Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: აჭარაში ყველაფერს თურქები განაგებენ, ხოლო თურქეთში ქართველს სამ თვეზე მეტხანს...

ელიზბარ ჯაველიძე: აჭარაში ყველაფერს თურქები განაგებენ, ხოლო თურქეთში ქართველს სამ თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს

874

«სააკაშვილს მხოლოდ ხალხის სიმრავლის ეშინია. უამრავი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ვინც ამბობს, რომ ქუჩის აქციები «ქუჩის ბიჭობას» ნიშნავს, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის «, _ აცხადებს «სახალხო კრების» აღმასრულებელი საბჭოს წევრი ელიზბარ ჯაველიძე. მას მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციებზე უარის თქმა ოპოზიციის დიდი შეცდომაა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ელიზბარ ჯაველიძე  «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა.

_ ბატონო ელიზბარ, რა არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულოს?

_ საქართველოს ჰყავს ტირანი ხელისუფალი. მე ნაშრომიც დავწერე, მიხეილ სააკაშვილისა და კალიგულას ფსიქოლოგიური შედარება, სადაც მათი მსგავსების დამადასტურებელი 30-მდე მაგალითი მომყავს.

სააკაშვილს მხოლოდ ხალხის სიმრავლის ეშინია. უამრავი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ვინც ამბობს, რომ ქუჩის აქციები «ქუჩის ბიჭობას» ნიშნავს, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის. მთელი მსოფლიო ქუჩაშია გამოსული. მოგეხსენებათ, საქართველოში 200-300 ათასი კაცი გამოსულა ქუჩაში და ვამაყობდით, რომ ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდნილა. არადა, ეს არ არის სწორი. ქუჩაში რომ გამოხვალ, ქუჩის წესები უნდა დაიცვა.

_ ამბობთ, რომ ქუჩაში ცივილიზებული გამოსვლა არ არის სწორი, გულისხმობთ, რომ უფრო რადიკალური უნდა იყოს ეს გამოსვლები?

_ ქუჩაში გამოსული ხალხი უნდა იყოს რადიკალური. თუ ხალხის სიმრავლე იქნება, ხელისუფლება ვერ გაბედავს ხალხის დარბევას. ხალხმა უფრო აქტიურ ქმედებებს უნდა მიმართოს, გზები გადაკეტოს. პროტესტის უამრავი ფორმა არსებობს, რადიკალიზმი მაინც და მაინც იარაღის ხელში აღებას არ გულისხმობს. დღეს კი რა გამოდის? ყველაზე იდეალური და მშვიდი ყოფა, როცა მგელი და ცხვარი ერთად ძოვს, საქართველოშია. რაც, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

დაიჭირეს და სცემეს ბიძინა ივანიშვილის მომხრეები, უამრავი თანხა წაართვეს, ყველანაირად შეავიწროეს, მოქალაქეობა არ მისცეს და გასუსულია. ერთი დაიქადნა, აბა, არ მომცეთ მოქალაქეობაო, და მორჩა. როგორ აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას? ივანიშვილი 20-30 კაცით თუ შევა პარლამენტში, მაინც ვერაფერს შეცვლის.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილი უფრო რადიკალური?

_ რადიკალიზმის წინააღმდეგია ამერიკის შეერთებული შტატები. მას ხელს არ აძლევს საქართველოში რადიკალური გამოსვლები, რადგან ცდილობს, აქ ფეხი მოიკიდოს. ამერიკამ მილიონები დახარჯა არა ქართველი ხალხისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჰქონდეს ტერიტორია, სადაც საჭიროების შემთხვევაში თავისი სამხედრო ბაზებისა და სარაკეტო სისტემების განლაგებას შეძლებს. რუსები არც მალავენ, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა სწორედ იმიტომ აღიარეს, რომ ნატოს ჯარები არ შემოსულიყვნენ საქართველოში.

_ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ ნატოზე თეორიული საუბარიც კი მხოლოდ აფხაზეთისა და . . სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მათზე საბოლოოდ უარის თქმის შემდეგ არის შესაძლებელი. ეს ხელისუფლებასაც კარგად ესმის და დასავლეთთან კულუარულ საუბრებში აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნასაც გამოთქვამს, მაგრამ არ იცის, აღნიშნული იდეა როგორ მიაწოდოს ქართველ ხალხსო. რას იტყვით ამის თაობაზე?

_ სავსებით ვეთანხმები ალექსანდრე ჭაჭიას _ ნატო არ მიიღებს საქართველოს, თუ ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი არ თქვა დაკარგულ ტერიტორიებზე. ნატო არ არის ის ძალა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. ასეთი მაგალითი ნატოს ისტორიაში არ არსებობს.

ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მტრები სხვა ქვეყნებში. ჩვენი მტერი აქ არის _ ხელისუფლებაში. მისი მიზანია ქართული ცნობიერებისა და ეროვნების განადგურება, საქართველოს დაშლა. ეს არის მასონური გეგმა.

თავის დროზე ასლან აბაშიძემ მანახა გეგმა, თუ როგორ არის საქართველო შვიდ ნაწილად დაყოფილი. ეს ტერიტორიებიც შეგნებულად დათმეს.

ახლა უკვე მთელ მსოფლიოში გახმაურდა სააკაშვილის, როგორც ანტიდემოკრატის, იმიჯი, თორემ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები გაყალბებული იყო. შსს პირველ სართულზე ამერიკელები სხედან და ყველაფრის საქმის კურსში არიან. იცოდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ და მეტიც, ეს ტირანი სააკაშვილი დემოკრატიის შუქურადაც კი გამოაცხადეს.

ეს ბოსია თუ ბასი, რომ გამოდის, ვინ კითხავს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას? მაგრამ ჩვენ ხომ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ, შტატიც არ ვართ. ჩვენ ერთი მივარდნილი პროვინცია ვართ, რომელიც ამერიკის ყველა ნება-სურვილს ასრულებს. ამიტომ როცა დასჭირდებათ, ამერიკელები სააკაშვილსაც გაწირავენ, მუბარაქი და კადაფიც ხომ გაწირეს? მაგრამ არ დაუშვებენ, სააკაშვილის ნაცვლად, პროქართული ძალა მოვიდეს. ვფიქრობ, ამიტომაც წარმოაჩინეს ივანიშვილი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა, პარლამენტში ის პარტიები შეიყვანოს, რომლებიც არჩევნების გზით ვერასდროს გაიმარჯვებდნენ. მაგალითად, რესპუბლიკელები, ვინაიდან, ქართველი ხალხის უმრავლესობა, ანტიეროვნული პოზიციების გამო მათ ვერ იტანს.

_ რატომ განაცხადეთ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობასა და კოალიციაში გაერთიანებაზე უარი ნინო ბურჯანაძის გარეშე და რატომ აღმოჩნდა ივანიშვილისთვის ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად მიუღებელი?

_ თუ ბურჯანაძეს პრორუსულობას უწუნებენ, მაშინ რა უნდათ «ქართულ ოცნებაში» კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს, რომლებიც პუტინამდეც ვერ ამაღლდნენ და ჟირინოვსკის შეხვდნენ, ამ უკანასკნელმა კი, ხელიც არ ჩამოართვა?

«დიდი პოლიტიკოსი» გოგლა ჟვანია მოუწოდებს ნინო ბურჯანაძეს, ჩაიწიე და გზა დაგვითმეო. ჯერ ერთი, გოგლა ჟვანია გახლავთ ჩემთვის გაუგებარი პიროვნება. შენი ძმა შეიძლება იყოს პოლიტიკოსი და შენ ვერა. ეგ არ არის დიდი აზროვნებისა და გაქანების კაცი და უფლება არ აქვს, ნინო ბურჯანაძეზე ასე ისაუბროს. მისი ცხოვრების გზას რომ გადავხედოთ, ყოველთვის იქ არის, სადაც ფულია. ასე მივიდა ჯერ პატარკაციშვილთან, რომელიც შუა გზაში მიატოვა, და ახლა ივანიშვილთან არის და სიამაყით საუბარი, რომ ზურაბ ჟვანიას ძმაა, არაფერს ნიშნავს. მიცვალებულზე არ მინდა ცუდი ვთქვა, არაქრისტიანულია, მაგრამ, თუ ვინმე ნაძირალაა დღეს ქართულ პოლიტიკაში, ყველა ზურაბ ჟვანიას მოყვანილი და აღზრდილია. გოგლა ჟვანია რომ ამბობს, ბურჯანაძემ უნდა ჩაიჩოჩოს, როგორც თავის დროზე ჩემი ძმა მოიქცა და ნინოს დაუთმო გზაო. ნინოს კი არ დაუთმო გზა, ნინო მაშინ გაცილებით დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვიდრე ჟვანია და მის ზურგს ამოეფარა. ეს უნდა იცოდეს გოგლა ჟვანიამ.

ვითომ ნინო ბურჯანაძე პრორუსულია და თვითონ პროდასავლურები არიან. ეგენი «პროსკამისტები», უფრო სწორად კი, «პროსაჯდომისტები» არიან. ზუსტად ასე დაწერეთ! ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის არც პრორუსულია, არც პროდასავლური, არამედ _ პროქართული. სწორედ ამ პოზიციის გამოა ნინო ბურჯანაძე მათთვის მიუღებელი.

