Home რუბრიკები საზოგადოება რომან რურუა: რა ნამუსით ვთქვა, რუსები მჩაგრავდნენ-მეთქი, როცა 9 წელი საბჭოთა კავშირის...

რომან რურუა: რა ნამუსით ვთქვა, რუსები მჩაგრავდნენ-მეთქი, როცა 9 წელი საბჭოთა კავშირის «კლასიკოსთა» ნაკრების კაპიტანი ვიყავი?!

1860

რომან რურუას, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს რომ ვერ შეიფერებს ჭიდაობის ფედერაცია, მის მესვეურთ რა უნდა ელაპარაკო? იმ ხალხის უმეტესობა, რომლებიც დღეს ქართულ სპორტს, ჭიდაობას განაგებს, დაბადებულიც არ იყო, როცა რურუას ფედერაციის პრეზიდენტისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტები ეკავა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შარშან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ფილა) მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეები დაასახელა და ამ სიაში რომან რურუაც მოხვდა. რურუა ფილა-ს დიდების მუზეუმის წევრიცაა. აი, ასეთი გამოცდილების კაცი დღეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას არ სჭირდება. ჯერ დაუძახეს და ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტადაც მუშაობდა, მაგრამ შემდეგ აიძულეს, წამოსულიყო.

_ ბატონო რომან, რას აკეთებდით ჭიდაობის ფედერაციაში?

_ ფორმალური ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, მაგაშია სწორედ საქმე. დამიძახეს თავად, მე არ მითხოვია, გინდა თუ არა, ფედერაციაში მამუშავეთ-მეთქი. მითხრეს, საწვრთნელ-სასწავლო პროცესს მიხედეო. კაცო, რომ მივხედო, ხომ უნდა ჩავერიო, არა, ამ პროცესში?! გავიდა 1, 2, 4 თვე და არავინ არაფერს  მეუბნება. ვიკითხე ერთხელ, ორჯერ… ათჯერ _ მითხარით, ბოლო-ბოლო, რა უნდა გავაკეთო, დავიღალე უსაქმობით, ცოდვაა, არაფერს რომ არ ვაკეთებ-მეთქი. ტყუილი შრომა მართლა მირჩევნია უსაქმოდ ყოფნას. ასეთი კაცი ვარ და მეტი ვერ მოვითმინე. რა მითხრეს, იცით, ბოლოს? არაფერი არ გვინდა თქვენი, ბატონო რომან, იყავით ჩვენთან და სულ ნუ გააკეთებთ ნურაფერსო. რას ჰქვია, კაცო, «ჩემთან იყავი?», შენთან ვარ, დალოცვილო, და მომეცი საქმე, გავრბივარ სადმე?

_ რატომ არ გაგაკარეს საქმეს?

_ ჰკითხეთ ფედერაციის მესვეურთ, მე არ მითხრეს არაფერი. ან რა საკითხავი ეს არის? არ უნდოდათ, რომ ჩავრეულიყავი საქმეში. მცირე გამონაკლისის გარდა, ისეთი ხალხია ახლა ჭიდაობის სამყაროში, რომ საწვრთნელი პროცესი როგორ წარმართონ არ იციან. მერე გაიძახიან _ ვაიმე, წავაგეთ და შედეგი არ გვაქვსო. მამაცხონებულო, თუ რიგიანად არ მოამზადე მოჭიდავე, შედეგი საიდან გექნება?! ავდექი ბოლოს და წამოვედი.

_ ფედერაციის თავკაცებს რომან რურუას სახელი სჭირდებოდათ. იტყოდნენ, აი, რურუა, ამხელა ფალავანი და ავტორიტეტი, გვერდით გვიდგასო. ალბათ, ამიტომ გთხოვდნენ დარჩენას

_ ეტყობა, ეგრე სურდათ, იქ ვყოფილიყავი და საქმე, როგორც სურდათ, ისე ეკეთებიათ. არადა, რომ არ იციან ეს საქმე? არ შემიძლია, ვუყურო, საქმე ფუჭდებოდეს და იქ არ ჩავერიო. სულ რომ არაფერი მეკითხება, იმ საქმეში ვერევი ზოგჯერ, იქ კიდევ, ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი.

_ თუმცა ფედერაციიდან სულ სხვა მიზეზით წამოხვედით, თან _ სკანდალით.

