Home რუბრიკები პოლიტიკა უშველეთ პოლიციას!

უშველეთ პოლიციას!

675

«დღეს ჩვენ გიორგობის დღესასწაულთან ერთად საქართველოს ისტორიაში ყველაზე საშიში სეპარატისტის, ადგილობრივი ფეოდალის _ ასლან აბაშიძის აჭარიდან გაძევების 8 წლისთავს და აჭარის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნებას აღვნიშნავთ», – როგორც სჩვევია, ამაყად განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 6 მაისს გორში. ჩვენში დარჩეს, გორის სიახლოვეს მაშინაც და ახლაც უფრო საშიში სეპარატისტები არიან, მაგრამ მათზე მიხეილს ხმა არ ამოუღია.

არადა, სიმართლემ დროდადრო წამოცდენა იცის; საქართველოს ყველაზე დიდ მტრად აღიარებულ რუსეთს «სეპარატისტი» ასლან აბაშიძე თავად გაურიდებია: «ასლან აბაშიძემ იგორ ივანოვთან ერთად ბათუმიდან იმ წუთიდან გაკურცხლა, როცა ბათუმში საქართველოს შინაგანი ჯარის პირველი შენაერთის ჯავშანტექნიკა შევიდა». იგორ ივანოვი, ვიდრე საქართველოს შინაგანი ჯარის პირველი შენაერთის ჯავშანტექნიკის «შეეშინდებოდა», სააკაშვილის გვერდით იდგა 22 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ და რევოლუციურ მასას «გაუმარჟოს» ეძახდა. ახლა კი რუსეთის ჯარი «ნაკლებად საშიშ» სეპარატისტულ (ბოდიში, უკვე აღიარებულ) სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დგას, ხოლო დამარცხებული მთავარსარდალი პოლიციის აღლუმს მართავს და მერაბიშვილს წმ. გიორგის ორდენით აჯილდოებს.

გიორგობა დღეს პოლიციის აღლუმის დაანონსებისთანავე გორელებმა გასაგებად თქვეს, რომ ამ დღეს ისინი გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიაში აპირებდნენ ყოფნას, მაგრამ «ყოვლისშემძლე» პოლიციამ და კიდევ უფრო «მძლეთამძლე» სააკაშვილმა გამოცხადებული 12 საათი არ გადათქვეს. 14 საათამდე, მთელი საქართველოდან ჩამოყვანილი პოლიციელების გარდა, სტალინის ძეგლის ადგილზე არავინ მისულა. ნაცაქტივისტები კი კარდაკარ ჩამოვლით ცდილობდნენ აღლუმის მაყურებლების შეკრებას.

გიორგობას გორში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციით, წმინდა გიორგის სალოცავში მასობრივი მსვლელობით აღნიშნავენ. გადმოცემის თანახმად, მასში წმინდა გიორგის ნაწილი ინახება. მორწმუნეები გორიჯვრის ეკლესიაში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს, ფეხით, ზოგჯერ კი ფეხშიშველიც ადიან. იქამდე გრძელი და ციცაბო გზა მიდის. ამიტომაც იყო, რომ პრეზიდენტის მოსასმენად და პოლიციელების სანახავად ქალაქის ცენტრში ათასამდე ადგილობრივს ძლივს მოუყარეს თავი, ძირითადად, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებს, საჯარო სექტორში მომუშავე პირებსა და დევნილებს. მხურვალე აპლოდისმენტებს და «მიშა, მიშა»-ს ყვირილს გორში ადგილი არ ჰქონია.

ხანგრძლივი ლოდინისა და ქანცის გამძრობი რეპეტიციების შემდეგ გადადებულ აღლუმზე ჯერ ერთმა პოლიციელმა დაკარგა გონება (გვერდით მდგომი მეწყვილე მის შეკავებას ცდილობდა), მოგვიანებით ის ხელით გაიყვანეს, შემდეგ წინა რიგებიდან კიდევ 3 მანდილოსანი და ერთი პოლიციელი გახდნენ ასევე მოსასულიერებელნი. სულ ათამდე ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის რეფორმისა და, ზოგადად, სახელმწიფოს მშნებელობაში გაწეული წვლილისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილს წინ კიდევ დიდი გზა აქვს და ის ნამდვილად ღირსია, რომ საზოგადოების პატივისცემას იმსახურებდეს. ვანო მერაბიშვილის გარდა, სხვადასხვა სახის ჯილდოები გადაეცათ რიგით პოლიციელებსაც. აღლუმის დასრულების შემდეგ მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტისგან მიღებული ჯილდო მოულოდნელი იყო.

