Home რუბრიკები პოლიტიკა გოგი თოფაძე: ზოგ რამეზე ბიძინას თავისი შეხედულება აქვს, მე _ ჩემი, მაგრამ...

გოგი თოფაძე: ზოგ რამეზე ბიძინას თავისი შეხედულება აქვს, მე _ ჩემი, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის საერთო მიზნის მიღწევაში

620

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება კომპანია «ყაზბეგის» პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტია «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» ლიდერი გოგი თოფაძე.

_ ბატონო გოგი, პირდაპირ ვთქვათ, ის კურსი, რომელიც «ახალგაზრდა რეფორმატორებმა» განახორციელეს და დღესაც აგრძელებენ, ნეოკოლონიალიზმის ახალი ფორმის დანერგვაა ჩვენს ქვეყანაში, ხოლო თავად ხელისუფლება უფრო და უფრო ირგებს მორჩილი მარიონეტის როლს. ამის თაობაზე ჩვენს გაზეთში ვრცლად ისაუბრა ალექსანდრე ჭაჭიამაც…

_ შეიძლება, ასეც ითქვას.

_ მაგრამ არ ამბობენ…

_ როგორ არა! ჩვენ ამის თაობაზე ვაცხადებდით ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოყოლებული. ჩვენ პირველები გამოვედით სავალუტო ფონდის დამანგრეველი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც დიდი ხნით შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური განვითარება.

მეტსაც გეტყვით, ჩვენი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოიცა მსოფლიო ელიტარულ ფინანსურ წრეებთან დაახლოებული ეკონომისტის _ ჯონ პერკინსის წიგნი «ეკონომიკური მკვლელის აღსარება», რომელშიც შიგნიდანაა გახსნილი იმ პოლიტიკის არსი, რომლითაც დღეს მსოფლიო ეკონომიკა იმართება.

ნეოკოლონიალიზმის პრობლემა განხილული მაქვს წიგნში «საქართველო ნეოკოლონიალიზმის ყულფში»… საქართველოს ეკონომიკა 80 პროცენტით სოფლის მეურნეობაზე იდგა: პროდუქციის მოყვანასა და მის გადამუშავებაზე. მრეწველობის წილი მხოლოდ 20 პროცენტი იყო, მაგრამ ამ 20 პროცენტში ისეთი დარგები იყო წარმოდგენილი, რომელთა შესახებ დღევანდელ ხელისუფლებაში ეკონომიკის მესვეურებს წარმოდგენაც არ აქვთ, არც გაუგიათ არაფერი.

_ სამაგიეროდ კარგად ფლობენ შოთიპურის ცხობის ტექნოლოგიას

_ «განათლებულმა» მარიონეტმა ხელმძღვანელებმა აი ასე მოკლეს საქართველოში სოფლის მეურნეობა, ქვეყნის მომარაგება მთლიანად იმპორტულ საქონელზე გადაიტანეს, რომელიც «კმარელებს» და ვიღაც შემთხვევით, ოღონდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ჩაუგდეს ხელში.

გლეხი გაუბედურდა: ყურძენი ვერ ჩააბარა, ციტრუსი ვერ ჩააბარა, ჩაის წარმოება მოისპო (ჩაიზე კიდევ ვილაპარაკებ), საზამთრო მოიყვანა, ბაზარი ირანიდან, ასტრახანიდან შემოტანილი ბაღჩეულით აუვსეს. აზრი დაკარგა ადგილობრივი საზამთროს მოყვანამ.

იმპორტი კია ბიზნესი, მაგრამ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა ამ ბიზნესმა ადგილობრივ წარმოებას ნიადაგი გამოაცალა.

შედეგი ახლა მაინც ხომ ჩანს! ჩვენთვის თავის დროზე რომ დაეჯერებიათ, საქართველო დღეს აყვავებული ქვეყანა იქნებოდა… ამათი «დემოკრატიული» პრინციპების განხორციელების წყალობით, საქართველო ჩვენს რეგიონში ყველაზე სუსტ ქვეყნად იქცა. სომხეთმაც კი გვაჯობა, აზერბაიჯანზე, თურქეთზე, ირანზე აღარაფერს ვლაპარაკობ.

