Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ ჭიპაშვილი: სად არის ერი? ამერიკელმა კარგად მოახერხა, გამოეძერწა ისეთი ქართველი, როგორიც...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: სად არის ერი? ამერიკელმა კარგად მოახერხა, გამოეძერწა ისეთი ქართველი, როგორიც სურდა

1143

«ერთადერთი გზა არსებობს, გამოცხადდეს სახალხო დაუმორჩილებლობა და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს», _ აცხადებს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი, ვინაიდან მიაჩნია, რომ ოპოზიცია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ვერ მოახერხებს. თუ რა პრობლემებია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, რა გზები არსებობს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად, «საქართველო და მსოფლიოს» საკუთარ მოსაზრებებს ჰამლეტ ჭიპაშვილი უზიარებს.

_ ბატონო ჰამლეტ, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ ჩვენი საზოგადოება «აღარაა ერთიანი ეროვნული ორგანიზმი. ასეთი საზოგადოება ადვილად ტყუვდება, ადვილად ექვემდებარება მანიპულირებას. მას აღარ შესწევს უნარი, ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების დამღუპველ პოლიტიკას. არ ძალუძს, ჩამოაყალიბოს აქტიური, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში სიტუაციის რეალურად შეცვლას»…

რამ განაპირობა ამგვარი საზოგადოების ჩამოყალიბება და სად არის გამოსავალი?

_ მე გულდასმით გავეცანი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუს. შეიძლება ითქვას, ეს არის ღრმაშინაარსიანი ნაშრომი, რომელიც მთლიანად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში ამ ოცი წლის განმავლობაში შეიქმნა. მის პოზიციას სრულიად ვიზიარებ, მეტიც ისეთი განწყობაც შემექმნა, თითქოს მე დამეწეროს ეს ყველაფერი.

ალექსანდრე ჭაჭია ამბობს, რა არის ჩვენი დეგრადაციის მიზეზი: ის, რომ ქართველ კაცს ეზარება კითხვა, მოსმენა და ჰგონია, რომ მისი სიტყვა ყველაზე მთავარია. ყველას ჰგონია, რომ სწორედ მისი ნათქვამია უკანასკნელი ჭეშმარიტება. უცოდინარი, ბეცი საზოგადოებაა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, თუნდაც რუსეთში. რუსეთს დედას ვაგინებთ დილიდან საღამომდე, მაგრამ არ ვიცით, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. უნდა ითქვას ისიც, რომ ლომის წილი საზოგადოების დეგრადირებაში ხელისუფლებასა და მედიას მიუძღვის.

  ვერ გეტყვით, რა არის გამოსავალი. ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დონე ძალიან დაბალია. გვყავს საზოგადოება, რომელსაც არ აქვს შეგრძნება იმისა, რომ რაღაცაში თავადაც არის დამნაშავე და ყველაფერს სხვას აბრალებს. მიაჩნია, რომ ყველაფერში ის არის მართალი. მეორე, რაც გვახასიათებს, უმადურობაა. ქართველი კაცი ძალიან უმადური აღმოჩნდა. შორს წასვლა არ დაგვჭირდება, ავიღოთ თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით. დღეს პოლიტიკოსია თუ მოქალაქე, ვისაც არ ეზარება, ყველა რუსეთს ლანძღავს, მაგრამ, რატომ ლანძღავს, თავადაც არ იცის. ისტორია არ იცის, არ იცის რუსულქართული ურთიერთობები, არ აქვს ანალიზის უნარი, თუ რატომ არის, მაგალითად, ნომერ პირველი მტერი რუსეთი და არა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები.

_ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი განწყობა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც განაპირობა, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომმა?

