Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: მთავარია, მიხეილ სააკაშვილი წავიდეს

გულბაათ რცხილაძე: მთავარია, მიხეილ სააკაშვილი წავიდეს

676

რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების  კურსი, როგორ უნდა მოიქცეს არსებულ ვითარებაში ოპოზიცია _ ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე ესაუბრება.

_ ბატონო გულბაათ, ცოტა ხნის წინ «ევრაზიის ინსტიტუტის» ეგიდით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გამართეთ. ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე ელოდება საქართველოს?

_ მოგეხსენებათ, არჩევნების წინა პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ბევრს საუბრობენ. ამას დაემთხვა ჩრდილოეთ კავკასიაში სექტემბრისთვის დაგეგმილი შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნები. მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ვითარებაა რეგიონში და რამდენად რეალურია საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების საფრთხე. ამას გარდა, საზოგადოებას შევთავაზეთ საკუთრივ უსაფრთხოების ცნების ყოველმხრივი გააზრება _ შეიძლება სულაც არ იყოს საფრთხედ ის ძალა აღქმული, რომელსაც თავს გვახვევენ, როგორც უცილობელ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის.

თუმცა სამხედრო კონფლიქტის საფრთხე, შესაძლოა, მართლაც არსებობდეს, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც, მაგრამ ამის პირველი და უმთავრესი გამომწვევი მიზეზი ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლება იქნება. ეს იმიტომ, რომ დღეს ანტირუსულ კურსსა და ანტირუსულ რიტორიკას სწორედ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. რუსეთი ორიენტირებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე. თუ ხელისუფლება არჩევნების წინ დაინახავს, რომ მისი საქმე ცუდად არის, სავსებით შესაძლებელია, მან ლოკალური კონფლიქტის პროვოცირებაც მოახდინოს.

არ უნდა მოხდეს მიზნებისა და საშუალებების აღრევა. სხვა ქვეყნებისთვის ნატო გარკვეული მიზნების მიღწევის საშუალებაა, საქართველოს ხელისუფლებისთვის კი ნატოში გაწევრინება თვითმიზანი გახდა. ჩვენ რომ გავწევრიანდეთ ნატოში, ამით რას მივაღწევთ? თუ ეს, უბრალოდ, მიზანია და მეტი არაფერი?

ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ ჩვენი იდენტობის, ცივილიზაციურ-კულტურული, რელიგიური თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება და არა ნატოში გაწევრიანება. ნატოს წევრობა თეორიულად ყოველივე ამაში უნდა გვეხმარებოდეს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ჩემ მიერ ნახსენები ეროვნული მიზნების მიღწევა, როგორც ბოლო ოცი წელიწადია ვხედავთ, რადიკალური პროდასავლური კურსითა და რიტორიკით, რაც ნატოს წევრობისკენ სწრაფვასაც გულისხმობს, მიუღწეველია. მითუმეტეს, როცა ეს რადიკალური პროდასავლურობა  რადიკალურ ანტირუსულ რიტორიკას და კურსს გულისხმობს.

_ რატომ მიგაჩნიათ, რომ ნატო ვერ იქცევა პრობლემების გადაჭრის გზად მაშინ, როცა სხვა ქვეყნები მშვენივრად იყენებენ მას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, როგორც თავად განაცხადეთ?

_ ჯერ ერთი, თავად ნატოს არ სურს საქართველოს მიღება. გამოდის, რომ ამჟამინდელი პარტნიორობის ფარგლებში საქართველო ყველაფერში აჰყვება, რასაც ნატო წამოიწყებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ნატო არანაირ ვალდებულებას არ იღებს საქართველოს წინაშე. საქართველოსთვის ნატო არის სატყუარა, რომელიც ვერასდროს მიიღწევა, მაგრამ ამ საკითხით რუსეთიც ღიზიანდება.