გოგლა ჟვანია რომ იძახის და ივანიშვილიც იმეორებს, რატომ ვერ განსაზღვრეს, რომ ხალხს დახოცავდნენ 26 მაისის აქციაზეო, როგორ უნდა განგვესაზღვრა? თავად ივანიშვილმა რატომ ვერ განსაზღვრა, ვისთან ჰქონდა საქმე, სანამ 200-200 მილიონით აფინანსებდა ამ ხელისუფლებას? რატომ ვერ განსაზღვრა ისეთმა ჭკვიანმა და გონიერმა პოლიტიკოსმა, როგორიც ზურაბ ჟვანია იყო, რომ მოკლავდნენ? როგორ შეიძლება ასეთი რაღაცების განსაზღვრა? ჩვენ ვფიქრობდით, რომ შესაძლოა დავერბიეთ, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, თუ ჩაგვხოცავდნენ?! როდიონოვს არ უქნია ასეთი რამ. ხალხს გასაქცევი გზაც კი გადაუკეტეს.

ქალბატონმა ნინომ და «სახალხო კრების» აღმასრულებელმა საბჭომ განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არაფერზე პრეტენზია, ოღონდ ერთად ვიბრძოლოთ, ვინაიდან საქართველო გადარჩება, თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება, მაგრამ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის გარდა ყველა შეიძლება იყოს პარლამენტშიო და ესენიც სწორედ სააკაშვილის ამ კატეგორიულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ.

_ ბათუმში სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. აჭარაში თქვენც ესწრებოდით საპროტესტო აქციას. რა საფრთხეს ხედავთ?

_ მე პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი ვარ და თურქების ბუნებას კარგად ვიცნობ. მათი ცნობიერებიდან ვერ ამოკვეთ აზრს, რომ აჭარა მათი არ არის. ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას თურქები ბათუმს, როგორც თავის ქალაქს, ისე მოიხსენიებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძეს აკრიტიკებენ, ის თავგამოდებული ქართველი იყო. მის დროს არც ერთი თურქი არ ჩაუწერიათ აჭარაში და არაფერი არ გაუყიდიათ თურქებზე. მაშინ, როცა დღეს მთელი აჭარის სანაპირო გაყიდულია და ბათუმში ოფიციალურად 20 ათასი თურქია ჩამოსახლებული. დღეს აჭარა გახდა სუროგატი კულტურისა, სადაც დაბალი დონის მომღერლები ჩადიან. სამი ათასამდე ქრისტიანი ბავშვი მუსლიმანურ სკოლაში სწავლობს, რომელთაც ჩააგონებენ, რომ, თუ მუსლიმანი ხარ, ესე იგი, ქართველიც არ ხარ.

სამშობლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულება საერთოდ გაჩნდა ქართველ ახალგაზრდებში. ჩაუნერგეს, რომ მათი სამშობლო იქ არის, სადაც თავს კარგად გრძნობენ. დააკვირდით, ბოლო დროს ბათუმში მეჩეთის ტიპის არქიტექტურულ ძეგლებს აშენებენ. აჭარაში ყველაფერს თურქები განაგებენ, ხოლო თურქეთში ქართველს სამ თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს. ვინც თურქეთში მიდის სამუშაოდ, ზოგიერთი ქუჩებს და საპირფარეშოს ასუფთავებს და ზოგიერთიც თავის სხეულს ყიდის და ასე ირჩენს თავს.

ეს ყველაფერი მიმართულია ქართული ცნობიერების დევალვაციისკენ. იმ ადგილას, სადაც აზიზის მეჩეთის აშენება სურთ, არასდროს ყოფილა მეჩეთი, ხის სამლოცველოსმაგვარი შენობა იყო, სადაც თურქი ასკერები ლოცულობდნენ, ის ასკერები, რომლებიც ქართველი ხალხის სისხლს ღვრიდნენ.

მეჩეთთან ერთად იხსნება კიდევ ერთი მუსლიმანური სკოლა. ისლამის რელიგიას კარგად ვიცნობ, მისი მიმდევრებისთვის დიდებული რელიგიაა, მაგრამ ის ყოველთვის დამპყრობელთა იდეოლოგიის ერთერთი საშუალება იყო, რაც წარმოდგენილია, მაგალითად, ჰაზავათობაში. მე ვიყავი აქციაზე აჭარაში და დავრწმუნდი, რომ ქართული სულის გატეხა ასე ადვილი არ არის. მუსლიმანი აჭარლებიც კი გამოვიდნენ მეჩეთის აშენების წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლება თითქოს ქართველი ხალხის ჯიბრზე იქცევა ასე. ხელშეკრულებაც გააფორმეს უკვე, ვითომ ოშკის და იშხანის ბედი ადარდებდეთ. არადა, შეგნებულად აჩანაგებენ და კარგავენ აჭარას.

არსებობენ ახალი ოსმანები და არსებობს პანთურქისტული თეორია. მათი მიზანია, მთლიანად დაიპყრონ კავკასია.

ესაუბრა შორენა

ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here