_ როგორც ყველა დიდ ქვეყანას, რუსეთსაც აქვს თავისი დამოკიდებულება პატარა ქვეყნებისადმი, ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკიდან გამომდინარეობს, მაგრამ, თუ შევადარებთ, რა მოგვიტანა ამერიკამ სულ რაღაც 20 წლის განმავლობაში და რა მივიღეთ რუსეთის 200-წლიანი ბატონობის დროს, მინდა გითხრათ, რომ ამერიკამ მცირე დროში მოახერხა ის, რაც რუსეთმა 200 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ამერიკამ შეძლო მიმზიდველი, პატარ-პატარა საჩუქრების წყალობით მოვეხიბლეთ. სამწუხაროდ, ქართველი დიდი სიამოვნებით გაიყიდება ყველაფერზე _ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ამერიკაში სტაჟირებაზე, მცირე თანხაზე…

   ამ ყველაფრის წყალობით, საზოგადოება გაიხლიჩა. იმ ახალგაზრდებისგან, რომლებსაც არაფერზე წარმოდგენა არ აქვთ და არათუ წარსული, დღევანდელი ისტორიაც არ იციან, ამერიკელმა კარგად მოახერხა გამოეძერწა ისეთი ქართველი, როგორიც სურდა. ჯერ მარტო მათ საუბარს დააკვირდით. ამას წინათ, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, ამერიკიდან ჩამოსული ერთი ქართველი «ხელოვანი», აქსესუარებასხმული მამაკაცი საუბრობდა. ჰოლივუდში თუ სადღაც ყოფილა და საუბარში ხშირ-ხშირად ინგლისურ სიტყვებს ურთავდა. ასეთები თავს პრივილეგირებულად წარმოაჩენენ და დანარჩენებს, როგორც ბრბოს, ისე უყურებენ. შეიქმნა ორი საზოგადოება: ერთი, ახლაგაზრდულ-ამერიკული, გადაგვარებული და მეორე _ რომელიც ამას დადებითად არ უყურებს, მაგრამ მათ აზრს ვერსად ვისმენთ, რადგან არსად არ შეუძლიათ თავისი აზრი გამოთქვან, არც რადიო აქვთ და არც ტელევიზია. ისინი სააკაშვილის მიერ ჩარეცხილები არიან. დღეს პატრიოტიზმიც სასაცილოდ აქვთ აგდებული.

_ წეღან დანაშაული და უმადურობა ახსენეთ, რაში შეიძლება ვიყოთ რუსებთან დამნაშავე?

_ ჩვენ არ უნდა ვაგინოთ რუსეთს და რუსულ პოლიტიკას, არამედ რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია. ახლა რომ ამბობენ, გეორგიევსკის ტრაქტატი დაირღვა და რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინაო, წაიკითხონ, რას ეხვეწებოდა ქართველი მეფე თუ თავადაზნაურობა რუსეთს. ერეკლე ერის ფიზიკური განადგურების წინაშე იდგა. მაშინ საქართველოს მოსახლეობა 400 ათასს ვერ აღწევდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 5 მილიონი ვიყავით.

_ თუმცა ერეკლე მეორეს სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ

_ ირაკლი ოქრუაშვილი თუ გააკრიტიკებს, ეს არაფერს ნიშნავს. მაგან რა უნდა შეაფასოს. უნდა გამოიცეს ეს ტრაქტატი თანამედროვე ენაზე ამ ყრუ საზოგადოებისთვის. რუსეთმა გადაგვარჩინა ფიზიკური განადგურებისგან. მეფის რუსეთის დროს ჩამოყალობდა ქართული ინტელიგენცია. შეიძლება ბევრ რაღაცაში გასალანძღია კომუნისტური წყობილება, მაგრამ ერის კულტურის, ცოდნის ამაღლებისთვის, კომუნისტურმა საზოგადოებამ ბევრი რამ გააკეთა. მეცნიერებათა აკადემია, კინოსტუდია, უნივერსიტეტები, სამეცნიერო დაწესებულებები გაიხსნა.

_ თუმცა ძლიერი იყო ცენზურა

_ ახლა აღარ არის ცენზურა, მაგრამ რაიმე ღირებული შეიქმნა ამ ოცი წლის განმავლობაში? არც არაფერი… წარსულისადმი ასეთი დამოკიდებულება და დაუნახაობა ძალიან ცუდია ერისთვის.

