Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის უკანასკნელი ლაშქრობა

სააკაშვილის უკანასკნელი ლაშქრობა

989

«საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიაღწია შეიარაღების მიწოდების სრულ აღდგენას და დაპირებას, რომ ნატოში აუცილებლად მიიღებენ, და, მიუხედავად იმისა, რომ ეს მომხდარის მისეული ინტერპრეტაციაა (მას კი ინტერპრეტირება უყვარს), ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. არ გვინდა, რომ ამ ადამიანის კიდევ ერთმა ავანტიურამ სამხრეთ კავკასიაში მორიგი დესტაბილიზაცია მოიტანოს», _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ. ამავე დღეებში ერთი მეორის მიყოლებით მოდიოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი დღითიდღე ძლიერდება, ახალ ტექნიკას იღებს და, პრაქტიკულად, მუდმივი ვარჯიშის რეჟიმში გადავიდა. ბევრ ადამიანს საქართველოში დეჟავუს შეგრძნება გაუჩნდა.

ხალხი არა ხართ? მიხედეთ…

ასეთ დროს საზოგადოება, როგორც წესი, ნერვიულად კითხულობს: «სადაა მთავარსარდალი?» და აი ისიც! მთავარსარდალი იდგა მახათას მთაზე და მთელი საქართველო ხედავდა, რომ ის ვერც მოძრაობდა და ვერც თვალებს  ახელდა ნორმალურად. ძნელი სათქმელია, რამ მიიყვანა მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ის იმ დღეს ბრძანდებოდა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს; ამას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაარკვევენ. მთავარი ისაა, რომ ერმა, სავარაუდოდ, ყოვლისმომცველი შოკი განიცადა, უპირველესად, იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ დაინახა, ვის ხელშია საქართველოს ბედი მისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში.

მახათას მთაზე შექმნილი წარუშლელი შთაბეჭდილება სააკაშვილმა მომდევნო დღეებში შემდეგი ფრაზებით გაამყარა: «ლევანმა (ვარშალომიძემ) შექმნა აჭარაში საჭმელი», «ვერა ქობალიამ გამოიყვანა ამინდი», «იმათ სული ეშმაკისთვის აქვთ მიყიდული» (მათ, ვინც ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში გაჭირვებაა) და ა. შ. ამასთანავე, აშკარად ჩანდა, რომ მას სიტყვების მოძებნა და გადაბმა უჭირს. ძალიან სიმპტომატური იყო ის, რომ სააკაშვილს ამჯერად, სხვა მსგავსი ეპიზოდებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არავინ დასცინოდა, ენამახვილმა კომენტატორებმა სოციალურ ქსელებში, შესაძლოა, იგრძნეს, რომ საქმე რთულ შემთხვევასთან, ასე ვთქვათ, მენტალურ მიწისძვრასთან გვაქვს. როგორც წესი, რეაქცია ყოველივე ამაზე შემოიფარგლებოდა მოკლე ფრაზებით, რომ სააკაშვილის გარემოცვამ არ უნდა ისარგებლოს მისი მძიმე მდგომარეობით (ეს მართლაც ამორალური ჩანს), ხოლო ოჯახმა სასწრაფოდ ყურადღება უნდა მიაქციოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ჭეშმარიტების მარცვალი ამ მოსაზრებებში ნამდვილად იყო.

ვიდრე საქართველო მთავარსარდლის უცნაურ პირუეტებს აკვირდებოდა, ევრაზიის უკიდეგანო სივრცეში ჩრდილოეთიდან სამხრეთით ახალი ტექნიკით დატვირთული ეშელონები მიდიოდნენ. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის არტილერისტები (სულ ბოლო სწავლებაში 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 3 ათასამდე ერთეული სამხედრო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული) მთელი თვის განმავლობაში ზილავდნენ ტალახს პოლიგონებზე. რუსი ჯარისკაცები, რომელთაც ომი ნამდვილად ეხერხებათ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ამაზე ჩვენი პროპაგანდა (თანაც მათ, ვინც სამხრეთის ოლქში მსახურობს, ხშირ შემთხვევაში მდიდარი საბრძოლო გამოცდილება აქვთ) ახალ ტექნიკას ითვისებდნენ და მეთოდურად ემზადებოდნენ. თუმცა ეს მხოლოდ პრელუდია იყო სწავლება «კავკასია-2012»-ის წინ, როდესაც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან მოძრაობაში გაცილებით სერიოზული ძალები მოვლენ.

