Home რუბრიკები საზოგადოება პროტესტის დეზორიენტაცია თუ მზადება ქვეყნის გავლენის ზონებად დაყოფისთვის, ანუ რატომ ართმევენ თბილისს...

პროტესტის დეზორიენტაცია თუ მზადება ქვეყნის გავლენის ზონებად დაყოფისთვის, ანუ რატომ ართმევენ თბილისს დედაქალაქის სტატუსს?

784

 პრეზიდენტმა საზეიმოდ გვაუწყა, რომ  რეგიონების აღორძინებაზე ზრუნვას აპირებს და ავადსახსენებელი «თავკომბალას სინდრომი» საბოლოოდ დაიძლევა. უზომოდ გაზრდილ «თავში» თბილისი იგულისხმება. მიზანი თავისთავად კონსტრუქციულია; აი, მეთოდიკაზე კი რა მოგახსენოთ: საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ბათუმში დაიდო ბინა, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ – ქუთაისში, კონტროლის პალატის ნაწილი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გორში გადაბარგდება, სტატისტიკის სააგენტო _ წყნეთში, ხოლო პარლამენტართა ჯიპიანი კოლონა მალე ქუთაისს გაემგზავრება.  ადმინისტრაციული უწყებების საქართველოს მასშტაბით მიმოფანტვა თბილისს მორალურად და პოლიტიკურად აშკარად დაასუსტებს. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რამდენად გააძლიერებს ეს ოდიოზური გადაწყვეტილება რეგიონებს? ძალზე საეჭვოა, რომ «თავის» გაჩეჩქვით «კუდმა» იხეიროს.

მიზანი: პროტესტის დეზორიენტაცია?

ყველა ქვეყანა ცდილობს, მოთანამშრომლე უწყებები ერთმანეთთან ახლოს განალაგოს. ჩვენთან კი პირიქით – ასობით კილომეტრით აშორებენ. ბოლოს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, სად არის და საერთოდ არსებობს თუ არა დედაქალაქი. ადამიანებს დაეკარგებათ იმის განცდა, რომ მათ ქვეყანაში მთავარი გეოგრაფიული წერტილი არსებობს. საზოგადოების ასეთი დეზორიენტირება მძიმე ტვირთია როგორც ორგანიზაციულად, ისე ეკონომიურად. სულ რომ არაფერი, ამდენი ხალხის წინ და უკან სირბილი უამრავი ფული დაჯდება.

 ფაქტია, რომ ყველა თბილისისკენ მოიწევს; ამიტომ ამ ნაბიჯის გამართლებას მიგრაციის დეცენტრალიზაციით ცდილობენ. მაგრამ მიგრაცია ხდება არა ადმინისტრაციული, არამედ ეკონომიკური ცენტრების მიხედვით. მაგალითად, აშშ-ში ხალხი მიისწრაფვის არა ვაშინგტონისკენ, არამედ ნიუ იორკისკენ. ამ გადაწყვეტილებას ერთადერთი ახსნა აქვს: საპროტესტო ტალღას მისამართი აღარ ექნება, ანუ ეს ხელს მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქუთაისი სტუმართმოყვარე ქალაქია და პროტესტანტებს ჩინებულად უმასპინძლებს. ამდენად, სულკურთხეულ დუმბაძეს თუ დავესესხებით, მორიგი ხუშტურების პრევენციისთვის ადმინისტრაციული შენობები ბორბლებზე უნდა დავაყენოთ.  

შედეგი: საქართველოს დაკნინება

ლადო პაპავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ სააკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის გადატანით ქუთაისი  ეკონომიკურად გამოცოცხლდება, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუკი პარლამენტის რომელიმე ქალაქში გადატანა ეკონომიკას ააღორძინებს, მაშინ ამ ლოგიკით უნდა დავაარსოთ «პარლამენტი შაპიტო» და ყოველ ოთხ წელიწადში ქალაქიდან ქალაქში ვატაროთ. 

