Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი მატრიცაში გაიჭრა

სააკაშვილი მატრიცაში გაიჭრა

798

დავით ბაქრაძე უნდა მოემზადოს. გასაგებია, რომ არ უნდა და, შესაძლოა, ეშინია კიდეც, მაგრამ სხვა გზა, როგორც ჩანს, აღარ დარჩა. საზოგადოებაში ძალიან ფართოდ გავრცელდა ეჭვი, რომ მენტალური მდგომარეობა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მის მიერ ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას გამორიცხავს. მსგავს სიტუაციებში კი, კანონის თანახმად, დროებით პარლამენტის თავმჯდომარე ხდება პრეზიდენტი.

ცხადია, ბაქრაძეს გაუჭირდება, თუმცა ფორსმაჟორის გამო, მხარში, ალბათ, მთელი ერი ამოუდგება და სულ რაღაც თვე-ნახევარს როგორმე გააძლებინებს. შემდეგ ჩატარდება არჩევნები და ხელისუფლებას ახალი პრეზიდენტი გადაიბარებს. მოგვიანებით კი მთელ ამ ეპოპეას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ალბათ, თავის მემუარებში აღწერს. სათაურად ამ წიგნისთვის ის ისტორიული მესიჯი გამოდგება, რომელიც ბაქრაძემ სააკაშვილს 2009 წლის იანვარში საავადმყოფოდან მისწერა, ხოლო ადრესატმა რატომღაც პირდაპირ ეთერში წაიკითხა. წარმოვიდგინოთ ყდა, ზედ პარლამენტის ფოტო და მიკი-მაუსივით მომღიმარი ბაქრაძე, ქვემოთ კი ოქროს ასოებით: «გამპარსეს, რაღაცები დამკიდეს, სისხლისგან დამცალეს, მაწვალეს…». გრძელი სათაური კია, მაგრამ არა უშავს, ასოები პატარა იქნება. თუმცა ეს ნიუანსებია, მთავარია, რომ ბაქრაძე, როგორც ჩანს (დავტოვოთ ეს ბუნდოვანი «როგორც ჩანს», რადგან შედარებით მკაფიო ფორმულირების გამოყენების შემთხვევაში, ნერვიულობისგან შეიძლება თმების დაპუტვა დაიწყოს), მართლაც უნდა მოემზადოს.

იმის ხელახალ აღწერას, თუ როგორ გამოიყურებოდა სააკაშვილი მახათას მთაზე ან მისი ბოლოდროინდელი განცხადებების მასირებულ ციტირებას, ალბათ, აზრი არ აქვს, ყველამ ყველაფერი ისედაც ნახა და  მოისმინა. საინტერესოა, რომ forum.ge-ზე ბოლო დღეებში მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, გადაიქცა თუ არა სააკაშვილი საყოველთაო, დამამცირებელი შეფერილობის მქონე დაცინვის ობიექტად. კითხვა ასე იყო ფორმულირებული: «გადაიქცა თუ არა პრეზიდენტი «პასმეშიშჩედ»? 15 მაისისთვის პასუხი ამ კითხვას 590-მა ფორუმელმა გასცა. 280-მა (47,46%) აირჩია პასუხის ვარიანტი «გადაიქცა», 78-მა (13,22%) _ ვარიანტი «არ გადაქცეულა», 232-მა კი (39,32%) შემდეგი მოსაზრება გაიზიარა: «როდის არ იყო რო?».

აქ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ  forum.ge ყველაზე პოპულარული ქართული ფორუმია, რომელზეც სააკაშვილის აპოლოგეტები მუდამ ცდილობდნენ თანამოაზრეების რიცხვი მაქსიმალურად გაეზარდათ, თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ გამოკითხვაში მათი ბელადისთვის აბსოლუტურად კატასტროფული შედეგი დაფიქსირდა. 

