Home რუბრიკები ეკონომიკა ღარიბების ქვეყანა

ღარიბების ქვეყანა

949

წერილი პირველი

ქართულ პრესას რომ ვეცნობი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალს ჩვენს ყოველდღიურობას! ამის პარალელურად არიან სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველო ერთი პატარა და «ნაკლული» ქვეყანაა, რომლისადმი ინტერესს სერიოზულად არავინ იჩენს და ამიტომ სრულადაა დამოკიდებული დიდი სახელმწიფოების მითითებებზე. ზოგჯერ გვხვდებიან ზომიერი, გაწონასწორებული აზრის მატარებლებიც. თუ გვსურს, რეალისტები ვიყოთ, ეს პრობლემა გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ. ასევე, გვერდს ვერ ავუვლით მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც მსოფლიოს ერთიანი ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობაზე დაკვირებული და მაფიქრალი ხალხის აზრით, არაფერია განსაკუთრებული!

ეკონომიკური კრიზისის ფრთებქვეშ

მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების «მოლაპარაკე თავები» დაჟინებით ჩაგვჩიჩინებენ, რომ, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა შედარებით სტაბილურია, მაშინაც კი, როდესაც რუსეთის მილიტარისტული მანქანა მთელი სიძლიერით დაგვესხა თავს (2008 წ.),  ჩვენი ეკონომიკა მტკიცედ იდგა! ამის მიზეზი ჩვენი აქტიურობა არ ყოფილა, მაშინ და ახლაც ეკონომიკური შედეგები საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური ძალისხმევიდან არ გამომდინარეობდა. ეს იყო ჩვენი იმ მეგობრების დამსახურება, რომლებსაც სურთ, საკუთარი ინტერესების არეალში მოაქციონ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური რესურსი.

გამოდის, რომ ჩვენი რესურსების სხვათა მიერ საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში გვაძლევენ სათანადო საზღაურს, რომელიც იღებს იაფი კრედიტებისა და მიზნობრივი გრანტების ფორმას, რაც მძიმე ვალად ედება ჩვენს ეკონომიკას. ქვიშაზე შენდება კოშკი, უფრო სწორად, უსაფუძვლო პირამიდა.

ამ საკითხზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ორიენტირების გარეშე ეკონომიკა უწესრიგო, ურთიერთგამომრიცხავი ქაოტური პროცესების სიმრავლეს წარმოადგენს, რომლის შედეგიც აუცილებლად ჩიხია.

დღეს შეუიარაღებელი თვალიც ხედავს, რომ საქართველო არ ცხოვრობს იმ შემოსავლებით, რომლებსაც თვითონ ქმნის. ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალის სიდიდემ და მისი გამოყენების პრაქტიკამ ჩვენი ყაზახი მეგობარი ნურსულთან ნაზარბაევიც კი შეაშფოთა და ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე მოგვიწოდა, ჩავუფიქრდეთ საკუთარ საქმიანობას.

თანამედროვე მსოფლიო კრიზისის შესახებ ჩამოყალიბდა საერთო აზრი, რომლის მიხედვით ეკონომიკური დეპრესიის მომაკვდინებელი დარტყმები ამძაფრებს საერთაშორისო კონკურენციას და ყველა ქვეყანა ვალდებული ხდება, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი რესურსები, რათა შეამციროს საერთო კრიზისიდან მომდინარე დარტყმები.

გავყვეთ ამ ლოგიკას: საქართველოში 2010 წელს ხორბლის მოსავლიანობა საშუალოდ ჰექტარზე 1,1 ტონა იყო. მეგობარი ქვეყნების ძლიერი დახმარება რომ არა, შიმშილის ზონაში აღმოვჩნდებოდით. შეიძლება ითქვას, რომ გლობალურ გარემოში აქტიურმა ინტეგრაციამ გვიხსნა 2008 წელს ეკონომიკური კატასტროფისგან და ამ ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც ჩვენი ეკონომიკა თავის ძირითად პარამეტრებში აგრძელებს მოქმედებას. მაგრამ, თუ ჩვენი 850 ათასი ჰექტარი სახნავი მიწებიდან დავამუშავებდით 650 ათასს მაინც (როგორც 1996 წელს), სწორი სპეციალიზაციისა და აგროკულტურის მისაღებ დონეზე, მაშინ ქვეყანაში საგრძნობლად მოიკლებდა უმუშევრობაც და ღარიბი ადამიანების რაოდენობაც. ჩვენთვის ბევრად უსაფრთხო იქნებოდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაჩნდებოდა მომავლის იმედი, თავიდან ავიცილებდით 2011 წლის ჰიბრიდული სიმინდის სამარცხვინო კამპანიას და სხვა მანკიერებას, რაც ჩვენი ქვეყნის სასოფლო სექტორშია დამკვიდრებული.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქმედითი, კარგად გათვლილი, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე არაფერი გამოგვივა.