როცა სუსტი ხარ, ულტიმატუმებით გელაპარაკებიან, რაღაცას ყოველთვის წაგგლეჯენ. თუ ფეხზე არ დავდგებით, უარესი დაგვემართება, თუმცა ამ უარესის წარმოდგენაც კი ძნელია.

_ ჩაიზე აპირებდით ლაპარაკს.

_ ქართულ ჩაიზე ამბობდნენ, უხარისხოაო. არ იყო ასე. სანამ 150-200 ათას ტონას ვამზადებდით, ქართული ჩაი სხვას არ ჩამოუვარდებოდა. საბჭოთა კავშირის ჩაის ბაზრის 85 პროცენტი ჩვენს ჩაის ეკავა, ხოლო მთელი დასავლეთ საქართველო, ძირითადად, ჩაის მოყვანა-გადამუშავებით ცხოვრობდა.

_ კარგადაც ცხოვრობდა.

_ მძიმე შრომა იყო, მაგრამ ხალხი მუშაობდა და უფასდებოდა კიდეც. იქნებ ის სჯობს, დღეს ნახევარი გურია და აჭარა თურქეთის პლანტაციებში წელგაწყვეტილი რომ კრეფს ჩაის?

კონკრეტულად ვერავის ვაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი კორუმპირებული ჯგუფის ხელშეწყობით გერმანელმა ბიზნესმენმა მარტინ ბაუერმა იყიდა საქართველოში არსებული ყველა მაღალი დონის ჩაის გადამმუშავებელი ფაბრიკა თავისი პლანტაციებით, გვპირდებოდა _ მოდერნიზაციის მიზნითო. იმან, რა თქმა უნდა, თავისი პირობა არ შეასრულა: პლანტაციები გატყიანდა, ფაბრიკები გაიძარცვცვა, რუსეთის ბაზარი დაგვაკარგვინა, თვითონ დაეუფლა ამ ბაზარს თავისი ნაწარმოები ჩაით და, ალბათ, მილიარდერიც გახდა ჩვენს ხარჯზე.

არავის გამოუკვლევია, რატომ მოხდა ასე.

ეს ფაქტი ერთადერთი არ არის, უამრავია საქართველოს უახლეს ისტორიაში.

გამათხოვრდა მთელი დასავლეთ საქართველო და ეს სამწუხარო ფაქტია. მაგრამ ვინ შეწუხდა, ვინ დაინტერესდა?

_ და ეს ყველაფერი ხდებოდა საერთაშორისო ექსპერტების კარნახით?

_ დიახ. ალბათ, ყველას ახსოვს, ჩემი კამათი შადმან ვალავისთან. ლამის დედას ვაგინებდი. მაჩერებდნენ, ასე არ შეიძლება საერთაშორისო დონის ექსპერტიაო.

რას გვეუბნებოდა, იცით?

მეღვინეობა თქვენთან უპერსპექტივოაო. სოიო მოიყვანეთ, ჯობიაო, რადგან ღვინო იმდენად ჭარბწარმოებულია, რომ მსოფლიო ბაზარში ვერ შეხვალთო.

მექრთამეები და გამომძალველები იყვნენ ეგენი ყველანი! ამათ დაგვაკარგვინეს ეს შესაძლებლობა.

შექმნეს საერთო აზრი, რომ ქართველ გლეხს არ შეუძლია მაღალი დონის პროდუქციის წარმოება. ხელი უნდა აგვეღო ყველაფერზე და ამ ბოლოს ხომ ნახეთ, ბურების ჩამოთესვლაც რომ მოინდომეს!

იმ ბურს ან სამხრეთ აფრიკის ბანკები, ან იმავე ჰოლანდიისა მისცემდნენ უპროცენტო სესხს, მოამარაგებდნენ ტექნიკით, ქიმიკატებით. ფეხს მოიკიდებდა ჩვენს ქვეყანაში. ღვთის ანაბარა დარჩენილ ქართველ გლეხს კი თოხითა და ცელით უნდა ებრძოლა მოსავლის მოსაყვანად… განა ახლა ასე არ არის?! გაქრებოდა ქართველი კაცის სახსენებელი სოფლად.

