Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის ჯანმრთელობის ცნობა მის ადმინისტრაციაში დაცული არ არის

სააკაშვილის ჯანმრთელობის ცნობა მის ადმინისტრაციაში დაცული არ არის

1388

რამდენიმე გაგზავნილ წერილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან «გურია ნიუსმა» მხოლოდ ერთხელ მიიღო პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის ცნობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაცული არ არის. მიუხედავად კანონის ვალდებულებისა, ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა არ უპასუხა «გურია ნიუსს», თუ სად არის დაცული აღნიშნული ინფორმაცია. «გურია ნიუსმა» კიდევ ერთი წერილი ცოტა ხნის წინ გააგზავნა და, თუკი საჯარო ინფორმაციას ვერც ამჯერად მიიღებს, სასამართლოს მიმართავს.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილი თანამდებობის პირისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალზე გამოჩნდა.

კადრებში, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა, კარგად ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს როგორ ერევა ფეხი და წონასწორობას კარგავს.

სააკაშვილი საძირკვლამდე ისე მივიდა, რომ პატრიარქს არ დაელოდა და მოგვიანებით ილია მეორეს სავარძელშიც ჩაჯდა; მისთვის მიცემული დისკის ჯიბეში ჩადებას კი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ასევე უშედეგოდ დასრულდა ქვეყნის პირველი პირის მცდელობა, არ დაეხუჭა თვალები და მტკიცე მზერა ჰქონოდა.

ამ კადრების ნახვის შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ნაწილმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ, შესაძლოა, სააკაშვილს ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული.

სტუდია GNSისთვის მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს წითელი ღვინის დალევა უყვარს:

«ძირითადად, სვამდა წითელ ღვინოს. ჭამაც და სმაც იცის თავისებური, გარკვეული წესების, სადღეგრძელოების გარეშე და სხვ. შეუძლია დალიოს საკმაოდ ბევრი წითელი ღვინო, რომელმაც იცის თრობა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვთქვამ ვარაუდს და არ ვიცი, მართალია თუ არა, რომ ეს არ იყო წითელი ღვინო, უფრო შამპანურს ჰგავდა, მისი მოქმედების მიხედვით».

პარტია «თავისუფალი საქართველო» მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენეციაზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ მიმი გაბრიჩიძემ განაცხადა:

«ამგვარი ეჭვების არსებობა ქვეყნის პირველ პირზე დამღუპველია საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის. აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება, რომელიც უნდა განახორციელონ ევროპიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი ექსპერტიზის მიკერძოებულობაზე».

ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ თრობას ხშირ შემთხვევაში ერთნაირი სიმპტომები აქვს. სამართალდამცველების თქმით, რთულია, სპეციალური შემოწმების გარეშე დაადგინო, რის ზემოქმედების ქვეშაა საეჭვო ადამიანი.

ოზურგეთის მთავარი პროკურორი კახა კოჩივარი კითხვაზე, როცა ადამიანს ფეხი ერევა, წონასწორობას ვერ ინარჩუნებს და ნივთს ჯიბეში დიდხანს ვერ იდებს, ნიშნავს თუ არა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, გვპასუხობს, რომ არ იცის და ამ კითხვაზე პასუხი სპეციალისტებმა უნდა გაგვცეს.

ასეთივე პასუხს გვაძლევს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ცირეკიძე:

_ მაგ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ამას ნარკოლოგი ადგენს.

_ ამ კითხვას თქვენ იმიტომ გისვამთ, რომ გამოცდილი ადამიანი ხართ, ბევრი ასეთი კატეგორიის ადამიანი გეყოლებათ დაკავებული

_ ძალიან ბევრი თვისება აქვს. არ ვიცი, ვერ გეტყვით.

_ ბატონო დავით, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ და იმედია, ტელეფონს არ გაგვითიშავთ. ის ვიდეო თუ ნახეთ, როცა პრეზიდენტი მახათას მთაზე იყო?

_ არ მინახავს.

_ მას ის სიმპტომები ჰქონდა, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ.

_ ეგ შეიძლება გადაღლილობის ბრალიც იყოს. მე არ მინახავს პირადად, მაგრამ ადამიანს შეიძლება ფეხი შეეშალოს გადაღლილობის გამო, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნარკოლოგს შეუძლია.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გურიის განყოფილების უფროსს, ტატო ვასაძეს აღნიშნული ვიდეო არ უნახავს და ამბობს, რომ შესაბამისი დასკვნის გარეშე კონკრეტული პასუხის მიღება შეუძლებელია:

_ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან, როცა გვაქვს კონკრეტულ პირზე ინფორმაცია, გადაგვყავს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში და იქ არიან ექიმები, რომლებიც ადგენენ, მიღებული აქვს თუ არა ნარკოტიკი მოქალაქეს.

_ როგორც გამოცდილი პოლიციელი, შეხედვით მიხვდებით, კონკრეტული პიროვნება ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა თუ ალკოჰოლის?

_ შეიძლება შეატყო, თუმცა დაზუსტებისთვის სპეციალური დასკვნაა საჭირო.

_ ნახეთ თუ არა ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტი მახათას მთაზეა გადაღებული?

_ არ მინახავს.

_ პრეზიდენტი სწორედ იმ მდგომარეობაშია, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, ამიტომ მხოლოდ პროფესიული თვალით გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ეს დადგინდეს სპეციალური გამოკვლევის გარეშე, გარეგნული დათვალიერებით

_ არ ვიცი. ეს შეიძლება გითხრათ ექიმმა, რომელიც გამოკვლევას ატარებს.