_ იმავე ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭია ამბობს: «შევარდნაძესააკაშვილის რეჟიმმა მიზნად დაისახა საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ტურისტულ ბაზად, ხოლო ქართველების მომსახურე პერსონალად გადაქცევა _ მზარეულების, ოფიციანტების, გუვერნანტების, სტრიპტიზიორებისა და მეძავების ერად».

რატომ მოხდა ასე?

_ უმძიმესი ვითარებაა. საქართველოში პროფესიონალიზმი არ ფასდება. საქართველოში მეცნიერება და განათლება, შაშკინ-სეფერთელაძის დონეზეა დასული. ჯერ მარტო ჰაბიტუსზე რომ შეხედოთ აკაკი სეფერთელაძეს, ოდესმე იფიქრებ, რომ საერთოდ ორი წიგნი მაინც აქვს წაკითხული? არადა, ეს ორი ბრიყვი და გაუნათლებელი, გარეგნულადაც მიუღებელი პიროვნება საქართველოში განათლებასა და მეცნიერებას მართავს.

ერი დეგრადაციისკენ მიდის. ტელევიზიებში წამყვან ქალთა კვარტეტები დილიდან საღამომდე სხედან და გამუდმებით იმაზე საუბრობენ, ვინ როგორ დაიბერა ტუჩები ან ვის როგორი საცვლები აცვია.

ქართველი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, აქ ჩამოსულ უცხოელს მოემსახუროს _ ოფიციანტად, მძღოლად, ბოზად. ტურიზმი ცუდი არ არის, მაგრამ მარტო ტურიზმით ქვეყნის გამდიდრება წარმოუდგენელია. მართალია, ბათუმში საწარმოები გაიხსნა, მაგრამ ყველგან თურქები მუშაობენ და ხუთჯერ მეტ ხელფასს იღებენ, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. ყველაფერი გააკეთეს სააკაშვილმა და შევარდნაძემ, რომ მილონ-ნახევარი კაცი გადახვეწილიყო უცხეოთში და დღეს, როცა ერზე ვსაუბრობთ, სად არის ერი? დღეს სააკაშვილის ფონზე შევარდნაძე გახდა საქები, თორემ წარმოიდგინეთ, ეს მოხუცი  საზოგადოებას მოძღვრავს, თითქოს მას არ გაეფუჭებიოს ყველაფერი. ვიდრე შევარდნაძესთან ინტერვიუები იბეჭდება და მასთან რაღაცების საკითხავად მიდიან, ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკაც დეგრადირებულია. ეს კაცი საერთოდ უნდა გაირიყოს საზოგადოებისგან. ეს არის კაცი, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, აიძულა ქართველი, დაეტოვებინა საქართველო და ფართო გასაქანი მისცა მის წრეს, ეჭამა და გაეძარცვა ქვეყანა. საზოგადოებამ იგნორირება უნდა გაუკეთოს ასეთ საზიზღარ პიროვნებას. არ მოვერიდები ამ სიტყვას.

_ ბატონო ჰამლეტ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ბევრს გაუკვირდა, რომ მას საკუთარი მოქალაქეობის საკითხიც კი არ ჰქონდა წინასწარ მოგვარებული. არადა, განაცხადა რომ პოლიტიკაში მოსასვლელად და ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად დიდხანს ემზადებოდა. დღეს კი ხელისუფლება მოქალაქეობას არ აძლევს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ კონკურენციის არ ეშინია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რის შედეგადაც ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება

_ ხელისუფლებას აშკარად ეშინია, ამიტომაც გაჭიანურდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, თუმცა, თავის მხრივ, ივანიშვილის ირგვლივ მყოფმა იურისტებმაც ბევრი შეცდომა დაუშვეს და საბაბი მისცეს ხელისუფლებას, ეს პროცესი გაეჭინაურებია. განცხადება იმისა, რომ ნებისმიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, აშკარად მეტყველებს, რომ ხელისუფლება ჩიხშია შესული და უკვე აბსურდულ შეცდომებს უშვებს. რა დააშავეს მაშინ იმ ქართველებმა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ან რუსეთში ცხოვრობენ? რატომ მაინც და მაინც ევროკავშირი? ეს გადაწყვეტილებაც მიანიშნებს, რამდენად უმწიფარია ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი წელია, «ნაციონალები» ხელისუფლებაში არიან, ამ პარტიაში სერიოზული აზროვნების დეფიციტია.

