Home რუბრიკები საზოგადოება ხათუნა საგინაშვილი: ქამელეონებითა და ყვარყვარეებითაა სავსე ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება

ხათუნა საგინაშვილი: ქამელეონებითა და ყვარყვარეებითაა სავსე ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება

1500

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე «საქართველო და მსოფლიოს» თავის მოსაზრებებს უზიარებს ჟურნალ «ქვაკუთხედის» რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი.

_ როგორ შეაფასებთ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს?

_ რამდენადაც არასასიამოვნო უნდა იყოს ამის მოსმენა, ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, ძირითადად, წარმოდგენილია ან შემთხვევითი ადამიანებით, ან, უარეს შემთხვევაში, უცხო ქვეყნების ადეპტებით.

საერთოდ, როგორი მახასიათებლებით უნდა იყოს შემკული ადამიანი, ვისაც ქვეყნის მართვასა და ხალხის წინამძღოლობაზე აქვს პრეტენზია, ღრმა ანალიზის საგანია და საზოგადოების მხრიდან სერიოზულ გააზრებას საჭიროებს, მით უფრო ამ ეპოქაში, როცა ხელისუფალნი, ღვთის განგებით, მონარქების სახით კი არ გვევლინებიან, არამედ თავად გვეძლევა მათ არჩევაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მაგრამ არჩევნები რამდენად ადეკვატურად ასახავს საზოგადოების განწყობას, ეს, ალბათ, სხვა საუბრის თემაა.

_ რას გულისხმობთ «შემთხვევით ადამიანებში»?

_ მოდით, ვიყოთ გულწრფელნი და ვთქვათ: პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული სიჭრელის მიუხედავად, ავანსცენაზე მყოფი ადამიანები რეალურად არიან კი ჩვენი ერის ჭეშმარიტი რჩეულები? უფრო პირიქით _ მათი დიდი უმრავლესობა ვიწრო, მერკანტილური ინტერესებით შეპყრობილი, ფულის საშოვრად გამოსული ადამიანები არიან. მოარული ფრაზაა: «პოლიტიკა ბინძური საქმეაო». მე კი ვიტყოდი: ბინძური ადამიანები აკეთებენ ბინძურ პოლიტიკას, თორემ პოლიტიკა წმინდანების საქმე უნდა იყოს.

ადრინდელ პუბლიკაციაში ვახსენე მარადიული თემა _ პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების ურთიერთმიმართება და ნამდვილი ერისკაცი სწორედ ისაა, ვისაც ყველაზე უფრო გადამწყვეტ მომენტში შეუძლია საკუთარი ინტერესების მსხვერპლად გაღება ქვეყნის საკეთილდღეოდ. განა ჩვენ ხევისბერი გოჩას მაგალითზე გაზრდილი ერი არ ვართ?! ოღონდაც პათეტიკაში ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ სამშობლოსთვის საბედისწერო მომენტში ნამდვილი მამულიშვილი სიკვდილის შიშითაც არ უნდა შედრკეს. ასეთმა მრწამსმა გადაგვარჩინა ისტორიულად, სწორედ ასეთი ერისკაცების ხერხემალზე გადიოდა ყოველთვის ქვეყნის ძლიერების სიმძიმის ცენტრი.

და თუ არ ვითვალთმაქცებთ და პირდაპირ ვიტყვით, ბევრი გვეგულება კი დღეს ისეთი საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი, რომელსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ პირადი ინტერესების მსხვერპლად გაღება შეუძლია, სიცოცხლის გაწირვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ?! სამწუხაროდ, უფრო მეტად საპირისპირო სურათი იკვეთება და ეს თანაბრად ეხება პოლიტიკური ბარიკადის ორივე მხარეს მდგომ ადამიანებს.

_ იქნებ ზოგადი საუბრიდან კონკრეტიკაზე გადავიდეთ?

_ მოდით, მართლაც დავარღვიოთ აწ უკვე ჩამოყალიბებული ტრადიცია, როცა სიმართლის თქმას ან საერთოდ ერიდებიან, ან კიდევ მხოლოდ სანახევრად ამბობენ ხოლმე. 

როცა საბჭოთა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანების ლუსტრაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, ჩემი აზრით, ეს წრე უნდა გაფართოვდეს და ლუსტრაციას ასევე უნდა დაექვემდებარონ დღეს მოღვაწე პოლიტიკოსებიც. და თუკი ეს პროცესი მართლაც ობიექტურად და მიუკერძოებლად წარიმართება, რეალურად ისეთი ფაქტები დაიდება, რომ ჩვენს თანამედროვეთაგან ბევრი არა მხოლოდ პოლიტიკოსობის სურვილს დაკარგავს, არამედ თავისუფლებასაც კი შეიძლება გამოეთხოვოს.

