაქრობა გამოიწვიოს. ასეთია კოლონიური სახელმწიფოს ბედი.

ყოველივე ეს განპირობებულია ქვეყნის სათავეში მარიონეტული და ანტიეროვნული რეჟიმის ყოფნით, რომელიც ღიად უწყობს ხელს თურქეთს ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებაში. უკვე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სააკაშვილის რეჟიმი თვალს ხუჭავს ბევრ უკანონობაზე, რომელთაც თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, კერძოდ, არც კეთილმეზობლურია და არც პარტნიორული ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული კომპანიები უპრობლემოდ საქმიანობენ და თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები აფხაზეთის პორტებში თითქმის ყოველდღე შედიან.

საინტერესოა, რატომ აძლევს ჩვენი «სტრატეგიული პარტნიორი» სახელმწიფო თავს იმის უფლებას, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვით და ქართული კანონმდებლობის დარღვევით აწარმოოს სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სეპარატისტულ აფხაზეთთან? მართალია, ასეთი ქმედებების გამო თურქულ მხარეს საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ საპროტესტო ნოტა გადასცა, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

დღეს აჭარა არის რეგიონი, რომელშიც თურქეთი ისლამის პროპაგანდას ღიად ეწევა, ხსნის და აფინანსებს მეჩეთებს თუ მედრესეებს. წარჩინებულ მუსლიმან ახალგაზრდებს კი თურქეთის უნივერსიტეტებში გზავნის, ისლამის კანონების ძირფესვიანად შესწავლის მიზნით. ამას კი აუცილებლად მოჰყვება ქართველი ერისთვის საზიანო შედეგი.

ბუნებრივია, იმის საშიშროება არ არსებობს, რომ აჭარლებმა თუნდაც სარწმუნოებრივი მოტივით მოითხოვონ საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა თურქეთის სასარგებლოდ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ აჭარელს აჭარაში არაფრის უფლება აღარ აქვს, თურქები კი განუსაზღვრელი უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობენ, მათთვის ყველგან ყველა გზა ხსნილია. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ბათუმში მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ეს კი «დიდი თურქობის» ახალი ეტაპის დასაწყისია.

თუმცა თურქეთის ასეთი პოლიტიკის გამო დამნაშავე არა თურქეთი, არამედ ჩვენი ხელისუფლებაა, რადგან აჭარაში თურქებს განსაკუთრებული პრივილეგირებული მდგომარეობა სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის მიერ მიენიჭა. მაგრამ სხვას რას უნდა ველოდოთ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომელმაც სინდისის ქენჯნის გარეშე განაცხადა, რომ თურმე «სოხუმი არასდროს არ იყო საქართველოს შემადგენლობაში». სააკაშვილს აფხაზეთის დაბრუნება არ სურს, ამიტომ აქცენტი ბათუმზე გააკეთა და მისი ტურისტულ «მექად» გადაქცევა დაისახა მიზნად, რათა საზოგადოების ყურადღება სოხუმიდან ბათუმზე გადაეტანა. ამან კი მისცა შესაძლებლობა თურქეთს, თავისი იმპერიული მიზნების რეალიზება დაეწყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ასეთი შესაძლებლობით ისარგებლებდა და შორსმიმავალ გეგმებსაც დასახავდა. ამაზე სწორი შეფასება გააკეთა ალექსანდრე ჭაჭიამ: «თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკურმა ექსპანსიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე პოლიტიკაშიც თვისობრივად ახალ ძვრებს მოითხოვს, ამისთვის კი ქართველი მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ აჭარის ახალი ობიექტები, რომლითაც ასე ამაყობს ჩვენი ხელისუფლება, თურქების აშენებულია და მათ საკუთრებას წარმოადგენს. ფეშენებელური სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეუძლებელია, აჭარაში რენტაბელური იყოს: მისით სარგებლობისთვის ქართველებს ფული არ აქვთ, ხოლო სომხური ტურისტული ნაკადი ასეთი სიმძლავრეების ასათვისებლად საკმარისი არაა, საკურორტო სეზონიც აჭარაში ძალიან ხანმოკლეა. მიუხედავად ამისა, თურქები მაინც ყიდულობენ მიწას, აშენებენ თავიანთ ობიექტებს, შესაძლოა, იმის იმედად, რომ ცოტა ხანში შეძლებენ თანამემამულეებისთვის მათ საცხოვრებელ ბინებად რეალიზებას. დღეს ბათუმში 23 ათასი თურქია ჩაწერილი. ეს საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. მთელ აჭარაში არასოდეს უცხოვრია ამდენ თურქს, მაშინაც კი, როდესაც იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო».

