Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერალიზმის დასასრული და უკანასკნელი ლიბერალი

ლიბერალიზმის დასასრული და უკანასკნელი ლიბერალი

1534

1992 წელს ფრენსის ფუკუიამამ გამოაქვეყნა წიგნი «ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი», რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთადერთი საშუალებაა. ისტორია დასრულდა. ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ყველა ცივილიზაცია დაკარგავს იდენტობას და განთავისუფლდება ნაციონალიზმის ნარჩენებისგან.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ჩვენ რომ ბავშვობაში გვასწავლიდნენ – XXI საუკუნეში ადამიანს დიდი თავი, პატარა სხეული და ერთი თითი ექნება ღილაკზე დასაჭერადო (დანარჩენი უსარგებლობის გამო უნდა გადაგვარებულიყო). XXI საუკუნეც დადგა, მაგრამ დარვინის დაჩქარებული ევოლუციისგან ღმერთმა დაგვიფარა.

ღმერთმა მაშინაც დაგვიფარა, როცა გლობალიზაციას, ის-ის იყო, უნდა გადაეყლაპა საქართველო. რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება, სწორედ გლობალიზაციის გახანგრძლივებული პანაშვიდია. კაცი, რომელიც ისტორიის დასასრულს წინასწარმეტყველებდა, დღეს ლიბერალიზმის საპირწონე მემარცხენე იდეოლოგიის არარსებობაზე ჩივის. ეს იგივეა, კარლ მარქსს რომ რომელიმე მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციის ტოპ-მენეჯერად მუშაობა მოენდომებია.

სულ ახლახან ფრენსის ფუკუიამამ ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოაქვეყნა სტატია «გადაიტანს თუ არა ლიბერალური დემოკრატია საშუალო კლასის დაცემას», რომელსაც იგი ასე იწყებს: «მსოფლიოში რაღაც უცნაური ხდება. 2008 წელს დაწყებული გლობალური ფინანსური კრიზისიც და ევროს მიმდინარე კრიზისიც ბოლო 30 წელიწადში ჩამოყალიბებული, სუსტად რეგულირებადი ფინანსური კაპიტალიზმის ფუნქციონირების შედეგია. და მაინც, მიუხედავად უოლსტრიტის გადარჩენისკენ მიმართული ზომებით ფართო გაღიზიანებისა, ამერიკაში მემარცხენე პოპულიზმის ზრდა არ შეიმჩნევა».

ამის მიზეზს ფუკუიამა იმაში ხედავს, რომ მემარცხენეები იდეების ნაკლებობას განიცდიან და ძველი სოციალ-დემოკრატიის გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ. ასეც რომ იყოს, ლიბერალური დემოკრატია კიდევ უფრო «ძველია», ხოლო ისევ დარვინს თუ მოვიშველიებთ, გამოდის, რომ ევოლუციის უფრო მაღალი საფეხური _ სოციალიზმი გადაგვარდა, ხოლო უფრო დაბალი საფეხური _ კაპიტალიზმი ევოლუციის გვირგვინად იქცა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანი გადაგვარდეს, ხოლო მაიმუნი, რომლისგანაც ის წარმოიშვა (ლიბერალებს ასე სწამთ) _ სამყაროს გვირგვინად იქცეს.

ფუკუიამას თეზისი ისტორიის დასასრულისა და სამარადჟამო კაპიტალიზმის დამყარების შესახებ იმთავითვე ხელოვნური იყო, რადგან ოდენ ლიბერალური დემოკრატიის რწმენას ეფუძნებოდა. რწმენის საკითხებზე კი, როგორც მიღებულია, არ უნდა იდავო. თუმცა იგივე ფუკუიამა ისტორიის დასასრულთან ერთად ნაციონალიზმისა და რელიგიის დასასრულსაც გვამცნობდა: «ისინი, ვინც აცხადებენ, ნაციონალიზმი მეტისმეტად ძლიერი სტიქიური ძალაა და მას ეკონომიკურ პირად ინტერესთან შეწყვილებული ლიბერალიზმი ვერ მოერევაო, მინდა შევახსენო, რა ბედი ეწია ორგანიზებულ რელიგიას, აღიარების იმ ძირითად ფორმას, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებდა ნაციონალიზმს. იყო დრო, როცა რელიგია უმთავრეს როლს თამაშობდა ევროპულ პოლიტიკაში, როცა პროტესტანტები და კათოლიკეები პოლიტიკურ ფრაქციებში ირაზმებოდნენ და სექტანტურ ომებში აჩანაგებდნენ ევროპის სიმდიდრესევროპაში ლიბერალიზმმა დაამარცხა რელიგია. ლიბერალიზმთან საუკუნეების მანძილზე დაპირისპირების შემდეგ რელიგია იძულებული გახდა, შემწყნარებლობის ხელოვნებას დაუფლებოდაშეიძლება ითქვას, რომ რელიგიამ პირად ცხოვრებაში გადაინაცვლა, შეიძლება ისიც კი მოგვეჩვენოს, რომ საერთოდ გაემიჯნა კიდეც მეტნაკლები თანმიმდევრულობით ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებას».