_ კი, დიდი ხმაური იყო. უკადრისი იკადრეს და იმიტომ წამოვედი. მოსკოვში მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. ფილა-მ შარშან ყველა დროის საუკეთესო ფალავნები დაასახელა და მეც მოვხვდი ამ დიდებულ მოჭიდავეთა შორის. თურმე, ფილა-მ მოწვევა გამომიგზავნა, მოსკოვის მსოფლიო ჩემპიონატზე დამპატიჟა და იქ უნდა გადმოეცათ ჩემთვის ჯილდო. ეს მოწვევა ფედერაციაში მივიდა, მაგრამ დამიმალეს.

_ რა მიზეზით დაგიმალეს?

_ მოსკოვში რომ ტარდებოდა ჩემპიონატი, იმიტომ დამიმალეს _ არ სურდათ იქ ჩემი წასვლა. საქართველოს ნაკრებიც არ წავიდა საასპარეზოდ _ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ ჩემპიონატს. კაი, ჯანდაბას, გამოუცხადე ბოიკოტი, მაგრამ მე რას მერჩი? საჭიდაოდ მე არ მივდიოდი და არც ვიცე-პრეზიდენტის რანგში. როგორც ვეტერანი ქართველი მოჭიდავე, ისე უნდა დავსწრებოდი ამ ჩემპიონატს, გადმომცემდნენ ჯილდოს და დავბრუნდებოდი თბილისში.

_ როგორ დასრულდა ეს ისტორია?

_ ედიშერ მაჩაიძე, ვეტერანი მოჭიდავე, ესწრებოდა იმ ჩეპიონატს, როგორც ფილა-ს სამსაჯო კომიტეტის წევრი. რაკი ქართველი იყო, მას გამოატანეს ის ჯილდო ჩემთან. დამირეკა ედიშერმა _ ესა და ეს ჯილდო ჩამოგიტანეო და მისაყვედურა, თავად რატომ არ იყავით. გავშრი კაცი! მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ფილა-მ მოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფალავანთა შორის დამასახელა. რუსეთის ჭიდაობის ფედერაციაში დავრეკე, რატომ არაფერი გამაგებინეთ-მეთქი. იქ მითხრეს, ფილა-მ მოსაწვევი გამოგიგზავნა და, როგორც სპორტის სტუმარს, ისე გელოდით ჩემპიონატზეო. გაგვაწბილე, არ ჩამოხვედი და კიდევ ჩვენ გვსაყვედურობო? ჩვენს ფედერაციაში დავრეკე, მომატყუეს, არ მოსულა მოსაწვევიო. მაგათ არ იცოდნენ, რომ ედიშერ მაჩაიძემ ის ჯილდო ჩამომიტანა, ეგონათ, ასე ჩაივლიდა ეს ამბავი და შერჩებოდათ თაღლითობა.

ფედერაციის სხდომა იყო, მივედი. ედიშერს ვთხოვე, რომ იქ მოეტანა ეს ჯილდო. მომიტანა. გახსნა სხდომა ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ _ «ნაციონალმა» პარლამენტარმა. გავაწყვეტინე სიტყვა, რაღაც მაქვს სათქმელი-მეთქი. ამოვიღე ეს ფილა-ს სიგელი და მედალი… რა არის ეს, რა ნამუსით დამიმალეთ მოსაწვევი-მეთქი? აილეწა ყველა, დაიწყეს ლუღლუღი. ბოლოს მითხრეს, გეძებდით და ვერ გიპოვეთო.

_ ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებმა რომან რურუა ეძებეს და ვერ მიაგნეს? აუგდიათ თავი კიდევ ერთხელ და ეგ არის!

_ თავის აგდებაა, აბა, სხვა რა არის?! ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი ყველამ იცის და სახლიც. თან რამდენ ხანს «მეძებდნენ» იცით? მთელი 2 კვირა. სწორედ ჩემპიონატამდე 2 კვირით ადრე მოსულა ის მოსაწვევი ფედერაციაში. სწორედ ამ სხდომიდან წამოვედი, მივატოვე ვიცე-პრეზიდენტობაც და ფედერაციაც.

_ სპორტული ფედერაციები ხელისუფლების კონტროლქვეშაა, არადა, ირწმუნებიან, დამოუკიდებლები ვართო.