_ უამისოდაც ცარიელდება სოფელი.

_ ესაა ამათი სტრატეგია: ქართველები არ ვვარგივართ, ამიტომ ქართველებმა არაფერი არ უნდა აწარმოონ, ჩვენმა საფერავმა კონკურენცია არ უნდა გაუწიოს, ვთქვათ, ფრანგულ «ბორდოს» ან ინტალიურ ორდინალურ წითელ ღვინოებს. და, როგორც აქამდე იყო, ბურთი და მოედანი კვლავაც მათ ხელში დარჩება.

ამ დროს კი საქართველო მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული.

დღეს რამდენიც გინდა იტრაბახოს ჩვენმა პრეზიდენტმა, ამას ვაჯობეთ და იმას გავუსწარითო, ხომ ვხედავთ, რა დღეშიცა ვართ!

_ ახალი პოლიტიკური ძალა რომ მოდის და რომ მოვა ქვეყნის სათავეში, ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, იგივე რომ არ გამეორდება?

_ მე გეტყვით ჩემს აზრს. ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ იმ დროიდან, როცა მას არავითარი შეხება არ ჰქონდა პოლიტიკასთან და არც აპირებდა. მაშინ გვისაუბრია არაერთხელ და პრაქტიკულად ჩვენი აზრები სრულად დამთხვევია ერთმანეთს. მასთან სოფელშიც ვყოფილვარ, ჭორვილაში, მოსკოვშიც ვსტუმრობდი. ბიძინა გულდამწვარი ქართველი პატრიოტის შთაბეჭდილებას ტოვებს, კაცისას, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, ვერ ეშვება თავის ქვეყანას, იმდენად ღრმადა აქვს აქ ფესვები გადგმული.

პატრიოტია და ეს არის უპირველესი გარანტია იმისა, რომ იგი გააკეთებს მხოლოდ სასარგებლო საქმეს ჩვენი ქვეყნისთვის.

_ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში წარმატებად იყო მიჩნეული, როცა საქართველომ ევროპააზიის დერეფნის ფუნქცია შეიძინა. სააკაშვილის ხელისუფლებამ მთავარ მიზნად ტურიზმი მიიჩნია და «ტურისტულ სამოთხედ» გვპირდება საქართველოს გადაქცევას. ამას როგორ შეაფასებთ?

_ ხელისუფლების უცხოელმა მრჩეველებმა სამი ფუნქცია დაგვიტოვეს (მე ამის დოკუმენტები მაქვს წაკითხული): პირველი _ ჩვენ უნდა ვიყოთ სატრანსპორტო დერეფანი; ნახშირწყალბადების, ანუ ნავთობისა და გაზის გამტარი ქვეყანა _ ეს მეორე; და მესამე _ ტურიზმი და ვაჭრობა, ანუ მომსახურების სფერო.

მე არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ მეც კი მესმის, რომ ტურიზმი ქვეყანას ვერ შეინახავს. საზღვაო ტურიზმი ჩვენი პრეზიდენტის აჩემებაა: გვერდით თურქეთი, იქით _ საბერძნეთი, სადაც მილიარდებია ჩადებული ამ სფეროში, და ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ.

მთის ტურიზმი _ კი, ბატონო. მაგრამ ეს არ არის ის სეგმენტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა შეიძლება დაეყრდნოს, ვერ გამოდგება სერიოზულ ეკონომიკურ ბერკეტად.

ის, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, იმპორტისა და ვაჭრობის განვითარებას რომ თავს გვახვევს, სხვისი წარმოებული საქონლის გაყიდვას რომ გვაიძულებს, ეს არ არის საქართველოს განვითარების გენერალური ხაზი. მე კარგად ვიცნობ ქართველი კაცი ბუნებას და პირდაპირ ვამბობ, რომ ვაჭრობა ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ მწარმოებლები ვართ და ამას თუნდაც ჩვენი უახლესი ისტორია ადასტურებს.