რუსულმა დიპლომატიამ კი დასავლეთისკენ ხელი გაიშვირა და «ჩვენ გაფრთხილებდით, ჩვენ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ» სტილში ალაპარაკდა. პრაქტიკულად, იმავე დროს, როდესაც საერთაშორისო არენაზე, იდეაში, მშვიდობის დამფრთხალი მტრედი უნდა განესახიერებია, სააკაშვილმა მილიტარისტული რიტორიკის კვირეული მოაწყო (ცნობილი პასაჟები საბრძოლო მანქანა «ლაზიკაზე», რომელზეც სერიოზული მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით არ შეიძლება და ა.შ.), რითაც, ფაქტობრივად, სერგეი ლავროვს მისი განცხადებისთვის შესაბამისი ფონი შეუქმნა.

საგულისხმოა, რომ ლავროვის განცხადებაში, აქცენტი «ერთი ადამიანის ფაქტორზე» გაკეთდა, ამასთანავე, რუსმა მინისტრმა სააკაშვილის ფსიქიკა  ახსენა. მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ ნატოში საქართველოს მომავალი გაწევრიანების შესახებ «სააკაშვილის ფსიქიკაზე იმოქმედა. მან საკუთარი დაუსჯელობა ირწმუნა», რასაც 2008 წლის ცნობილი მოვლენები მოჰყვა. თითქმის იმავე მომენტში, როდესაც ლავროვი მიანიშნებდა იმაზე, რომ სააკაშვილი ფსიქიკურად არამდგრადია და შეიძლება ახალი ომი დაიწყოს, ფიგურანტი ეკრანებზე მახათას მთაზე გადაღებულ სამარცხვინო ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა და მისი უცნაური გამომეტყველება მთელმა მსოფლიომ ნახა; მან სერგეი ლავროვს საუცხოო ფონი ამ შემთხვევაშიც შეუქმნა. პარალელურად, ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები განაგრძობდნენ სულ უფრო ხმამაღალ საუბარს იმაზე, რომ სკამის შენარჩუნებისთვის სააკაშვილმა შეიძლება შეიარაღებული პროვოკაცია მოაწყოს.

ამ ერთობ ნერვულ ვითარებაში ბუნებრივად დაიბადა ორი კითხვა: «რა უნდათ რუსებს?» და «რა უნდა სააკაშვილს?»; მათზე სწორი პასუხის მოძებნა შეიძლება არც ისე იოლი იქნეს.

დიდი ლაშქრობა სამხრეთით

არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, მიაღწია თუ არა კრემლმა საქართველოში იმას, რაც სურდა. ერთერთის თანახმად, ის მიღწეული შედეგით მეტნაკლებად კმაყოფილი უნდა იყოს, ხოლო მეორის თანახმად _ არა. სამხედრო თვალსაზრისით, რუსების მდგომარეობა იდეალურთან მიახლოებულია, საქართველოს საჰაერო სივრცე კონტროლდება სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და სომხეთში დისლოცირებული მეზენიტეების მიერ, ხოლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაგისტრალებისა და ობიექტების უმრავლესობა, მარტივად რომ ვთქვათ, «მიზანშია ამოღებული». ყოველივე ეს, პრაქტიკულად, გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ძალების გაშლას; ეს თემა ვრცლად განხილულია აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მოხსენებაში, რომელიც აგვისტოს ომის შედეგების ანალიზს მიეძღვნა.

საქართველოს გაწევრიანება ნატოში, ფაქტობრივად, ბლოკირებულია, ერთის მხრივ, ევროპელი მოკავშირეების პოზიციის, მეორე მხრივ კი, გადაუჭრელი კონფლიქტების არსებობის გამო. ამ  თვალსაზრისით კრემლი თავს ასე თუ ისე თავდაჯერებულად გრძნობს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტს, რუსეთმა საქართველოში მიიღო თითქმის ყველაფერი, რაც სურდა, და დარჩენილ მეტ-ნაკლებად ღირებულ აქტივებთან მიმართებაშიც (რკინიგზა, მაგისტრალური მილსადენი და ა. შ.) ერთ-ერთ მთავარ, თუ არა ერთადერთ, პოტენციურ მეპატრონედ განიხილება.