მაგალითად, ზუსტად, ფაქტებით უნდა ვიცოდეთ ყალბი ოპოზიციის ხელისუფლებასთან ფარული გარიგებებისა და ამის სანაცვლოდ გადარიცხული  მილიონების ამბები, ანუ მართლაც აქვთ თუ არა აღებული «იუდას ვერცხლი» «ქრისტიან-დემოკრატებს», ლევან გაჩეჩილაძეს, «ეროვნულ-დემოკრატებს», «ახლებს» და ა.შ.; იყო თუ არა ბურჯანაძის სპიკერობისას მიღებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო, მათ შორის უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის, კანონი და პირიქით _ რა უნდა ყოფილიყო მიღებული, მაგრამ არ მიიღეს. მაგალითად, რეზო მიშველაძე იხსენებს, რომ პარლამენტარობისას მან და ცხონებულმა გურამ შარაძემ მოამზადეს სამი კანონპროექტი _ სახელმწიფო რელიგიის, მშობლიური ენისა და ეროვნული რეკვიზიტის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კი კატეგორიულად განუცხადათ: «არც იოცნებოთ ამაზე, სანამ მე ვარ სპიკერი, რადგან თავად მე, მიშა და ზურა (ჟვანია) კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ ამის მიღებისო!».

ასევე საინტერესოა, «ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ» როგორ გამოიყენეს რესპუბლიკელებმა, ალასანიამ, ძიძიგურმა და დავითაშვილმა ივანიშვილისგან ნაფეშქაშები მილიონები.

სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა გიორგი თარგამაძეს 2003 წელს ინგა გრიგოლიას გადაცემაში: კითხვაზე _ აპირებდა თუ არა ქდმ ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მისვლას, რაც ავტომატურად მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავდა, მან თქვა: «ქვორუმის პრობლემა არაა, ამიტომ მისვლას არ ვაპირებთო». ბატონო თარგამაძევ, ე. ი. იმ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტს, რომელსაც, როგორც ჟურნალისტი, წლების მანძილზე ვითომ მწვავე ოპონირებას უწევდით, ქვორუმის პრობლემა რომ ჰქონოდა, მაშველ რგოლად შეეშველებოდით, ნაცვლად იმისა, რომ პირველი სხდომის ჩაშლით ხელი შეგეშალათ უმრავლესობით მოსული ქვეყნის მაოხრებელი პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის?!

საერთოდ, მწარე ღიმილის მომგვრელია _ პრაქტიკულად, არ შემხვედრია ადამიანი, ვინც «ქდმ»-ს აძლევს ხმას, მაშინ, როცა, NDI-სა  და IRI-ის კვლევების შედეგებით, მათ 28%-იანი რეიტინგი აქვთ; მაშინ, როცა ივანიშვილს _ მხოლოდ 21%(!). კონკრეტულად ეს ფაქტი და ასევე «ქდმ»-ის ყოველმხრივი გაპიარება განა ხელისუფლებასთან მათ ფარულ გარიგებაზე არ მიანიშნებს?

ასევე  აუცილებლად უნდა გახდეს საჯარო, თუ რა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ლოჟებსა თუ კლუბებში არიან გაწევრიანებული დღევანდელი «პოლიტიკოსები,» რა ვალდებულებებს იღებენ ისინი მათ წინაშე და რამდენად შესაბამისობაშია ეს ვალდებულებები ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან.

და როგორ გგონიათ, ამგვარ ლუსტრაციას რეალურად რამდენი დღევანდელი პოლიტიკოსის რეპუტაცია გადაურჩება?

_ თუმცა თქვენ აქცენტს ოპოზიციის დღევანდელ ლიდერებზე აკეთებთ…

_ აბა, ხელისუფლებაზე რაღაა სალაპარაკო?! მისი დიაგნოზი, დიდი ხანია, დასმულია, საქმენი კი _ ორჯერ ორივით ცხადი! იმედი მაქვს, რომ ეს საქმენი მალე ობიექტურ შესწავლასა და სასამართლო განხილვას დაექვემდებარება. ამ ხელისუფლების მხარდამჭერების მისამართით კი მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ მათ რიგებში ან სულგაყიდული, ანგარებიანი კონფორმისტები, ან ძალიან დაბალი ინტელექტის, ანალიზის უნარს მოკლებული, საბრალო ადამიანებიღა არიან და ახლა, ვინ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება, თვითონ აირჩიონ

_ კი მაგრამ, პოლიტიკოსებიც ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან?

_ რასაკვირველია, ასეა. პოლიტიკური სპექტრი, როგორც სარკე, ისე ირეკლავს ჩვენი საზოგადოების შუქ-ჩრდილოვან მხარეებს. თავად საზოგადოება რომ არ აძლევდეს თავისი გაბითურებისა და მრავალგზის მოტყუების შესაძლებლობას, ბევრ პოლიტიკოსს, ალბათ, საქართველოშიც არ დაედგომებოდა.