დრომ მოითხოვა და ხომ აწარმოა დღეს ქართველმა კაცმა უნიკალური ღვინოები! მაგრამ აღარ არის ის ასეულობით გადამმუშავებელი ქარხანა, რომლებიც საქართველოში გვქონდა. ტყეში მაყვალი და პანტა არ რჩებოდა გადაუმუშავებელი, გამოდიოდა პროდუქცია, იყიდებოდა, მათ შორის, ქვეყნის გარეთაც.

დღეს ეს ყველაფერი იგნორირებულია. შემოაქვთ და შემოაქვთ პროდუქცია, მათ შორის, გენმოდიფიცირებული, პლასტმასივით პომიდორი, რომლის ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ტრანსპორტირებას კარგად უძლებს…

იმისათვის, რომ ასეთი ნაგავი გაასაღონ საქართველოში, მოსპეს საბაჟოზე ხარისხის კონტროლის სამსახური, გინდა _ მოიწამლე, გინდა _ ჭირი წაგიღია! ქართველები მეორეხარისხოვან ადამიანებად გვაქციეს! ამას აიტანს ჩვენი ბუნება?! ვერა, რა თქმა უნდა. უპერსპექტივობას ქართველი კაცი ვერ შეეგუება. შენს ქვეყანაში სამართალს რომ ვერ იპოვი, ეს რა, ადამიანის უფლების დაცვის თვალსაჩინო მაგალითია?! შორს რომ არ წავიდეთ, ოცდაათი სასამართლო მქონია, რომლებიც ჩემს ბიზნესში სამართლიანობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული, ვერც ერთი ვერ მომიგია.

_ «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» პრინციპმა ჩვენს ქვეყანაში ფეხი ვერ მოიკიდა იმიტომ, რომ მას წინ აღუდგა კორუფცია, კორუფციული ინტერესები. ამჟამინდელი ხელისუფლება ასევე რომ უშლის ხელს ამ პრინციპის დამკვიდრებას, ეს არ ნიშნავს კორუფციას?

_ რა თქმა უნდა, ნიშნავს. თავსმოხვეული იმპორტი კორუფციაა, აბა, რა არის! გარიგების შედეგია მაღალ ეშელონებთან, თორემ ისე ვინ გააჭაჭანებს!..

 _ თქვენ 21 აპრილს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» დამფუძნებელ ყრილობას ესწრებოდით, რომელზეც საინტერესო პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. თუ ნებას მომცემთ, ორიოდ შეკითხვას ამ სფეროდან დაგისვამთ.

_ ბრძანეთ.

_ დეკლარაციაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა ამ პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ყრილობას, ნათქვამია, რომ «საგარეო ურთიერთობაში მიმართული უნდა ვიყოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ».

. . ევროკავშირი და ნატო, ერთის მხრივ.

მეორე. «არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობის ნორმალიზაცია რუსეთთან».

დავაზუსტებ: ერთის მხრივ, _ ევროატლანტიკური ალიანსი, ნატო; მეორე მხრივ, _ რუსეთი, რომლისთვისაც ნატო აბსოლუტურად მიუღებელია.

როგორ გესახებათ ამ ორ ურთიერთგამომრიცხავ მოცემულობასთან ურთიერთობის დალაგება?

_ ჩემი პოზიცია ასეთია: ჯერ ერთი, იარსებებს თუ დაიშლება ნატო, ეს ვერ გაურკვევიათ. მეორე, რასაც ყოველთვის ვამბობდი: ნატოში ჩვენი გაერთიანება გამოსავალი არ არის. მინახავს, მისაუბრია, შევხვედრივარ ნატოს წარმომადგენლებს და ძალიან კარგად ვატყობ, რომ ყველას თავისი ინტერესებისთვის სჭირდება ჩვენი ტერიტორია, ჩვენი საჰაერო სივრცე და ა. შ. ამიტომ ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი. ახლაც ვერ ვხედავ პერსპექტივას. არც ის მომწონს, რომ ქართველი ახალგაზრდები იხოცებიან ავღანეთში. ამასაც ხმამაღლა ვამბობ.