_ რა მოჩანს იქ _ ჰორიზონტზე? კონტრრევოლუციის თეთრი ბაირაღი მასზე გამოსახული ამაყი შროშანით? _ არა, ეს მთავარი ექიმის ქათქათა ხალათია. ჩვენ ნამდვილად გამორჩეულები ვართ, არც ერთ რევოლუციას კაცობრიობის ისტორიაში ასეთი კლინიკური ფინალი არ ჰქონია.

«ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი (არ ვიცი, რა მოემატება მოცულობაში, რაც არ უნდა დიდი გააკეთო, მაგრამ რაც იქნება) გამოჩნდება შენ წინ. ეს არ არის ფანტაზია», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეიძლება ვინმემ მისაყვედუროს, რომ წაქცეულს ვურტყამ და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ სააკაშვილს დავცინი, თუმცა ეს მეტისმეტად სახასიათო შემთხვევაა იმისთვის, რომ ის გამოვტოვოთ. ის შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ, თუ რა ტრანსფორმაციას განიცდის გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაცია მის გონებაში, ვიდრე ესოდენ უცნაური იდეების სახეს მიიღებს. მოკლედ, არაფერი პირადული, უბრალოდ, სევდიანი ფიქრები პათოგენეზზე.

სააკაშვილი მიმავალი, სატელევიზიო ეპოქის ლიდერია, რომელმაც ინტერნეტის ძალა და მნიშვნელობა დროულად ვერ შეაფასა. მან ქართულ ტელესივრცეზე კონტროლის დამყარებას უამრავი რესურსი და ენერგია დაახარჯა, მაგრამ აშკარად ვერ შეამჩნია მომენტი, როდესაც ქართული  საზოგადოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერნეტში «წავიდა». დღეს მოკლე, მკვახე კომენტარები სოციალურ ქსელებში, youtube-ზე ატვირთული სკანდალური ვიდეოჩანაწერები, კრიტიკული სტატიები ინტერნეტ-გამოცემებში მის რეჟიმზე დაახლოებით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ, როგორც მოუხელთებელი პართიელი მშვილდოსნები ერთ მუშტად შეკრულ, თუმცა მოწინააღმდეგესთან შედარებით, ფრიად მოუქნელ, რომაულ ლეგიონებზე კრასუსის საბედისწერო ლაშქრობის დროს. თუნდაც ბოლო თვის მატიანეს გადავხედოთ; რომ არა ინტერნეტი, საზოგადოების დიდი ნაწილი, ალბათ, ვერასოდეს გაეცნობოდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში არ იყო, რომ ის მზად არის, მოიკვეთოს და კრემლში გააგზავნოს თავისი სხეულის გარკვეული ნაწილები, რადგან სახელისუფლო არხების სიუჟეტებიდან ეს მონაკვეთები საგულდაგულოდ ამოჭრეს.

ჩვენ, დიდი ალბათობით, ვერაფერს შევიტყობდით იმ ზეწოლაზე, რომელსაც ძალოვანები რეგიონებში ოპოზიციასა და მედიაზე ახორციელებდნენ, ვერ ვიხილავდით ფოტოებს, რომლებიც პატიმრებს წამებაზე მიანიშნებენ და . . ყოველივე ეს ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა და საყოველთაო განხილვის საგნად იქცა, განსხვავებით სააკაშვილის ტელემონოლოგებისგან და სიუჟეტებისგან თემაზე «გუბერნატორმა განახლებული საპონჩიკე მოინახულა».   