ოცი წელი გამოხდა და ცხოვრებამ აჩვენა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფუკუიამა წინასწარმეტყველებდა. ისინიც აჩქარდნენ, ვინც მარქსის «კაპიტალი» მოისროლა და თაროზე მის ნაცვლად ფუკუიამას თანამედროვე ლიბერალიზმის ლამის ბიბლიად გამოცხადებული ნაშრომი დაასვენა. საბჭოთა კავშირის დაშლით შთაგონებული ფუკუიამა იმდენად შეაძრწუნა «გამარჯვებული ლიბერალიზმის» სახემ, რომ 2008 წელს დაწერა: «როცა ისტორიის დასასრულზე ვწერდი (თითქმის 20 წლის წინ), აზრადაც არ მომსვლია, რა დონეზე შეცვლიდა სიტუაციას ამერიკის მცდარი შეფასებები და ქმედებანი _ მიგვიყვანდა იქამდე, რომ ანტიამერიკანიზმი გლობალური პოლიტიკის ძირითად ტენდენციად იქცეოდა».

ამ მოვლენას მან «სტრუქტურულ ანტიამერიკანიზმი» უწოდა და მისი ცოდვა მთლიანად ჯორჯ ბუშ-უმცროსს აჰკიდა.

უმცროსი ბუში რა ხვითოც ბრძანდება, მსოფლიომ კარგად დაინახა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ერთადერთი ზესახელმწიფოს ლიდერი ავსტრიასა და ავსტრალიას ერთმანეთისგან ვერ არჩევდა! თუმცა პრობლემა სწორედ იდეოლოგიაშია და არა რომელიმე ბუშში. იდეოლოგია კი დამარცხდა და აღმოჩნდა, რომ ისტორია გრძელდება. ისტორიას არც ფუკუიამა ივიწყებს და უკანასკნელ სტატიაში მისეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:  

«ევროპაში მოსახლეობის დიდი ნაწილის გამოთიშვამ პოლიტიკური პროცესიდან და მუშათა კლასის ზრდამ მარქსიზმს მოუმზადა ნიადაგი. დემოკრატიულ მოძრაობაში დაიწყო ბრძოლა ლიდერობისთვის კომუნისტებსა და ლიბერალურ დემოკრატებს შორის. კომუნისტები მზად იყვნენ, უარი ეთქვათ პროცედურულ დემოკრატიაზე (მრავალპარტიული არჩევნები) შინაარსობრივი დემოკრატიის სასარგებლოდ (ეკონომიკური გადანაწილება), ხოლო ლიბერალდემოკრატებს სწამდათ პოლიტიკაში გაფართოებული მონაწილეობა და კანონის უზენაესობა, რომელიც დაიცავდა ინდივიდუალურ უფლებებს, კერძო საკუთრების უფლების ჩათვლით».

ფუკუიამას იოზეფ შუმპეტერის მოსაზრება მოაქვს, რომელიც 1942 წელს გამოცემულ წიგნში «კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია» არის გამოთქმული. შუმპეტერი, რომელიც უაღრესად აღიარებული მეცნიერია, მიიჩნევდა, რომ საბოლოო ჯამში სოციალიზმი გაიმარჯვებს, რადგან იგი უდიდესი უმრავლესობის ნებასა და ინტერესებს გამოხატავს. თუმცა ფუკუიამა ცდილობს, ახსნას, რატომ მოხდა ისე, რომ «უდიდესი უმრავლესობის ნებისა და ინტერესების გამომხატველი» იდეოლოგია დამარცხდა და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ახსნას იმაში პოულობს, რომ მუშათა კლასის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა და მუშები ან მათი შვილები საშუალო კლასში გადავიდნენ!

ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, რომ განვითარებულ ქვეყნებში მუშათა კლასის მიმართ დათმობები იძულებითი იყო და ამას საბჭოთა კავშირის არსებობა განაპირობებდა. არც იმაზე ამბობს რამეს ფუკუიამა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ საყოველთაოდ პოპულარული სოციალისტური იდეების წინააღმდეგ იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებში იდეოლოგიური და პოლიციური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა. მაკკარტიზმი მხოლოდ აისბერგის ხილული მწვერვალი იყო, ხოლო სიღრმეში პროცესები კიდევ უფრო დრამატულად ვითარდებოდა.

ნეოკონსერვატიზმი, რომლის მოკლე კურსი საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გაიარა და რომლის დამკვიდრებასაც ლამობს, ბუნებრივად ან შემთხვევით დაბადებული იდეოლოგია როდია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში გააცნობიერეს, რომ, თუ მარქსიზმის, როგორც უნივერსალური და მომხიბლავი მოძღვრების საპირწონე არ შეიქმნებოდა, ადრე თუ გვიან, ამერიკული სისტემის ყოფნა-არყოფნის საკითხი მთელი სიმწვავით დადგებოდა. არც ის არის შემთხვევითი, რომ შემდგომ «ნეოკონსერვატორთა» სახელით ცნობილი თეორეტიკოსების დიდი ნაწილი მანამდე სტალინისტი ან ტროცკისტი იყო. სწორედ ისინი «დაასაქმეს» ახალი იდეოლოგიის შესაქმნელად.

ფუკუიამა თავად წერდა ამის შესახებ წიგნში «ამერიკა გზაგასაყარზე»: «ნეოკონსერვატიზმის საწყისები უნდა ვეძიოთ ინტელექტუალთა (უპირატესად ებრაული წარმოშობის) შესამჩნევი ჯგუფის მოღვაწეობაში, რომელიც 1930-40-იანი წლების მეორე ნახევარში ნიუ იორკის საქალაქო კოლეჯში სწავლობდნენ. ყველანი მუშათა კლასიდან, ემიგრანტთა ოჯახებიდან გამოვიდნენ. ისინი საქალაქო კოლეჯის სტუდენტები იყვნენ, რაკი კოლუმბიისა და ჰარვარდის მსგავსი ელიტური უნივერსიტეტების კარი მათთვის დახურული იყო. მაშინაც, როგორც ახლა, მსოფლიოში მწვავე პოლიტიკური კრიზისი იყო, საქალაქო კოლეჯის სტუდენტები პოლიტიზებულნი იყვნენ და მემარცხენე შეხედულებებისკენ იხრებოდნენ. საქალაქო კოლეჯის კაფეტერიის პირველი ლოჟა ტროცკისტული იყო, ხოლო მეორე ლოჟასტალინური».

ამ ამონარიდის ავტორმა არ შეიძლება, არ იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში. ორ ლოჟას შორის საბოლოოდ პირველმა _ ტროცკისტულმა გაიმარჯვა და ამიტომაც ვცხოვრობთ «პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის» პირობებში. უბრალოდ, ამ რევოლუციებს «ფერადი» სახელები ეწოდება, შინაარსით კი ტროცკისტულია, შესაბამისად _ ანტისტალინური. ამიტომაც ინერგება ახალი მითოლოგემა: ტერორის მამა _ ტროცკი უცოდველი კრავია, ხოლო სტალინი _ სისხლისმღვრელი ტირანი.

თუმცა კვლავ ფუკუიამას და საშუალო კლასს მივუბრუნდეთ. მარქსი მიიჩნევდა, რომ კაპიტალის მფლობელი ფენა, რომელსაც იგი ბურჟუაზიას უწოდებდა, ყოველთვის მცირერიცხოვანი იქნებოდა. ამის ნაცვლად, ფუკუიამა აღწერს ვითარებას, როცა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში უმრავლესობა სწორედ «ბურჟუაზია» გახდა. ამიტომ, ფუკუიამას აზრით, მარქსიზმის მომხიბვლელობამ დნობა დაიწყო.

არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ და რის ხარჯზე შეძლეს განვითარებულმა ქვეყნებმა ის, რომ თითქმის მთელი მათი მოსახლეობა საშუალო კლასად გადაიქცა! ეს ხომ იმ მძარცველური პოლიტიკის შედეგი იყო, რომელიც ქვეყნებისა და მთელი რეგიონების გაღატაკების ხარჯზე უზრუნველყოფდა მათ «განვითარებას»! ფუკუიამა არც იმას ამბობს, თუ რა გიგანტური ძალისხმევა იყო მიმართული სოციალისტური ბანაკის დასაშლელად და რა იყო ამის მიზანი, თუმცა რიგითობით მივყვეთ:

ტელევიზიის იდეოლოგიურ იარაღად გამოყენება საქართველოს «რევოლუციურმა» ხელისუფლებამ კომუნისტებისგან როდი ისწავლა; ამგვარი იარაღი სწორედ კომუნისტების წინააღმდეგ გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა და ერთობ შედეგიანადაც. რაკი ამ სტატიაში ფუკუიამას ირგვლივ ვტრიალებთ, ისევ მისი სიტყვები მოვიხმოთ: «ცივი ომის პერიოდში ბევრი აკნინებდა იდეოლოგიურ ბრძოლაში ისეთი ორგანიზაციების როლს, როგორიც იყო «რადიო თავისუფლება», «რადიო თავისუფალი ევროპა», «ამერიკის ხმა» და სხვ., მაგრამ აღმოჩნდა, რომ სატანკო დივიზიებსა და ბირთვულ ქობინთა გარდა ისინიც საჭირო ყოფილან _ თუნდაც დემოკრატიის თავად იდეის შესანარჩუნებლად აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში».

ასე რომ, სიტყვა «დემოკრატიას», რომელმაც ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობისთვის უკვე საძულველი შინაარსი მიიღო, საბჭოთა კავშირში იდეის დონეზე სწორედ იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალებები ინარჩუნებდნენ! დაახლოებით ისევე, როგორც ლიბერალური დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ქართველი აპოლოგეტები ნერგავენ ლიბერალიზმს ჟურნალების «ტაბულისა» და «ლიბერალის» საშუალებით, რომელთა მაღალპოლიგრაფიული გამოცემები უხვი დოტაციის წყალობით სულ რაღაც ერთი ლარი ღირს.

რაც შეეხება მიზანს, თუ რას ემსახურებოდა სოციალისტური ბანაკის განადგურება, ამას ახლა უკვე მხოლოდ ისინი ვერ ხვდებიან, ვისაც ამის მიხვედრა ხელს არ აძლევს; მიზანი იმ უზარმაზარი სიმდიდრის ხელში ჩაგდება იყო, რომელიც მანამდე ხალხს ეკუთვნოდა. ნედლეულსაც რომ თავი დავანებოთ, განვითარებულმა ქვეყნებმა უზარმაზარი ბაზარი მოიპოვეს.

ენდრიუ ჰეივუდი, წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგი, წერს: «კაპიტალიზმი, როგორც მსოფლიო სისტემა, არ ყოფილა ყოველმხრივ განხილული მანამ, სანამ არ გამოვიდა ლენინის წიგნი «იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია». იგი ცდილობდა, დაემტკიცებია, რომ კაპიტალის გასვლა ნაციონალურ საზღვრებს მიღმა განპირობებულია მისი სწრაფვით, შეინარჩუნოს მოგების ნორმა კაპიტალის ექსპორტის გზით, ეს კი, თავის მხრივ იწვევს კაპიტალისტური სახელმწიფოების შეჯახებას, რის შედეგიც აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომი _ იმპერიალისტური ომი, რადგან იგი მიმდინარეობდა კონტროლისთვის კოლონიებზე აფრიკაში, აზიაში და სხვ

დღეს დასავლეთის ნეომარქსისტები მიიჩნევენ, რომ ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა არა მარტო გამოდევნეს სუვერენული სახელმწიფოები მსოფლიო პოლიტიკის არენიდან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ფუნქციონირებენ იმ სისტემის ჩარჩოებში, რომელიც გლობალური კაპიტალიზმის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება. მათი შეხედულებით, მსოფლიო გაიყო «ბირთვად» და «პერიფერიად». «ბირთვი» განვითარებული დასავლეთია, ხოლო «პერიფერია» _ მესამე სამყარო, რომელიც იაფი მუშახელისა და ნედლეულის წყაროს წარმოადგენს.

