Home რუბრიკები საზოგადოება ლუკა კურტანიძე: აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე დავკარგეთ, ახლა ჯავახეთის რიგია და ბოლოს...

ლუკა კურტანიძე: აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე დავკარგეთ, ახლა ჯავახეთის რიგია და ბოლოს დაგვრჩება მარტო ქართლ-კახეთი

708

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «სახალხო კრების» აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე.

_ ბატონო ლუკა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების პიარკამპანია იმხელა მასშტაბებს აღწევს, რომ «ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტული მანქანა, სადაცაა, რეკორდს დაამყარებს. ოპოზიცია კი, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. ამ პირობებში რას უნდა ველოდოთ მომავალი არჩევნებისგან?

_ გეთანხმებით, ხელისუფლების პიარკამპანია უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა და აუტანელია ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი უბედურება, იცით, რა არის? ის, რომ ჩვენს ხარჯზე, თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ამოღებული ფულით კეთდება ეს პიარი.

მოგეხსენებათ, ამ დღეებში საწვავის ფასმა ოცი თეთრით მოიმატა, ეს არის პირდაპირი დარტყმა მოსახლეობაზე. ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, იმიტომ, რომ მოსახლეობას ატყავებს ეს ხელისუფლება, და მერე, ამ ჩვენი გატყავების შედეგად მიღებული ფულით, ჩვენივე გასაბრიყვებლად აგებენ პიარკამპანიას.

საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს, რა ვითარებაა ქვეყანაში. სოციალურ მდგომარეობას უნდა გაესვას ხაზი. ნახეთ, რა ხდება: თუნდაც ის, რომ საწვავი ორლარ-ნახევარი გახდა, ხომ ცხადყოფს ყველაფერს?! ეს პირდაპირ დაკავშირებულია საკვები პროდუქტების ფასთან, მედიკამენტებთან, ყველანაირ მომსახურებასთან. ასე რომ, აქ უკვე აუტანელი იქნება ცხოვრება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რა პროცესები მიმდინარეობს. კი, პროპაგანდაც თავისას შვრება და ასეთ პირობებში ძნელია, მოსახლეობას ყველაფრის სწორად გაანალიზება მოსთხოვო, მაგრამ, თუ გვინდა, რომ რეალურად წინ წავიდეს ქვეყანა, ამას თავი უნდა დავაღწიოთ. სხვა გზა არ არსებობს, თუ ესენი დარჩებიან, აქ საშინელება დატრიალდება: იქნება უბედურება სოციალური მდგომარეობის გაუარესება, გადასახადების მომატება და საბოლოოდ სანამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს, მე მგონი, ცხადია. ეს ფაქტია და ამის არდანახვა შეუძლებელია.

_ თქვენი აზრით, საზოგადოება რამდენადაა მზად ხელისუფლების შესაცვლელად? მითუფრო, რომ, როცა შეცვლაზეა საუბარი, არავინ იცის, კონკრეტულად რა ფორმა და ძალისხმევა იქნება ამისთვის საჭირო.

_ მე ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: თუ ხალხი გონს არ მოვიდა და ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, ყველაზე საშინელი რაც შეიძლება მოხდეს ქვეყნის ისტორიაში, ის მოხდება. აფხაზეთი და სამაჩაბლო ხომ უკვე დავკარგეთ, ახლა ჯავახეთის საკითხი დგას, მალე იმასაც დავკარგავთ და ბოლოს შეიძლება დაგვრჩეს მარტო ქართლკახეთი. რუსეთთან, ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან მიმართებაში კიდევ ცეცხლზე ნავთს ვასხამთ და პროვოკაციაზე ვიწვევთ. გამოსავალი აქ ერთადერთია _ ხელისუფლება, რომელსაც არც ნება გააჩნია და არც რესურსი, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს, უნდა შეიცვალოს. საზოგადოება უნდა მივიდეს ამ დასკვნამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მომავალი და პერსპექტივა ამ ქვეყანას არ გააჩნია.