ასევე ძალიან უადგილო, თუმცა მრავლისმეტყველი იყო, 26 მაისს ქუთაისში ახლადგახსნილი პარლამენტის წინ ჩატარებულ აღლუმზე თურქეთის სახელმწიფო დროშა ქართული დროშის გვერდით რომ ფრიალებდა. ძნელია იმის გარკვევა, თუ რატომ გახდა აუცილებელი მეზობელი სახელმწიფოს დროშის აფრიალება საქართველოს სამხედრო აღლუმის დროს, მაგრამ ეს ფაქტი უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი «პროდასავლური» ხელისუფლება, რომელიც თითქოს საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, სინამდვილეში საქართველოს განიხილავს ისლამური თურქეთის გავლენის სფეროდ. ეს აღიარა კიდეც სააკაშვილმა 31 მაისს სტამბოლში, გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას მან თურქეთი ლამის საქართველოს მფარველად გამოაცხადა: «საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიდერი სახელმწიფოების რეაქციები სრულიად განსხავებული იყო _ იყო ნევროზული და ისტერიული რეაქციები, ყოფილი იმპერიები ცდილობდენ ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევას. ამ მხრივ, გამოირჩეოდა თურქული მოდელი. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან თურქეთი მხარს უჭერდა და ამხნევებდა საქართველოს. ცდილობდა, დაგვხმარებოდა ფეხზე დადგომაში და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობდა». «ახალ ბალანსს დღეს ახალი იდეები და ახალი შესაძლებლობები გვკარნახობს, რომლებიც ხან დიდი ქვეყნებიდან მოდის, ხან კი _ მცირე. ასევე ვხედავთ, რომ აღმოსავლეთში თურქეთი ძირითადი ლიდერის სტატუსს იძენს, როგორც მშვიდობის ინიციატორი და მოვლენების განსხვავებული ხედვის შესაძლებლობის მქონე სახელმწიფო».

მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში სიტყვით გამოსვლისას თავისი «ტოლერანტული» ბუნების სადემონსტრაციოდ განაცხადა: «მე გავიზარდე ისეთ ქალაქში, სადაც მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას _ ეს არის ჩვენი იდენტურობა», თუნცა რატომღაც სააკაშვილს არ უთქვამს მეჩეთი და სინაგოგა მართლმადიდებლური ეკლესიების გვერდით რომ არის აგებული, მაგრამ მან ეკლესია პრინციპულად არ ახსენა. რატომ? _ იმიტომ, რომ ეს არის სააკაშვილის «იდენტურობა». მას სძულს ყოველივე ის, რაც ფასეულია ქართველი ერისთვის, რაც ქართველი ერის იდენტურობას განსაზღვრავს, ანუ ჩვენი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, ხოლო ჩვენი სარწმუნოების ბურჯი _ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც განუსაზღვრელი ავტორიტეტით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, პირად მტრად მიაჩნია. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 26 მაისს ქუთაისის ახალი პარლამენტის გახსნაზე უწმინდესი არ მივიდა. შესაბამისად, პატრიარქს ახალი საკანონმდებლო ორგანო არ უკურთხებია, რითაც სააკაშვილს დაგეგმილი პიარსვლა ჩაუშალა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

დაბოლოს, ხელისუფლების მოღალატური ქმედებების ალაგმვა მხოლოდ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე მუდამ ფხიზლად მყოფ საზოგადოებას შეუძლია. უკანასკნელ პერიოდში ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საქართველო-თურქეთის მთავრობების შეთანხმებას, რომელიც თურქეთში ქართული ისტორიული ძეგლების _ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში ოსმალეთის ბატონობის სიმბოლოს _ აზიზის მეჩეთის ასლის აშენებას ითვალისწინებდა. საზოგადოების აქტიურობისა და წინააღმდეგობის შედეგად სააკაშვილის რეჟიმი იძულებული გახდა, მოჩვენებით მაინც დაეხია უკან და საიდუმლო შეთანხმებისთვის ხელი არ მოეწერა. მართალია, ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებაზე საბოლოოდ უარი არ უთქვამს, მაგრამ პროცესი დროებით შეჩერებულია. ასევე, ხელისუფლებამ ხელი აიღო ბათუმის ცენტრში ერთ-ერთ წმინდა ადგილზე, იუნკრების საფლავებთან, 40-სართულიანი შენობის აგებაზე, რომელიც თურქულ კომპანია «სისთემ ინშაათს» უნდა აეშენებია. ბათუმელებისა და არამარტო ბათუმელების აქტიურობამ, რომლებიც თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ ფაქტს, შედეგი გამოიღო _ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცემული გმირების საფლავები ხელუხლებელი დარჩება.

ამიტომ, როცა საზოგადოებას არ ჰყავს ხელისუფლება, მაშინ თავად საზოგადოება უნდა გახდეს ხელისუფლება, საზოგადოებამ უნდა შეძლოს, წარმართოს პოლიტიკური პროცესები ისე, რომ ქვეყანა მორიგი დანაწევრების და ტერიტორიების დაკარგვის წინაშე არ აღმოჩნდეს.

მხოლოდ და მხოლოდ ქართული საზოგადოების აქტიურობის შემთხვევაში გახდება იძულებული საქართველოს ხელისუფლება, შეაჩეროს აჭარაში გამალებული თურქული ექსპანსია.

გიორგი მეძმარიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here