Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ თოთაძე: გა-და-ვშენ-დე-ბით!

ანზორ თოთაძე: გა-და-ვშენ-დე-ბით!

1430

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვან გვართა პირველ ხუთეულში ორი აზერბაიჯანული გვარია (1. ბერიძე _ 26.796 კაცი; 2. მამედოვი _ 25.968;  3. კაპანაძე _ 17,976; 4. ალიევი _ 17.605; 5. გელაშვილი _ 17.221). ალიევებსა და მამედოვებს არაფერს ვერჩით, ღმერთმა ამრავლოთ, მაგრამ ჩვენ ის გვაღელვებს, რომ ქართველი მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი კატასტროფულად დაბალია. ამ და სხვა პრობლემებზე «საქართველოსა და მსოფლიოს» ესაუბრა დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე.

_ ბატონო ანზორ, «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა ინტერვიუების ციკლი ცნობილ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან. იგი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან გვართა შორის მეორე ადგილი მამედოვს უჭირავს, მეოთხე _ ალიევს, ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. ბატონმა ჭაჭიამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქართველ ხალხს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას, რადგან «შევარდნაძისა და სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგად, პირველად ისტორიაში, ძირძველ ქართულ მიწებზე არაქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შეიქმნა, რომლებშიც ქართველებისთვის, ქართული ენისთვის, ქართული კულტურისთვის ადგილი არ არის, ანუ ქართველი ხალხის არეალი, სასიცოცხლო სივრცე მკვეთრად შემცირდა. მეტიც, ანალოგიური პროცესებისთვის ნიადაგი მზადდება სხვა ქართულ რეგიონებშიც». რას იტყვით ამ საფრთხეების შესახებ?     

_ აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას. კი, ასეთ მძიმე დღეში საქართველო არ ყოფილა, მძიმე ვითარება სხვა დროსაც გვქონია, მაგრამ მაშინ გადავრჩით, ხალხში იყო თვითმყოფადობის, ერის, ქვეყნის გადარჩენის უდიდესი სურვილი ჩაბუდებული. როცა გადარჩენის ასეთი სურვილი გაქვს,  ყველაფერს გააკეთებ; თუ საჭიროა, იბრძოლებ, რომ გადარჩე. დღეს ასეთი სურვილი, სამწუხაროდ, აღარ არის ხალხში და ბევრი ვერ აცნობიერებს, თუ რა უბედურება გვჭირს.

დაიჯერებთ, რომ თვით II მსოფლიო ომის დროსაც კი, 1941-1945 წლებში, საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მატება იყო და არა _ ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორიც დღეს არის. მაშინ 135 ათასი კაცით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა, ახლა კი ბუნებრივი მატება ზოგიერთ წლებში 5-6 ათასს შეადგენს მხოლოდ.

რაც შეეხება ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებას, რომ «ანალოგიური პროცესებისთვის ნიადაგი სხვა ქართულ რეგიონებშიც მზადდება» _ ეს საფრთხეც რეალურია. მართლა უმძიმეს დღეში ვართ. ადრე სხვა იყო, მაშინ გადარჩენის შანსი მეტი იყო. ახლა, გლობალიზაციის ეპოქაში, უმცირეს შეცდომას არავინ გვაპატიებს და გადაგვყლაპავენ ერთიანად ან ნაწილნაწილ. ამაზე, თურქებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი მეზობელი სომხებიც კი უკვე ღიად და ხმამაღლა მედიასაშუალებებით ლაპარაკობენ და ეს მხოლოდ დასაწყისია, გზადაგზა უამრავი ისეთი პრობლემა გამოჩნდება, დღეს უხილავი რომაა. რაც შეეხება მამედოვებს და ალიევებს, მენდეთ, ეგ არ არის კატასტროფა, რადგან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების 75-80 პროცენტი ან ალიევია, ან მამედოვი. ქვემო ქართლში კი, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად სახლობენ, მოგეხსენებათ, რა დემოგრაფიული სურათი და სტატისტიკაც გვაქვს.

