Home რუბრიკები პოლიტიკა «Бить будете, папаша?»

«Бить будете, папаша?»

840

გასულ კვირას დასავლელი პარტნიორები მეთოდურად, აჩქარების გარეშე, როგორც გამოცდილი მესაფლავეები, განაგრძობდნენ იმ ორმოს გათხრას, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილის რეჟიმს დამარხავენ. ამ მშვიდი, მიზანდასახული მუშაობის მიღმა შრომის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე იგრძნობოდა. სააკაშვილისთვის გამანადგურებელი თითოეული პუბლიკაცია დასავლურ მედიაში ან რომელიმე დიპლომატის განცხადება, ცალკე აღებული, განსაკუთრებულს თითქმის არაფერს ნიშნავდა, ისევე, როგორც ბარის ერთი მოძრაობა, თუმცა საფლავი სულ უფრო ღრმა ხდებოდა და ხელისუფლება შეძრწუნებული ხედავდა ამას. მან, როგორც ჩანს, მთელი არსებით იგრძნო, რომ მესაფლავეები მუშაობას მალე დაასრულებენ და ჩამოჰკრავს ზარი, თანაც ისე ულმობლად, რომ აზრი აღარ ექნება იმის კითხვას, თუ ვისზე რეკავს ის.

ქცევის მოდელი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ბოლო დროს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში აირჩია, დროდადრო ძლიერ მოგაგონებთ მიხეილ ბულგაკოვის უკვდავი რომანის პერსონაჟის, შარიკოვის პერმანენტულ გამოხდომებს; ეპიზოდებმა «აკაკი ბობოხიძე _ ჯონ ბასის წინააღმდეგ», «გრიგოლ ვაშაძე _ რიჩარდ ნორლანდის წინააღმდეგ», «ნინო კალანდაძე _ ბუნდესრენეგატ დიტერ ბოდენის წინააღმდეგ» (ამაზე ქვემოთ) და, რასაკვირველია, «მიხეილ სააკაშვილი _ ყველას წინააღმდეგ» შეიძლება მოგვაგონოს შარიკოვის ცნობილი რეპლიკები: «Подходи, бур­жуй, глазик выколю.» ან კიდევ: «У самих рев­оль­веры найду­тся», რომელსაც ოდნავ მოგვიანებით, გონს მოსვლის შემდეგ, მოსდევს მელოდრამატული «Довольно обидны ваши слова», ბოლოს კი სევდიანი «Бить бу­дете, папаша?».

ჩვენი დასავლელი მეგობრები კი, პროფესორ პრეობრაჟენსკისა და დოქტორ ბორმენტალის არ იყოს, ცდილობენ, რაღაც შეაგნებინონ შარიკოვს, რომელსაც მათი აკადემიური რიტორიკის არ ესმის და სულ უფრო აგრესიული, უკონტროლო ხდება. ეს დიალოგები ძალზე სახალისოა, თუმცა მათი მოსმენის დროს ხშირად მთავარი გვავიწყდება, კერძოდ კი ის უაღრესად უპასუხისმგებლო ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ძაღლის ადამიანად გადაქცევას ისახავდა. ჩვენ, ჭარბი პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, ცხადია, არ შევადარებთ ერთმანეთს პრეობრაჟენსკის ოპერაციასა და დასავლელი პარტნიორების მიერ სააკაშვილის ჯგუფის ხელისუფლებაში მოყვანას, თუმცა, ალბათ, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ დღის წესრიგში მეორე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა დადგა; შარიკოვი თავის ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს, იმ საწყის წერტილს, საიდანაც მისი აღმასვლა დაიწყო. მთავარ კითხვას კი _ ეს რა უქენით, პროფესორო, რატომ მოჰკიდეთ ხელი სკალპელს საერთოდ? _ პასუხი, სავარაუდოდ, არასოდეს გაეცემა.