ადამიანის ფაქტორი _ კი,  ფუყე რეფორმები _ არა

«ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც სხვა მნიშვნელოვანი რესურსი», _ ამბობენ ჩვენში და გამოსავალს ქვეყნის საზოგადოებრივი სისტემის მუდმივ რეფორმირებაში ხედავენ. მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, რომელსაც სწორი გამოყენება ესაჭიროება. მსოფლიოს ბანკის მონაცემებით, ნებისმიერ მაკროეკონომიკაში სამეურნეო შედეგები მხოლოდ 15 პროცენტით არის დამოკიდებული ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე, 25 პროცენტი _ ტექნოლოგიებზე, დანარჩენი 70 პროცენტი ადამიანურ კაპიტალზე მოდის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანების შრომის შედეგია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური მიღწევების 85 პროცენტი ადამიანების დამსახურებაა. ამიტომ აუცილებელია საქართველოში ადამიანის განვითარების საკითხების განხილვა.

გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ, თუ ქვეყნები შეძლებენ, დანერგონ ადამიანის განვითარების ხარისხობრივი მაჩვენებლების მათ მიერ რეკომენდებული სტანდარტები, მაშინ განვითარებად ქვეყნებს ძალუძთ, 30 წელიწადში გაიარონ ის გზა, რომელიც განვითარებულმა ქვეყნებმა 300 წელიწადში დაძლიეს.

გაერო გვთავაზობს, რომ ქვეყნებმა, ეკონომიკურის ზრდის გარდა, იზრუნონ ადამიანის განვითარებაზე, რომელიც გამოიხატება სამი მთავარი მაჩვენებლით: 1. მოქალაქის სიცოცხლის ხანგრძლივობით, რომელიც, როგორც შედეგი, გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემის ქმედითუნარიანობიდან; 2. ქვეყანაში მოსახლეობის განათლებულობით, რომელიც იზომება ქვეყნის მოსახლეობის (6 წლიდან 24 წლამდე) ჩართულობით საგანმანათლებლო სისტემაში; 3. მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებით, რაც იზომება ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით. ამ სამი მაჩვენებლის აგრეგირებით მიიღება მეოთხე, «ადამიანის განვითარების მაჩვენებელი», რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს გაეროს რეიტინგში. ცნობისათვის: საქართველოს ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 57-ე ადგილი ეჭირა 2011 წელს, ხოლო 1997 წელს _ 51-ე ადგილი.

ჩვენთან ჩატარდა და ახლაც გრძელდება განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი შედეგი ასეთია: 2011 წლის მონაცემების საფუძველზე, საქართველომ დაწყებითი განათლების ხარისხით მსოფლიოში 120-ე ადგილი დაიკავა. საგანგაშოა თავისთავად ეს ფაქტი, მაგრამ უფრო სავალალოა ის, რომ საქართველო ერთ დროს განათლების დონით მსოფლიო ლიდერი გახლდათ. მათ შორის, დაწყებითი განათლების თვალსაზრისით მრავალი ახალი მეთოდური წამოწყების ორგანიზატორი და პრაქტიკაში გამტარებელი. საილუსტრაციოდ შეგახსენებთ: გურამ რამიშვილის გერმანულენოვან საშუალო სკოლას _ დაწყებით კლასებში უცხო ენის სწავლების ორიგინალური მეთოდიკით; შალვა ამონაშვილის გახმაურებულ სიახლეს და კომაროვის სახელობის სკოლის პრაქტიკას. დღეს რა უბედურობა დაგვემართა, როდესაც დაწყებით სკოლაში სწავლების მეთოდიკის გაუმჯობესების ნაცვლად ვმსჯელობთ მოსწავლეთა ჩანთების წონაზე, სკოლაში მანდატურების მნიშვნელობაზე და ათას სხვა სწავლების ხარისხისთვის უმნიშვნელო საკითხებზე?! აშკარაა, რომ რეფორმა განათლების სისტემაში უხარისხოდ ჩატარდა. ეს არ იყო სისტემის ტრანსფორმაცია, რადგან მისი მიზნობრივი მახასიათებლები კი არ შეცვლილა, არამედ გაუარესდა.