მე ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში დავწერე პრესაში: ჩვენ რომ ველოდოთ, ნატო როდის მიგვიღებს ალიანსში, წლები გავა და სწორედ ეს მოლოდინის რეჟიმი რუსეთთან პარალელურად მიმდინარე ჭიდილის პირობებში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი-მეთქი. უკვე ათ წელიწადზე მეტი გავიდა და მართლაც, საქართველო უფრო დაინგრა და დანაწევრდა, რუსეთიც ჩვენ თვითონ ვაიძულეთ, სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებლად ეღიარებინა.

_ ჩვენ როგორ ვაიძულეთ რუსეთი? რას ნიშნავს თუნდაც მედვედევის განცხადება, რომ ის იძულებული იყო, ეღიარებინა აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა?

_ რუსეთის სამშვიდობო ძალებს ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ლეგიტიმური მანდატი და, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურდა, რომ რუსეთისთვის დიპლომატიურ ფრონტზე შეექმნა პრობლემები და, ფაქტობრივად, მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებია, მას უნდა მოეთხოვა ამ ძალების გაყვანა, მაგრამ, არაკვალიფიციურობისა თუ პროვოკაციულობის გამო, ხელისუფლება ასე არ მოიქცა. რეალურად მოხდა რუსეთის ლეგიტიმურ (ხაზს ვუსვამ – რუსეთის ჯარები საერთაშორისო მანდატით, ანუ ლეგიტიმურად იდგნენ ცხინვალში) სამშვიდობო ძალებზე თავდასხმა, რასაც რუსეთმაც აგრესიით უპასუხა. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, იმის გამო, რომ რუსეთის ჯარების იქ ყოფნა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო, მედვედევი იძულებული გახდა, ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ეღიარებინა.

რუსეთის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, მას სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პლაცდარმი ჰქონდეს, თორემ რაში სჭირდება ეს მიწები? ამას აკეთებს თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ აკვიატებული აქვს, საქართველოს წაართვას რამე. ეს სიმართლე თუ პოლიტოლოგებმა არ ვთქვით, არ გამოვა.

_ დღეს ქვეყნის საფრთხედ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მეჩეთების მშენებლობაც იქცა. ალაპარაკდნენ თურქეთიდან მომდინარე საფრთხეზეც, რაზეც თქვენს კონფერენციაზეც ისაუბრეთ

_ საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არ ითხოვენ მეჩეთების მშენებლობას და აშკარაა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რათა საქართველო თურქეთის გავლენის ქვეშ მოექცეს და იყოს მისი ინტერესების გამტარებელი კავკასიაში. დღეს რომ აგინებენ ასლან აბაშიძეს, მის დროს აჭარაში უამრავი ეკლესია-მონასტერი აშენდა, უამრავი ადამიანი მოინათლა.

მეჩეთების მშნებლობის საკითხს მალე მოჰყვება მესხეთელი თურქების საქართველოში ჩამოსახლება. რამდენიმე ხნის წინათ მესხეთელი თურქების ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიღო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, თურქეთში ფოტოგამოფენაც გამართეს და განაცხადეს, რომ აი, ასეთი დაჩაგრული ხალხია ახისკელი, ანუ მესხეთელი თურქები და ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. ერდოღანმა სააკაშვილთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ ველით ამ ხალხის საქართველოში დაბრუნებასო. როგორ უნდა აღვიქვათ ეს, თუ არა თურქეთის მშვიდობიან ექსპანსიად საქართველოში, რომელიც საფრთხეს გვიქმნის როგორც რელიგიურად, ასევე პოლიტიკურად?

_ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლა რუსეთის იმიჯზე უარყოფიათად აისახება.

_ მე არა მგონია, ჟენევის ფორმატს რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ქუთელიას გამონათქვამები კომენტარის ღირსიც არ არის.

_ საქართველომ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთთან, დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. რა მივიღეთ სანაცვლოდ?

