Home რუბრიკები პოლიტიკა სირიული ჩემოდანი მიხეილ სააკაშვილისთვის

სირიული ჩემოდანი მიხეილ სააკაშვილისთვის

765

«სირიის სცენარი» _ ორიოდე კვირის წინ ჩვენმა პოლიტიკოსებმა პირველად გამოიყენეს ეს სიტყვები იმის აღსაწერად, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლო მომავალში. მიხეილ სააკაშვილმა ამ თემის გაშლაც კი სცადა და განაცხადა, რომ ოპოზიცია იმუქრება «ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით…», თუმცა ის, რაც მან ესოდენ მიზანთროპული დეტალიზაციით აღწერა, მხოლოდ სისხლიანი კულმინაციაა, ხოლო «სცენარი» მთლიანობაში გაცილებით უფრო მეტ, მათ შორის, ადრეულ ეტაპს მოიცავს. სირიასა და საქართველოში  განვითარებული პროცესების დაკვირვებამ შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ მთელ რიგ ეპიზოდებში სააკაშვილი და ასადი ერთი და იმავე სცენარით მოქმედებენ. ცხადია, ორ ქვეყანას შორის მრავალი განსხვავება არსებობს, თუმცა ორივე რეჟიმი ზოგიერთი რაკურსით ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავს.

გამრუდებული ხერხემალი

ზოგიერთი ახლოაღმოსავლელი ავტორი ასადის რეჟიმის აღსაწერად იყენებს ტერმინს «ჯუმლაქა»; ის ორი სიტყვის შერწყმითაა მიღებული: «ჯუმხურია» (რესპუბლიკა) და «მამლაქა» (მონარქია; სამეფო). თუ ამ ტერმინის «ევროპეიზაციას» შევეცდებით, «რესპარქია»-ს მივიღებთ, რომელიც თავის არაბუნებრიობით დოქტორ მოროს კოშმარულ მუტანტებს მოგვაგონებს. ფორმალურად, რესპუბლიკური კარკასი შენარჩუნებულია, თუმცა ხელისუფლების ყველა შტოზე სახელმწიფოს მეთაური ისე ყოვლისმომცველად და დაუცხრომლად დომინირებს, რომ მოქალაქეებს ექმნებათ მყარი შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტური მონარქიის პირობებში ცხოვრობენ.

ამა თუ იმ პოლიტიკოსის გავლენას განსაზღვრავს არა მისი პოსტი აღმასრულებელი ხელისუფლების ან მმართველი პარტიის იერარქიაში, არამედ სიახლოვე პრეზიდენტის ოჯახთან და არაფორმალურ ჯგუფთან, რომლის წევრებმა პრეზიდენტი ჰაფეზ ასადი (დღევანდელი მმართველის, ბაშარ ასადის მამა) შორეულ 1970-ში ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს. ასეა საქართველოშიც: პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის გენმდივანი (გილაური, ბაქრაძე, მაჭავარიანი) არ არიან ყველაზე გავლენიანი ფიგურები თავიანთი ბელადის შემდეგ, პირიქით, საუბარი მათ პოლიტიკურ წონაზე ხშირად გულწრფელ ღიმილს იწვევს. სხვათა შორის, ეს არაფორმალური ჯგუფი («ჯამაა» _ კონტექსტიდან გამომდინარე ამ სიტყვას «საძმოს» ან «ბანდის» დატვირთვით იყენებენ; საქართველოში ადრე გამოიყენებოდა სიტყვა «გუნდი», თუმცა შემდეგ ეს ტერმინი საყოველთაო ხმარებიდან გაქრა) თავის დროზე იწყებდა, როგორც რომანტიკოსები, სუფთა ხელებით, თუმცა ძალიან მალე დაიწყო როგორც უშუალოდ მათი, ისე მათი ხელქვეითების გადაქცევა ლეგალიზებულ ყაჩაღებად, რაზეც ხერხემლის, უკაცრავად, საყრდენის ჩამოშლის შიშით, ასადი თვალს ხუჭავდა. თუ ყოველივე აღწერილმა ჯერჯერობით არაფერი მოგვაგონა, უფრო შორს წავიდეთ.