_ წესდებაში უწერიათ, რომ დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ფიქციაა ეს. ჯერ ერთი, ყველა ფედერაციის პრეზიდენტი სახელისუფლო გუნდის წევრია ან პოლიტიკოსია, ან «ნაციონალური მოძრაობის» ფავორიტი. რასაც და როგორც ზემოდან ეტყვიან, იმას და ისე აკეთებენ. მეორეც, საიდან იღებენ დაფინანსებას ფედერაციები? ბიუჯეტიდან! მორჩა ამით ყველაფერი _ მე თუ გიხდი ფულს, ჩემი ხარ, რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ. თანაც, ჩემი დანიშნულიც ხარ. მოკლედ, არც იოცნებოს ვინმემ, რომ რომელიმე სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას გააკრიტიკებს, თავზეც რომ დაამხონ ყველაფერი.

_ მედიაში ქვეყნდება იმ ადამიანთა ფოტოები, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევაში, ხალხის ცემაში მონაწილეობენ ხოლმე. მათ შორის არიან ყოფილი მოჭიდავეები _ შს სამინისტროს . . ზონდერბრიგადების თანამშრომლები და მოქმედი მოჭიდავეებიც. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?

_ დიდი სპორტსმენი არასდროს იკადრებს, რომ საკუთარ თანამემამულეზე აღმართოს ხელი, სადაც არ უნდა მუშაობდეს და წასულიც რომ იყოს სპორტიდან. თუ დიდი სპორტსმენია, ის დიდბუნებოვანი, შეგნებული ადამიანია და ასეთ რამეს არ იკადრებს. ესენი არიან «ისე რა» მოჭიდავეები, სპორტში ხელმოცარულნი…

_ და ამ ბოღმას ხალხზე ანთხევენ აგრესიის სახით?

_ ალბათ, თორემ, ხომ გითხარით, ნაღდი მოჭიდავე, დიდი მოჭიდავე ამას არ იკადრებს. მას ვერც გაუბედავენ _ აიღე ხელკეტი და მოხუცს დაარტყიო.

_ თქვენთვის და თქვენი თაობის მოჭიდავეებისთვის რომ ეთქვათ ამგვარი რამ თავის დროზე, რა რეაქცია გექნებოდათ?

_ რას ლაპარაკობ, კაცო? ვინ გამიბედავდა მე ამის თქმას? ვინ მკადრებდა ან მე, ან სხვა მოჭიდავეებს? ასი თავი უნდა ჰქონოდა ვინმეს, ეს ეთქვა გივი კარტოზიასთვის, დათო გვანცელაძისთვის, ვახტანგ ბალავაძისთვის, ლევან თედიაშვილისთვის… მაგრამ ასეთი ასთავიანებიც კი არ იკადრებდნენ, დამიჯერეთ. ან კაი: გაკადრეს და გითხრეს, თუნდაც დაგაძალეს _ რა ნამუსით თანხმდები ამ სიბინძურეზე? წამოდი საერთოდ იმ სამსახურიდან, წადი სოფელში, ყანა გათოხნე, ირჩინე თავი და ეს შეგერგება. ხომ იცი, რომ ღმერთი მოგკითხავს პასუხს, მანამდე ხალხმა თუ არ მოგკითხა? ეს არ ესმით ასეთებს, საუბედუროდ. ერთი კაცი რომ ყოფილიყო დარბაზში, მაინც ისე გულიანად ვჭიდაობდი, როგორც ხალხით გაჭედილ სპორტის სასახლეში. ვიცოდი, რომ ის ერთი კაცი ჩემი ჭიდაობის საყურებლად იყო მოსული. ჩემს ქომაგს ვაფასებ, უდიდეს პატივს ვცემ. აი, ეს გრძნობა _ ქომაგის, ხალხის სიყვარული _ უცხოა ამ ადამიანებისთვის და ამიტომაც არცხვენენ მოჭიდავის სახელს.

_ ხშირად მსმენია, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ქართველ სპორტსმენებს ეროვნული ნიშნით რუსები ჩაგრავდნენ. თქვენ თუ გიგრძვნიათ მსგავსი რამ?

