Home რუბრიკები პოლიტიკა ათხოვეთ პრეზიდენტს პუანტები

ათხოვეთ პრეზიდენტს პუანტები

1407

«ყვითელ ავტობუსებში მოქმედი კონტროლიორების სამსახური, შესაძლოა, სტუდენტების დასაქმების სანაცვლოდ გააუქმონ. ამის შესახებ «ივერიონს» მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა აცნობეს».

სამაგიეროდ სააკაშვილმა ბათუმში ტრამპინზონის აშენება დაიწყო. «ტრამპინზონი» რეზო ამაშუკელის ნეოლოგიზმია, ტრამპთან დაკავშირებული, ცხადია.

გურჯაანში კი სამსართულიანი საავადმყოფოს გახსნაზე ერთი სიტყვა წარმოთქვა და გაიყიდა. თავი ვერ შეიკავა და, როგორც იქნა, თქვა სიმართლე, ანუ ის, როგორ ვერ იტანს თბილისელებს, განსაკუთრებით, ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს: სპორტულ კომპლექსს ავაშენებთო გურჯაანში, აუზით, სპორტული მოედნებით და ვაკელებს გურჯაანში მოუწევთო გასარუჯად სიარული.

მე აქ დავდივარო. «დაგვინამიოკა», მამული რომ აქვს ნაყიდი ყვარლის რაიონში.

ილიასთან ახლოს.

ილიას სურათი სასახლეშიც უკიდია, თქვენ კი ამბობთ, რომ:

«კონტროლიორებს ხელფასი გაუნახევრეს. თუ აქამდე მათ 600 ლარს უხდიდნენ, ახლა მხოლოდ 300 აძლევენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამსახურმა ვერ გაამართლა… ახლა საუბარია საზაფხულოდ სტუდენტების დასაქმების სანაცვლოდ კონტროლიორების სამსახურის საერთოდ გაუქმებაზე».

ვაკე რომ ახსენა და ვაკელებს კვანტი რომ გამოსდო, ეს რა მოსწრებულად ვთქვიო, ტრიბუნაზე სიხარულით ისე შეხტა, რომ კინაღამ ფეხის თითები დაიმტვრია.

ცერებზე ხტომასაც სწავლა უნდა: ან სუხიშვილების ანსამბლში, ან «იმედის» «მეგაპროექტში» «ცეკვავენ ვარსკვლავები». ათხოვეთ პუანტები, ქალბატონო ნინო, თქვენს სათაყვანებელ მიხეილს, ნინო ანანიაშვილს მივმართავ, ეგებ, დაიცვას ტრავმისგან…

ტრავმა და ტკივილი ახლა ნახეთ:

იდგა იგი ახლადგარემონტებულ ავტოდრომზე თბილისელი მეეზოვეების უნიფორმისფერ კომბინეზონში გამოწყობილი, მარცხენა მკლავზე პილოტის მუზარადი ესვენა და, როგორც ყოველთვის, გამარჯვებულის თვითკმაყოფილება მირონივით იღვრებოდა მისი ნათელი შუბლიდან.

«ნარგიზივით ტოკავდა, ტოკავდა» შუბლის არარსებული ძარღვი.

საოცრებაა: ზეშთაგონება ამ ტელეორატორს მაინც და მაინც კამერების წინ ეწვევა ხოლმე _ დადგმულ-დამუშავებული მიზანსცენების ეთერში გასვლისას.

კლიშირიბული ექსპრომტი.

ახლაც ასე იყო:

ოღონდ რუსები გავიდნენო ცხინვალიდან და აფხაზეთიდან და მე «მზათ (!) ვარ დამატებით(!) მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის(!) მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი(!), _ თავისი ქართულით ამცნო საქართველოს და თავის რუს კოლეგას, მიხეილ სააკაშვილმა ახლად შობილი ფრთიანი ფრაზა, _ აუცილებლად (!) მზათ(!) ვარ, რომ ესეც კი გავაკეთო და ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე».

ორ «ნაწილზეა», ეტყობა, ლაპარაკი ირონიის გარეშე, თითო-თითო განდგომილი ავტონომიების სანაცვლოდ.

შაჰიდები გაგვიგია _ ფანატიკოსი თვითმკვლელები.

თვითკასტრირებული პრეზიდენტი (დაკოდილი?) _ არა. მაგრამ გვეყოლება, და, რასაც გვთავაზობს, ის იქნება რეფორმირებული აზროვნების თვალსაჩინო შედეგი _ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების უახლესი მეთოდი, ცოტა მტკივნეული, მაგრამ კონკურენტუნარიანი საექსპორტო ხელქმნილი იდეა.

ადგილობრივი. ქართული.

ბილ კლინტონის გენიტალიების საერთაშორისო მასშტაბით გამომზეურების შემდეგ სააკაშვილის თვითკასტრირება იქნება ახალი, განსხეულებული სიტყვა ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში.

ის დროა, რომ სიმონ მასხარაშვილები და ნუგზარ წიკლაურები დასხდნენ წერად ნაშრომისა: «მიხეილ სააკაშვილის წმინდა ნაწილების ისტორიული როლი საქართველოს გაერთიანების საქმეში»…

სანამ ჩვენ ამ ვარაუდებით ვართ გართულები, რუსებმა პეტრე დიდის მიერ დაარსებულ კუნსტკამერაში, მუზეუმში, სადაც ადამიანის ანატომია მისი ყველა გამოვლინებითაა წარმოდგენილი და სადაც ბავშვებისა და სუსტი ფსიქიკის ადამიანების შესვლა აკრძალულია, სააკაშვილის იმ ნაწილებს, რომელთაც ასე უშურველად გასცემს, გამოუნახეს ადგილი. კერძოდ, გრიშკა რასპუტინის იმ დასპირტული ორგანოს გვერდით, რომელსაც დიდი გასავალი ჰქონდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კარზე.

«ტახტზე ჯდომისთვის ვარგისია, რუსეთის სათავეში დგომისთვის უნიჭოა», _ ასე დაახასიათა მებრძოლმა გენერალმა აბრამ დრაგომიროვმა მეფე.

ახლაც ვერ დგანან იმავე მიზეზით, და ხელფასებს უნახევრებენ ავტობუსების გაჭირვებულ კონტროლიორებს, ან გაუუქმებენ საერთოდ სამსახურს. სამაგიეროდ ამოქმედდება სტუდენტების დასაქმების პროგრამა: «თითო სტუდენტს თითო ავტობუსს მიამაგრებენ. ის მუდმივად ავტობუსში იჯდება და მონიტორინგს ადგილზე განახორციელებს. ხელფასიც ნაკლები ექნებათ და, შესაბამისად, მერია თანხებს დაზოგავს».

შესაბამისად, იგივე მერია მასობრივად გამოზრდის ახალი თაობის შტრაიკბრეხერებს და მომავლის პავლიკ მოროზოვებს.

…რისი დამტკიცებაც გვჭირდებოდა.

* * *

შავ აფრიკაში, შავ კონტინენტზე, შავი აფრიკული სირაქლემა გრძელი ფეხებით გარბოდა და, ქანცი რომ გამოელეოდა, მიწაზე გაერთხმებოდა _ ეგებ მდევარმა ვერ შემამჩნიოსო.

აქედან წარმოიშვა ლეგენდა, რომ საშიშროების შემთხვევაში ეს ფრინველი, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, თავს ქვიშაში ჩარგავსო.

სირაქლემას ტვინის მოცულობა მისი თვალის მოცულობაზე ბევრად ნაკლებია. ეს ფაქტია.

ბენჟამენ იგარკა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here