ის, რომ «სირიის სცენარი» შეიძლება საქართველოში განვითარდეს, ირაკლი ალასანიამ უცხოელ დიპლომატებს მას შემდეგ უთხრა, რაც სააკაშვილის მიერ მეტად საეჭვო შეიარაღებული რაზმების შექმნა აღუწერა. საინტერესოა, რომ სირიაში სისხლისღვრის, მეტიც, ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ხელისუფლება მიხვდა, თუ საით მიდის საქმე, მან ალავიტური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში (ასადი, ისევე, როგორც მისი ჯგუფის უმრავლესობა, ალავიტია) იარაღის დარიგება დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები გლეხებს ამ დროს აბსოლუტურად იმავეს ეუბნებოდნენ, რასაც სააკაშვილი ქართულ აუდიტორიას, ანუ იმას, რომ ოპოზიცია «თავმოჭრილი ბავშვებით დაიმუქრა» და ცდილობდნენ, საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოეყენებიათ ის შიში, რომელსაც ალავიტები სუნიტური უმრავლესობის მიმართ განიცდიდნენ. ჩვენ, მართალია, ალავიტები არ გვყავს, თუმცა საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ სააკაშვილი მუდამ ცდილობს, დაყოს საზოგადოება თავისიანებად და მტრებად, ამოტუმბულებად და ჩარეცხილებად, მეტიც, ერთმანეთს დედაქალაქი და რეგიონები დაუპირისპიროს. ასადიც და სააკაშვილიც, დეკლარაციის დონეზე მაინც, იწყებდნენ როგორც საერთოეროვნული ლიდერები, თუმცა ორივემ, სკამის შენარჩუნების ტაქტიკიდან გამომდინარე, ფრაგმენტაცია და ურთიერთდაპირისპირება საზოგადოებაში უკიდურეს სტადიამდე მიიყვანა; ავტომატების დარიგება, ამ კონტექსტში, მხოლოდ ბოლო აკორდი იყო.

ჰაფეზ ასადი და მისი შვილი მუდამ პოლიციურ სახელმწიფოს აშენებდნენ და არმიას ბოლომდე არასოდეს ენდობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმის კარკასის როლს სწორედ სამხედროები ასრულებდნენ. სპეცსამსახურებისა და პოლიტიკური პოლიციის როლი ქვეყანაში ძალიან მაღალი იყო. სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე მოქალაქეები მათ კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ, ისევე, როგორც (ბარემ გამოვიყენოთ ტერმინი ახალი ქართული კანონიდან) ნებისმიერი «პოლიტიკურად აქტიური ან მასთან დაკავშირებული პირი». რეჟიმის პოზიციები სოფლად გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე ქალაქებში, პერიფერიაზე ხმის ამოღებას საერთოდ ვერავინ ბედავდა.

ჰაფეზ ასადის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვრცელდებოდა მითი საიდუმლო სამსახურების ყოვლისშემძლეობის შესახებ (ესოდენ ნაცნობი «ყველას უსმენენ», «ტრიფონსაც დაიჭერენ» და ა.შ.). დღეს ეს მითი დაიმსხვრა, ასადის მიმართ სავსებით ლოიალური მოქალაქეებიც კი ღიად ლანძღავენ მათ იმის გამო, რომ ოპოზიციის გამოსვლების პრევენციას ვერ ახერხებენ, საოცრად არაეფექტურები არიან და, უხეშად რომ ვთქვათ, «ყნოსვა დაკარგეს». აბოლუტურმა ძალაუფლებამ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ აბსოლუტურად გარყვნა ისინი, არამედ ჭკუიდანაც გადაიყვანა.

სახასიათო შემთხვევა ერთი წლის წინ ქალაქ დერააში მოხდა. უშიშროებამ სკოლის რამდენიმე მოწაფე დააპატიმრა, რომლებიც კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგებს წერდნენ. როდესაც ამ ინციდენტზე სასაუბროდ უშიშროებაში უხუცესები მივიდნენ, მათ განუცხადეს, რომ, თუ საკუთარი შვილების ხილვა სურთ, ჯერ ცოლები უნდა მოიყვანონ, ათასი სხვა შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელითაც შეეხნენ და გარეთ გააგდეს. უნდა ითქვას, რომ წარმოდგენა ღირსებაზე დერააში დაახლოებით ისეთია, როგორც მესტიაში. ასე რომ, ქალაქში არეულობა დაიწყო.

ამ მომენტში ასადის რეჟიმი არჩევანის წინაშე დადგა და ისევე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებამ მსგავს სიტუაციებში თავისი ერთგული მსახურები ვერ გაიმეტა, უმკაცრესად არ დასაჯა ისინი, არამედ მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი მათი ქმედებების მიღმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა. დერააში დაიწყო საპროტესტო დემონსტრაციები და ძალადობის ესკალაცია, ბოლოს ქალაქი აჯანყდა. თვე-ნახევარი მიმდინარეობდა ბრძოლები ჯავშანტექნიკის გამოყენებით, დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი; დერაა, რომელიც ადრე ასე თუ ისე აპოლიტიკური, ერთობ ფლეგმატური ქალაქი იყო, წინააღმდეგობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდა.  