_ რა იყო, იცით? თუ რუსზე გაცილებით ძლიერი არ იყავი, მაშინ რუსს შეიყვანდნენ ნაკრებში; თუ თანაბარი ძალისანი ვიყავით მე და რუსი, რუსი იმარჯვებდა ასეთ დროს. საბჭოთა კავშირში რუსებს რაღაც უპირატესობა ჰქონდათ. არ ღირს ამის დამალვა, მაგრამ მუდამ ასე არ ხდებოდა. ერთგვარი სტიმული იყო, როცა იცოდი, რომ რუსზე ერთი თავით მაღლა უნდა მდგარიყავი ნაკრებში მოსახვედრად. მე რაც შემეხება, რა ნამუსით ვთქვა, რუსები მჩაგრავდნენ-მეთქი, როცა 9 წელი საბჭოთა კავშირის «კლასიკოსთა» ნაკრების კაპიტანი ვიყავი. ჩემამდე ანატოლი როშინი იყო კაპიტანი, მაგრამ მოაღწია არჩევნების დრომ და თავად რუსებმა წარადგინეს ჩემი კანდიდატურა. მე 44 ხმა მივიღე, იგუმინოვმა და საპენოვმა კი 29-29 ხმა დააგროვეს. რუსებმა ამირჩიეს თავიანთი ნაკრების კაპიტნად და მითხარით ახლა: მჩაგრავდა ვინმე ნაკრებში? კი, ყოფილა შემთხვევა, მსაჯების მიზეზით წამიგია ჩემი ქართველობის გამო, მაგრამ თითო-ოროლა მამაძაღლი შოვინისტი ყველგან გამოერევა და რუსეთშიც იყვნენ, ცხადია.

_ ბატონო რომან, ფიზკულტურის ინსტიტუტის გაუქმებით ამ ხელისუფლებამ სპორტს უდიდესი დარტყმა მიაყენა. დღესდღეობით რა წარმატებებსაც ვაღწევთ, არ გიკვირთ?

_ ბევრს ვერაფერს ვაღწევთ. სპორტული მეცნიერული დარგები ჩაკვდა. მართალია, ფიზკულტურის ინსტიტუტი თანამედროვე მოთხოვნებს უკვე ვეღარ პასუხობდა, მაგრამ სახელმწიფომ დაუკვეთა რამე და არ შეასრულა? მოსთხოვე რამე და არ გაგიკეთა? განავითარე, გაათანამედროვე, თუ გასაშვებია ხალხი, გაუშვი, დატოვე ძლიერი მეცნიერები და განაახლე სამეცნიერო ბაზა, აღზარდე მათზე უკეთესი მეცნიერები, პედაგოგები, მწვრთნელები. ამათ კი, ადგნენ და მიკეტეს ინსტიტუტი. დაკეტვაზე და დახურვაზე იოლი რა არის, გადაარჩინო და უკეთესი გახადო, ესაა საქმე.

ფიზკულტურას არ აქცევენ ყურადღებას საერთოდ და ეს არის დანაშაული. დაავადდა ქართველი ერი და ამის ერთადერთი წამალი სპორტი და მასობრივი ფიზკულტურაა. გადაივსო აფთიაქებით საქართველო, ყველა ნაბიჯზე აფთიაქია. ძალიან ბევრი წამალი იყიდება. ვინ სვამს ამ წამალს? ჩვენი ხალხი. არ ვიცი, არსებობს თუ არა სტატისტიკა, მაგრამ ამ წამლის მოხმარებით მსოფლიოში I ადგილზე თუ არ ვიქნებით, გამიკვირდება ძალიან. აი, ეს აფთიაქები უნდა ჩაანაცვლონ სპორტული ბაზებით, ოღონდ ისეთით, ხელმისაწვდომი რომ იყოს ყველასთვის. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ისეთი პროგრამები, რომლებიც ხალხს მისცემს ვარჯიშის საშუალებას. მარტო ფიზკულტურის გაკვეთილი არ კმარა, ბაგა-ბაღში უნდა დაიწყოს ბავშვმა ვარჯიში, რომ მომავალი თაობა მაინც იყოს ჯანსაღი. სპორტი უნდა ავაღორძინოთ და გამოვაჯანმრთელოთ ხალხი, თორემ ამ სააფთიაქო ბიზნესსა და მის მესვეურთ ის უხარიათ, რაც მეტი წამალი გაიყიდება. ადამიანის ჯანმრთელობა იქცა ბიზნესად და ეს უბედურებაა ქვეყნისთვის.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here