Home რუბრიკები პოლიტიკა თოიძიდან ვაშაძემდე, ანუ «ვარდისფერი ჭირი»

თოიძიდან ვაშაძემდე, ანუ «ვარდისფერი ჭირი»

1268

ირაკლი თოიძემ პლაკატ «დედა–სამშობლო გვეძახის» შექმნა ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დღეს დაიწყო. იგი იგონებდა, რომ 22 ივნისს, როდესაც რადიოში ომის დაწყების შესახებ გამოცხადდა, სახელოსნოში მისი მეუღლე შევარდა ყვირილით: «ომი დაიწყო»! თოიძეზე იმდენად იმოქმედა მისი სახის გამომეტყველებამ, რომ იგი ქაღალდზე გადაიტანა. ასე დაიბადა ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სახე, რომელიც მართლაც გამარჯვებისკენ მოუწოდებდა საკუთარ შვილებს.

ირაკლი თოიძე ქართველი საბჭოთა მხატვარი იყო, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე კი 2008 წლის ომამდეც და ომის შემდეგაც კარგა ხანს – რუსეთის მოქალაქე.

თოიძისთვის ფაშისტები მისი სამშობლოს მტრები იყვნენ, ვაშაძისთვის – ზოგადსაკაცობრიო საფრთხე. თოიძე სამშობლოს იცავდა, ვაშაძე – დემოკრატიას, რომელსაც არც ჯიში აქვს და არც ფესვი! თოიძე «ყავისფერ ჭირს» ებრძოდა, ვაშაძე – «ვარდისფერ ჭირს» თესავს მისნაირებთან ერთად!

9 მაისი გერმანული ფაშიზმის დამარცხების და ევროპის დღეა. «ყავისფერ ჭირზე» გამარჯვების დღეს საქართველოს «ვარდისფერ ჭირად» ქცეული ხელისუფლება ჯიუტად აღნიშნავს 8 მაისს და ამტკიცებს, რომ «9 მაისი სტალინის მოგონილი თარიღია». ზოგადად, ფაშიზმის დამარცხება მართლაც «სტალინის მოგონილია», რადგან მოკავშირეები მანამ არ ჩაერივნენ ომში, ვიდრე არ დაინახეს, რომ სტალინისა და საბჭოთა ხალხის გამარჯვება გარდაუვალი იყო.

 

როგორც 2008 წლის აგვისტოში გამოგვიგზავნეს სასმელი წყალი და პამპერსები, ასე აგზავნიდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს «ლენდ ლიზის» ფარგლებში იმას, რაც თავად ჭარბად ჰქონდათ,  და ამ «დახმარებას» ომში გამარჯვების წვლილად ნათლავდნენ. მელენდლიზეების შთამომავალი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასიც 8 მაისს მიბრძანდა ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო და ჟურნალისტებს განუცხადა:

«დღეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი ბევრ ქვეყანას წარმოადგენენ, ისინი ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები არიან. წელს ფაშიზმზე გამარჯვების 67- წლისთავს აღვნიშნავთ. მას შემდეგ, რაც ეს გამარჯვება იქნა მოპოვებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება თავისით არ მოდის და მნიშვნელოვანია მისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება, ასევე ხელშეწყობა იმ საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც თავისუფალი ცხოვრების წესი ხელმისაწვდომი არ არის».

ერთი სიტყვით, საქართველოში ელჩობის ვადის მიწურვისთვის ბასმა ქართული პოეზიის ფასიც გაიგო და შემოგვძახა: «თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო»!

რა დღეში ვართ ლომები?!

საკუთარი ინაუგურაციის მეორე დღეს ვლადიმერ პუტინმა, რაკი იცოდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მაინც 8 მაისს იზეიმებდა გამარჯვების დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა, სააკაშვილის გარდა: «რამდენი დროც უნდა გავიდეს დიდი სამამულო ომის დასრულებიდან, 9 მაისი სამუდამოდ დარჩება საერთო სიამაყისა და ხსოვნის დღედ ქართველი და რუსი ერებისთვის. ჩვენი მამები და ბაბუები მხარდამხარ ებრძოდნენ ჰიტლერელ დამპყრობლებს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. ჩვენ მუდამ მივაგებთ პატივს გამარჯვებულებს, შევინარჩუნებთ სიმართლეს ომის შესახებ და წინ აღვუდგებით ისტორიის გადაწერის ნებისმიერ მცდელობას».

ისტორიის გაყალბება, შავის თეთრად წარმოჩენა ყველასათვის გასაგებ გლობალურ მიზნებს ემსახურება და საბოლოო ჯამში ფასეულობათა, ზნეობრივი ნორმების, სიკეთისა და ბოროტების კოორდინატთა სისტემის შეცვლას ისახავს მიზნად, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ამ პროცესმა, შესაძლოა, შედარებით მძიმე და კატასტროფული შედეგი მოგვიტანოს. ჩვენს გაზეთთან ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ აღნიშნა: «თუ ჩვენ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ნებით, გარე ძალების საამებლად უარს ვიტყვით ჩვენი ისტორიის ამა თუ იმ პერიოდზე, შავ საღებავს მივასხამთ ჩვენი წინაპრების ამა თუ იმ თაობას, ჩვენ არსებობას შევწყვეტთ, როგორც სრულფასოვანი ერი».