დღეს დასავლეთში კარლ მარქსსაც კი უფრო გლობალიზაციის პირველ თეორეტიკოსად მიიჩნევენ, ვიდრე კლასობრივი ბრძოლის იდეოლოგად. ჯ. ჰობსონი და ვ. ლენინი 100 წლის წინ ყურადღებას კაპიტალიზმის და იმპერიალიზმის შინაგან ერთობაზე ამახვილებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციას მისი აპოლოგეტები რევოლუციურ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ძალად წარმოაჩენენ, ბევრი ექსპერტის შეფასებით, გლობალიზაცია მხოლოდ იდეოლოგიურ საფარველს წარმოადგენს იმ თეორეტიკოსებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ნეოლიბერალურ ეკონომიკას ქადაგებენ, სინამდვილეში კი დიდი ბიზნესის ინტერესებს ემსახურებიან. მათთვის მეტისმეტად ხელსაყრელია მიმდინარე უმძიმესი პროცესების რაღაც უსახო გლობალიზაციის ხარჯზე «ჩამოწერა», რათა არ გამოჩნდეს დიდი ბიზნესი, რომლის ინტერესებსაც ეს ყველაფერი ემსახურება.

გლობალიზაცია «მოგებულთა» და «წაგებულთა» ბრძოლას დაემსგავსა, სადაც მოგებულები ტრანსნაციონალური კომპანიები და განვითარებული სახელმწიფოები არიან აშშ-ის თამადობით, ხოლო წაგებულები _ განვითარებადი ქვეყნები. თუმცა ისევ ლენინს მივუბრუნდეთ: «იმპერიალიზმი არის კაპიტალიზმი განვითარების იმ სტადიაზე, როცა ჩამოყალიბდა მონოპოლიებისა და ფინანსური კაპიტალის ბატონობა, ხოლო კაპიტალის გატანამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, დაიწყო მსოფლიოს დანაწილება საერთაშორისო ტრესტების მიერ და ეს დანაწილება დასრულდა დედამიწის მთელი ტერიტორიის გაყოფით უმსხვილეს კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის».

თანამედროვეობის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი მკვლევარი, სამუელ ჰანტინგტონი კი ამბობს: «დეკოლონიზაციის შემდგომ… ტრადიციული ტერიტორიული იმპერია შეცვალა ტრანსნაციონალურმა იმპერიალიზმმა».

ეს ყველაფერი ფრენსის ფუკუიამამ შესანიშნავად იცის, მაგრამ მისი საზრუნავი სულ სხვაა. თუმცა ჯერ ის დავასრულოთ, რაც ფუკუიამამ იცის, მაგრამ ჩვენს მკითხველს, კარგა ხანია, დაავიწყეს; უკანასკნელ წლებში მოვლენათა განვითარებით უკმაყოფილო ფუკუიამა ნეოკონსერვატორებს დაშორდა და ახლა «რეალისტურ ვილსონიანობას» ქადაგებს. ვნახოთ, რას ქადაგებდა თავად ვუდრო ვილსონი, აშშის პრეზიდენტი: «მას შემდეგ, რაც ვაჭრობა აღარ ანიჭებს მნიშვნელობას ნაციონალურ საზღვრებს, ხოლო მწარმოებელი დაჟინებით მოითხოვს, რომ მთელი მსოფლიო ბაზრად იქცეს, მისი ეროვნული დროშა მას უნდა მიჰყვებოდეს, ხოლო იმ ერთა კარი, რომელიც მის წინაშე დაიხურება, უნდა შეიმსხვრეს. სახელმწიფო მინისტრები უნდა იცავდნენ კონცესიებს, რომლებიც კომერსანტების მიერ იქმნება მაშინაც კი, თუ არაკეთილმოსურნე ერების სუვერენიტეტი ამ პროცესში უხეშად დაირღვევა.

 ჩასახლებულთა კოლონიები უნდა შეიქმნას, რათა დედამიწის არც ერთი სასარგებლო კუთხე არ გამოგვრჩეს ან გამოუყენებელი არ დაგვრჩეს».

რამდენი ერის კარები შეამსხვრია თუნდაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ყველამ ვნახეთ. კარის შემსხვრევის ფორმალური საბაბი კი დემოკრატიაა, თანაც _ ლიბერალური! ახლა _ ფუკუიამას საზრუნავის შესახებ: იგი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ურთიერთკავშირი ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ცვლილებებსა და ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის ზეობას შორის. ამავე დროს კონკურენტუნარიან იდეოლოგიური ალტერნატივას იგი ვერ ხედავს. ზოგიერთი საგანგაშო ეკონომიკური და სოციალური ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიების სტაბილურობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და, რაც მთავარია, დემოკრატიული იდეოლოგიის მითი შეიძლება დაიმსხვრეს.