ხელისუფლება თავს იწონებს უმაღლესი სკოლის რეფორმით… მაგრამ რას ვასწავლით ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდობას, რომელი მსოფლმხედველობის ბაზაზე გადაიცემა სასწავლო დისციპლინები, როგორია სწავლების მეთოდიკა? თუ ამ კითხვებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ჩვენი უმაღლესი სკოლა აზროვნების ჰორიზონტის გაფართოებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ საშუალო სკოლაში დაწყებულ რეპეტიტორულ საქმიანობას აგრძელებს, უკვე არსებული სასწავლო მასალის დასწავლაში ავარჯიშებს სტუდენტობას. აღარაფერს ვიტყვი აკადემიური პერსონალისადმი დამოკიდებულებაზე, ამაზე ბევრი დაიწერა. განათლების მნიშვნელობა საქართველოში იმითაც შეიძლება შეფასდეს, თუ რა რაოდენობის ფული გამოიყო ბიუჯეტიდან 2012 წელს უმაღლესი სკოლისთვის _ 100 მილიონი დაახლოებით 120 ათასი სტუდენტისთვის. ეს მაშინ, როდესაც პენიტენციალურ სისტემას 24 ათასი პატიმრისათვის გამოეყო ცოტა უფრო მეტი. ესეც _ სახელმწიფოს პრიორიტეტები!

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების წყალობით ჩვენი ჯანდაცვა მთლიანად ბევერჯის მიერ შემოთავაზებული მეთოდებით მოქმედებს. ბევერჯის სისტემა კი გულისხმობს, რომ ავადმყოფმა ისე უნდა იმკურნალოს, რისი გადახდის უნარიც აქვს. ასეთ პირობებში საინვესტიციო რესურსი, რომლითაც ახალი საავადმყოფოები აშენდა, თვით ავადმყოფთა და მათი ოჯახის წევრების გაძვალტყავებული შემოსავლიდან გაჩნდა. ქვეყანაში, სადაც 22-მილიარდიანი მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში 3,5 მილიარდი (თითქმის 15 პროცენტი) ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯებია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ ხარჯების 10 პროცენტი იფარება. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე: რეფორმაა ეს თუ ტრანსფორმაცია? ჩემი აზრით, ცუდმა რეფორმამ მართლაც გამოიწვია მიზნობრივ ამოცანათა სახეცვლილება და ამ სფეროზე პასუხისმგებელი პირების აზროვნების დეჰუმანიზაცია. თავის დროზე პროფესორმა მუხაძემ ბევერჯის სისტემის გაქართულებული ვარიანტი ასე გადმოსცა: «ავადმყოფი ლოგინში უნდა მო…სო». ამ სისტემის დანერგვის შედეგი დღეს ასეთია: საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71,5 წლიდან 69,6 წლამდე შემცირდა.

ვინ დააწესა სიღარიბის ზღვარი?

გამუდმებით გაისმის ხმები და მოჰყავთ ციფრები, თუ ვინაა და რატომაა სიღარიბის ზღვარს დაბლა ან მაღლა. მაინც რამდენი კაცია ჩვენთან სიღარიბის ზღვარს დაბლა? მოსახლეობის 15 პროცენტიო, თქვა პრეზიდენტმა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ 40-45 პროცენტიაო.

მოდით, დავეთანხმოთ პრეზიდენტ სააკაშვილს.

სიღარიბის ზღვარს ყველა ქვეყანა თვითონვე განსაზღვრავს. მაგალითად, ამერიკაში 24 ათასი აშშ დოლარის ტოლია. გერმანიაშიც ამდენია. რუსეთი, უკრაინა, სლოვაკეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა განსაზღვრავს არა სიღარიბის ზღვარს, არამედ მოქალაქის საარსებო მინიმუმს და ამით არეგულირებს სოციალურ ტრანსფერებს. საქართველოს ხელისუფლებას არ განუსაზღვრავს საკუთარი მოქალაქეებისთვის სიღარიბის ზღვარი, არც სამომხმარებლო მინიმუმი დაუდგენია, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, .. ვისაც ეს ზღვარი თავისთვის არ დაუდგენია, მსოფლიო ბანკმა დაადგინა: ვისაც დღეში 1,25 აშშ დოლარი აქვს, იგი სიღარიბის ზღვარზეა.

