Home რუბრიკები საზოგადოება გოგი წულაია: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე სააკაშვილის კერპზე ლოცულობს

გოგი წულაია: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე სააკაშვილის კერპზე ლოცულობს

660

ქუთათურები ხუმრობენ, ქუჩის კრიმინალებისგან გათავისუფლებული ქუთაისი დღეს ელიტური კრიმინალების ხელშიაო. რეალურად თუ რა პრობლემების წინაშე დგას ქალაქი, რომელშიც პარლამენტის გადატანა იგეგმება და როგორი ტერორის ქვეშ იმყოფება მისი მოსახლეობა, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტიკური მოძრაობა «თავისუფალი საქართველოს» რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ესაუბრა.

_ 27 მაისის აქციას ჩვენი პარტიაც შეუერთდა, რადგან, სადაც ქართველი ერი დგას, ჩვენც იქ ვართ. მერე რა, თუ აქციაზე ის პარტიებიც იყვნენ, რომელთაც გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმებით. გვქონდეს განსხვავებული ხედვები, არ ნიშნავს დაპირისპირებას, თუნდაც «ქართულ ოცნებასთან». ჩვენ «ნაციონალებივით» უმადურები არ ვართ და ვაღიარებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. ვაღიარებთ მის ქველმოქმედებას, მის ქართველობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა პოლიტიკურ სვლასა და ხედვას უპირობოდ ვეთანხმებით. აბსოლუტურად მართებულად მიმაჩნია მესამე კოალიციური ბლოკის ჩამოყალიბებაც. პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ თეთრი და შავი რატომ უნდა იყოს? საჭიროა სხვა ფერების არსებობაც.

ეს აქცია, სააკაშვილის მანიფესტაციებისგან განსხვავებით, მშვიდობიანი იყო, რომლის საყრდენი არა ტანკები, არამედ ხალხია. 26 მაისს სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ მისთვის ძვირფასი ტანკები, «ბეტეერები» და საარტილერიო დანადგარებია და არა საზოგადოება.

გასაგებია, რა მორალის მატარებელიცაა ჩვენი პრეზიდენტი, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი იყო ის ფაქტი, თუ რა სიამოვნებით მისჩერებოდნენ სასულიერო პირები ადამიანის გამანადგურებელი იარაღების, ტანკების აქეთიქით რიხინსა და იმ მოიერიშე თვითმფრინავების დემონსტრირებას, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არც  ერთი საბრძოლო გაფრენა არ გაუკეთებიათ და არც ერთი ქართველის სიცოცხლე არ დაუცვიათ. მხოლოდ პარადებსა და აღლუმებზე გამოჩენაა მოიერიშე თვითმფრინავების დანიშნულება?! აღლუმზე დამსწრე ნებისმიერ სასულიერო პირს, თუნდაც კალისტრატეს, რომ ჰკითხოთ, რა შეცდომები აქვს სააკაშვილსო, გეტყვის, არავითარიო. ეს ხომ კერპთაყვანისმცემლობაა. რა მართლმადიდებლობაზეა საუბარი, როცა ქუთათელგაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე სააკაშვილისგან კერპს ქმნის და ამ კერპზე ლოცულობს, მე რა განმარტებები უნდა გავაკეთო?!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა ირწმუნო იმ გაენათელი მიტროპოლიტის, რომელიც დიდი სიამაყით იღებს ქვეყნის დამანგრეველი პრეზიდენტისგან ბრწყინვალების ორდენს, თან ზუსტად იმ პარლამენტის შენობის წინ, რომელიც დედაშვილის ძვლებსა და საფლავზეა აშენებული. მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც თავს მორწმუნედ მიიჩნევენ და კერპებს ქმნიან, როცა მორწმუნე ადამიანი, მითუმეტეს სასულიერო პირი, შიდა დაპირისპირებებით არის დაკავებული. თუმცა უფლის წყალობით დასავლეთ რეგიონებს ჰყავს ნამდვილი მღვდელ-მონაზვნებიც, რომლებიც საჭირო დროს უზნეობაში თითოეულ მათგანს ამხელენ. იმედი მაქვს ჩვენი პატრიარქისა და იმ ნამდვილი ბერ-მონაზვნებისა, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენია  მართლმადიდებლურ სამყაროს და რომლებიც სწორ გზაზე დააყენებენ ჩვენს ქვეყანას.

_ ამ ბოლო პერიოდში ქალაქის «აღმშენებლობას» როგორ შეაფასებთ?

_ ბედი აქვს სააკაშვილს, მესხიშვილის თეატრის გახსნის დღეს რომ არ გაწვიმდა, თორემ ტბორსა და ნიაღვარში თვითონაც მოყვებოდა. საზოგადოების თვალის ასახვევად ამ თეატრის მხოლოდ ერთი დარბაზი «შეაკეთეს», დანარჩენი დღემდე ხელუხლებელია. ასევე ნახევრად დაუმთავრებლად გაიხსნა იუსტიციის სახლი, მთავრობის სახლი, რკინიგზის სადგური, კინო «საქართველო», ოპერის თეატრი და პარლამენტი. ამ ყველაფერში ადგილობრივ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ლომის წილი მიუძღვის და თანხებს «ღუნავს». თუმცა რა ოდენობის თანხები ტყდება, ამის დადგენა შეუძლებელია. «დიდგორი», «ლაზიკა» და სამხედრო ტექნიკა არაა ისე გასაიდუმლოებული, როგორც სამშვიდობო და სამოქალაქო ობიექტების ხარჯები.

მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ქუთაისის მოსახლეობის 90% ტერორში და ინფორმაციულ ვაკუმში იმყოფება. ადამიანის უფლებები აქ განსაკუთრებით შელახულია. ქუთაისში არც იმდენი საინფორმაციო საშუალებაა, რამდენიც თბილისში და არც იმდენი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზიაცია, რომ სიმართლის მთქმელი შესაბამისად იქნეს დაცული. ამ ფონზე, ბუნებრივია, აქ ხმის ამოღება მეტ რისკთანაა დაკავშირებული.

ეკა რობაქიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here