Home რუბრიკები საზოგადოება თამარ იოვაშვილი: რატომ არ მივდივარ 27 მაისის აქციაზე

თამარ იოვაშვილი: რატომ არ მივდივარ 27 მაისის აქციაზე

616

თამარ იოვაშვილი «უმუშევართა კავშირის» თავმჯდომარეა. ის არ მიდის 27 მაისს, 3 საათზე, თავისუფლების მოედანზე «ქართული ოცნების» მიერ დაგეგმილ აქციაზე და «საქართველო და მსოფლიოსთან» ამის მიზეზებსაც აკონკრეტებს:

_ 27 მაისის აქციაზე არ მივდივარ. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს. პირველი ის, რომ არ მინდა ნატოში შესვლა. ნატოში საქართველოს არაფერი ესაქმება. საქართველო არ უნდა იქცეს არც ერთი ქვეყნის სატელიტად და მონად. მან უნდა აირჩიოს ეროვნული და ნეიტრალური პოზიცია, არც ამერიკისკენ უნდა მიისწრაფოდეს და არც რუსეთისკენ, არც რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბლოკთან. ჩვენ ბოლო 20 წლის განმავლობაში იმდენი დარტყმა გადავიტანეთ, იმდენი ახალგაზრდა დაგვეღუპა, ნამდვილად არ გვყავს ავღანეთის სანახებში ნატოს მტაცებლური მიზნებისათვის გასაწირი ახალგაზრდობა. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს გენოფონდს, რადგან ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ემიგრაციაში, უამრავი უკანონო პატიმარი ზის ციხეში, დღეს კიდევ ავღანეთში ყოველთვიურად იღუპება ქართველი ჯარისკაცები. ვინმე მეტყვის, რა მოვალეობას ასრულებს ჩვენი კონტიგენტი ავღანეთში? საქართველოს იცავს? მე ასე არ ვთვლი. ჩემი აზრით, ამერიკა იყენებს ქართულ კონტიგენტს _ ჩვენს ბიჭებს, როგორც საზარბაზნე ხორცს.

მოგეხსნებათ, ვარ «უმუშევართა კავშირის» თავმჯდომარე. ჩვენი ჯგუფი თვლის, რომ უმუშევრობის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რუსეთის ბაზრის გახსნაა. უამრავი ადამიანი სოფლად უმუშევარია. ჩვენი მთავრობა კი მათ თვლის  თვითდასაქმებულად, მაგრამ, თუ ადამიანს თვეში სტაბილური შემოსავალი არ აქვს, თუ საარსებო მინიმუმს არ იღებს, როგორ შეიძლება ის თვითდასაქმებულად ჩათვალოს?! როდესაც რუსული ბაზარი გაიხსნება და ქართველ გლეხს მიეცემა საშუალება, გაიტანოს თავისი ნობათი რუსეთში, დამიჯერეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გლეხი მაშინ ამოისუნთქავს, მაშინ დაერქმევა მას თვითდასაქმებული. დამერწმუნეთ, სინგაპურში ჩვენი ლიმონი არავის სჭირდება. არც ჩვენი ღვინო სჭირდებათ ჩინეთში და სხვაგან. რუსეთის ბაზარი საკმაოდ დიდია და, დამერწმუნეთ, მას ჩვენი პატარა ქვეყნის პროდუქცია ადვილად აითვისებს. იყო დრო, როცა საქართველოს ფაბრიკა-ქარხნებში გამოშვებული პროდუქცია ისედაც ძალიან დიდი წარმატებით იყიდებოდა რუსეთში. ბიჟუტერია, სპორტული ტანსაცმელი, ჩანთები… ძალიან წარმატებულად გადიოდა, მაგრამ იმის მერე, რაც ფაბრიკა-ქარხნების პარალელურად რუსული ბაზარიც დაიხურა ჩვენთვის, ქართველი ხალხი მასობრივად უმუშევარი დარჩა.

_ რამდენად რეალურია დღევანდელ სიტუაციაში რუსული ბაზრის გახსნა?

_ ამ ყველაფერს პოლიტიკური ნება სჭირდება. თუ მოვა ნორმალური ხელისუფლება, თუ ღირსეული ადამიანები მოვლენ მთავრობაში, ვისაც მართლა უყვარს საქართველო და არა ნატო, ამერიკა ან რომელიმე სხვა ქვეყანა, აუცილებელია, რომ უზარმაზარი რუსეთის ბაზარი ჩვენი ეკონომიკისთვის ღია იყოს, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხულია. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაელაპარაკებიან მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. მერე მეორეც, მიხეილ სააკაშვილიც და მისი გუნდიც ძალიან თანმიმდევრულად ასრულებენ ამერიკის შეკვეთას და ყველანაირად ძაბავენ სიტუაციას რუსეთთან. ეს არ კეთდება საქართველოს სასარგებლოდ. ამან საქართველოს მხოლოდ ის მოუტანა, რომ დაიკარგა ტერიტორიები, დაუღუპნენ ჩვენი ბიჭები, ჩვენი გლეხი სავალალო სიტუაციაშია: მოდის მოსავალი, რომელსაც ვერ ყიდის და ულპება. 8 წლის განმავლობაში «ნაცმოძრაობამ» არაფერი მოუტანა საქართველოს და ქართველ ხალხს გარდა გაპარტახებისა, უკანონო დაპატიმრებებისა და ა. შ.

_ თქვენ რესპუბლიკელებსაც უპირისპირდებით

_ იდეოლოგიურად რესპუბლიკელები და «ნაცმოძრაობა» ძალიან გვანან ერთმანეთს. აბსოლუტურად ერთნაირი მიდგომა აქვთ და იდენტური იდეოლოგია. მე ამ ლიბერალურ იდეოლოგიაზე უარი ვთქვი, რადგან არ მივცემ ხმას იმ ძალას, რომელიც ეთანხმება აზიზის მეჩეთის მშენებლობას, რომელმაც ხაზი გადაუსვა საქართველოში ეროვნულობას, რომელიც ერთი-ერთზე იმეორებს «ნაციონალური მოძრაობის» იდეოლოგიას.

_ ბოლო პუნქტში თქვენ ამბობთ, რომ არ მოგწონთ ბუნდოვანი დაპირებები სოციალური პოლიტიკის კუთხით. რას გულისხმობთ?

_ «ქართული ოცნების» ლიდერებისგან ჯერ არ მომისმენია მყარი, სოციალური პროგრამის არც ერთი პუნქტი. ის, რომ დაპირება იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონოდა სამედიცინო დაზღვევის პოლისი, ჩვენს პრობლემას არ წყვეტს. ის, რომ ხალხს დავასაქმებთო, არც ეს წყვეტს ჩვენს პრობლემებს. საქართველოში ადამიანი რომ დასაქმდეს, ძალიან სერიოზული რეფორმების გატარებაა საჭირო. უნდა შედგეს დასაქმების სამსახური, აღირიცხოს უმუშევარი ადამიანები, შემოვიდეს კანონები, სადაც იქნება უმუშევართა სტატუსი განსაზღვრული და, თუ არ დაასაქმებთ, მაშინ რა ვქნათ? ხომ სჭირდება უმუშევარ ადამიანს შემწეობა? თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დღესაა, როდესაც უმუშევარი ადამიანი, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს. აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში თანხა ასეთი ადამიანებისთვის. ბიუჯეტში არის პუნქტი, რომელსაც სიღარიბის დაძლევის პროგრამა ჰქვია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიღარიბის გაღრმავების პროგრამა უფროა.

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here