ბოდვითი იდეები იმის თაობაზე, რომ რეჟიმი არსებობის გაგრძელებას იზოლაციის პირობებშიც შეძლებს, დეტალურ განხილვას, ალბათ, არ იმსახურებენ. ცხოვრება იზოლაციაში უაღრესად ძვირადღირებული რამ არის და დასავლური დახმარების გარეშე სააკაშვილის ხელისუფლება ზუსტად იმდენს გაძლებს, რამდენსაც დეპუტატი აკაკი მინაშვილი ორთაბრძოლაში (სხვათა შორის, ასევე დეპუტატ) ვიტალი კლიჩკოსთან; მკვდარი ეკონომიკა და ჰაერში გამოკიდებული გეოპოლიტიკური სტატუსი უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე, სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ გვაძლევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკელი კანონმდებლები არ დაამტკიცებენ კონგრესმენ მაკდერმოტის კანონპროექტს, რომელიც არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმისთვის დახმარების შეწყვეტას ითვალისწინებს, თეთრი სახლის პოლიტიკა, დიდი ალბათობით, სწორედ ასეთი იქნება, ის არ შეეგუება სააკაშვილის ჯგუფის მიერ ამერიკელების ქართული პროექტის _ «დემოკრატიის შუქურის» ანიჰილაციას, მეტიც, შეიძლება აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში ხელისუფლების ფორსირებულ შეცვლას, რადგან სააკაშვილის დიქტატურის გამყარება სრულიად ამოუცნობ შედეგებს და მზარდ დესტაბილიზაციას მოასწავებს. რუსეთსა და ჩინეთს არ აქვთ საკმარისი მოტივები იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღონ, თანაც ამას ხელს მთელი რიგი შემზღუდავი ფაქტორები უშლის. მართალია, არსებობს ილუზორული შესაძლებლობა იმისა, რომ სააკაშვილს კრიტიკულ მომენტში გარკვეულ დახმარებას თურქეთი (და, შესაძლოა, აზერბაიჯანი) აღმოუჩენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ანკარა ვაშინგტონს «ქართულ საკითხში» მკვეთრად დაუპირისპირდეს, მის რეგიონულ ამბიციებსა და შესაძლებლობებს გარკვეული საზღვრები აქვს. ალბათ, ახლო მომავალში, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს შტატებსა და ევროპაში სააკაშვილის წინააღმდეგ ასე თუ ისე წარმატებულ შეტევას ახორციელებს (სხვათა შორის, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მის მხარეს გადასვლის სურვილი ერთერთმა ამერიკულმა ლობისტურმა ჯგუფმა გამოთქვა, რომელიც სააკაშვილთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანამშრომლობდა), სერიოზულ ყურადღებას ანკარასა და ბაქოსაც მიაქცევს. ეს, მართალია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება არ არის, თუმცა წინდახედულობას თავი არ სტკივა.

ქართველი ამომრჩეველი ხშირად ღიზიანდება იმის გამო, რომ  წინასაარჩევნო პროცესში ვაშინგტონში მუშაობას ამდენი ყურადღება ეთმობა, თუმცა, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული საზოგადოების პოლიტიკურ ნებასა და თეთრი სახლის გათვლებს შორის მნიშვნელოვანი აცდენა მოხდება, მასშტაბური დესტაბილიზაცია საქართველოში პრაქტიკულად გარდაუვალი შეიქნება.

მაშ ასე, დასავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლებია და იქაურ პრესას თვალს თუ გადავავლებთ, ცვლილებები ნამდვილად არის. ტაქტიკა, ასე თუ ისე, ნათელია: ლობისტების მაქსიმალური ამოქმედება და პარალელურად სააკაშვილის «აგდება”, რასაც მისი ემოციური, გაუთვლელი რეაქცია მოსდევს, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს. მაგალითად, მოქალაქეობასთან დაკავშირებული ეპოპეა უკვე იმ სტადიამდე მივიდა, რომ ხელისუფლება მალე თავზე კონსტიტუციას გადაიხევს და გამორიცხული არაა, შეჭამოს კიდეც. ისევ ბულგაკოვის შემოქმედებას თუ დავუბრუნდებით, შეიძლება გაგვახსენდეს ის სცენა, როდესაც შარიკოვი კატას გაეკიდა, სააბაზანო ოთახში ჩაიკეტა და იქიდან მის გამოსაყვანად მთელი ქვეყნის შეყრა გახდა საჭირო. ივანიშვილს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მან უბრალოდ «გამოუშვა კატა”, ერთგვარი ფანტომი, რომელსაც სააკაშვილი გაეკიდა და ყოველივე დანარჩენი საკუთარ თავს თვითონ დამართა; ვერაფერს ვიტყვით, ეს ძირითადი ინსტინქტები უაღრესად ძლიერი რამ არის.

რაც შეეხება მთავარ თემას, კერძოდ კი ხელისუფლების არცთუ შეფარულ პოლემიკას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან _ აკაკი ბობოხიძისა და ჯონ ბასის დაუსწრებელი გაბაასების აღწერას, ჰომეროსის ქნარი სჭირდება, ეს ეპიკური შერკინება დაახლოებით ასეთ სტილს მოითხოვს: «სიტყვა მრისხანედ ჩამოართვა გმირმა ფეხმარდმა: «მხდალად მიხმობენ და ლაჩარი ვიქნები მართლაც, თუ შენს ბრძანებას უდრტვინველად დავემონები! სხვისგან ელოდე მორჩილებას და არა ჩემგან, აინუნშიაც არ ჩავაგდებ მე შენს ბრძანებას და აქ, ალბათ, მოკლე კომენტარის გარდა ვერაფერს დავამატებთ: «ახია შენზე, ძია სემ და ახია თქვენზე, სპანო საბარკულმშვენიერნო, ატრევსის ძენო

