Home რუბრიკები საზოგადოება 4 ივნისიდან 11 ივლისამდე პეტრე-პავლობის მარხვაა

4 ივნისიდან 11 ივლისამდე პეტრე-პავლობის მარხვაა

1319
პეტრე პავლობა

წმიდა მამათა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში წლის განმავლობაში ოთხი ძირითადი მარხვაა. ესენია: აღდგომის, პეტრეპავლობის, მარიამობისა და შობის; ასევე ხუთი ერთდღიანი მარხვა: ნათლისღების წინა დღე 5(18) იანვარი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის დღე 29 აგვისტო (11 სექტემბერი), ჯვართამაღლების დღე 14(27) სექტემბერი და ყოველი ოთხშაბათიპარასკევი. ოთხშაბათი იმიტომ, რომ ამ დღეს გაყიდა იუდამ მაცხოვარი და ზეთის ხილის მთაზე შეიპყრეს; პარასკევს კი ჯვარზე გააკრეს. სწორედ ამ მძიმე დღეების აღსანიშნავად ვმარხულობთ. პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმ. პეტრესა და პავლეს, რომლებიც, წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით, “აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე _ დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე _ ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე”.

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეული არიან სხვა მოციქულებისგან, ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება.

წმ. მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო და სვიმონი ეერქვა. როდესაც პეტრე და ანდრია ბადეს აგდებდნენ გალილეის ტბაში, ტბის ნაპირთან მათ ქრისტე გამოეცხადა. “მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა” (მათე 4.19) _ უფლის ამ სიტყვებმა, გადაწყვიტა მათი ბედი.

ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე გაკადნიერდა და სთხოვა უფალს: “უფალო… მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა”. უფლის სიტყვისაებრ, იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და, როგორც ხმელეთზე, ისე გაეშურა მისკენ, მაგრამ, შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. “უფალო, მიხსენ მე!” _ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, გაუწოდა ხელი და კვლავ ნავში აიყვანა.

თაბორის მთაზე პეტრე, იაკობსა და იოანესთან ერთად, გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ”, პეტრემ განიხარა და წამოიძახა “კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი” (მარკოზი 9.2-7) (იკოსი 5).

მოახლოვდა რა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა, იერუსალიმისაკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს “თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?” პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: “შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი”, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: “ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა” (“იონა” ქართულად მტრედს ნიშნავს, “ბარ” კი “ძე”-ს, ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)… “შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათე 16.15-18) (იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი ჰპოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში: “ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ”. საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქორედზე მაცხოვარმა “…მოიღო არდაგი და მოირტყა იგი… და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა”. “უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?” _ შეეწინააღმდეგა პეტრე. “უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა”, _ განუმარტა მას უფალმა. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: “უფალო ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი” (იოანე 13.3-9) (იკოსი 9).

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. იქ მოსულთაგან ერთს მახვილით მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა მისი სიკვდილის მსურველი ყურმოჭრილი განკურნა. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში და იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: “არა ვიცი კაცი ესე” (მარკოზი 14.71) და როდესაც მესამედ უარჰყოფდა, დაინახა რომ უფალი უმზერდა მას და “განვიდა გარე და ტიროდა მწარედ” (ლუკა 22.62) (კონდაკი 10). ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი, პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე, რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.

მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ ჰპატიებდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს, მოწაფეთა შორის, პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: “გიყუარ მეა?” და სამგზის მიიღო პასუხად: “ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ” (იოანე 21.15-16). იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი.

უფლის ამაღლების შემდგომ, პეტრეს რჩევისაებრ, ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (საქმე 1.15-26). ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქმნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნოებაში. საოცარი რამ ხდებოდა: მკვდრები აღსდგებოდნენ, მკელობელნი და განრღვეულნი განიკურნებოდნენ, დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ…

იმპერატორ ნერონის ბრძანებით, პეტრე მოციქული შეიპყრეს და სასჯელად ჯვარცმა გამოუტანეს. სთვლიდა რა უღირსად თავს, მიეღო ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილი, როგორიც მის მასწავლებელს ერგო, ჯალათებს სთხოვდა, თავქვე ეცვათ ჯვარს, რათა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის.

წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო, კილიკიის ქ. ტარსუში დაბადებული, თავის მოციქულებრივ მსახურებამდე სავლე ერქვა. მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა, რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ერთი რამ შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა მისი ბედი.

როდესაც დამასკოს მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი მხედარი ცხენებიდან ჩამოვარდა, სავლეს კი ჩაესმა ხმა: “საულ, საულ, რაისა მდევნი მე?”. სავლე დაეკითხა: “შენ ვინ ხარ, უფალო?” ხმამ უპასუხა: “მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩვენე შენ, რათა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ” (საქმე 26.13-16).

სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსაკენ, სადაც სამოცდაათიდან ერთ-ერთი მოციქული _ ანანია ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს კი გამოცხადებით ემცნო, რომ უნდა ენახა სავლე და მისთვის თვალი აეხილა. აღასრულა რა უფლისგან ბრძანებული, სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელიღო და ეწოდა სახელად პავლე.

პავლემ იწყო მქადაგებლობა იუდეველებსა და წარმართებში, მონებსა და თავისუფლებს შორის, ამისთვის ხანგრძლივი მოგზაურობები უწევდა და წარგზავნიდა ეპისტოლეებს პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.

დაახლოებით 51 წელს პავლე მონაწილეობდა მოციქულთა კრებაში იერუსალიმს. შეკრებილთ პავლემ ამცნო: “რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ” (საქმე 15.12).

მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმ. პავლეს. “ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ” (2 კორინთელთა 11.24-25) (იკოსი 10). ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას. შუაღამისას მოხდა სასწაული _ “დიდი ძრვა იყო, კარნი განეხვნეს და ბორკილები დასცვივდა” (საქმე 16.22-26) (იკოსი 8).

როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, “შეიკრა ხელნი და ფერხნი და სთქვა: ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალიემს” (საქმე 21.11) (კონდაკი 11). ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და, როგორც რომის მოქალაქე, კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.

აქ, რომში, წმ. პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით, პავლემ მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

ზოგიერთი მოწმობით, პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად; სხვა გადმოცემით _ პეტრეს ჯვარცმიდან ერთი წლის შემდეგ პავლეს მახვილით მოჰკვეთეს თავი. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IV საუკუნეში წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. მოციქულთა _ პეტრესა და პავლეს სახელზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here