მსოფლიო ბანკის ეს ნორმატივი ხელს აძლევს ჩვენს ხელისუფლებას და ამიტომ საქართველოში სიღარიბე ფასდება მსოფლიოს ბანკის მეთოდიკით. ჩვენი პენსიონერი თვეში იღებს დაახლოებით 70 აშშ დოლარს, რომელიც შეადგენს დღიურ 2,1 აშშ დოლარს. შესაბამისად, იგი მსოფლიო ბანკისთვის, აგრეთვე, ჩვენი ხელისუფლებისთვის მდიდარი კაცია. ის, ვინც თვლის, რომ საქართველოში მოსახლეობის 40 პროცენტი ღარიბია, გულისხმობს პენსიონერებსაც, რომლებიც მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ, ამიტომ დავეთანხმოთ პრეზიდენტს და გვეცოდინება, რომ საქართველოში ცხოვრობს 690 ათასი კაცი, ვისი დღიური შემოსავალიც 1,25 დოლარზე, ე.ი. 2 ლარზე დაბალია. ამგვარად, ხელისუფლება აღიარებს, რომ მაშინ, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე რგავს ტიტებს, ენძელებს, კამელიებს, მაშინ, როდესაც აშენებს შადრევნებს, ღებავს სახლებს, ტროტუარებზე ბაზალტის ფილებს გრანიტით ჩაანაცვლებს, როდესაც აწყობს მასობრივ საესტრადო შოუებს, მაშინ იგი ცალი ხელით ამ 690 ათასი კაცის ცოდვით თვალებზე მომდგარ ცრემლს იწმენდს. ე.ი. გაჩნდა საქართველოში საკუთარი ქართული ორიენტირი _ სიღარიბის არა ფარდობითი, არამედ აბსოლუტური სიდიდის აღსანიშნავად.

გამოდის, რომ, თუ მსოფლიო ბანკის ნორმატივით 690 ათასი ადამიანი საქართველოში ღარიბია, ასევე 900 ათასი (მოსახლეობის მეხუთედი, 20 პროცენტი) პენსიონერიც ღარიბია, რადგან მათი პენსია ვერ უზრუნველყოფს მათთვის ცილების საჭირო რაოდენობით კვებას. ასეთი კვებისთვის საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, დღეში საჭიროა 4,5 ლარი. ეს მსჯელობა უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ საქართველოში სიღარიბის ზღვარი უნდა განისაზღვროს: «დაცული ცილით» უზრუნველყოფილი კვების ღირებულება (4,5 ლარი), პლუს მინიმალური კომუნალური გადასახდელები და სხვა დანიშნულების საქონელი და მომსახურება (3 ლარი, კვების ღირებულების 40 პროცენტი), მაშინ სიღარიბის ზღვარი იქნება 7,5 ლარი, რაც წელიწადში 2750 ლარს, თვეში 230 ლარს უდრის, ანუ ორჯერ მეტს, ვიდრე დღევანდელი პენსიაა.

აი, რატომ არ განსაზღვრავს ჩვენი ხელისუფლება ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისთვის სპეციალურ-ეკონომიკურ ინდიკატორს. თავს არიდებს პენსიონერებთან და სხვა დაბალანაზღაურებული პერსონალთან (დღიურად ხუთ ლარად მომუშავეებთან) მოსალოდნელ გართულებებს. საქართველოში წლიური საშუალო შემოსავალი 2750 ლარზე დაბალი აქვს მოსახლეობის 40-45 პროცენტს. ამიტომ დისკუსია ამ საკითხზე მანამ იქნება რიტორიკის სფერო, სანამ ოპოზიცია არ ჩაატარებს სერიოზულ გამოკვლევას, არ განსაზღვრავს სიღარიბის რაციონალურ მაჩვენებელს და ზოგადი ემოციური დეკლარაციებიდან არ გადავა საფუძვლიან მოთხოვნაზე, რომ ხელისუფლებამ განსაზღვროს საკუთრივ საქართველოსთვის მოსახლეობის სიღარიბის განმსაზღვრელი ზღვარი.

კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა, მაგრამ ელიტარული კორუფციის არსებობაც ფაქტია. ჩვენმა ზოგიერთმა დილეტანტმა «ექსპერტმა» ელიტარული კორუფცია გაიგო, როგორც მინისტრებისა და სხვა ჩინოვნიკთა კორუმპირებულობის ფაქტის კონსტატაცია. ელიტარული კორუფცია კი არის ისეთი მოვლენა, როდესაც წინასწარგანზრახვით, ვისიმე გამდიდრების ან შემოსავლების შემცირების მიზნით, მიიღება საკანონმდებლო ნორმატიული აქტი. მაგალითად, კანონი, რომლის მიხედვითაც იმ აქციონერებისგან, ვისაც ჰქონდა აქციების 4 პროცენტზე ნაკლები, კონტროლის პაკეტის მფლობელ აქციონერს შეეძლო მათი ნებართვის გარეშე შეეძინა აქციები საბაზრო ფასად (!). სხვა მაგალითი: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა ვისიმე შეხედულების მიხედვით და შემდეგ შექმნილი მდგომარეობის დაკანონება ბიუჯეტში შესწორებების შეტანის გზით, ელიტარული კორუფციის კლასიკური მაგალითია. ამის მაგალითია კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების გამოყენებაც.

ამგვარად, როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანის განვითარების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ ვპოულობთ მისაბაძსა და სასარგებლოს.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here