სამაგიეროდ, მოსალოდნელი იყო ის, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრში მოხდა. მათი ოფისი გორის ცენტრალურ მოედანს გადაჰყურებს და მისი აივნიდან აღლუმის გადაღება თავისუფლად შეიძლებოდა. რაკი ჟურნალისტებმა პოლიციელების გულის წასვლა ფირზე აღბეჭდეს, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები რედაქციის ოფისში შევიდნენ და პოლიციის აღლუმის გადაღების შეწყვეტა მოითხოვეს. ასე იყო თუ ისე, აღლუმის «არასასურველი» კადრების გარდა, თავად პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების ვიდეოჩანაწერიც საჯარო გახდა.

ამასობაში სააკაშვილი გაილექსა და იმის მტკიცებას მოჰყვა, რომ ქართული პოლიცია ნეიტრალურია და მისი როლი ძალიან დიდია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, პოლიციის ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ საფრთხის შემთხვევაში ისინი მზად არ იქნებიან კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. რა თქმა უნდა, 26 მაისი ან 7 ნოემბერი სააკაშვილს არ უხსენებია, მაგრამ ეს ისედაც იგულისხმებოდა პოლიციის დამსახურებებზე ნათქვამ სიტყვებში. საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო აღლუმი გორში, როგორც თავად განაცხადა, «მტრის ჯინაზე» ჩაიბარა.

პრეზიდენტი და საპატიო სტუმრები სწორედ იმ ადგილს იკავებდნენ, რომელზეც ორი წლის წინ სტალინის ძეგლი იდგა. საზეიმო აღლუმისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამისთვის საგანგებოდ მოეწყო მოედანი და დამონტაჟდა ტრიბუნები. აღლუმში 5 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა. მოედანზე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, საზღვაო და სახმელეთო ჯარების წარმომადგენლებმა. აღლუმში სპეცტექნიკაც მანევრირებდა, პოლიციის ავტომანქანების გარდა, მსვლელობაში მონაწილეობდა ორი სახის ჯავშანტექნიკა _ «კობრა» და «მგელი».

სააკაშვილმა უკვე მერამდენედ ისაუბრა ქართული სახელმწიფოს მიღწევებზე, ძალოვანი უწყების წარმატებულ რეფორმირებაზე, რომელიც სამაგალითოა ყველა, მათ შორის მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნისთვისაც. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის შედარება შეიძლება მხოლოდ ათი საუკუნის წინანდელ, დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოსთან, რადგან ახლაც ისევეა კონსოლიდირებული და გაერთიანებული ქვეყანა, როგორც ამ ძლევამოსილი მეფის მოღვაწეობის დროს.

მიხეილ სააკაშვილის ვერსიით, საქართველო, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს: «ადრე, თუ ზოგჯერ გვაკრიტიკებდა ევროკავშირი, ახლა, მისივე გამოკითხვებით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. «ჩვენ ჩვენი მიღწევების შესახებ ცოდნა გავუზიარეთ და დავეხმარეთ ავსტრიას, ესპანეთს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს… ჩვენ მთელი მსოფლიო შეგვნატრის», _ სიტყვა დააგდო სააკაშვილმა, აღლუმის შემდეგ გორის ძველ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და გეზი ბათუმისკენ აიღო.

იმავე დღეს ახალსოფელში პოლიციის ახალი განყოფილება გაიხსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლადპრეზენტირებული შენობიდან 4 კილომეტრში რუსული ბლოკპოსტებია განთავსებული, თითქოს იქაურები საკუთარი თვალით ვერ ხედავდნენ! მით უფრო, რომ შიდა ქართლში ეს ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ამგვარი ბლოკპოსტები ჩანს. გორი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალიდან ჩრდილოეთის მხარეს არა მხოლოდ ბლოკ საგუშაგოები, არამედ რუსული სამხედრო ბაზებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს.

დავით აღმაშენებელს რომ ის ყველაფერი ენახა და მოესმინა, რაც გიორგობას, 6 მაისს, გორში ხდებოდა, ალბათ, ახალი დიდგორისთვის დაიწყებდა მზადებას. სტალინზე აღარაფერი ითქმის – იგი მოვლენათა ეპიცენტრს სააკაშვილის ხელისუფლებამ წინდახედულად მოაცილა…

რაც შეეხება ვანოს, «მერაბიშვილს წინ კიდევ დიდი გზა აქვს და ის ნამდვილად ღირსია, რომ საზოგადოების პატივისცემას იმსახურებდეს»! ჯილდოსგან განსხვავებით, სააკაშვილის ეს შეფასება მერაბიშვილისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო: კაცი ავსტრიასა და ესპანეთს ეხმარება და ქართველი საზოგადოების პატივისცემას აღარ იმსახურებს?

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here