სრულფასოვანი ერის სტატუსის განმსაზღვრელი ატრიბუტებიდან, «ნაციონალური მოძრაობის» (რომელსაც ხალხში უფრო და უფრო ხშირად მოიხსენიებენ ვარდისფერ ჭირად) დამსახურებით, ბევრი არაფერი შემოგვრჩა. ახლა ისტორიული მეხსიერების ჯერია, სიმართლე სიყალბეში უნდა აიზილოს და ყოველივე ემსახუროს «დიად მიზანს», რასაც «გლობალიზაცია» ჰქვია. გლობალიზაციაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ისტორიის გადაწერაში დაყოჩაღებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ არც აცია, არც აცხელა და პუტინს პირდაპირ ვაკის პარკიდან გაეპასუხა:  «იმ ფორმით მილოცვებით, როგორც პუტინმა საქართველოს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, შეუძლია თავი აღარ შეიწუხოს. ქართველი ხალხი ასეთ შეურაცხმყოფელ მილოცვებს არ იღებს».

ქართველი ხალხის სახელით მოლაპარაკე ვაშაკიძე ვაკის პარკში ჯონ ბასის გვერდით იდგა და გულში ფიქრობდა: «მე და ჯონს ვინ მოგვერევა»? ვაშაკიძეს ტოლი არც მანანა მანჯგალაძემ დაუდო, პუტინის მილოცვას სულ ცინიკური უძახა: «ესაა ერთი ხელით საუბარი საქართველოსთან მეგობრობაზე, ძმობასა და ქართველი ხალხის სიყვარულზე, მეორე ხელით კი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოგზავნა. ეს არის რუსეთში მოქმედი ხელისუფლების ჭეშმარიტი და ნამდვილი სახე», _ განაცხადა სააკაშვილის პრესსპიკერმა.

მანჯგალაძე «ერთი ხელით მოსაუბრე» პუტინზე აღარ შეჩერდა და მეორე ხელით პოლიეთილენის პარკში ჩადებულ ასაფეთქებელ ნივთიერებას მიუბრუნდა: «ის ფაქტი, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან იქნა შემოტანილი, ადასტურებს იმ აგრესიულ ზრახვებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ აქვს. ქართველი ხალხის სიყვარული ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება».

«ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში»  მანჯგალაძეს უთუოდ სააკაშვილის სხეულის იმ ნაწილების უსაფრთხოება ჰქონდა მხედველობაში, რომელთა მოჭრასა და რუსეთში გაგზავნასაც თვით შეღონებული მიშაც კი ყაბულს არის. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი 8 მაისს «მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა სოლიდარობისა და ერთიანობის უპრეცედენტო გამოვლინებას» უწოდებს, ხოლო ომში გამარჯვებულად (ოღონდ სტალინი და საბჭოთა ხალხი არ ახსენონ!) მთელ კაცობრიობას აცხადებს!

ვაშაძე რის ვაშაძეა, «ახალ მსოფლიო წესრიგს» რომ «ვაშა»- არ ეძახდეს და მისი უწყების ახალი ისტორიული პარადიგმაც მზად არის: «მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა მსოფლიოს ხალხებს დაანახა ახალი საერთაშორისო სამართლის სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც თავიდანვე გამორიცხავდა მსგავსი გლობალური კატაკლიზმების გამეორებას და დედამიწაზე სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი გახდებოდა».

ერთი სიტყვით, ფაშიზმზე გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი მთელ იმ აპოკალიპსში გლობალიზაციის დაბადება ყოფილა, ხოლო ქართველები საკუთარ სამშობლოს კი არა, ზოგადსაკაცობრიო იდეალებს იცავდნენ. დაახლოებით ისე, როგორც ახლაავღანეთში!

ყური უგდეთ: «ფაშიზმზე დიად გამარჯვებას კაცობრიობამ უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწია. არნახული მასშტაბის ომმა მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ასი ათასობით ჩვენი თანამემამულე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომში ქართველი მეომრები საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და მშვიდობა. ქართველ ხალხს შეუძლია სამართლიანად იამაყოს თავისი მეომრებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ საყოველთაო საქმეში».

ომი და მისი ვეტერანები მიშას მხოლოდ საარჩევნო წლებში რომ ახსენდება, ეს ცნობილიც არის და გასაგებიც. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საგულდაგულოდ ეფერება მათ და «მადლიერებით აღნიშნავს ვეტერანთა თავდადებასა და წვლილს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე». საქართველო და მსოფლიო (ზოგადად და ჩვენი გაზეთი _ კერძოდ) მადლობას უძღვნის «ყავისფერი ჭირისგან» მსოფლიოს მხსნელ ქართველ გმირებს და უსურვებს მათაც და საკუთარ თავსაც, მომავალი წლის გამარჯვების დღეს _ 9 მაისს «ვარდისფერი ჭირის» გარეშე შევხვდეთ!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here