მე მაქვს ამ გადაწყვეტილების ჩემეული ახსნა: ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2013 წლიდან ქვეყნის მმართველი იქნება პრემიერ-მინისტრი, ხოლო პრეზიდენტს უფრო წარმომადგენლობითი ფუნქცია დაეკისრება. პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ირჩევს. რადგანაც სამომავლოდ სააკაშვილი საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრად ხედავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი უპირატესობით უნდა გაიმარჯვოს, რაც გაყალბების გარეშე შეუძლებელია. თბილისში ამას, ცხადია, მწვავე პროტესტი მოჰყვება.  სააკაშვილმა ეს იცის და «კარგი» გამოსავალი მოძებნა: პარლამენტი და მთავრობა ქუთაისში გადავა. ამდენად, თბილისში რა მასშტაბის გამოსვლებიც არ უნდა გაიმართოს, სააკაშვილი გაყალბებულ არჩევნებს შედარებით უმტკივნეულოდ «გადააგორებს». როგორი თვალახელილიც არ უნდა იყოს ქუთაისი, მისი მასშტაბები მცირეა. ამდენად, კრიტიკული მუხტი იმ თვისობრიობას ვერასოდეს მიაღწევს, რომ ქვეყნის ცხოვრებაზე არსებითი გავლენა მოახდინოს. თანაც ისტორიულად ყოველი იდეა თუ მოვლენა «იხარშებოდა» სწორედ თბილისში და რეალობაში მერე ჰპოვებდა ასახვას.

სააკაშვილს როგორღაც დაავიწყდა, რომ თბილისი  მხოლოდ საქართველოს დედაქალაქი კი არა, მთელი კავკასიის ცენტრია. ეჭვი მეპარება, რომ აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებისთვისაც აქ შეხვედრა ძალზე კომფორტულია, ქუთაისში წავიდნენ. თუკი 2012 წლის არჩევნებში «ნაციონალებმა» თავისი გაიტანეს, თბილისის და, აქედან გამომდინარე, საქართველოს დაკნინება გაგრძელდება. საბოლოოდ, საქართველო კავკასიის რეგიონში მაინტეგრირებელ ფუნქციას დაკარგავს.

სხვა საკითხია, რომ სააკაშვილს არ უყვარს თბილისი, ისევე, როგორც თბილისს არ უყვარს სააკაშვილი. სწორედ ამიტომ გადააქვს დედაქალაქის ფუნქციები სხვა ქალაქებში. გაიხსენეთ განცხადებები, რომ ქუთაისის აეროპორტი, სადაც ბილეთები უფრო იაფი იქნება, კონკურენციას გაუწევს თბილისის აეროპორტს. პრაქტიკულად, ეს არის სტიმული მოქალაქეებისთვის, რომ თბილისს, როგორც ძვირ ქალაქს, ზიზღით შეხედონ. სააკაშვილი, ფაქტობრივად, ცვლის საქართველოს ისტორიას, რომლის ათვლას 2003 წლიდან იწყებს. პოლიტიკურ-ადმინისტრაციული გეოგრაფიის შეცვლაც ამას ემსახურება. ბრიყვებს უხარიათ კიდეც; კერძოდ, ბევრ ქუთაისელს. მათ არ ესმით, რომ თუკი თბილისმა დედაქალაქის სტატუსი დაკარგა, მთელი საქართველო დაზარალდება. ხომ არ შეიძლება ქვეყნის ინტერესები საკუთარი უბნით და ქუჩით გაზომო! სწორედ ეს არის ობივატელური სიბრიყვე.

ინფორმაცია განსჯისთვის:

 ერთმა ქუთაისელმა ქალბატონმა ამ სტრიქონების ავტორს პირდაპირ მიახალა: ძალიანაც კარგი! ის ხომ კარგი იყო, წლების მანძილზე თბილისი ქუთაისს ნიჭიერ ხალხს რომ ართმევდა და აკნინებდაო. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს ქალბატონი გამონაკლისია!