ამავე დროს ფუკუიამა იმ ძირითად მიზეზებზეც მიუთითებს, რამაც მიიყვანა ამერიკის შეერთებული შტატები კრიზისამდე. მისი სიტყვებით, დღეს ამერიკელები იაფი მობილურებითა და ტანსაცმლით სარგებლობენ, მაგრამ საკუთარი სახლის, სამედიცინო დაზღვევის და საკმარისი პენსიის საშუალებას მოკლებულნი არიან. ამერიკაში კიდევ უფრო გაიზარდა უთანასწორობა: თუ 1974 წელს უმდიდრესი ოჯახების ერთმა პროცენტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტის ოდენობის შემოსავალი მიიღო, 2007 წელს ეს წილი 23,5 პროცენტამდე გაიზარდა.

ფუკუიამა ადასტურებს, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც საშუალო კლასი დააზარალა, გლობალიზაციაა. სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის ხარჯების გაიაფებამ, გლობალურ შრომით რესურსებთან განვითარებადი ქვეყნების ასობით მილიონი მშრომელის მიერთებამ განაპირობა ის, რომ სამუშაო ადგილებმა იქ გადაინაცვლა, სადაც მუშახელი უფრო იაფია, ხოლო ძველმა საშუალო კლასმა სამუშაო დაკარგა.

და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ფუკუიამამ ხმამაღლა თქვა ის, რის თქმისთვისაც, სულ ცოტა, «შეთქმულების თეორიიის» აპოლოგეტებად გვნათლავდნენ: «ახალი წესრიგის სიკეთეები კონცენტრირებულია ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში, ფინანსებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და ამ ადამიანთა ინტერესები დომინირებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ზოგადპოლიტიკურ დისკუსიებში».

პრობლემის თავი და თავი სწორედ ეს არის: თუკი ერთი მუჭა მდიდარი ადამიანები საქვეყნო სიკეთის თითქმის მეოთხედს მოიხმარენ, თუკი გლობალური მედიაც და ფულიც მათ ხელშია, ცხადია, ისინი საკუთარი გაბატონებული მდგომარეობის წინააღმდეგ მიმართულ იდეოლოგიას არც დააფინანსებენ და არც ტირაჟირების საშუალებას მისცემენ! სამაგიეროდ, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება მემარცხენე იდეოლოგიის და მისი გამტარებელი ლიდერების მარგინალიზებას ემსახურება. მაგალითად მხოლოდ უგო ჩავესიც იკმარებდა, რომელმაც ვენესუელის ბუნებრივ სიმდიდრეს დაპატრონებული კორპორაციები ქვეყნიდან გააძევა და ნავთობის შემოსავლებს საკუთარ ხალხს ახმარს. ამიტომ აცხადებენ მას მარგინალად, მაგრამ ხალხი საკუთარ ლიდერს მხარს უჭერს და მის წინააღმდეგ არაფერი გამოუვიდათ, როგორც ფიდელ კასტროს შემთხვევაში.

მემარცხენეობა არ მომკვდარა, უბრალოდ, მაშინაც კი, როცა ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერები იძულებულნი არიან, აშკარად მემარცხენე ზომები გაატარონ საკუთარი მოსახლეობის მხარდასაჭერად, ისინი ამას მემარჯვენე რიტორიკით ფუთავენ, რომ «ბაზრის ფუნდამენტალისტებმა» (სხვათა შორის, სოროსის ტერმინია) მარგინალი არ უძახონ. დღეს ფუკუიამას უკვე მიაჩნია, რომ დამაჯერებელი პროგრესული კონტრნარატივის არარსებობა სახიფათოა, რადგან კონკურენცია ინტელექტუალურ დებატებზეც ისეთივე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, როგორც ეკონომიკაზე. ინტელექტუალური დებატები კი აუცილებელია, რადგან «გლობალიზებული კაპიტალიზმის დღევანდელი ფორმა ანადგურებს საშუალო კლასის სოციალურ ბაზას, რომელზეც ლიბერალური დემოკრატია დგას».