_ უარესი სიტუაციაა სამცხეჯავახეთში. რეალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ხომ ფაქტია: იქ არის ათეულობით სომხური სოფელი, რომლებშიც ერთი ქართული ოჯახიც არ სახლობს. და თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, ვფიქრობ, არც ისე შორსაა ის დღე, როცა ქართველები არა მარტო უმცირესობაში ვიქნებით საქართველოში, არამედ კანტიკუნტად დავრჩებით.

_ ღმერთმა ყველა ერი ამრავლოს, მაგრამ ჩვენ სხვისი სიბევრე კი არა, ჩვენი სიმცირე გვაღელვებს. ამიტომ ერთ მარტივ კითხვას დავსვამ: აქვს თუ არა უფლება კონკრეტული ქვეყნის ისტორიულად მკვიდრ მოსახლეობას, ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის უნდა იყოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი იმ ქვეყანაში, რომელიც დააარსა და რომელსაც სახელი უწოდა? აქვს თუ არა მას უფლება, მოითხოვოს ხელისუფლებისგან გონივრული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება? რატომ ითვლება ამის ხმამაღლა გაცხადება ამ მკვიდრი ერის წარმომადგენლის მიერ შოვინისტობად და ქსენოფობობად?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ სხვისი სიბევრე კი არა, ჩვენი სიმცირე გვაღელვებს და სავსებით ბუნებრივია, რომ ქვეყნის მკვიდრ, ანუ ტიტულარ ერს ჰქონდეს პრეტენზია, საკუთარ ქვეყანაში, მრავალსაუკუნოვან ქართულ სახელმწიფოში, იყოს ყველაზე მრავალრიცხოვანი. ეს სამართლიანი პრეტენზიაა, ამაში არაფერია ქსენოფობიური და შოვინისტური. საკითხავი ის არის, თუ რა პოლიტიკას ატარებს ქართველობის გამრავლების მიმართულებით სახელმწიფო…

_ რას გულისხმობთ?

_ რას და მართებულ, სწორ დემოგრაფიულ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც იმ რეგიონებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ და სადაც მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი ან არადამაკმაყოფილებელია, სახელმწიფომ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, ისეთი მიდგომები გამოიმუშაოს, რომელიც წაახალისებს და უზრუნველყოფს მოსახლეობის ბუნებრივ მატებას, ანუ იმას, რომ შობადობა გაცილებით მეტი იყოს სიკვდილიანობაზე…

_ და რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, სადაც უმეტესად ქართველები ცხოვრობენ?

_ კატასტროფული! 1980-1989 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება იყო  433 ათასი კაცი, 2000-2009 წლებში მხოლოდ _ 53 ათასი, ანუ 10 წლის მანძილზე ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 8,3-ჯერ შემცირდა და არ არსებობს არანაირი დამაიმედებელი ნიშანი, ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო არ გაუარესდება.

10 წელიწადში 53-ათასიანი ბუნებრივი მატება არაფერია. ეს ნიშნავს, რომ მართლაც გადაშენებისკენ მივექანებით. ამ სტატისტიკით, მატება იყო თბილისსა (29 ათასი კაცი) და აჭარის რეგიონში. თბილისი დედაქალაქია, ქვეყნის ყველაზე განვითარებული ნაწილია და შეძლებული თუ ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის უდიდესი წილი მოდის თბილისზე, ამიტომ მისი ბუნებრივი მატება გასაგებია. აჭარაშიც მატებაა, რამეთუ იქ მრავლად არის მუსლიმანური მოსახლეობა და სხვადასხვა ფაქტორით აიხსნება დადებითი მონაცემები. მაგრამ რა ხდება სხვაგან? 2000-2009 წლებში გურიაში 4 ათასი კაცით შემცირდა მოსახლეობა, იმერეთში _ 9 ათასით, კახეთში _ ათასით, მცხეთა-მთიანეთში _ 1700-ით, რაჭა-ლეჩხუმში კი _ 4200-ით. რაჭაში მართლა კატასტროფაა, იქ 28 ათასი მოსახლეღა ცხოვრობს. ოციოდე წელიწადში რაჭა დაიცლება, შესაძლოა, იქ კაციშვილი აღარ დარჩეს. არადა, 1980-1989 წლის სტატისტიკით, რაჭაში 70 ათასი კაცი ცხოვრობდა.