მაგრამ, ამ ჩემი განსაკუთრებული მოსაზრების მიუხედავად, მხარს ვუჭერ ჩვენი კოალიციის საერთო მთავარ მიზანს: შევცვალოთ ეს ხელისუფლება, გადავარჩინოთ საქართველო.

ზოგ რამეზე ბიძინას თავისი შეხედულება აქვს, მე _ ჩემი, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის საერთო მიზნის მიღწევაში.

_ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია?

_ მარტივად გეტყვით. აქსიომაა, რომ მარტო რუსეთის ბაზარი არ არის პანაცეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსეთის ბაზრის დაბრუნებით ჩვენი მეღვინეობა, მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, ჩვენი გადამმუშავებელი მრეწველობა აგუგუნდება.

მე ვთვლი, რომ რუსეთისთვის საქართველოს დაკარგვა დიდი პრობლემა იქნება, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური. დღესაც რუსეთში ქართველებისადმი ზიზღი არ არსებობს. აქვთ პრეტენზიები თურქმენებისადმი, ყირგიზებისადმი, ედავებიან აზერბაიჯანელებს ფასების გაძვირების გამო, უკრაინელებს…

_ პრეტენზიები აქვთ სააკაშვილისადმი.

_ სააკაშვილთან, ჩვენს მთავრობასთან… როგორც ყველა დიდ ქვეყანას, რუსეთს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვს, ღლავია, დამპყრობელიც, მაგრამ ამ დროს დამცველიც არის. მე მგონია, რომ რუსეთისთვის ხელის კვრით, მართლმადიდებლობის შენარჩუნებაც გაგვიჭირდება.

_ ეს ფრიად მნიშვნელოვანია!

_ ბოლო 20 წელიწადში რაც მოხდა, რუსეთის გამართლების საბაბს არ იძლევა, მაგრამ საქართველო რუსეთისთვის დიდი კულტურის ქვეყანაა და არა საჰაერო სივრცე და ტერიტორია.

ზოგიერთი პრორუსულობას მაბრალებს, მაგრამ ასეთი არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მისწავლია _ ასპირანტი ვიყავი, მიმუშავია ნოვოსიბირსკში, კურსკში, კალუგაში. რუსეთთან ომს მასთან საერთო ენის გამოძებნა გვიჯობს.

ეს ხომ აშკარაა!

რუსეთი ყოველთვის გამოგყოფს შენ, როგორც მისაღებ პარტნიორს და ახლო მეზობელს. ეს გამოვიყენოთ. ყოველ ცისმარე დღეს რატომ უნდა ულანძღო პრეზიდენტი, აკრძალო რუსული სიმღერები, სამეცნიერო ხარისხის დაცვის დროს გამოყენებულ სპეციალურ ლიტერატურაში რუსული ნაშრომების დასაშვები კვოტა დაამტკიცო და ..?!

არადა, ასეთი მეშჩანური პოზიცია აღიზიანებს იმ ქვეყანას. ღლავია _ კი, უამრავი შეცდომა დაუშვია საქართველოს მიმართ ჩვენი ისტორიის მანძილზე, მაგრამ სიკეთეც ხომ იყო მნიშვნელოვანი?

_ იყო, რა თქმა უნდა.

_ დღეს შენი ქვეყნის გადარჩენა თუ გინდა, რუსეთს ანგარიში უნდა გაუწიო. არ არის რუსეთი ანგელოზი, მაგრამ ის ამერიკელი მრჩევლებიც რომ არ არიან ანგელოზები, რომელთა მიზეზით ჩვენი ქვეყანა ამ დღემდეა მისული, ეს ხომ რეალობაა.

ამაზეა ლაპარაკი.

_ ესე იგი, თქვენ იმ აზრზე ხართ, რომ ჩვენი ხელისუფლების მცდელობა, რაც შეიძლება უკეთ შეასრულოს თავისი პატრონების მითითებები, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესების ღალატია?