თუმცა ოპოზიციაც არ იძლევა იმედის საფუძველს. უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტია მიაწყდა ივანიშვილს, რათა როგორმე შეიკედლოს ისინი, მაგრამ არც ერთი არ კითხულობს, რესპუბლიკელების იდეოლოგიის ქვეშ როგორ უნდა იარსებონ. მე, საერთოდაც, პარტიების გაერთიანებაზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაერთიანდნენ.

_ საუბარი მიმდინარეობს ოპოზიციური . . მესამე, მეოთხე ცენტრის შექმნაზე, რაც, ერთის მხრივ, თითქოს ბუნებრივია, როცა «ქართული ოცნების» გარეთ დარჩენილი პარტიები საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, მაგრამ რას მოიტანს ოპოზიციის ამგვარი დაქსაქსულობა, ხომ არ არის ეს არჩევნებში დამარცხების წინაპირობა?

_ 2003 წელსაც ასე მოხდა, როცა რესპუბლიკელებმა და სხვებმა რატომღაც გადაწყვიტეს, «შეძრომოდნენ» სააკაშვილს. ხომ გაერთიანდნენ და რატომ ვერ გაძლეს ერთად? წინასაარჩევნოდ ერთად ბრძოლა კიდევ შეიძლება, მაგრამ გაერთიანება გამორიცხულია.

ამ ეტაპზე ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შეცვლის. ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. ერთადერთი გზა არსებობს, გამოცხადდეს სახალხო დაუმორჩილებლობა. ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ იზამს ამას ქართველი ხალხი? არა მგონია, რადგან, გამოვლენ თუ არა ქუჩაში, იციან, გაყრიან სამსახურებიდან და ეშინიათ.

დავუშვათ და მოიგოს კიდეც არჩევნები ოპოზიციამ, რა იქნება შემდეგ? ოპოზიიის ლიდერი ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ წელიწადნახევარი ვიქნები და შემდეგ წავალო. მიმაჩნია, რომ ეს არასერიოზული განცხადებაა. გამოდის, რომ იმისთვის უნდა ვიბრძოლო და მოგცე ხმა, რომ მხოლოდ წელიწად-ნახევრით მოხვიდე და შემდეგ ის პარტიები შემატოვო ხელისუფლებაში, რომლებსაც ვერ ვიტან? გამოდის, რომ ვითარება არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიცვლება. შესაძლოა, ისეთი სადამსჯელო ღონისძიებები არ გაატარონ, როგორსაც ეს ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ ურთიერთობა დასავლეთთან გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არსებობას წერტილი დაესმება.

_ ბატონო ჰამლეტ, «ქართული ოცნების» წარმომადგენლები იგნორირებენ მოსაზრებას, რომ ნატოში შესვლის მცდელობაზე საუბარიც კი გამორიცხავს საქართველოს აღდგენას იმ სახით, როგორიც ის შევარდნაძემდე იყო. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთთანაც დაალაგებენ ურთიერთობას, დასავლეთთანაც კარგი ურთიერთობა ექნებათ და ნატოშიც გაწევრიანდება ქვეყანა. ამგვარი სურათი შეუძლებლად მიგაჩნიათ?