_ და რა ხდება ამ დროს ქვემო ქართლსა და სამცხეჯავახეთში?

_ იქ მოსახლეობის საგრძნობი მატებაა. ქვემო ქართლში 18 ათასი კაცით გაიზარდა მოსახლეობა, რაც ქვეყნის მთელი ბუნებრივი მატების (53584 კაცი) 34 პროცენტია.

სამცხეჯავახეთში კი 5456 კაცით გაიზარდა მოსახლეობა. ეს კი ქვეყნის მთელი ბუნებრივი მატების 10,2 პროცენტია.

საქართველოში მცხოვრები ყველა ერი უნდა გამრავლდეს. მძიმე მდგომარეობაში არიან რუსები, ბერძნები, ოსები, უკრაინელები… ეს ხალხიც უნდა გამრავლდეს, უნდა შევინარჩუნოთ ისტორიული დემოგრაფიული მრავალფეროვნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, სადაც მოსახლეობის კლებაა, იმ რეგიონებში შეიცვალოს სურათი. არადა, აზერბაიჯანი მოსახლეობის ზრდის მხრივ მხოლოდ 1965 წელს დაგვეწია,  ამჟამად კი აზერბაიჯანის მოსახლეობა 5 მილიონით სჭარბობს საქართველოს მოსახლეობას. ეს მეზობელი სახელმწიფოს მართებული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შედეგია, რადგან აზერბაიჯანში დაიწყო სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება…

_ გამოსავალი?

_ თუ ეკონომიურად არ მოძლიერდა ოჯახები, თუ არ გადაიჭრა სოციალური პრობლემები, მაშინ არაფერი გვეშველება _ გადავშენდებით. გაეროს პროგნოზების თანახმად, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონი იქნება. არის უფრო შემაშფოთებელი კვლევებიც.

იმერეთი ყველაზე დიდი რეგიონია საქართველოში. 1989-2009 წლების მონაცემებით, წინა 10 წლის მონაცემებთან შედარებით, იმერეთის თითქმის ყველა რაიონში შეიმჩნეოდა მოსახლეობის კლება. ერთადერთი რაიონი, რომელიც ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა (ბუნებრივი მატება _ 501 კაცით), საჩხერეა. კლებაა დაფიქსირებული იქვე, საჩხერის მეზობლად: ჭიათურაში _ 846 კაცით, ხარაგაულში _ 475-ით, თერჯოლაში _ 701-ით, ბაღდათში _ 478-ით

_ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების წყალობით მოხდა ეს და ამაზე ბევრი თქმულა.

_ არა მარტო ქველმოქმედებით, ხალხი დასაქმებული ჰყავდა, უდიდესი როლი ითამაშა ამ სურათის ჩამოყალიბებაში უფასო სამედიცინო კვლევებმა და მკურნალობამ, სხვაც მრავალი დახმარება ჰქონდა იქ ხალხს და ერთმა კაცმა შეძლო ამხელა საქმის _ დემოგრაფიული სურათის მკვეთრი შეცვლა თავის რაიონში. წარმოიდგინეთ, ახლა სახელმწიფომ რომ გააკეთოს მთელ ქვეყანაში იგივე, რასაც ივანიშვილი აკეთებდა ერთ რაიონში, რამდენად უკეთესი დემოგრაფიული ვითარება იქნებოდა.