დღეს ფართოდ გავრცელებულია წარმოდგენა, რომ სისხლიანი შეტაკებები სირიაში მხოლოდ გარე ძალების ზემოქმედების შედეგია, ხოლო იქამდე ამ ქვეყანაში «მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება» სუფევდა. ეს, ალბათ, არასწორი შეფასებაა, რადგან, რომ არა წინაპირობები, რომლებიც რეჟიმმა საკუთარი ხელით შექმნა, ასეთი ჩარევა მეტად გაჭირდებოდა.

აჯობა შვილმა მამასა

საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი მართვის სტილით, სადღაც ჰაფეზ და ბაშარ ასადს შორის დგას. ჰაფეზი ნებისმიერ ინიციატივას და დამოუკიდებელ აზროვნებას ებრძოდა, მას სახელმწიფო აპარატი მხოლოდ საკუთარი ნების გამტარებლად მიაჩნდა. სხვათა შორის, (წაგებული) ომის დროს მას არაერთგზის გაუწყვეტია სამეთაურო ჯაჭვი, უკავშირდებოდა ამა თუ იმ დივიზიის მეთაურს და ცდილობდა, მისი მოქმედებისთვის თავად ეხელმძღვანელა.

ამ აშკარად არაგონივრული მოქმედების მიუხედავად, ჰაფეზ ასადი მაინც არაორდინალური, ნიჭიერი მმართველი იყო, რომელსაც შეეძლო სისტემურად, დღე-ღამის განმავლობაში ემუშავა და სახელმწიფო მექანიზმის ფუნქციონირება ასე თუ ისე საიმედოდ ეკონტროლებია. მისი შვილი, ბაშარი, თავიდანვე მიხვდა, რომ ასეთ ტიტანურ შრომას ვერ გაუმკლავდებოდა და ხელქვეითებისგან მეტი კრეატიულობა, გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში უფრო აქტიური ჩართვა მოითხოვა, ანუ სწორედ ის, რასაც მამამისი ებრძოდა. მიხეილ სააკაშვილმა, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წესით, ბაშარს უნდა მიბაძოს, თუმცა ამავე დროს ის მუდამ ცდილობს, ჰაფეზივით ყველგან და ყველაფერში ჩაერიოს, მაგრამ მისგან განსხვავებით, მეთოდური მუშაობისკენ მიდრეკილი არ არის.

სააკაშვილი უფრო ჰგავს ბაშარს, ვიდრე ჰაფეზს; მთავარი აქ ის კი არაა, რომ ორივეს თავის დროზე დასავლეთში იმედისმომცემ ახალგაზრდა რეფორმატორად თვლიდნენ, არამედ ის, რომ ორივეს მოსვლა ხელისუფლებაში და მისი შენარჩუნება, არა უშუალოდ მათი, არამედ სხვა ძალების მოქმედების შედეგი იყო, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ. ვინ გახდებოდა ან სად იქნებოდა სააკაშვილი დღეს, რომ არა ძია სემის ყოვლისმომცველი დახმარება? იგივე შეიძლება ითქვას ბაშარ ასადზე, რომელსაც მამამისმა ხელი მოჰკიდა, ხელისუფლების სათავეში მოიყვანა და თავის ძველ თანამებრძოლებს ჩააბარა. დღეს კი ორივე, ბაშარიც და მიხეილიც, იძულებულნი არიან მეტნაკლებად დამოუკიდებლად იმოქმედონ და მათი იმპროვიზაციების შედეგი სულ უფრო გამანადგურებელი ხდება.

ბაშარ ასადი «სათადარიგო მემკვიდრე” იყო. ხელისუფლების სათავეში მისი უფროსი ძმა, ბასელი უნდა მოსულიყო, რომელსაც ამისთვის საგანგებოდ ამზადებდნენ. ბასელი ავტოკატასტროფაში (ასე თუ ისე საეჭვო)  დაიღუპა და ბაშარს «მემკვიდრის დაჩქარებული კურსების» გავლა მოუწია. საქმეში ჩახედულ ადამიანებს თუ დავუჯერებთ, «ვარდების რევოლუციის» არქიტექტორები სააკაშვილისთვის აბსოლუტური ძალაუფლების გადაცემას ასევე არ აპირებდნენ.

ისევ ჰაფეზს დავუბრუნდეთ, ჰაფეზის რეჟიმის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილი იყო დიქტატორის მუდმივი შედარება ლეგენდარულ სალადინთან; სააკაშვილის შედარება დავით აღმაშენებელთან მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ფიგურანტი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ამით ჰომერული სიცილის გარდა ვერაფერს გამოიწვევს.

