Home რუბრიკები საზოგადოება «ნაცმოძრაობის პანაშვიდი» და სიცოცხლე ხელისუფლების შემდეგ

«ნაცმოძრაობის პანაშვიდი» და სიცოცხლე ხელისუფლების შემდეგ

649

ჩართეთ ვაგნერი, ბოლო-ბოლო ამხელა პარტია კვდება. «ნაციონალური მოძრაობა» ნელი, მერყევი ნაბიჯით უახლოვდება მიჯნას, რომელიც აწმყოს წარსულისგან ჰყოფს. ციკლოპური ნანგრევები (მაგის მეტი რა გვაქვს), დაღმავალი მზის სხივები (ესეც იშოვება) და ვაგნერის მონუმენტური ჰანგები (იმედია, ჩართავენ) ამ პროცესს, იდეაში, რაიონული მასშტაბის გოტერდამერუნგად გადააქცევდა. მათ, ვინც გერმანული არ იცის და ბოლო სიტყვა ვერ გაიგო, შეგვიძლია განვუმარტოთ, რომ ეს «აუფიდერზეინის» და «ალეს კაპუტის» გამორჩეულად შთამბეჭდავი სიმბიოზია.

ჩვენ ვერასოდეს დავადგენთ, კითხულობს თუ არა ნუგზარ წიკლაური ღამ-ღამობით შოპენჰაუერს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია შემდეგი ციტატა: «ის, რასაც ადამიანები ბედისწერას უწოდებენ, არსებითად მათ მიერ ჩადენილი სისულელეების ერთობლიობას წარმოადგენს». მმართველი პარტიის აღზევებისა და დაცემის საიდუმლო, სავარაუდოდ, ამ ფორმულის უშუალო სიახლოვეს უნდა მოვძებნოთ. ამ დროს ნუგზარ წიკლაური (ამ შემთხვევაში, აღნიშნულ ნუგზარს ვიყენებთ, როგორც «ნაცმოძრაობის» წარმომადგენელთა კრებით სახეს) შეიძლება შეგვეკამათოს და გვითხრას, რომ მისი პარტია ცოცხალი და მარადმწვანეა, თუმცა მთელი რიგი ნიშნები, სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს.

პარადოქსულია, მაგრამ «ნაციონალური მოძრაობა» უცნაურად ჩამოჰგავს ტოტალიტარულ სექტას, რომლის წევრები კანონის ფარგლებს მიღმა მოქმედებენ და ნაგიჟარ «გურუს» ემორჩილებიან. თუ საკითხს პუნქტობრივად განვიხილავთ, ვნახავთ, რომ წინარე მტკიცებულება არ წარმოადგენდა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა შეურაცხყოფის მცდელობას, არამედ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია იყო. მაშ, ასე:

ა) ჯგუფის წევრები მორჩილად ემსახურებიან ლიდერს და მის სიტყვებსა და ქმედებებს ეჭვქვეშ არ აყენებენ;

ბ) ისინი მიიჩნევენ, რომ მათ ჯგუფსა და ლიდერს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც სხვებისგან გამოყოფს და მათზე მაღლა აყენებს;

გ) ჯგუფის წევრები საკუთარ თავს ჭეშმარიტებასნაზიარები ელიტის წარმომადგენლებად თვლიან, დანარჩენებს კი შემცდარ ადამიანებად, რომლებიც შესაძლებლობას არ აძლევენ ჯგუფის წევრებს, გადაარჩინონ (იხსნან) ისინი;

დ) განსხვავებული შეხედულებების მატარებელნი არ განიხილებიან როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები, არამედ _ როგორც მარიონეტები, რომელთა უკან ლამის დემონური ბუნების მქონე ძალები დგანან;

ე) ჯგუფის ლიდერი არავითარ შემთხვევაში არ განიხილება როგორც წარუმატებლობის პირველწყარო; პრობლემების მიზეზად არასაკმარისი რწმენა და საზოგადოების ზოგადი «სიბნელე» განიხილება;

ვ) ლიდერს ზებუნებრივი ძალების რჩეულად მიიჩნევენ (ჩვენ პოლიტიკურ მითოლოგიაში ამ როლს შეერთებული შტატების ხელისუფლება ასრულებს);

ზ) შიდა დისციპლინა, ჯგუფის წევრების კონტაქტები გარე სამყაროსთან მკაცრად კონტროლდება, მუშაობს თვალთვალისა და დასმენის მანქანა, მიზანმიმართულად ინერგება აზრი, რომ ლიდერმა ყველაფერი იცის;

თ) ახალი წევრების მოზიდვისა და ძველების შენარჩუნებისთვის გამოიყენება ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური ტექნოლოგიები (ის, რასაც პროპაგანდასთან მიმართებაში «ტვინის გამორეცხვას» ვუწოდებთ) და დამორჩილების სხვა საშუალებები;