_ დამღუპველია! პრაგმატულად ვიმსჯელოთ, შედეგი რა მივიღეთ? დემოკრატია? სადაა ეს დემოკრატია? ათასნაირი მაჩვენებელი არსებობს, რომლითაც დემოკრატიის ინდექსს განსაზღვრავენ სპეციალური ინსტიტუტები. ამოჩიჩქნიან რაღაც მაჩვენებლებს და გადმოგვიგდებენ, როგორც ჩვენი მაღალი რეიტინგის დადასტურებას. და სურთ, დაგვარწმუნონ, როგორ იფურჩქნება დემოკრატია საქართველოში.

ეკონომიკა გვაქვს თუ სოციალური პირობები გაგვაჩნია?! ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტი უცხოეთში გარბის, იძულებულია, გაიქცეს სამუშაოს საძებნად.

ძირითადად, სოფლებიდან გაედინება აქტიური ფენა ჩვენი თანამემამულეებისა, რომელიც მოწოდებულია, შექმნას დოვლათი.

კვიპროსზე ვიყავი ამასწინათ, გაღატაკებული, უუფლებო ქართველები ვნახე. ერთერთმა მათგანმა მითხრა, სამი თვე მამუშავა დამქირავებელმა და არაფერს მიხდის. რა ვქნა, როგორ გამოვიქცეო? უფლებააყრილები არიან. იგივე ვითარებაა ესპანეთში, სხვა ევროპულ ქვეყნებში.

საქართველოშიც ვერ ბრუნდებიან, რადგან არავითარი გარანტია არ არის, რომ ვაკანტური სამუშაო ადგილები დახვდებათ.

ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო დაცვის სამსახურში დაასაქმო, როცა რომელიმე პატარა ბიჭუნას _ პარლამენტარი იქნება თუ რომელიმე დეპარტამენტის უფროსი, ორი და სამი დამცველი დაჰყვება?!

_ ვის დაჰკარგვია, ვინ ეძებს?!

_ ვინ ერჩის?!

_ და ვაი იმ ქვეყანას, რომელშიც დიდი თუ პატარა თანამდებობის პირს თავისი მოსახლეობისგან დაცვა სჭირდება?

_ მოსახლეობის რეალური დასაქმება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში მუშაობაა.

_ როგორ აფასებთ ქართული ინტელიგენციის როლს საქვეყნო პრობლემების მოგვარებაში, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ინერტული გახდა და დაკარგა სოციალური ფუნქცია?

_ არავითარი უფლება არ მაქვს, რაიმე შენიშვნა გამოვთქვა ქართული ინტელიგენციის მისამართით, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ინტელიგენცია, რომელიც ამ დღეში ჩააგდეს, უფრო აქტიური მინდა რომ იყოს. უნდა დაძლიოს შიში. რას ელოდები? გადარჩენის შანსი ხომ გამოჩნდა, ამოიღე ხმა, როგორც ამას აკეთებენ ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი, გიგა ლორთქიფანიძე და რობიკო სტურუა, თემურ ჩხეიძე, ნოდარ მგალობლიშვილი და სხვები.

მაგრამ რა გვაბრკოლებს, იცით? სანამ შენს ბოსტანში არ ჩამოაგდებენ კენჭს, ხმას არ ამოიღებ.

ინტელიგენციას _ მსახიობი იქნება თუ რეჟისორი, მხატვარი თუ მწერალი, ექიმი, აგრონომი, მეცნიერი _ ისე იოლად ვერ გაჭყლეტენ, როგორც მეწარმეს. გამოვა ამათი მხარდამჭერების რიგებიდან ბიზნესმენი და იმდენ დანაშაულს მოუნახავენ, რომელსაც თვითონ აიძულებენ ჩაიდინოს, რომ მერე ვერავინ და ვერაფერი უშველის.

დავინახეთ გვირაბის ბოლოს სინათლე, რომელიც მანამდე არ ჩანდა?

დავინახეთ.

დავიცვათ ის ნათელი, დავდგეთ ერთად, იქნება გვეშველოს… დარწმუნებული ვარ, რომ გვეშველება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here