_ მაგრამ სახელმწიფო ქველმოქმედი ვერ იქნება

_ ვინ სთხოვს, ქველმოქმედი იყავიო? სახელმწიფო, ანუ ბიუჯეტი მარტო ვერ იტვირთებს ამ პრობლემების მოგვარებას. ეს არც ერთი სახელმწიფოს ბიუჯეტს არ შეუძლია. დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს კერძო ბიზნესი. მესმის, ბიზნესს უამისოდაც ბევრი გადასახადი აქვს, მაგრამ, როცა ერის გადარჩენა-არგადარჩენაზეა ლაპარაკი, როცა ერის გადაშენების საფრთხე არცთუ შორეული რეალობაა, მაშინ ბიზნესმა ეს ტვირთი უდრტვინველად უნდა ატაროს. საჭიროა, ჩამოყალიბდეს სპეციალური დემოგრაფიული ფონდი და ამ ფონდში მოხდება თანხების მობილიზება. ამ ფონდში ფინანსური რესურსი უნდა მოგროვდეს: სიგარეტის, ბენზინის, ალკოჰოლური სასმელების, კოსმეტიკის ნაწარმის, ლატარიების, კაზინოების, ტოტალიზატორების, სპორტული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების, აგრეთვე, სხვა აქციზურ საქონელზე სააქციზო გადასახადის უმნიშვნელო გაზრდით. ეს იქნება სპეციალური დემოგრაფიული მოსაკრებელი. ამას გარდა, ამ ფონდში თანხები უნდა ირიცხებოდეს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ფონდში თანხები უნდა შევიდეს საქველმოქმედო ღონისძიებებით. უნდა დაწესდეს უშვილობის გადასახადი. მე დავიანგარიშე კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად და, თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, დაახლოებით 500 მილიონი, ანუ ნახევარი მილიარდი ლარი მოგროვდება წელიწადში.

_ უშვილობის გადასახადზე ჩვენი ულტრალიბერალები აყვირდებიან _ ეს დისკრიმინაციული კანონიაო და ახლა მორიგი უმცირესობის _ დასაოჯახებლებისა და უშვილოების დასაცავად გამოვლენ.

_ ამჟამად გერმანიის პარლამენტი _ ბუნდესტაგი იხილავს ამ კანონს _ უშვილობის გადასახადის დაწესებას. რა, გერმანიაზე უკეთეს დემოგრაფიულ მდგომარეობაში ვართ? ანდა გერმანია, ამდენი ათწლეულის დემოკრატიის ქვეყანა, დისკრიმინაციულ კანონს იღებს? ეს არ არის დისკრიმინაციული კანონი, მრავალ ქვეყანაში ყოფილა ასეთი გადასახადი, როცა დასჭირვებიათ. სხვისი შვილების სიკეთით როცა სარგებლობ, ინფრასტრუქტურაა თუ სხვა რამ, კეთილი ინებე და მცირედი გაიღე იმისთვის, რომ, თუ თავად არ გყავს შვილი, სხვამ იყოლიოს, ანდა, ვისაც ჰყავს, გაზარდოს და აღზარდოს ნორმალურად. ვთქვათ, დაწესდეს ყოველ 100 ლარ შემოსავალზე 1 ლარი უშვილობის გადასახადი. 500 ლარი გაქვს ხელფასი? ყოველთვე გაიღე 5 ლარი, რომ შენი ერი გამრავლდეს. მერე, როცა შენც დაოჯახდები და შვილი შეგეძინება, სხვა უშვილოები დაგეხმარებიან.

_ როგორ დამეხმარებიან?