_ თქვენ რუსეთთან ურთიერთობა ახსენეთ და ამასწინათ გრიგორი კარასინმა განაცხადა, დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული დაჯგუფებები იქმნება, პროვოკაციებია მოსალოდნელიო. თქვენი აზრით, არსებობს დღესდღეობით შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე?

_ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. როცა ხელისუფლება იქამდე დადის, რომ, თუ ადამიანს თავისუფალი აზრი აქვს, სადმე რიგით მუშადაც რომ მუშაობდეს, სამსახურს აკარგვინებს, ყველაფერია მოსალოდნელი. ასე რომ, სანამ ქვეყანა ამათ ხელშია, რა თქმა უნდა, ომის ალბათობაც არსებობს და უფრო უარესი სცენარითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ეს რეჟიმი უკონტროლოა უკვედამთავრდა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდი, დამთავრდა მისი ბოგინის დრო და ის უნდა წავიდეს. მხოლოდ ეგაა, რომ თვითონ ამას ვერასოდეს მიხვდება, ამიტომ ხალხმა უნდა მიახვედროს. თუ ვერ მიახვედრებს, უნდა აიძულოს, თორემ ეს, თუ მიუშვი, ასი წელი იქნება ხელისუფლების სათავეში.

_ არ მინდა, კითხვის გამეორება გამომივიდეს, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალი არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლება?

_ არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არჩევნები უნდა მოვიგოთ არჩევნებამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს ნელ-ნელა ხელიდან უნდა გამოვტაცოთ ის ბერკეტები, რომლებზეც ის დგას და რის წყალობითაც ინარჩუნებს ძალაუფლებას. ესაა: მედია, სასამართლო, ჯარი, პოლიცია, დაფინანსების წყაროები და ა. შ. ამას თუ მივაღწევთ, მაშინ ექნება აზრი არჩევნების ჩატარებასაც. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ერთი ადგილის ტკეპნა, რითაც ხელისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, ვინაიდან ის იტყვის, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია და აქ ყველაფერი წყდება არჩევნებით. ასე მოაღწიეს ამათმა დღემდე და ასე იქნება მომავალშიც. ამდენად, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე. რაც უფრო მეტ პრინციპულობას გამოიჩენს საზოგადოება, მით მეტი იქნება შანსი, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საზოგადოება რომ დაირაზმოს, ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს, რომელიც მიმართულებას მისცემს. დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ასეთი ძალა, ფაქტობრივად, არ არსებობს.

_ ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ გამოსავალს მე ვხედავ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნაში. უნდა მოხდეს ყველა იმ ოპოზიციური სუბიექტების გაერთიანება, რომლებიც ორიენტირებული არიან ძირეულ ცვლილებებზე ქვეყანაში. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს შავ-თეთრის გარჩევა. დღეს არ არის მრავალფეროვნება საჭირო, ანუ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რა არის ცუდი და რა არის კარგი, რა არის წარსული და რა _ მომავალი. წარსულს უნდა ჩაბარდეს ხელისუფლება, ხოლო ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ისე, როგორც საჭიროა. აი, ეს არჩევანი უნდა მივცეთ ჩვენს ხალხს. ეს არა მარტო ჩვეულებრივი ამომრჩევლისთვისაა აუცილებელი, არამედ ამ ერთიანი ფრონტის შექმნა სჭირდება პოლიციის იმავე თანამშრომელსაც და ხელისუფლების წარმომადგენელსაც ქვედა ეშელონებში. დამერწმუნეთ, იქაც არიან ადამიანები, რომლებსაც ეს რეჟიმი აწუხებთ და, ძალას თუ დაინახავენ, ისინი აუცილებლად დადგებიან იქ, სადაც არის ხალხი.

