Home რუბრიკები პოლიტიკა ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება

651

ექსპერტს მიაჩნია, რომ ივანიშვილის გამოჩენა საქართველოს პოლიტიკური პროცესებში «იღბლიანი ცვლილებაა», თუმცა ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ეს საკმარისი საქართველოში დემოკრატიის დასამყარებლად.

_ ბატონო ლინკოლნ, როგორ აფასებთ ქართულ დემოკრატიას ზოგადად?

_ ქართული დემოკრატია დღეს მიზანია და არა რეალობა.  უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანას მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია დემოკრატიის მიმართულებით. მომავალ არჩევნებზე ბევრი საუბრობს, მაგრამ არა მგონია, რომ არჩევნები ქვეყანას უცებ დემოკრატიულს გახდის. საუბარი იმაზე, რომ არჩევნები დემოკრატიის გამოცდაა, არასწორ შთაბეჭდილებას ტოვებს. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებული რამდენიმე არჩევნები დემოკრატიულად ტარდებოდა, მაგრამ მე, როგორც პროფესორი, ამას აკადემიურ შეფასებას მივცემდი და ვიტყოდი, რომ ამ გამოცდაში საქართველო 3-იანს ან 2-იანზე ცოტა მეტს იღებდა.

ყოველი არჩევნების შემდეგ დასავლეთში ამბობდნენ, რომ საქართველომ გამოცდა ჩააბარა. მაგრამ წლების მანძილზე ქვეყანაში უწყვეტად არსებობს სამართლიანი პროცესის, თავისუფალი პრესის, დამოუკიდებელი სასამართლოს და შეკრების უფლების პრობლემები, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ყოველ არჩევნებზე ვამბობთ, რომ ეს  საქართველოს გამოცდაა, მაგრამ მის ცუდად ჩაბარებას დასავლეთიდან რეაქცია არ მოჰყვება.

_ საქართველოში ამჟამად მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ არა რაიმე სახით განსხვავებული წინა არჩევნებისგან?

_ ერთი, რითაც ეს არჩევნები განსხვავდება სხვებისგან, არის ის, რომ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ პირველად, საქართველოში გამოჩნდა ოპოზიციური ძალა, რომელმაც საარჩევნო პროცესში დიდძალი რესურსის ჩადება გადაწყვიტა. უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იბრძვი, სინამდვილეში უპირისპირდები არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფო აპარატს. იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების შანსი მაინც მოგეცეს, დიდძალი რესურსი უნდა დახარჯო. ივანიშვილი მხოლოდ მდიდარი რომ ყოფილიყო და არა «სუპერ მდიდარი,» ეს არჩევნები არჩევნები არ იქნებოდა.

ძალიან მდიდარი კანდიდატი არჩევნების დინამიკას ცვლის და ეს ცვლილება (ხაზგასმით მინდა ვთქვა) დადებითია. ხელისუფლებას წაერთვა საშუალება, საზღვარგარეთ მხოლოდ თვითონ ისაუბროს  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, წაერთვა საშუალება სრული მონოპოლია ჰქონდეს მედიაზე.

საკმარისი იქნება ეს ცვლილება ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის? არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ივანიშვილის გამოჩენა საქართველოს პოლიტიკური პროცესებში იღბლიანი ცვლილებაა.

_ თქვენი აზრით, ივანიშნვილის გამოჩენა ცვლის თუ არა საქართველოს მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკურ შეხედულებას?

_ ვაშინგტონში არავის მიაჩნია, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. თქვენი მსმენელისთვის ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ საქართველოს ავღანეთში ჯარები ჰყავს, რის გამოც ქვეყანას პატივი უნდა ვცეთ, და ეს სიმართლეა; ასევე ფიქრობენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამერიკისთვის გარკვეულ ბარიერს წარმოადგენს, რასაც მე არ ვეთანხმები.

პოლიტიკოსების ერთადერთი ჯგუფი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულად მიიჩნევს, უკიდურესი მემარჯვენეები არიან. მათ გარდა ვაშინგტონში უკვე წლების მანძილზე საქართველოს დემოკრატიულად არავინ მიიჩნევს. მაგრამ იმას, თუ რას ფიქრობს ვაშინგტონი, იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც იმას, თუ რას ფიქრობენ საქართველოს შიგნით.

_ რა პროგნოზს გააკეთებთ არჩევნებისთვის? თქვენი აზრით, ივანიშვილის ფინანსური რესურსი, ვაშინგტონში ლობირების დაქირავება თუ ნებისმიერი სხვა ძალისსხმევა, რომელსაც ის ეწევა, იქონიებს თუ არა არჩევნების შედეგებზე გავლენას?

_ ერთი, რაც ივანიშვილს ძლიერ კანდიდატად წარმოგვიდგენს, არის არა ის, რომ მას ბევრი ფული აქვს, არამედ ის, რომ პიროვნული ისტორია აკავშირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. ის არ ჰგავს მიტ რომნის, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე ხალხს სამსახურიდან ათავისუფლებდა, და დღეს პრეზიდენტობა გადაწყვიტა. ივანიშვილმა საქართველოში შექმნა ბიზნესები, გააკეთა ინვესტიციები, ააშენა ეკლესიები, ააშენა ინფრასტრუქტურა, ეხმარებოდა ხელოვანებს. მან ჯარისკაცებსაც კი უყიდა ფეხსაცმელი და ამ ყველაფერს ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებდა. ეს ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც ხალხს აფიქრებინებს, რომ ეს ადამიანი ქვეყანაზე ზრუნავს.

მეორე, რაც ივანიშვილს კარგ კანდიდატად აქცევს, არის ის, რომ ხალხი ხედავს, რომ ქვეყანაში პროგრესი არ არის _ ეკონომიკა არ ვითარდება; აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 10 წლის წინ თუ  ჯერ კიდევ იყო იმედი, დღეს ეს ტერიტორიები დაკარგულია ქვეყნისთვის; ნატო მაისში საქართველოს კიდევ ერთხელ ეტყვის უარს  გაწევრიანებაზე, ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ მაინც უარს.

ამას მოსახლეობა წარმატებად არ აღიქვამს. თუმცა არის სიმბოლური და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებიც, რომლებზეც პრეზიდენტს შეუძლია ისაუბროს. საქართველოშიც ვხედავთ იმავეს, რომ ახლადმოსული რეფორმისტი მთავრობები თავიდან ძალიან აქტიურობენ და მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ, ხოლო შემდეგ კი ტემპს აგდებენ.

სააკაშვილი 2008 წელს ხელისუფლებიდან რომ წასულიყო, ის ისტორიაში შევიდოდა როგორც ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი. ახლა კი, მგონი, ხალხი დაიღალა დაპირებებით.

პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პროგნოზის გაკეთება უფრო გამიადვილდება, ვიდრე საქართველოში არჩევნების შედეგების პროგნოზი. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზსაც გავაკეთებ, მაგრამ, აქაურობისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს საზოგადოებრივი აზრით გამოკითხვების სანდო შედეგები. ერთი იმას ვიტყოდი, რომ, არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარდეს, ოპოზიცია, ალბათ, ძალიან მცირე განსხვავებით  მოიგებდა, მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართოს.

_ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას დასავლეთში ქართული დემოკრატიის მიმართ ნდობის აღსადგენად?

_ სწორედ ამაშია ირონია. ერთი, რაც ნდობას ბოლომდე აღადგენს, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა, მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ, იმიტომ, რომ მაშინ წაგებას რისკავენ, წაგება კი არ უნდათ.

ამერიკის ხმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here