Home რუბრიკები პოლიტიკა გა-გვყი-დეს! ახალი კანონპროექტი საქართველოს სიცოცხლისათვის საშიშ ზონად აქცევს

გა-გვყი-დეს! ახალი კანონპროექტი საქართველოს სიცოცხლისათვის საშიშ ზონად აქცევს

645

სააკაშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრი არ არის, მაგრამ უფლებამოსილებას უკვე იფართოებს: საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა 2012 წლის 16 მარტს პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე». ეს კანონი არა მარტო კაცთმოძულეობის ზეიმია, არამედ მთელი საქართველოს ღია აუქციონზე გატანის წინაპირობა.

ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და დაინტერესებულ პირს შორის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, დაიდოს შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე. შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსთვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ საქმიანობასთან გარემოს დაცვის სფეროში და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას. კანონის მიხედვით, ასევე დაუშვებელია ამ პირის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

პარლამენტში შეტანილი პროექტი «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე» გამოიწვევს ცვლილებებს საქართველოს კანონში «გარემოს დაცვის შესახებ», საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში.

კანონპროექტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირი თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობებისგან მთელი რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, წყლის ობიექტის, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის (მათ შორის დაცული ტერიტორიების საზღვრებში) თვითნებური დაკავება; მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით და მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება; დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება და მათ საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება; დაცული ტერიტორიების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა; მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება; წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე ან ლიცენზიის პირობების დარღვევით; წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა; წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა და წყალსარგებლობის წესების დარღვევა; ზღვის დაბინძურება, მათ შორის შხამქიმიკატებითა და ნავთობით; ტყითსარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა; ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა; ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და CITESის კონვენციის დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან(და) ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა; გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა; ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით; ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმების დარღვევა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა; ტყვიაშემცველი ბენზინის იმპორტი და რეალიზაცია; საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა; გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, მათი გამრავლების არეალების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება და ჰიბრიდიზაცია; საქართველოს «წითელ ნუსხაში» შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი დატყვევება; უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობა; თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებებით უკანონოდ შესვლა; ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა; თვითმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; თვითმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სხვ.

ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, რომ ჩვენს ნეტარ მთავრობას ეს ცვლილებები არავისთან შეუთანხმებია. საქართველოში მიწის გოჯიც არ არის ისეთი, ჩვენი მამა-პაპის სისხლით რომ არ იყოს გაპოხილი. გამოდის, რომ ჩვენ უცხოელებს მარტო მიწას (ან ეს მარტო რაღა არის, _ ცოტაა?!) კი არა, წინაპრების სისხლს და ოფლს ვჩუქნით. უკაცრავად, კი არ ვჩუქნით, ვყიდით! გინდ ცოცხალი მამა გაგიყიდია და გინდ წინაპრების სისხლით მორწყული მიწა!

რაც მოჭრას და გატანას გადაურჩება, იმ მიწის დაბინძურება და «გაუვარგისება» ასევე ნებადართულია ფულის გადახდის სანაცვლოდ. ამ დალოცვილი მიწიდან რადიაქტიული ნარჩენებისა და შხამქიმიკატების ჩამარხვის შემდეგ რაც ამოვა, ის ისევე ვარგისი იქნება კვებისთვის, როგორც დოლარის კუპიურები. თუმცა ამ კუპიურებსაც ისინი ჩაისრიალებენ ჯიბეში, ვისაც ქართული მიწა არაფერში ედარდებათ. «მიწამ არ მიგიღოსო» – არის ასეთი ქართული წყევლა და იგი უთუოდ უწევს მათ, ვინც ღვთის ნაჩუქარი და ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაწყლით  ვაჭრობა გააჩაღა.

ისინი ჰაერსაც გვართმევენ, წყალსაც, ტყესაც, მინდვრის ყვავილსაც, შვლის ნუკრსაც, წიქარასაც, ბულბულსაც… გვართმევენ და ვაჭრობენ, ვაჭრობენ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობით; ვაჭრობენ დედის ცრემლით და მამის ძვლებით.

ეს ახალი ქარვასლა არ არის, ძველი დახლია და ამ დახლთან ახლა უსამშობლო ხელისუფალი დგას. საქართველოს ხელისუფალი, რომლისთვისაც ხელის ჭუჭყი უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩვენი უფლება _ საკუთარ მიწაზე ვისუნთქოთ, ვიცხოვროთ, ოფლით მოვიპოვოთ პური ჩვენი არსობისა და შვილები გავზარდოთ.  

«იყიდება საქართველო. მინდორველით, მთაგორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვებედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩახავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართმოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილმოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავმოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარპატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს».

ასეთი უძლურები ვართ, ქართველებო?

ნიკო ლორთქიფანიძის ამ სულისშემძვრელი სიტყვების შემდეგ კიდევ 100 წელი გავლიეთ, გადავრჩით, რევოლუციებიც გადავიტანეთ და ომებიც, ენაც შევირჩინეთ და გონიც, ახლა რაღა დაგვეტაკა?

მურვან ყრუ მოვინელეთ, აღამაჰმადხანი, ჯალალედინი, შაჰაბასი და ამათ როგორ უნდა გაგვიყიდონ სამშობლო?

გავიღვიძოთ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს თავზე თმასაც გაგვიყიდიან და ჯერ დაუბადებელ შვილებსაც!

ნაყოფიერი მიწა, ალბათ, ჰოლანდიაში გავა ტიტების მოსაყვანად, ხოლო იქიდან პესტიციდების ნარჩენებს ჩამოიტანენ და წყალს გაატანენ. სააკაშვილისთვის ეს მიწა-წყალი მაინც ქვების გროვაა და ქვებს აქვე დატოვებენ, მიწის ნაცვლად.

საქართველო შეიძლება რადიაქტიული ნაგავსაყრელი გახდეს. გლეხი, რომელიც საკუთარი ძროხის რძით ზრდის შვილებს, მზად უნდა იყოს, რომ რამდენიმე თაობის შემდეგ ისეთივე მუტანტი შთამომავლები ეყოლება, როგორებიც დღეს მართავენ საქართველოს, ოღონდ გოკა გაბაშვილისა და გიგა ბოკერიასგან განსხვავებით, მათ დამატებით სამი თვალი და ოთხი ყურიც აღმოაჩნდებათ, გული ხომ ისედაც არა აქვთ! ქართულმა მიწამ ესენი თუნდაც იმიტომ არ უნდა მიიღოს, რომ მათი ჩამარხვა ურანის ჩამარხვაზე უფრო საშიში იქნება ნიადაგისთვის.

უნდათ, სულ მცირე ხანში საქართველო ისეთ შხამიან უდაბნოდ  აქციონ, რომელთან შედარებითაც ჩერნობილი და ფუკუიამა სანატორიუმად მოგეჩვენება! როგორ უნდა გაანადგურო ქართველები ისე, რომ წვეთი სისხლის დაღვრაც არ დაგჭირდეს? ამის ინსტრუქცია ზემოთ მოყვანილ ცვლილებებშია, რომელიც საქართველოს არსებობაში საბოლოო ცვლილებებს შეიტანს და სამიათასწლოვანი ერის ნარჩენიც აღარ იქნება ამ ტერიტორიაზე, თუ ეს გამყიდველი ხელისუფლება არ მოშორდა ამ ქვეყანას!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here