_ ოპოზიციის გაერთიანება _ ეს ის საკითხი და იდეაა, რომლის  განხორციელებაც დღემდე ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოხერხდა. თქვენი აზრით, ახლა რა ქმნის ამის შესაძლებლობას? რატომ ფიქრობთ, რომ პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, მაშინ, როცა მათ პოლიტიკურ ხედვებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა?

_ გასაგებია, რომ ყველა პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს ერთნაირი ხედვა არ აქვს და ვერც ექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ საუბარია ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე, რომელიც ჩვენი გადასაწყვეტია. ამისთვის პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ, რაღაც ეტაპზე მაინც, გადააბიჯონ როგორც პირად, ისე პარტიულ ამბიციებს და იბრძოლონ საერთო მიზნისთვის. სხვა, უფრო ოპტიმალურ გზას ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. როგორ, რა ფორმით, ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ.

_ დღესდღეობით ოპოზიციურ სპექტრში არაერთი ისეთი სუბიექტია, რომლის მიმართაც საზოგადოების დამოკიდებულება ერთობ უარყოფითია. ასეთ სუბიექტებთან გაერთიანება ნეგატიურად ხომ არ იმოქმედებს ოპოზიციის რეიტინგზე?

_ ერთ რამეს ვიტყვი: როცა, ვთქვათ, ათას მებრძოლს აიღებ, ათასივე ერთნაირი ძალის პატრონი ვერ იქნება, ზოგი უფრო ძლიერია, ზოგი _ ნაკლებად, მაგრამ, როცა ჩვენ დღეს გვიწევს ყველა მხრიდან შეტევის მოგერიება და ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყველა ბინძური მეთოდებით გვებრძვის, იმის გარჩევის დრო ნამდვილად არ არის, ვის რა შეცდომები აქვს დაშვებული. სწორად გამიგეთ, მე არ ვამბობ, რომ, თუ ვინმეს რაიმე დანაშაული ჩაუდენია, პასუხი არ მოეთხოვოს, არა, უბრალოდ, საუბარია ერთიანი ფრონტის შექმნაზე გარკვეული ვადით, ანუ ხელისუფლების შეცვლამდე. შემდეგ კი საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, ვინ რისი ღირსია. თუ ვინმე დასასჯელია და, რა თქმა უნდა, ბევრია ასეთი, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვიმეორებ: ჯერ უნდა მივაღწიოთ სამართლიანობასა და კანონის უზენაესობას ქვეყანაში.

_ რამდენიმე დღის წინ ჯონ ბასმა განაცხადა, რომ «ენდიაის» მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელთა თანახმად რეიტინგებში «ნაცმოძრაობა» ლიდერობს, დემოკრატიულად ჩატარდა და მისი შედეგები ეჭვს არ იწვევს. ეს კი, ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს სააკაშვილს. თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მხარდაჭერამ მომავალი არჩევნების შედეგებზე?

_ საერთაშორისო მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე პროცესებში, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, _ ყველა პოლიტიკური სუბიექტის წონა და მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, იზომება იმის მიხედვით, რამდენად ენდობა მას საკუთარი ხალხი. ამ ხელისუფლებაზე ჯვარი კი არ აქვს ვინმეს დაწერილი. თუ დაინახავენ, რომ ხალხი ვერ აიტანს სააკაშვილს, მასაც ისე გაისტუმრებენ, როგორც თავის დროზე მოიყვანეს. ასე რომ, საუბარი იმაზე, ამერიკა თუ მხარს უჭერს «ნაცმოძრაობას», დამთავრებულია ყველაფერი, არ არის სწორი, ამ ხელისუფლებას არავინ გადაჰყვება; მთავარია, ხალხი იყოს პრინციპული და საზოგადოებამ ისწავლოს, რომ არ შეიძლება 20-30 ლარად ხმა გაყიდო. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ერთიანობა და ბრძოლის ჟინი თუ იქნება, მერწმუნეთ, ეს რეჟიმი ისე გაქრება, სააკაშვილმა შეიძლება ვერც გაასწროს აქედან.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here