პარალელი:

 გერმანიის პატარა ქალაქებს დაკნინება ნამდვილად არ ემუქრება. მიზეზი მარტივია: იგივე ბავარიაში მცირე ქალაქები კეთილმოწყობით მიუნხენს არ ჩამოუვარდება, ხოლო ისტორიულ-არქიტექტურული კოლორიტით და სიმყუდროვით სჯობნის კიდეც. რეგენსბურგში, რომელიც განათლებისა და კულტურის საქვეყნოდ აღიარებული ცენტრია, 130 ათასამდე მცხოვრებზე 50 ათასი სტუდენტი მოდის. ეკონომიკაც სტაბილურია, რამეთუ ადგილობრივ რესურსებსა და ტრადიციას ეფუძნება. მოქალაქეებს არც დასაქმება უჭირთ, არც ყოფითი და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; ნიჭიერი ხალხი აქ თავს ძალზე კომფორტულად გრძნობს და, ამდენად, მიუნხენში არ გარბის.

დასკვნა:

თუ ჩვენი «ბრძენი ხელისუფლება» ასე შეშფოთებულია «თავკომბალას სინდრომით», შეეშვას არაფრისმომცემ პიარპროექტებს და რეგიონების აღორძინების რეალისტური სტრატეგია შეიმუშაოს. ამით იმედგაცრუებულ ხალხსაც მოევლება და სინდრომსაც.

ისევ ამერიმერი?..          

გიორგი გაჩეჩილაძე, «მწვანეთა პარტიის» თავმჯდომარე:

_ საკითხი ძალზე სერიოზულია და მხოლოდ დედაქალაქის სტატუსის პრობლემასთან არ არის დაკავშირებული. ძალაუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერზე წავა (იგულისხმება ტერიტორიების დათმობა, ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ეთნიკური ჯგუფებით ჩანაცვლება, მათთვის გაიოლებულ რეჟიმში მოქალაქეობის მინიჭება და ა.შ.), ადმინისტრაციული ორგანოების დასავლეთ საქართველოში გადატანით ხელისუფლება თადარიგს იჭერს. იგი ფიქრობს, რომ საქართველო დაიშლება და ცდილობს, გარკვეული ნაწილი შეინარჩუნოს.

 ვფიქრობ, რეალურია მეორე ვერსიაც: თუკი მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი ძალა გაიმარჯვებს, ისინი დასავლეთ საქართველოში პრობლემებს  ხელოვნურად შექმნიან. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, საქართველოს ეს ნაწილი, შესაძლოა, ცალკე სეპარატისტულ რეგიონად იქცეს.

საით მივდივართ?..

 ისტორიულად დედაქალაქის ინსტიტუტი ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. ადმინისტრაციული უწყებების  მიმოფანტვა ცენტრიდანულ პროცესებს ჩართავს; დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქიშპობა შენელებული მოქმედების ნაღმივით დევს ქართულ ხასიათში და როდის აფეთქდება, არავინ უწყის. კუთხური მენტალიტეტის და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს სავსებით რეალურია. ჭკვიანი მტერი აუცილებლად გამოიყენებს ამ რესურსს «წითელი ხაზის» გასავლებად. ხელისუფლება მიძინებულ ნერვს ცუდად უკირკიტებს. საკითხავია, სიბრიყვით მოსდის ეს სისულელე თუ ბოროტი განზრახვით.

ისტორიული პარალელი

«კართაგენი უნდა დაინგრეს!» _ გადაწყვიტეს ოდესღაც რომაელებმა, როდესაც ეს ქალაქი მათ იმპერიულ ამბიციებს არ შეეპუა. თბილისიც არ შეეპუა სააკაშვილის ხუშტურებს და სასჯელმაც არ დააყოვნა; საწყენი ის არის, რომ კართაგენი თუ გადამთიელებმა გაასწორეს მიწასთან, თბილისის ათასწლოვან სტატუსს «მშობლიური ხელისუფლება» ანგრევს, ყოველივე ამის უკან კი დიდი პოლიტიკის და ადგილობრივი ოლიგარქიის ინტერესები იკითხება.   

მედეა გოგსაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here