დღევანდელი დღე მართლაც ბევრს ვერაფერს გვთავაზობს სანუგეშოს _ ქამელეონებითა და ყვარყვარეებითაა სავსე ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელთაც პოლიტიკა სარფიან ბიზნესად აქციეს და, ქვეყნის ინტერესების გაყიდვის სანაცვლოდ, სოლიდური კაპიტალი დააგროვეს. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ საზოგადოების ცნობიერების კათარზისის პარალელურად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების პროცესიც წარიმართება და თვისობრივად ახალი მენტალობის საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები  გამოჩნდებიან ასპარეზზე, როგორცაა ნათქვამი წმ. წერილში: «და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა», თუმცა ამას ღვთის წინაშე თავად ერის დამსახურება სჭირდება.

_ მაინც როგორ ადამიანებს მიიჩნევთ ღირსად, რომ ფლობდნენ საზოგადოების მართვის ბერკეტებს?

_ ბევრისთვის დღეს, სამწუხაროდ, პროფანირებულია სიტყვა «ეროვნული», რაც გარკვეულწილად როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა ჭეშმარიტება ერთია _ მართალ სარწმუნოებასთან ერთად ეს იყო და მარად იქნება ჩვენი გადარჩენის ქვაკუთხედი. თავისთავად ეროვნული კაცი კი ნიშნავს უცხო ძალებისგან უმართავ, ეროვნულ ინტერესებთან არსობრივად თანშეზრდილ, მისთვის თავგანწირულ და ერთგულ ადამიანს.

_ ეროვნულ ინტერესებში რას გულისხმობთ?

_ ეროვნული ინტერესები თავისთავად დიდი და ყოვლისმომცველი თემაა, დაწყებული განათლების სისტემის სწორი, ეროვნულ საფუძველზე დამყარებული რეფორმირებიდან, სამეცნიერო სკოლის ყოველმხრივი ხელშეწყობიდან და ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური მართვით დამთავრებული. მარიონეტი მასმედიით, რასაკვირველია, არ ითქმის სიმართლე თანამედროვე მსოფლიოს  გეოპოლიტიკური ტენდენციების ნამდვილი არსის შესახებ, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ზესახელმწიფოთა მხრიდან ყველა სხვა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დატაცებაა. ჩვენთვის ასეთია მტკნარი წყლის უდიდესი მარაგი, რომელიც, უახლოესი წლების პროგნოზით, «შავ ოქროზე» უფრო ძვირი გახდება. სხვათა შორის, გიორგი თარგამაძე ბევრს ხმაურობდა ამ თემაზე გადაცემა «დროებაში», მაშინ, როცა იგი პატარკაციშვილზე მუშაობდა და ოპოზიციონერობა ევალებოდა. ახლა კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ, ვისთანაც გარიგებულია, მკაცრად აუკრძალეს ამაზე საუბარი და ისიც მორჩილად დუმს, ალბათ, გამორჩენის მოლოდინში. ამასობაში კი ხალხის ზურგს უკან გრძელდება ბინძური, მოღალატური გარიგებები როგორც ამ სტრატეგიულ რესურსზე, ისე ბევრ სხვა რამეზეც.

ზოგადად კი, ჩვენი «პოლიტიკოსების» ერთი საერთო დიაგნოზია შეგნებული თუ შეუგნებელი სულიერი სიბეცე, რაც გამოიხატება თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური პროცესების ნამდვილ არსში გაურკვევლობით, შესაბამისი პრიორიტეტების არასწორ დაგეგმვასა და, რაც მთავარია, მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ქრისტე ღმერთის ცოცხალი, მისტიური სხეულის, როლისა და მნიშვნელობის გაუცნობიერებლობაში სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ეკლესია, როგორც წესი, მხოლოდ მისი ავტორიტეტის გამო პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდებათ ხოლმე.

ამ უმძიმეს ვითარებაში კი თავად ჩვენმა გონიერმა ხალხმა უნდა მოუხმოს ისტორიულ სიბრძნეს, ყოველი ხე ნაყოფით შეიცნოს და მედროვე, სულგაყიდულ, ამბიციურ ადამიანებს არ მისცეს თავის გაბითურების შესაძლებლობა _ არავითარი დანდობა! სასწორზე ხომ უფლის შემდეგ ყველაზე ძვირფასი _ ჩვენი სამშობლოს ბედია დადებული. ამდენად, ჩვენმა ერმა ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დააღწიოს «ბრმათა» წინამძღოლობით გამუდმებით რაღაც მოჯადოებულ წრეზე სიარულს, რათა არ აღმოჩნდეს საბედისწერო «მთხრებლში,» რაზედაც სახარებაში გვაფრთხილებს უფალი: «რაჟამს ბრმა  ბრმასა წინა წარუძღვეს, ორივე მთხრებლსა შინა შთასცვივიან».

ესაუბრა

რუსუდან გოცირიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here