_ ამ ფონდისა და სახელმწიფოს მეშვეობით, დახმარებები გაეწევათ ოჯახებს ბავშვთა რაოდენობის მიხედვით. ეს დახმარებები იქნება ერთჯერადი და ყოველთვიურიც. სტიმულირება უნდა მოხდეს მეორე და მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში. სწორედ მესამე ბავშვი უზრუნველყოფს მოსახლეობის გაფართოებულ კვლავწარმოებას, ანუ ამრავლებს ერს. ერთჯერადი დახმარებები ათასი ლარის ოდენობით, უნდა გაიცეს ყოველ დაბადებულ ბავშვზე, მეორეზე _ ათას ხუთასი, მესამეზე კი _ ორი ათასი. გარდა ამისა, უნდა გაიცეს ყოველთვიური დახმარება იმ ოდენობით, რომ მან ბავშვის გაჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს ოჯახში ამ მიზნით გაწეული დამატებითი ხარჯების კომპენსირება.

აი, როგორ დაგხვდებათ წინ თქვენ მიერ გადახდილი უშვილობის გადასახადი, როცა შვილი თუ შვილები გეყოლებათ.

_ უშვილოებში არა მხოლოდ დასაოჯახებლები, არამედ ის ადამიანებიც მოიაზრებიან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო რომ არ ჰყავთ შვილი. ცოტა უხერხული არაა მათი დაბეგვრა გადასახადით?

_ ეს ქვეყანა ყველას გადასარჩენია _ უშვილოებისაც და მრავალშვილიანებისაც. დემოგრაფიული ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს იმ ადამიანების მკურნალობის სრული დაფინანსება, რომლებიც, სურვილის მიუხედავად, ცუდი ჯანმრთელობის ან უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ აჩენენ შვილს. აქვე ვიტყვი, რომ უნდა გაიზარდოს როგორც ანაზღაურებადი, ისე უხელფასო დეკრეტული შვებულებების ხანგრძლივობა. შობადობის სტიმულირების მიზნით, უნდა მოხდეს ქალის საპენსიო ასაკის კორექტირება მის მიერ აღზრდილი შვილების რაოდენობის მიხედვით _ ყოველ გაჩენილ ბავშვზე ქალის საპენსიო ასაკი თითო წლით უნდა შემცირდეს. უნდა მოხდეს ახლადდაქორწინებულთათვის გრძელვადიანი შეღავათიანი სესხების გაცემა, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსახლეობის სასაზღვრო ზოლში გადასახლებასაც.

_ ბატონო ანზორ, თქვენ პირველ, მეორე და მესამე ბავშვებზე აკეთებთ აქცენტს და მიიჩნევთ, რომ სახელმწიფო და ჯერ არ შექმნილი დემოგრაფიული ფონდი მათ უნდა დაეხმარონ. ჩვენმა პრეზიდენტმა კი მესამე, მეოთხე და შემდგომ ბავშვებზე გააკეთა აქცენტი და ასეთ ოჯახებს შეჰპირდა ფინანსურ დახმარებას.

_ აქცენტი უნდა გაკეთდეს მესამე შვილზე, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მესამე შვილია. ქართველები მეოთხე შვილს იშვიათად აჩენენ, თუ სახელმწიფო დახმარებას გაუწევს მეოთხე და მეხუთე შვილზე, მაშინ მხოლოდ ათეულობით ქართულ ოჯახს დაეხმარება და ეს დახმარება უფრო არაქართველი მოსახლეობისთვის იქნება. მე მრავალშვილიანობის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ 4-5 და მეტი შვილი ძალიან ცოტას ჰყავს…