ჰაფეზიც და მიხეილიც თვლიდა, რომ განსაკუთრებული მისიის, ერის მამის როლის შესრულება მოუწევთ, რომელიც სახელმწიფოს შექმნას ნულიდან იწყებს და ეს, ალბათ, მათი მთავარი შეცდომა იყო. ორივე მუდამ  მანიპულირებდა გარე საფრთხის თემით, ორივემ წააგო ომი და ამის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩა. ჰაფეზ ასადი ნიჭიერი კაცი იყო და მის მიერ შეკოწიწებულმა კონსტრუქციამ, ასე თუ ისე, რამდენიმე ათწლეული იარსება, სააკაშვილის კვაზი-სახელმწიფო კი, სავარაუდოდ, ათ წელიწადსაც ვერ გაძლებს, თუმცა მთავარი, ალბათ, ის არის, რომ რაღაც მომენტში რეჟიმის შენარჩუნების ამოცანამ ყველა არსებული რესურსის შთანთქმა დაიწყო და ბოლოს ქვეყანა ტოტალური სისხლისღვრისა და დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. არავინ ამბობს, რომ სახელმწიფო აღმშენებლობას (მოდერნიზაციას და ა.შ.) თეთრი ხელთათმანებით მუშაობა სჭირდება, ისტორიული გამოცდილება უფრო საპირისპიროზე მიუთითებს, თუმცა, როგორც ჩანს, იმ შენობის პროექტში, რომელსაც ორივე დიქტატორი აშენებდა, თავიდანვე რაღაც არასწორი, მანკიერი ჩაიდო და მისი ჩამოშლა მხოლოდ დროის საკითხი გახდა.

ჩემოდნების ჩალაგების დროა

შესაძლოა, პრობლემა ისაა, რომ როგორც ასადის, ისე სააკაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას (ცხადია, ფარულს) ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან, მის ტრადიციებთან და მისწრაფებებთან; ეს თავისთავად კატასტროფული არ არის, რასაც ბევრი მმართველის ისტორია ადასტურებს, თუმცა ორივემ აშკარად გამოტოვა ის მომენტი, როდესაც ეს დაპირისპირება აშკარა მტრობად, დაუნდობელ ბრძოლად გადაიქცა და მისი კონტროლი შეუძლებელი გახდა. საბოლოოდ, ორივე მმართველი (ბაშარი დღეს, უბრალოდ, იმკის იმას, რაც მამამისმა დათესა) საზოგადოების კრიტიკულად დიდ ნაწილთან ტოტალური ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასთანავე, მსგავსი რეჟიმები დეგრადაციის ბოლო სტადიებზე იწყებენ გაუმართლებლად მასშტაბურ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ, კარგავენ უნარს, «წაიკითხონ» სიტუაცია საერთაშორისო არენაზე და «დინების წინააღმდეგ» მიცურავენ.

აქ საუბარი, ალბათ, არა ორი (ან სამი) ბელადის შედარებას, არამედ უფრო სერიოზულ პრობლემას უნდა შეეხოს: XXI საუკუნეში მდგრადი სახელმწიფოს ღერძი, განსაკუთრებით ასეთ მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ ზონაში, არ შეიძლება გახდეს დიქტატორი თავისი საძმოთი, ოჯახით ან ბანდით, ეს ჩიხში მიმავალი გზაა და არაფერი შეიცვლება იმით, თუ მას რამდენიმეჯერ გავივლით, მითუმეტეს რომ ამ ხეტიალს შეიძლება ქვეყნის მთლიანობის რღვევის გაგრძელება და მზარდი დანაკარგები მოჰყვეს. მთავარი უბედურება კი, სავარაუდოდ, ის არის, რომ ჩვენ ხშირად ვერ წარმოგვიდგენია, წარმატებული ქვეყნის ფუნდამენტი, მისი მთავარი აქტივი პიროვნების თავისუფლება რომ შეიძლება გახდეს და, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ რიტორიკას ვიყენებთ, ერთობ ინფანტილურად ისევ «ძლიერ ხელზე» ვოცნებობთ, რომელიც ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს.

წინარე ფრაზამ, შესაძლოა, ერთობ პათეტიკურად გაიჟღერა, თუმცა, სავარაუდოდ, მთავარი პრობლემა სწორედ ესაა და არა ის, თუ როდის ჩაალაგებს დიქტატორი დამასკოსა თუ თბილისში ჩემოდანს და ხელისუფლებას სამუდამოდ მოსცილდება (ჩაალაგებს და წავა, მაგას წყალი არ გაუვა!).

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here