ერთი სიტყვით, გლობალიზებული კაპიტალიზმი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. ნურც სიტყვა «კლასი» მოგჭრით ყურს, ფუკუიამა არა მარტო ოპერირებს ამ ტერმინით, არამედ თავად კარლ მარქსსაც იმოწმებს: «საზოგადოებრივი ძალები და ვითარება არა მხოლოდ განსაზღვრავს იდეოლოგიებს, როგორც ოდესღაც კარლ მარქსი ამტკიცებდა, არამედ იდეები ვერ ხდება ძალმოსილი, თუ ისინი ჩვეულებრივი ადამიანების დიდი რაოდენობის საჭიროებებისკენ არ არის მიმართული. ლიბერალური დემოკრატია დღეს მსოფლიოში ძირითადი იდეოლოგიაა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ იგი პასუხობს ამა თუ იმ სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურების მოთხოვნებს და მათ მიერაა მხარდაჭერილი. ცვლილებებმა ამ სტრუქტურებში შეიძლება იდეოლოგიური შედეგები მოიტანოს, ისევე, როგორც იდეოლოგიურ ცვლილებებს, თავის მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.

მარქსს მიაჩნდა, რომ საშუალო კლასი, ან კაპიტალის მფლობელი ფენა, რომელსაც იგი ბურჟუაზიას უწოდებდა, ყოველთვის იქნება მცირერიცხოვანი, პრივილეგირებული უმცირესობა. ამის ნაცვლად ბურჟუაზია და საშუალო კლასი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობად იქცა, რაც სოციალიზმისთვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა».

ფუკუიამა იქვე განმარტავს, რომ საშუალო კლასად მიიჩნევს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი შემოსავლებით არც საზოგადოების მწვერვალზე არიან და არც ფსკერზე, რომელთაც აქვთ საშუალო განათლება მაინც და ფლობენ უძრავ ქონებას, ხანგრძლივი სარგებლობის ნივთებს ან საკუთარ ბიზნესს. თუ არ ჩავთვლით «საკუთარ ბიზნესს», ყველაფერი ეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს სწორედაც რომ ჰქონდათ, ოღონდ ლიბერალური დემოკრატიის ჯუნგლებში დაბრუნების შემდეგ დაკარგეს.

მთავარი, ფუკუიამას აზრით, ის არის, რომ ახალი იდეოლოგია არ უნდა დაიწყოს კაპიტალიზმის გაკიცხვით. შეიძლება მხოლოდ მის კორექციაზე საუბარი და მსჯელობა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო საზოგადოებას ცვლილებებთან შეგუებაში. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი, რომელსაც საბჭოთა კავშირს უწუნებდნენ, აუცილებელი აღმოჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ ერეტიკულად გამოცხადებული აზრი იმის შესახებ, რომ გლობალიზაციას პოლიტიკური კონტროლი ესაჭიროება, ფუკუიამამ უკვე გამოთქვა. იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ინტერესთა ჯგუფების გავლენა სახელმწიფოზე (იგულისხმეთ ტრანსნაციონალური კორპორაციები) უნდა აღიკვეთოს, ხოლო საზოგადოებრივი სიკეთეები გადანაწილდეს.

ეს ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველი ამბავია. ვინც საბჭოთა კავშირში გაიზარდა, ეს კარგად ახსოვს. 20 წლის განმავლობაში სოციალურ დარვინიზმში გადაგდებული ადამიანები, ალბათ, გაოცებით აღმოაჩენენ, რომ სოციალურ სიკეთეთა გადანაწილება არცთუ ისე ცუდი ყოფილა. მაშინ რას ერჩოდნენ საბჭოთა კავშირს? სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ზოგადი პასუხები არ მიიღება, რადგან მისი ნამდვილი ფასი ჩვენმა მოსახლეობამ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ კარგად დაინახა.

ფუკუიამა კიდევ უფრო შორს წავიდა და ღიად თქვა: «იდეოლოგია განწირულია, პოპულისტური იყოს; იგი იმ ელიტების კრიტიკით დაიწყება, რომელთაც დაუშვეს უმრავლესობის კეთილდღეობის შეწირვა მცირე ჯგუფის გამდიდრებისთვის; აგრეთვე _ ვაშინგტონის ფულადი პოლიტიკის გაკიცხვით, რომელსაც მოგება მხოლოდ მდიდრებისთვის მოაქვს».