ჩეხოსლოვაკიაში იყო მწვავე დემოგრაფიული პრობლემები. აი, რა გააკეთეს: პირველ შვილზე არანაირ დახმარებას არ აძლევდა ოჯახს სახელმწიფო _ პირველი ბავშვი ისედაც დაიბადებაო, _ ასე მარტივად ახსნეს სახელმწიფოს დაუინტერესებლობა ამ საკითხით. მეორე ბავშვზე გარკვეული დახმარება დაწესდა, მესამე ბავშვზე სოლიდურად ეხმარებოდა სახელმწიფო ოჯახებს, მეოთხე ბავშვზე კი იმაზე მცირე დახმარებას გასცემდა, რაც მეორე ბავშვზე გასცა. მეხუთე და შემდეგ ბავშვებზე კი არანაირ დახმარებას არ უწევდნენ ოჯახებს. ამ პოლიტიკამ გაამართლა და ჩეხოსლოვაკიამ გადალახა დემოგრაფიული პრობლემები. ჩვენი პრეზიდენტი გაიძახის, მესამე ბავშვიდან დავიწყოთ დახმარებაო. კი, მესამე უმნიშვნელოვანესია, ვიმეორებ, მაგრამ ჯერ პირველი ორის აღზრდაში უნდა შეუწყო ხელი ოჯახს, რჩენაზე აღარაფერს ვამბობ და მერე უნდა მოსთხოვო მესამე შვილი. თუ ის ორი ვერ არჩინა, მესამეს ვინღა გაგიჩენს? თან, ჩვენი პრეზიდენტი მხოლოდ ერთჯერად დახმარებებზე ლაპარაკობდა.

_ რამდენი ქართველი და რამდენი სხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს დღეს საქართველოში?

_ ეს კაციშვილმა არ იცის და შესაძლოა, ვერც ვერასდროს გავიგოთ. ეს იმის ბრალია, რომ პირადობის მოწმობიდან ეროვნება ამოიღეს. ჯერჯერობით ვიცით, რომ ქართველები უმრავლესი ერი ვართ საქართველოში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ აღარ ვართ ყველაზე მეტნი, უმცირესობაში აღმოვჩნდით. სახელმწიფომ იმის საშუალებაც წაგვართვა, რომ ის მაინც გავიგოთ, როდის აღმოვჩნდებით უმცირესობაში.

_ საყოველთაო აღწერაც რომ ჩატარდეს, ამას ვერ გავიგებთ?

_ ვერ გავიგებთ. როცა ეს უკუღმართი კანონი მიიღეს, მაშინ ბევრი ვიბრძოლე პარლამენტში, რომ დაეტოვებიათ გამოკითხვის დროს ეროვნების გრაფა, მაგრამ ამოიღეს. ახლანდელი კანონით, თუ აღწერა ჩატარდა, ძნელია, დაადგინო, მართლა რამდენი ეროვნების რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში.

_ დამოუკიდებლად რომ ჩაატაროთ ასეთი კვლევა, ვთქვათ, სოციოლოგთა ჯგუფმა, არ შეიძლება?

_ დიდი სიამოვნებით, მაგრამ ფული სად არის? ვინ მომცემს ფულს? გრანტს ესენი ახლოს არ გაკარებენ. «რუსთაველის ფონდში» მე და კიდევ ორმა მეცნიერმა, პროფესორებმა შევიტანეთ გრანტზე განაცხადი. თემას ასე ერქვა: «საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები და მათი გადაჭრის პერსპექტივები». რა ვიცოდი, თუ საბჭოში გიგი თევზაძე იყო, საერთოდ არ შევიტანდით იმ განაცხადს. უარი გვითხრეს, ცხადია, თევზაძე მე გრანტს არ გამაკარებდა, ეგ გრანტიყლაპია, ეგა. უარის მიზეზი, იცით, რა იყო? დასკვნაში ჩაწერეს, _ 3 კაცი ბევრია ამ თემისთვისო. შე ოხერო, ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს ვეჭიდებით და მათი გადაჭრის გზებიც უნდა დავსახოთ და ამხელა საქმეში 3 კაცი ბევრია? გიგი თევზაძე უღმერთო კაცია. მე ვუთხარი ერთხელ მაგას: აკაკი წერეთელს აქვს ნათქვამი _ უღმერთო კაცს ეშმაკის კურკლი უნდა გადააყლაპოო. უღმერთოების მეტი რა არის და იმ ილიას უნივერსიტეტშიც ბლომად გყავს, რომელიმეს კურკლი გადაყლაპე, იქნებ გეშველოს და ღმერთთან ახლოს მიხვიდე-მეთქი.