გურიის ნარკოლოგიური ცენტრის უფროსი გია თავბერიძე, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომების შემდეგ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ალკოჰოლი გამორიცხულია.

_ ბატონო გია, როგორ უნდა მივხვდეთ, ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა თუ ალკოჰოლის?

_ ეს კლინიკურად გამომჟღავნდება. თუ ალკოჰოლი აქვს მიღებული, სუნი ექნება. ორთავეც შეიძლება ერთად ჰქონდეს მიღებული _ ჯერ ალკოჰოლი მიიღოს, შემდეგ ნარკოტიკი გაიკეთოს ან სხვა სახით მიიღოს.

_ სიმპტომები როგორია, რას აკეთებს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი?

_ სხვადასხვანაირი გამოვლინება აქვს. ზოგს ეიფორია აქვს, ზოგი მოდუნებულია, ზოგს ჭამის მადა ემატება, სიმპტომები სხვადასხვანაირად გამოიხატება სხვადასხვა ნარკოტიკების მიღების შემდეგ.

_ როდესაც ჯიბეში ვერ იდებს რაღაც ნივთს, ერევა ფეხი, თვალებს ვერ ახელს?

_ ე. ი. ჰალუცინოგენები, ტაბლეტები აქვს მიღებული.

_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ასე იყოს?

_ დიახ. ეგ სიმთვრალის ბრალი აღარ არის უკვე. არის სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ამ ბოლო დროს არის ასეთი ნარკოტიკი _ «ნიანგი», რომელსაც კუსტარულად ღებულობენ და რომელიც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

_ ბატონო გია, ხომ არ გინახავთ ის ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტია გადაღებული მახათას მთაზე?

_ არა.

_ რაც სიმპტომები ჩამოგითვალეთ, ყველა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს.

_ მაგას ვერ გეტყვით. ეგ მე არ ვიცი. მაგ სიმპტომებით არ შეიძლება დასკვნის გაკეთება. შეიძლება წნევის ცვალებადობა იყოს:  ან მაღალი ჰქონდეს, ან დაბალი. თქვენ არ იფიქროთ, რომ, რაკი პრეზიდენტი ახსენეთ, იმიტომ ვამბობ ამას. უბრალოდ, მე გითხარით ის, რაც ვიცი.

უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მახათას მთაზე მყოფი პრეზიდენტის მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტისთვის სამარცხვინოა: აშკარად არაადეკვატური იყო ვითარებიდან, სიტუაციიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. ორიენტაციაში აშკარად ჰქონდა ჩავარდნები. მე არ ვარ სპეციალისტი და არ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რომ ეს ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ზემოქმედება იყო, თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ, თუ ეს მონტაჟი ან კიდევ ფაბრიკაცია არ არის, აშკარაა, რომ პრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში წარუდგინეს საზოგადოებას, რაც ქვეყნის ავტორიტეტისთვის სამარცხვინოა და ეს ჩვენს ხელისუფლებას, მინიმუმ, ჩრდილს აყენებს.

პოლიტიკური კოალიცია «ქართული ოცნების» ოზურგეთის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი მარინე სუნგულია ამბობს, რომ მახათას მთაზე მყოფი პრეზიდენტის ირგვლივ ბევრი შეკითხვა გაჩნდა. _ როცა ვიდეოს ვუყურებდი, გამიჩნდა შეგრძნება, რომ პრეზიდენტი თავს ფიზიკურად ვერ იმორჩილებდა და საკუთარ ქმედებებს გონებით ვერ აკონტროლებდა. იქ ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ერთი დეტალი დამამახსოვრდა: როცა მას მიაწოდეს დისკი, სააკაშვილი ცდილობდა, ჯერ პიჯაკის ჯიბეში ჩაედო, იქ რომ «არ ჩაეტია», შარვლის ჯიბეზე გადაინაცვლა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან დისკი, თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ჩაეტეოდა ჯიბეში (შარვლის და პიჯაკის ჯიბეში ჩადების კი არა, ჩატენვის მცდელობა ჰქონდა), ამას ფხიზელ გონებაზე მყოფი კაცი არც კი შეეცდებოდა. მისი გამომეტყველებაც იმაზე მეტყველებდა, რომ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. იგი იმასაც კი ვერ მიხვდა, რომ პატრიარქის სავარძელში არ უნდა ჩამჯდარიყო, მაგრამ ფინალი, როცა სავარძელში ფეხები ერთმანეთს გადააჯვარედინა და ონავარი ბავშვივით იქნევდა, ჩემთვის დასტური იყო იმისა, რომ ის არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. მე ვერ ვიტყვი, ეს იყო ალკოჰოლის თუ სხვა რაიმე ნარკოტიკის ზემოქმედება, ეს სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, თუმცა ვიტყვი, რომ, კადრებიდან გამომდინარე, ის ფხიზელი ნამდვილად არ ყოფილა,  _ აღნიშნა სუნგულიამ.

გურია ნიუსი

 

1 COMMENT

  1. ამ სტატიის ავტორი მეცოდება. Этому человеку так хотелось бы, чтоб Миша был наркоманом, ну на крайняк – алкоголиком…… Явно статья заказная, анонимная и написано очень плохим специалистом, ну прям сказать – человеком глупым.

  2. Еще автору этой статьи хочу порекомендовать выпить 100гр. водки (или таблеточку принять) и посмотреть в зеркало, если для него так существенно знать о симптомах алкогольного или наркотического опьянения!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here