რაღაც მომენტში ხელისუფლება, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ მისი პოზიციები ინტერნეტ-სივრცეში სუსტია, თუმცა მეთოდები, რომლითაც მათ გამყარებას შეეცადა, ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელი იყო. დასაწყისისთვის სააკაშვილმა აიღო ჩვენი ჯიბიდან (ბიუჯეტიდან) 75732 ლარი და «ფეისბუკზე» საკუთარი გვერდის რეკლამას დაახარჯა. სპეციალისტები ცუდად დაფარული ირონიით აღწერდნენ იმ ხერხებს, რომელთა მეშვეობით სააკაშვილი ცდილობდა, «ლაიქების» რაოდენობით ბიძინა ივანიშვილისთვის გაესწრო. «ლაიქომანია» მთელ ხელისუფლებას მოედო. მაგალითად, შსს ოფიციალური საიტი მასზე შესულ სტუმარს ფრიად მოზრდილ ფანჯარას «უგდებს» და სთავაზობს მინისტრის, სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის «ფეისბუკის» გვერდები მოიწონოს (რჩევა მათ, ვისაც ამის გაკეთება არ სურს და არ იცის, როგორ მოაშოროს ეს მომაბეზრებელი ფანჯარა, გვერდით, თავისუფალ სივრცეში, უნდა დააწკაპუნონ). გამოქვეყნდა არაერთი პუბლიკაცია იმის თაობაზე, თუ როგორ აიძულებდენ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს და სკოლის მოწაფეებს ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის გვერდი «დაელაიქებიათ». მოგვიანებით ეპიდემიის მასშტაბი შედარებით შემცირდა, რადგან ხელისუფლება, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ «იძულება მოწონებისადმი» კარგს არაფერს მოუტანს.

თუ იდეას «3D მინისტრების» შესახებ ამ ასპექტში განვიხილავთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ეს ასევე გახლდათ ინტერნეტსივრცეში პოზიციების გამყარების მცდელობა, ოღონდაც ის იმ ადამიანის თავში დაიბადა, რომელსაც ინტერნეტკომუნიკაციის არაფერი გაეგება. ეს ძალიან ჰგავს სატელევიზიო «მოლაპარაკე თავების» ინტერნეტში გადატანის მცდელობას, რომლის მიღმა ჯორჯ ორუელის «დიდი ძმის» გამჭოლი მზერა იგრძნობა (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეკრანიზაციას გავიხსენებთ).

თავის იდეებს სააკაშვილი «ელექტრონული მთავრობის» კონტექსტში ავითარებდა. ამასთან დაკავშირებით, სავსებით ნეიტრალურმა უცხოელმა ექსპერტმა, «DPAPსაქართველოს» დირექტორმა სანიტა მეიჯერემ შემდეგი აზრი გამოთქვა: ურთიერთობა მინისტრებთან «3D ფორმატში» ელექტრონულ მმართველობას არ ნიშნავს და პრაქტიკულადაც, მინისტრებთან ამ საშუალებით კონტაქტი აზრს მოკლებულია. «ელექტრონული მმართველობის ფარგლებში მსგავსი პრაქტიკის შესახებ არც ერთ ქვეყანაში არ მსმენია. შეუძლებელია, ყველა ადამიანი, რომელსაც ამის სურვილი ექნება, მინისტრს პირადად ესაუბროს. ეს განცხადება, ალბათპიარის ნაწილი იყო და ელექტრონულ მთავრობასთან საერთო არაფერი აქვს» (comersant.ge). სანიტა მეიჯერემ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგინა, რომ სააკაშვილი (99%-იანი ალბათობით ეს ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ ვიდეოზარზე ისაუბრებდა) არა მინისტრთან, არამედ მის ციფრულ ორეულთან გაბაასებას გულისხმობდა, 80-იანების ფილმების სტილში, რომლებმაც ფიგურანტის წარმოსახვაზე, სავარაუდოდ, მიწისძვრისმაგვარი ზემოქმედება მოახდინეს. 

ცხადია, შემდგომი სვლა «ელექტრონული მთავრობისკენ» (დაახლოებით ისე, როგორც ეს ესტონეთში ხდება) ადრე თუ გვიან ხელისუფლების გამჭვირვალობამდე და არჩევნების გაყალბების გამორიცხვამდე მიგვიყვანს. შესაძლოა, პრიორიტეტის გადატანა «3D მინისტრების» ჩიხურ, სრულიად უსარგებლო მიმართულებაზე მათ შორის ამის გამო მოხდა.