ამ პოზიციებზე მყოფ რუსებს, პრინციპში, არსად ეჩქარებათ. მათ, ისევე როგორც უკრაინაში, შეუძლიათ მშვიდად დაელოდონ, თუ როდის შეიცვლება ხელისუფლება თბილისში და მასთან კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობა დაიწყონ, რათა თანდათან ნულამდე დაიყვანონ ის დისკომფორტი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო არენაზე შეექმნათ. ეს, მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, გაცილებით პრაგმატულია, ვიდრე თბილისზე მარშის მოწყობა და XXI საუკუნეში გაეროს წევრი სახელმწიფოს სრული ოკუპაცია, მისგან გამომდინარე ნეგატიური შედეგებითა და ვალდებულებებით, მაგრამ მთელ ამ სიტუაციაში არის ერთი «მაგრამ»…

ბოლო დროს გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში გაჩნდა საკითხი, რომელიც 30 წლის განმავლობაში რეალურად არ დამდგარა _ ირანის ისლამურ რესპუბლიკას სავსებით ხელშესახები საფრთხე დაემუქრა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებს ის საბოლოოდ დასავლური სახელმწიფოების ინტერვენციის თუ მათ მიერ მხარდაჭერილი რევოლუციის სახეს, უბრალოდ, წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სიტუაცია, როდესაც ჩრდილოეთ ირანს ამერიკელები აკონტროლებენ, უფრო სწორად, მათ მიერ თეირანში დასმული მარიონეტები ან (ქვეყნის დანაწევრების შემთხვევაში) საგანგებოდ შექმნილი, ერაყის ქურთისტანის მსგავსი დე ფაქტო დამოუკიდებელი წარმონაქმნის ბელადები. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ ირანი გახდება პლაცდარმი შეღწევისთვის ყოფილი სსრკ-ის შუა აზიის რესპუბლიკებში, ამასთანავე, მასზე შეიძლება გაიაროს მილსადენებმა ცენტრალური აზიის ენერგომატარებლებისთვის. ასეთი პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაამყარებს პოზიციებს სამხრეთით, როგორც ამიერკავკასიის, ისე ცენტრალური აზიის ფლანგზე, ამ ზონებში მისი გავლენის მკვეთრ დასუსტებას მოასწავებს.

დღეს საუბარი, სავარაუდოდ, ეხება არა ისეთ «წვრილმანებს», როგორიცაა სომხეთში გიუმრის ბაზის მომარაგება ან თუნდაც «აზერბაიჯანისთვის დასავლეთის მიმართულების ბლოკირება», არამედ _ «დიდ თამაშს», იმ პრიზებს, რომლებიც მოსკოვმა მასში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოიპოვა და სახეცვლილი ფორმით, მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად, დღესაც ინარჩუნებს.

აღმოსავლეთიდან კიდევ ერთი კონკურენტი მოდის. ჩინეთი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ყირგიზეთში გაიყვანოს სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც მას (უზბეკეთთურქმენეთის გავლით) ირანთან დააკავშირებს. ამ პროექტის წარმატებული განხორციელების შემთხვევაში ეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარღვევა იქნება, რომელიც როგორც შტატებს, ისე რუსეთს დააზარალებს. ჩინელებს აქვთ ყველა რესურსი, გარდა დროისა, ისინი «სათამაშო მაგიდასთან» 5-6 წლით აგვიანებენ. ეს პარადოქსულად მოაგონებს ასი წლის წინანდელ სიტუაციას, როდესაც კაიზერის გერმანიას «ბაღდადის რკინიგზა» გაჰყავდა, ხოლო რუსეთი და დიდი ბრიტანეთი 1907 წლის შეთანხმებას დებდნენ, რომლის თანახმად, სპარსეთის ჩრდილოეთი პეტერბურგის, ხოლო სამხრეთი ლონდონის გავლენის სფერო გახდა. განმეორდება თუ არა ისტორია?