წყვილზე «ვაშაძე-ნორლანდი», ალბათ, აჯობებს, მას შემდეგ ვისაუბროთ, რაც აშშ-ის ახალი ელჩი თბილისში ჩამოვა, მანამდე კი, უბრალოდ, დავაკვირდეთ გრიგოლ ვაშაძის გამოხედვას, რომელიც ბოლო დროს უცნაურად სევდიანი გახდა. იყო ერთ ძველ სათავგადასავლო რომანში ასეთი ფრაზა «ბოცმანმა იგრძნო, თუ საით უბერავს ქარი…», ამბობენ (ამ ბუნდოვანი ფორმულირებით შემოვიფარგლოთ), რომ ერთ-ერთი ხომალდის ბორტიდან ბოცმანს მალე  სამაშველო რგოლს მიაწოდებენ. საუბარი სააკაშვილზე ბოლო დროს მეტად მოსაწყენი გახდა. ასე რომ, ნინო კალანდაძეს და ჩვენს გერმანელ მეგობრებს მივუბრუნდეთ; ვენის კონგრესის შემდეგ, გერმანული საკითხის გადაწყვეტაში ასეთი ჭარბი ინტელექტუალური რესურსი, თუ არ ვცდები, არავის ჩაურთავს.

ნინო კალანდაძის განცხადებას ვკითხულობდი და სადღაც შორიდან ისმოდა ძველი სიმღერა, რომლის თარგმანი დაახლოებით ასე ჟღერს «იქ ყაზარმის შესასვლელთან, სადაც ყველა გვხედავს, ჩვენ კედელთან ვიდგებით ერთად, მე და შენ, ლილი მარლენშენ, ლილი მარლენ». საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჭარმაგ გერმანელ დიპლომატზე, დიტერ ბოდენზე ისეთ ამბებს ყვებოდა, რომ თმები ერთი მეორეს მიყოლებით დგებოდნენ ყალყზე: მისი თქმით, ბოდენი თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას ადარებს მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას და «ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ» («ინტერპრესნიუსი»). რა გააკეთა თავის დროზე ნაცისტურმა  გერმანიამ, ქალბატონო ნინო? როგორც ჩანს, ასე 1944 წლის შემოდგომაზე აცრემლებული ფიურერი ბრანდენბურგის კარიბჭესთან პირქვე დაემხო; ის  ქვითინებდა, მტრებისა და მსხვერპლის წინაშე შეცდომებს აღიარებდა, ჰებელსი კი მის წამოყენებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ… («დისქავერი ჩენელ; ისტორიის საიდუმლოებები ნინო კალანდაძესთან ერთად»). ხუმრობა იქით იყოს, გერმანელებთან მესამე რაიხის თემაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, ფაშისტურ რაიხს შეადარეს სააკაშვილის რეჟიმი თუ ფეტიშისტურს, მხოლოდ ძალიან ფრთხილად, იუველირული სიზუსტით, კონკრეტული ციტატების მოყვანით შეიძლება, რადგან შეცდომას შეიძლება კომუნიკაციის გაწყვეტა მოჰყვეს.

ამ პასაჟის შემდეგ დიტერ ბოდენი ლამის გაგიჟდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და კალანდაძის ბრალდებას «სამარცხვინო და უსაფუძვლო» უწოდა. მთელ ამ ვოდევილს ყველაზე ტევადი და ზუსტი შეფასება ერთმა ქართველმა ექსპერტმა მისცა: «დიტერ ბოდენი ევროპაში კავკასიის საკითხებში ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა. მისი გადამტერება, რისკენაც იყო მიმართული ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ გადადგმული ნაბიჯი, ძალიან წინდაუხედავი რამ არის». ექსპერტის ვერსიით, ყოველივეს მიღმა შემდეგი ქვეტექსტი იდგა: «2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ბოდენს სწორედ ეს კრიტიკა არ აპატია და ამით მას ანგარიშიც გაუსწორა. ეს მოსალოდნელიც იყო». ხელისუფლებამ ბოდენს ასევე უსაყვედურა, რომ მან სააკაშვილის ხელისუფლების კონფლიქტების დარეგულირების (ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, მკვდრადშობილი) სტრატეგია გააკრიტიკა.

კონფლიქტის მიზეზთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა, ალბათ, კიდევ ერთი ფაქტი არ უნდა დაგვავიწყდეს: ორი თვის წინ ბოდენი თბილისში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მათ შორის, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მეტად საინტერესო საუბარი გაიმართა, რამაც ხელისუფლება, შედარებით დაზუსტებული ინფორმაციით, გაცოფების უკიდურეს სტადიამდე მიიყვანა.

ასეა თუ ისეა, ხელისუფლებამ გერმანული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და, ოფიციალური სტატუსის არქონის მიუხედავად, გავლენიანი ფიგურა, ფაქტობრივად, გადაიმტერა. ხდება ხოლმე, ვიღაც კარგავს პარტნიორებს, ვიღაც კი იძენს. სხვათა შორის, ამ შემთხვევაშიც შეიქმნა მეტნაკლებად მყარი შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ «გამოუშვა კატა» სააკაშვილის ხელისუფლება, საბრალო შარიკოვის არ იყოს, მას გაეკიდა და ყველაფერი დანარჩენი, ქვის აგდების და შუბლის შეშვერის ჩათვლით, საკუთარ თავს თვითონ დამართა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here