მკითხველმა, ალბათ, ამოისუნთქა, _ გვეშველა და ეგ არისო, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ: ფუკუიამა ამ ყველაფერს ამერიკისთვის წერს და არა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ამის შესახებ იგი მიანიშნებს: «განვითარებად ქვეყნებში გაჩნდა მზარდი საშუალო კლასი, რამაც დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი». ერთი სიტყვით, განვითარებად ქვეყნებში საშუალო კლასი ჯერ კიდევ უმცირესობაშია, ამიტომ მათ მხოლოდ დემოკრატია ეკუთვნით, ხოლო სახელმწიფოს სოციალური ფუნქცია განვითარებული ქვეყნების პრივილეგიაა.

ბედის ირონიით, გლობალიზაცია, რომელიც განვითარებული ქვეყნების, უფრო სწორად, მათი ფინანსური ელიტების იარაღად იყო ჩაფიქრებული, მათვე მოუტრიალდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ბაზრის გაფართოება, როგორც კაპიტალიზმის კრიზისის წამალი, აღარ არსებობს. ბაზარი უკვე გლობალურია და მეტად ვეღარ გაფართოვდება. სწორედ ამით აიხსნება მემარცხენე იდეოლოგიური ალტერნატივის მოთხოვნა ამერიკაში.

საქართველოში კი, როგორც არაერთხელ მომხდარა, ადგილობრივი ლიბერალდემოკრატები დეპოში მდგომი მატარებლის საფეხურზე არიან შემხტარი, საბაზრო ფუნდამენტალიზმს ქადაგებენ და ჯერაც იმის გაყიდვით ირჩენენ თავს, რაც სოციალისტური სახელმწიფოს მიერ შეიქმნა.

 ისინი ხშირად იმეორებენ, რომ არ სჭირდებათ საბჭოთა გამოცდილება, მაგრამ მათ არც ლიბერალური დემოკრატიის გამოცდილება სჭირდებათ, რომელიც საკუთარი კრიზისიდან გამოსვლას მემარცხენე იდეოლოგიის მეშვეობით ლამობს. მათ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნა აინტერესებთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, უმცირესობამ საკუთარი ნება მოახვიოს უმრავლესობას.

მარქსის შემდეგ (მანამდეც) არავის შეუქმნია ისეთი სისტემური მოძღვრება, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავდა. ლიბერალიზმი, რომელიც ჩვენში უმცირესობათა დაცვის ცალმხრივ მოძღვრებას დაამსგავსეს, მუდმივი კორექციის პირობებში ინარჩუნებდა თავს. სოციალური სახელმწიფოს განადგურებამ მას ახალი ბაზარი გაუხსნა, მაგრამ ამოსუნთქვა დროებითი აღმოჩნდა.

ფუკუიამამ მხოლოდ გაახმოვანა ის საფრთხეები, რომელიც ლიბერალური დასავლეთის წინაშე, კარგა ხანია, დგას. ახლა შეადარეთ ერთმანეთს საქართველოს მდგომარეობა თუნდაც 20 წლის და ის ადგილი, რომელზეც იგი დღეს აღმოჩნდა, შემდეგ კი საკუთარ თავს ჰკითხეთ: ღირდა ყველა სოციალური სიკეთის დაკარგვა და სრული გაღატაკება იმის ფასად, რომ ხელისუფლებაში დემოკრატიის სახელით მოსული ნეობოლშევიკები გვყოლოდა? ღირდა დამოუკიდებლობის პირობებში საკუთარი სუვერენიტეტის ოკეანის გაღმა გადაბარება? ღირდა საბჭოთა კავშირში აღიარებულ საზღვრებში მყოფი ორი ავტონომიის დაკარგვა?

ეს ყველაფერი ადამიანთა მხოლოდ იმ მცირე ჯგუფს უღირდა, რომელთაც თანამედროვე ლიბერალიზმის მამა – ფრენსის ფუკუიამა უმრავლესობის კეთილდღეობის მოსპობისთვის და მდიდართა კიდევ უფრო გამდიდრებისთვის ედავება. ასეთები კი ოკეანის გაღმაც არიან და აქაც _ საქართველოში.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. არ შემიძლია შუმპეტერს არ დავეთანხმო.სოციალიზმი გაიმარჯვებს, რადგან იგი არის უდიდესი უმრავლესობის ნებისა და ინტერესის გამომხატველი.

  2. კარგი ანალიზია… რას გვთავაზობთ…? მგონი ფუკუიამა დღეს საქართველოში ფუკუსიმას ბედს გაიზიარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here