_ ხელისუფლება ცდილობს, ელექტორატში გააჩინოს ილუზია, რომ იგი არ აწარმოებს ანტირუსულ კამპანიას და მეტიც, საკუთარი მიზნებისთვის რუსეთს იყენებს კიდეც. ფულს თურმე სუნი არ აქვს და ტურისტები და რუსული კაპიტალი უნდა მოვიზიდოთ. ხელისუფლება, ერთის მხრივ, ვეღარ გამოდის იმ კონფრონტაციული რეჟიმიდან, რომელშიც თავად ჩაიყენა თავი და, მეორე მხრივ, ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ამ კონფლიქტებზე მაღლა დგას, რუს ხალხთან კარგი ურთიერთობა აქვს და მისთვის პრობლემა მხოლოდ პუტინი და მედვედევია.

_ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა, გადადგეს, თუ რუსეთი კუთვნილ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს.

_ ეს არის ზერელე და, მაპატიეთ, სულელებზე გათვლილი განცხადება. ამას ვინ დაიჯერებს? სააკაშვილი ცდილობს, თავისი პერსონის მნიშვნელობა გააზვიადოს. მან შექმნა ძალიან ცუდი რეალობა და მისი წასვლის შემდეგაც დიდი დრო დასჭირდება ამ პრობლემების დარეგულირებას. მთავარია, მიხეილ სააკაშვილი წავიდეს არჩევნების გზით, თუმცა ყველა ხედავს, როგორ მიმდინარეობს დღეს საარჩევნო პროცესი. ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი, მათ შორის არაკანონიერი ბერკეტებიც კი, გამოიყენოს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

_ ამ პირობებში არჩევნებში გამარჯვების რა შანსი აქვს ოპოზიციას?

_ დიდი იმედები ახლდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას, თუმცა პოლიტიკური პარტიის მშენებლობისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების გარშემოკრების პროცესმა შემდგომში საზოგადოების დიდ ნაწილს ეს იმედი გაუცრუა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ივანიშვილმა სწორი ნაბიჯებიც გადადგა, როცა «თავისუფალი დემოკრატებისა» და რესპუბლიკელების გარდა ისეთი ძალებიც გააერთიანა კოალიციაში, რომლებსაც განსხვავებული ხედვა გააჩნიათ.

_ თუმცა სწორედ განსხვავებული იდეოლოგიის გამო არ მიიღო ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა

_ მან მიიღო გოგი თოფაძე, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსს, მურმან დუმბაძე, რომელთანაც რესპუბლიკელებს განხეთქილება ჰქონდათ, პარტიის ლიდერად მანანა კობახიძე წარადგინა, რომელიც არ არის რესპუბლიკელების წიაღიდან და ადამიანის უფლებებს არა იმდენად ყბადაღებული დასავლური ფასეულობების, არამედ მართლმადიდებლობის მორალური იმპერატივებიდან გამომდინარე იცავდა… ეს არის სწორი ნაბიჯები და იმის მანიშნებელი, რომ შეიძლება ივანიშვილი რაღაცას მიხვდა და თავისი პოლიტიკის დაბალანსება დაიწყო. თუმცა მთლიანობაში საარჩევნო კამპანია უფრო ენერგიულად და გააზრებულად უნდა წარმართოს, ამ მხრივ ჯერ კიდევ დიდ ხარვეზებს ვხედავ.

რაც შეეხება ბურჯანაძესა და კუკავას. თუკი ისინი, იდეოლოგიურად თითქმის ერთ პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკოსები, თავად ვერ გაერთიანდებიან და ერთმანეთში ვერ მოილაპარაკებენ, ივანიშვილთანაც აღარ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია. აქვე არის ლეიბორისტული პარტიაც, რომელმაც თავიდანვე ძალიან კონფრონტაციული ტონი შეარჩია, რაც, ვფიქრობ, არასწორი იყო. ლეიბორისტები ყოველ არჩევნებზე ცალკე იყრიან კენჭს. ვფიქრობ, რომ ამჯერად ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მე ვემხრობი ე. წ. მესამე პოლუსის თუ ძალის ჩამოყალიბებას, რაც ამ სამი პოლიტიკური სუბიექტის საფუძველზეა შესაძლებელი და ოპტიმალურიც. თუკი ამ პარტიებს ერთმანეთში კომუნიკაცია უჭირთ, ჩვენი ინსტიტუტი (არასახელმწიფო და ზეპარტიული, საექსპერტო ორგანიზაცია) მზადაა, შუამავლის როლი იტვირთოს, რის შესაძლებლობებიც ნამდვილად გვაქვს.