ი) ჯგუფის წევრები გამუდმებით ცდილობენ, გაამარტივონ სამყაროს სურათი და ურთულესი პრობლემები მარტივი სქემების ფარგლებში (შავი-თეთრი, სიკეთე-ბოროტება) მოაქციონ;

კ) ჯგუფის წევრებს წევრებს ახასიათებთ მუდმივი, მიზანმიმართული სწრაფვა შემოსავლის ნებისმიერი წყარო ჯგუფის (და ამავე დროს პირად) ინტერესებს დაუქვემდებარონ;

ლ) განდგომილები განიხილებიან როგორც დამნაშავეები (ცოდვილები), რომელთა დასჯა ჯგუფის ნებისმიერი წევრის «წმინდა» მოვალეობაა;

მ) ჯგუფის წევრები რეგულარულად, ხშირ შემთხვევაში სრულიად უადგილოდ, იმეორებენ მოკლე, იოლად დასამახსოვრებელ ტექსტებს, ერთგვარ მანტრებს, რომლებიც მედიტაციის საშუალებას წარმოადგენს და სიხარულსაც ანიჭებთ («მიშა მაგარია», «მადგუ დიადია» და ა. შ.);

ნ) ლიდერის ბრძანება ჯგუფის წევრებისთვის კანონზე და ნებისმიერ სხვა შემზღუდავ ნორმაზე მაღლა დგას.

ანბანის ბოლოში გასვლა, ალბათ, არ დაგვჭირდება, რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია. მეცნიერებმა უზარმაზარი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ ტოტალიტარული სექტები შეესწავლათ; ეს მათი წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩამონათვალს, გულზე ხელი დავიდოთ და შევეცადოთ, შემდეგ კითხვას ვუპასუხოთ: დგას თუ არა მმართველი ძალის ერთიანობა და «მიშიზმი», ზოგადად, სწორედ ამ ფუნდამენტზე?

თუმცა ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა და ამას ამჩნევს ყველა, ვინც სააკაშვილის მომხრეთა შეთხელებულ რიგებს აკვირდება. უპირველეს ყოვლისა, შეირყა ბელადის ავტორიტეტი და ეჭვქვეშ დადგა მისი შეუცდომლობის დოგმატი, სადღაც გაქრა ირაციონალური (ოპონენტების აზრით, სრულიად შიზოფრენიული) რწმენა და მისი ადგილი ცივმა გათვლამ დაიკავა. ფართოდ გავრცელდა გაურკვეველი მომავლის შიში და მსჯელობა იმაზე, არსებობს თუ არა «სიცოცხლე ხელისუფლების შემდეგ»; ამ ბოლო პრობლემას, მიზანშეწონილია, გარკვეული ყურადღება დავუთმოთ.

ამას წინათ ირაკლი ალასანიამ «ივერონისთვის» მიცემულ ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა. საერთოდ, ალასანია ბოლო დროს თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და წარსულში დატოვა ის მომაბეზრებელი დუდღუნი, რომლითაც ადგილობრივი არჩევნების დროს გამოირჩეოდა. მისი გაგზავნა სამეგრელოში, სადაც «ხალხში გასვლა» თითქმის ყოველდღიურად უწევს, პრინციპულად სწორი გადაწყვეტილება იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იქ ალასანია «გაიხსნა» და მეტ-ნაკლებად სხარტი საუბარი ისწავლა. ეს კარგი სკოლაა, მითუმეტეს რომ 2013-ში ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატად მოგვევლინება. თუმცა დავუბრუნდეთ ინტერვიუს. «ჩვენი მიზანი «ნაციონალური მოძრაობის» საპარლამენტო უმცირესობაში გადაყვანაა. ეს არის მიღწევადი ამოცანა. მე არ მსურს «ნაციონალური მოძრაობის» ქართული პოლიტიკიდან სრულიად წაშლა. ქართულ პოლიტიკაში მტრობა და გაუტანლობა, პერსონალიებზე აგებული პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ ინსტიტუტების აგებაზე უნდა ვიფიქროთ და ამიტომაც პარლამენტი აღარასდროს უნდა გახდეს ერთი პარტიის სახლი. ბალანსი უნდა დამყარდეს. ჩვენ რომ უმრავლესობაში ვიქნებით, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ პარლამენტში სხვა პარტიებიც იქნება და მათ შორის «ნაციონალური მოძრაობაც». ჩვენ მათ ვასწავლით, როგორ ღირსეულად უნდა მოექცე ოპონენტს. პარლამენტში შეიქმნება ახალი, თანამშრომლობის სივრცე», _ განაცხადა ალასანიამ.

გასაგებია, რომ ირაკლი ალასანიას არ სურს შეძახილით «ყველანი ეშაფოტზე!» ბობოლა «ნაციონალებს» საპატიო კაპიტულაციის შესაძლებლობა მოუსპოს, თუმცა ეჭვგარეშეა ისიც, რომ ხელისუფლების რადიკალური მოწინააღმდეგეები მსგავს განცხადებებს ცუდად დაფარული გაღიზიანებით შეხვდებიან, რადგან მათ დიდ ნაწილს მმართველი პარტიის სრული, ლამის რიტუალური ანიჰილაცია სწყურია, ყველა იმ საშინელების შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა.