ალბათ, ოპოზიციის ინტერესებშია, ამ პროექტის განხორციელებას ხელი არ შეუშალოს და საუბარი ფულის ფლანგვაზე ამჯერად არ დაიწყოს, რადგან, როდესაც მონიტორებზე «3D მინისტრები» გამოჩნდებიან და მათთვის «გულის გადაშლის» სადემონსტრაციო სეანსები ჩატარდება, მთელი მსოფლიო, სავარაუდოდ, მივა დასკვნამდე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების  იდეოლოგიური ბაზისი ალალი და შეუბღალავი შიზოფრენიაა. წარმოვიდგინოთ კომუნიკაციის ეს აქტი და ეფექტი, რომელსაც ის გამოიწვევს: ეკრანზე «3D  ადეიშვილი» ან, მაგალითად (პირადად მე ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირებას ვაპირებ), «3D მერაბიშვილი» გამოჩნდება და ნაზი ელექტრონული ხმით იკითხავს: «გამარჯობა, მოქალაქევ, მითხარი რა გნებავს».  

თუმცა, მეორე მხრივ, ხარჯების თემას გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენ უნდა ჩავრთოთ კომპიუტერი, დავხარჯოთ ფული ინტერნეტსა და ელექტროენერგიაზე და, შესაბამისად, ნაგავზე, რომელიც მასზეა მიბმული, იმისთვის, რომ დავუკავშირდეთ ადამიანს, რომელსაც ხელფასს ჩვენი ჯიბიდან ვუხდით, რათა «გული გადავუშალოთ» მის ციფრულ ორეულს, რომლის შექმნა ასევე ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება. ფაქტობრივად, ეს დენზე ნაგვის (ამჯერად «3D ნაგვის») მიბმის  მეორე, და, ალბათ, უკანასკნელი მცდელობაა.

მთავარ თემას ოდნავ ავცდით; სავარაუდოდ, არსებობდა რამდენიმე ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორი (მათი ნაწილი არ ჩამოგვითვლია), რომლებიც სააკაშვილის განხილული განცხადების უკან იდგა და აშკარაა, რომ მან ვერ მოახერხა მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მისგან ლოგიკური დასკვნების გამოტანა, ყოველივეს საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი მიუმატა და, საბოლოოდ, ისეთ რამ თქვა, რის გაშიფრვა ექიმებმა, პოლიტოლოგებმა და (ამ შემთხვევაში) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებმა საერთო ძალისხმევით დღემდე ვერ მოახერხეს. ამავე დროს საქართველოში და საზღვარგარეთ მას უამრავი ადამიანი დასცინოდა.

ასე გაგრძელება, ცხადია, აღარ შეიძლება და დავით ბაქრაძე, როგორც ჩანს, მართლაც უნდა მოემზადოს. რაც შეეხება სააკაშვილის მომხრეებს, რომელთაც პოლიტიკიდან მისი წასვლა გულს დასწყვეტს, შეგვიძლია გულისხმიერება გამოვავლინოთ და სპეციალურად მათთვის «3D სააკაშვილი» შევქმნათ. ისინი შევლენ საიტზე გოოდბყემყმისჰა.გე, დააჭერენ ღილაკს, მოუსმენენ თავიანთ ბელადს და გულსაც გადაუშლიან. ამ საიტის ადმინისტრატორად  შეგვიძლია თავად სააკაშვილი დავნიშნოთ, რათა მან ბოლოს და ბოლოს მიიღოს სივრცე, რომელშიც, ერთის მხრივ, ყველა მისი სურვილი თვალის ერთ დახამხამებაში შესრულდება, ხოლო მეორე მხრივ, ეს ქვეყანას არ დააზარალებს. იმედია, ის არ შევა კონფლიქტში თავის ციფრულ ორეულთან, რის გამორიცხვაც ნამდვილად არ შეიძლება, თუმცა, პრინციპში, ეჩხუბოს, თუ უნდა, მთავარია, რომ ეს საქართველოს პრობლემა უკვე აღარ იქნება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here