_ ბატონო ანზორ, პრეზიდენტის ახალ აჩემებაზე _ ლაზიკაზე რას იტყვით?

_ ლაზიკა უპერსპექტივო პროექტია, მრავალმხრივ საზიანო ქვეყნისთვის, მათ შორის, დემოგრაფიული თვალსაზრისით. ამასწინათ «თავისუფალი უნივერსიტეტის» დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გამოვიდა ტელევიზიით და ლაზიკაზე ილაპარაკა. ამხელა კაცი ზის ტელეეთერში, მაისურზე აწერია ეს _ «თავისუფალი უნივერსიტეტი» და რას ლაპარაკობს, თავადაც არ იცის. დიდი ორატორი არასდროს ყოფილა, მარა ენა მუცელში არ ჩავარდნია, იმ დღეს კი, ენა აღარ ერჩოდა, თუმცა ნიშნის მოგებით, როგორც სჩვევია, ენა მაინც გამოგვიყო ამჯერადაც. თბილისი თავკომბალა ქალაქიაო, _ იძახდა ბენდუქიძე, ჯერ ერთი, ყველა პატარა ქვეყანაში თითქმის მოსახლეობის მეოთხედი დედაქალაქში ცხოვრობს. ასეა თბილისშიც და ეს არ არის საგანგაშო. მექსიკა 106-მილიონიანი ქვეყანაა და მოსახლეობის 24 პროცენტი მეხიკოში ცხოვრობს, უჭირთ რამე ჩვენზე მეტად?

ამბობენ, ლაზიკა ჯერ ნახევარმილიონიანი ქალაქი იქნებაო, მერე _ 1 მილიონიანიო. ამიხსენით, თუ თბილისი თავკომბალაა, ლაზიკა არ იქნება თავკომბალა ამ 1 მილიონით? ცხადია, იქნება. რას აპირებენ? ამ ორ ქალაქში უნდა გადაანაწილონ საქართველოს მთელი მოსახლეობა? საინტერესოა, საიდან უნდა ჩაასახლონ ხალხი ლაზიკაში. დასავლეთ საქართველოს თუ აყრიან და სოფლებს დააცარიელებენ, მაშინ (1 მილიონ 14 ათასი კაცი ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში) ჩათვალეთ, რომ სოფლად გლეხი აღარ დაგვრჩება. შესაძლოა, ამასაც აპირებენ და მერე იმ გამოთავისუფლებულ მიწებს უცხოელებს მიჰყიდიან.

კახა ბენდუქიძე იმასაც ამბობს, დასავლეთ საქართველოში დეპოპულაციაა, თავის დროზეც და ახლაც თბილისს, აღმოსავლეთ საქართველოს მოაშურა ხალხმაო. ტყუილია, არანაირი დეპოპულაცია არ არის, დეპოპულაცია და მიგრაცია ვერ გაურჩევია და ეკონომისტობაზე დებს თავს. პირიქით, მთელი XX საუკუნე მატულობდა მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში და ეს ელემენტარული რაღაც მაინც უნდა იცოდეს ორგზის ნამინისტრალმა კაცმა.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. უშვილობის გადასახადს მარტო ქართველები გადაიხდიან, ამ ხალხს პერსპექტივა არა აქვს, სანამ მონასტერეიზმი ბობოქრობს და მამაოები უქმროდ ბავშვის გაჩენას გმობენ, საქმე არ გამოსწორება, შექმენეით ქართული დემ. ფონდი, რომელის აგრესიული უნდა იყოს ჩვენი გენების მკვლელების წინააღმდეგ. აბირტმახერების მოსპობა, ქალებს ქორწინების გარეშე შვილები გაჩენის შესაძლებლობის წახალისება და სხვა, აქ კეკლუცოის დროა აღარ რჩება,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here