1921 წლის რუსეთ-სპარსეთის ხელშეკრულების მე-6 პუნქტი მოსკოვს ირანში ჯარის შეყვანის უფლებას აძლევს თუ (ციტატა, რომელშიც «სპარსეთი» ჩანაცვლებულია «ირანით», ხოლო «საბჭოთა რუსეთის» ნაცვლად «რუსეთი» გამოიყენება) «მესამე ქვეყნების მხრიდან ადგილი ექნება შეიარაღებული ჩარევის გზით ირანში დამპყრობლური პოლიტიკის წარმოებას, ან ირანის ტერიტორიის გადაქცევას რუსეთის საწინააღმდეგო სამხედრო გამოსვლების ბაზად, თუ ამ დროს საფრთხე დაემუქრება რუსეთის ან მისი მოკავშირე ქვეყნების საზღვრებს და თუ ირანის მთავრობა რუსეთის მთავრობის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ ამ საფრთხის გაუვნებელყოფას ვერ შეძლებს…» 1979 წლის ნოემბერში ხომეინის ირანმა ამ ხელშეკრულების მე-5 და მე-6 პუნქტები ძალადაკარგულად გამოაცხადა (აღსანიშნავია, რომ ფრიად პროამერიკულ შაჰს ეს არ გაუკეთებია), მაგრამ თუ ხვალ დასავლური ინტერვენციის დაწყების პირობებში ირანულ სახელმწიფოს სრული კრახის საფრთხე დაემუქრება და ამ ქვეყნის  ხელისუფლება გამოაცხადებს, რომ 1921 წლის ხელშეკრულებას სრული მოცულობით აღიარებს (ან მოხდება სხვა ფორს-მაჟორული ცვლილებები), რუსებს ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში შესვლის და იქ უსაფრთხოების ზონების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ, სამართლებრივი საფუძვლით, მოსახლეობის დაცვის საბაბით, გაშლილი დროშებით, ადგილობრივების კეთილგანწყობის პირობებში. დღეს ეს სცენარი გეოპოლიტიკურ ფანტასტიკას ჰგავს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ასეა თუ ისე, ახლო მომავალში ფიქრი თურქმენეთის სამხრეთ საზღვარზე, აზერბაიჯანზე და მთელ რიგ თანმდევ პრობლემებზე კრემლს სულ უფრო ხშირად მოუწევს.  

 

უკანასკნელი ვირაჟი გუგულის ბუდის თავზე

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ სპარსულ სცენაზე ძველი რუსულბრიტანული კომბინაციების «რიმეიქსს» არ ვიხილავთ, ახალი რეალობა, რომელიც «დიდ აღმოსავლეთში» იქმნება, მოსკოვს უბიძგებს სამხრეთით, როგორც კავკასიის, ისე შუა აზიის მიმართულებით პოზიციები გააძლიეროს. წინსვლას კი (სამხედრო იქნება ის, ეკონომიკური თუ ნებისმიერი სხვა მომარაგების ხაზები) საიმედო კომუნიკაციები სჭირდება. ამ მხრივ საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობა გააჩნია.

და სწორედ ამ მომენტში, როდესაც ფიქრი სამხრეთის მიმართულებაზე და იქ შექმნილ ახალ გამოწვევებზე კრემლში, სავარაუდოდ, დომინანტური ხდება, ესტრადაზე გამოდის ადამიანი სახის უცნაური გამომეტყველებით და მეტად ექსტრავაგანტური მოტივებით. ყველაზე მეტად დღეს სააკაშვილს არ უნდა ხელისუფლებიდან ხალხის მიერ გაძევებული დიქტატორის სახელით წავიდეს. მისთვის გაცილებით მიმზიდველია თავშესაფარი დასავლეთში იმპერიასთან მებრძოლი რაინდის, დევნილი  პრეზიდენტის სტატუსით მიიღოს. მას, სავარაუდოდ, ურჩევნია, რომ მისი მოღვაწეობის შედეგი შეფასდეს არა როგორც «დიქტატორის მძიმე მემკვიდრეობა», არამედ როგორც «ჩექმით გათელილი ვარდისფერი ოცნება».

ცხადია, ომი (ან თუნდაც შეიარაღებული პროვოკაცია) არ არის პინგ-პონგის თამაში, რომელიც შეიძლება მაშინვე დაიწყო, როგორც კი მოგეხასიათება; თუ ამერიკელები ამ მიმართულებით სააკაშვილის შეჩერებას განიზრხავენ, ისინი ამას მოახერხებენ. მაგრამ სად მივდივართ იმ შემთხვევაში თუ ისინი ამას არ გააკეთებენ? კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი რეგიონის რუკას და დავფიქრდეთ იმაზე, რომ ძია სემის მოტივები და გათვლები შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უპირველესად, ალბათ, ის გარემოება უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკელებს რუსები სჭირდებათ როგორც მოკავშირეები ჩინეთის წინააღმდეგ და ყველაფერი დანარჩენი, პრინციპში, ამ გლობალური ამოცანის გადაწყვეტას ექვემდებარება.

ჩვენზე კი ამ სიტუაციაში ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული, გარდა იმისა, რომ (შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში) შეგვიძლია ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალუძს, ქვეყანა წარმოუდგენლად სახიფათო ავანტიურაში ჩაითრიოს. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საგარეო პოლიტიკა ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესებზე ან სულაც ბუნდოვან ფსიქოლოგიურ მოტივებზე დააფუძნოს; კაცმა რომ თქვას, ამის ფუფუნება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

დიმიტრი მონიავა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here