_ პოლიტიკური პარტიების სიმცირეს არ ვუჩივით, საქართველოში ოფიციალურად 200-მდე პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ან ეკონომიკური ხედვით, სიღრმისეული პროგრამით, საკუთარი მიდგომებით ეროვნული, სახელმწიფოებრივი პრობლემების მიმართ

_ რა ხდება ბოლო ოცი წლის მანძილზე? მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ჩვენი იდენტობის გამოხატვა და სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი საბუთი რუსეთთან დაპირისპირება უნდა იყოს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ რუსეთს ლანძღავ, დამოუკიდებელი ხარ და, თუ მასთან თანამშრომლობ _ არა. ეს დამღუპველი აბსურდია და, რადგან ამას მაინც მიხვდა ჩვენი ოპოზიცია, უკვე მისასალმებელია. პროგრამებს რაც შეეხება, ქაღალდზე ფორმალურად დაწერილ პროგრამას არც ერთ ქვეყანაში არ კითხულობენ, ეს უინტერესოა. ხალხს პერსპექტიული თემები უნდა შესთავაზო და ამ თემებზე წერილობითი თუ ზეპირი მსჯელობისას უნდა იგრძნობოდეს, შენ რა იდეოლოგიისა და ფასეულობების მატარებელი ხარ.

_ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია წარსულისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას აკრიტიკებს. თუ ჩვენ «გარე ძალების საამებლად უარს ვიტყვით ჩვენი ისტორიის ამა თუ იმ პერიოდზე, შავ საღებავს მივასხამთ ჩვენი წინაპრების ამა თუ იმ თაობას, ჩვენ არსებობას შევწყვეტთ როგორც სრულფასოვანი ერი». რამ განაპირობა წარსულისადმი ამგვარი დამოკიდებულება?

_ ასე იქცევა ის ე. წ. ელიტა, რომელიც გამუდმებით ქილიკობს, რომ მანეთი და ოცი კაპიკი როცა ღირდა ძეხვი მაღაზიაში და თბილისიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობა _ 37 მანეთი, ეს ცუდი ყოფილა და დასაცინია თურმე. ამას აკეთებენ ხელისუფლების მხარდამჭერი ვითომ ინტელექტუალები, რომლებსაც თავიანთი მატერიალური ცხოვრება მოწყობილი აქვთ მთავრობის ხელშეწყობით. ესენი არიან ტიპიური კარიერისტები. ახლა რომ საბჭოთა სისტემა იყოს, პირველი კომკავშირელ-კომუნისტები ისინი იქნებოდნენ, მაგრამ დღეს წარსულისადმი აგდებული დამოკიდებულება აქვთ.

ვფიქრობ, ამჟამად ხალხში წარსულისადმი ზედმეტი ნოსტალგიაც კი შეიმჩნევა. ერთიც უნდა ითქვას, რელიგია ხომ შეზღუდული იყო ათეისტურ საბჭოთა კავშირში, მაგრამ გამოვიდა, რომ დასავლეთში, სადაც რელიგია ერთი შეხედვით არ იყო შეზღუდული, ქრისტიანობა უკანა პლანზე გადავიდა და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, ჩვენთან კი პირიქით მოხდა. როგორც დავინახეთ, საბჭოთა კავშირის რკინის ფარდამ დასავლეთის გავლენისგან გვიხსნა, ჩვენი რწმენა დაკონსერვებული იყო საბჭოთა სისტემაში, თორემ არ გამქრალა და ახალი ძალით გამოვლინდა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოს მომავლის დასასრულზე საუბარი ნაადრევია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here