ალასანიას მოსაზრებას დამარცხებულ «ნაციონალებთან» თანამშრომლობაზე ან მათთვის პარლამენტში «ღირსების სკოლის» გახსნაზე ეს ადამიანები, დიდი ალბათობით, ვერასოდეს გაიზიარებენ. თუმცა აქ მთავარია არა ეს რეაქცია, არამედ პრობლემის ძალიან საინტერესო პოლიტიკური ქვეტექსტი.

დღეს «ნაცმოძრაობა» ბანალური პოსტსაბჭოთა სახელისუფლო პარტიაა, ხელისუფალთა ერთგვარი პროფკავშირი; მას, როგორც ინვალიდს, აღმასრულებელი ხელისუფლების ყავარჯნების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მისი ფუნქციონირება ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობის პირობებში, როდესაც «ქართულ ოცნებას» პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება, მაგრამ პრეზიდენტის პოსტს ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილი შეინარჩუნებს. ეს ძალზე ხიფათიანი პერიოდი იქნება, დღევანდელი მმართველები ყველა ხერხის გამოყენებით შეეცდებიან, დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ. ავლაბრის რეზიდენცია ამ სცენარის ფარგლებში, ალბათ, შეთქმულების ნამდვილ ბუდედ გადაიქცევა. მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება «ნაციონალური მოძრაობის» წარმოდგენა კლასიკურ ოპოზიციად იმ პირობებში, როდესაც მისი ლიდერები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან (და ზოგადად _ პოლიტიკიდან, როგორც ეს, 99%-იანი ალბათობით, სააკაშვილისა და მერაბიშვილის შემთხვევაში მოხდება) წავლენ, რადგან აღარ იარსებებს «ცემენტი», რომელიც მის ერთიანობას უზრუნველყოფს. რა შეკრავს პარტიას, რომლის საპროგრამო დოკუმენტებს პოლიტოლოგები, ამდენი წელია, სანთლით დაეძებენ? იდეები? პრინციპები? ნუგზარ წიკლაური?

სიტუაციას პრაგმატულად და ოდნავ ცინიკურად თუ შევხედავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ახალი ხელისუფლებისთვის ეს ძალზე კომფორტული ოპოზიცია იქნება: იგივე საგარეო კურსის მომხრე, კონსტრუქციული, შეშინებული ძველი ცოდვების გახსენების შესაძლებლობით, ნეგატიური წარსულის მქონე და, შესაბამისად, პერსპექტივების არმქონე. თუმცა დასანანი იქნება, თუ ახალი ხელისუფლება, სააკაშვილის დარად, მისთვის კომფორტული ოპოზიციის ხელოვნურ გაძლიერებას დაიწყებს. ეს ძველ ტიკში ახალი ღვინის ჩასხმას დაემსგავსება და სტრატეგიულად წამგებიანი გამოდგება.

ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი «ნაცმოძრაობა» გაცილებით მეტ მანდატს მოიპოვებს (რა მეთოდებით, ცალკე საუბრის თემაა), ვიდრე მაშინ, როდესაც ხელისუფლებას დაემშვიდობება. რა იქნება ამ სიტუაციაში უფრო მართებული: ოთხი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ არარსებული სახელისუფლო პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობა, ის დეპუტატები, რომლებმაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ტოტალიტარული სექტის სულისკვეთება შემოიტანეს, თუ ახალი, თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, რათა ახალმა პარლამენტმა მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები 100%-იანი ადეკვატურობით ასახოს? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

არავინ საუბრობს ისეთ უკიდურესობაზე, როგორიცაა «ნაციონალური მოძრაობის» გამოცხადება დანაშაულებრივ ორგანიზაციად, თუმცა მისი წარმომადგენლებისთვის გარდამავალ პერიოდში სასათბურე პირობების შექმნას ოპოზიციური ამომრჩევლების უმრავლესობა, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. ყოველგვარ გარანტიებს და დაპირებებს ამ მიმართულებით, ალბათ, გონივრული ზღვარი უნდა ჰქონდეს.

მომავალში ძალიან შორს გავიჭერით და, ალბათ, აჯობებს, ისევ აწმყოს დავუბრუნდეთ, ვაგნერის მუსიკა ჩავრთოთ და, სპორტული ინტერესიდან გამომდინარე, თვალი მივადევნოთ იმას, თუ როგორ მიემართება «ნაციონალური მოძრაობა» მერყევი ნაბიჯით სადღაც იქ, სადაც წინაპრებს ხანდახან «მოუსავლეთი», ხანდახან კი «ჯანდაბა» ეგულებოდათ.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here