_ ეს «ქარტული ოცნების» მხრიდან, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასერიოზული განცხადებაა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოუცდელი კაცია, პოლიტიკა კი სერიოზული საქმეა. მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ, სანამ საქართველოს ექნება ცალმხრივი დამოკიდებულება და სურვილი ნატოში გაწევრიანებისა, საერთო ენას ვერ გამოვნახავთო. ნატო და რუსეთი ერთად ვერ იქნება.

საერთოდაც, თუ სერიოზულად დავფიქრდებით, რა დროს ნატოზე საუბარია, როცა თავად ნატოს სერიოზული პრობლემები აქვს? მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ ათი წლის შემდეგ ნატო აღარ იარსებებს. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოდ. დღეს აღარც საბჭოთა კავშირია და აღარც ვარშავის პაქტი. ვინც აღნიშნული პაქტის შემადგენლობაში იყო, დღეს ყველა ნატოშია და ვის ებრძვიან? გამოდის, რომ ნატოს ფუნქცია აღარ აქვს.

ერთი რამ კი ცხადია, იმ ყველაფერში, რაც დღეს საქართველოში ხდება ან მომავალში მოხდება, დამნაშავეა საზოგადოება, რომელმაც თავის დროზე, 8 წლის წინათ, ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა, როცა სააკაშვილი და «ნაციონალები» ხელისუფლებაში მოიყვანა. ახლა ფაქტის წინაშე ვდგავართ.

_ კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხად საქართველოში მეჩეთების მშენებლობა იქცა. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს.

_ საპატრიარქოსთან მიმართებაშიც ვიზიარებ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებას. ჩვენი პატრიარქი ილია მეორე პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ის არ არის მებრძოლი. მისი მხრიდან გარკვეული კრიტიკაც ისმის, მაგრამ ის მაინც ყოველთვის ნახულობს საერთო ენას ხელისუფლებასთანდღეს რელიგია ერთადერთი ნავსაყუდელია, სადაც ქართველი შვებას გრძნობს.

როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ უკან არ დაიხევს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ ადარდებს საზოგადოებრივი აზრი, თორემ პრეზიდენტი ქართველი მუსლიმანების წერილს მაინც გაითვალისწინებდა.

მე მოვისმინე ზოგიერთის «ბრძნული მოსაზრება», თითქოს, თუ მეჩეთები არ ავაშენეთ, ოშკი და ხახული დაიღუპებაო. ახლა რატომ გაახსენდათ, აქამდე სად იყვნენ? ოშკი და ხახული დანგრეულია უკვე და, თუ მაინც და მაინც გადარჩენა გვინდა და გული შეგვტკივა, სხვა გზებიც არსებობს, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, თუნდაც თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკება. თუ ბერძნები და სომხები ლაპარაკობენ თურქებთან, ჩვენ რატომ არც ერთხელ არ დავილაპარაკეთ? ვერ დავიჯერებ, რომ რურუას, სააკაშვილსა და «ნაციონალებს» საქარველოს ბედი აინტერესებთ.

რაც უნდა ვლანძღოთ რუსეთი, სწორედ რუსების წყალობით მოხდა აჭარის დაბრუნება. პირველ წლებში აჭარაში პარლამენტს მეჯლისი ერქვა. დღეს თურქებმა უთოფოდ წაიღეს აჭარა. აჭარის თურქიზაცია მოხდა. ბათუმში 23 ათასი თურქული ოჯახია. იხსნება საწარმოები და სასტუმროები, მაგრამ იქ ვერ იმუშავებს ვერავინ, თუ თურქული ენა არ იცის. მეტიც, ერთერთ ტელეგადაცემაში დამირეკა ქალბატონმა და გამწარებული ითხოვდა, გვიშველეთო. თურქმა გახსნა ბოთლების ჩასაბარებელი პუნქტი. მივიტანე ბოთლები და უკან გადმომიყარა, ქართულად რატომ დაილაპარაკეო.

ისეთი თურქი იდეოლოგები, როგორიცაა ფეთჰულა გიულენი და ადნან ოქტარი პირდაპირ წერენ დიდი თურქეთის აღორძინების შესახებ. გიულენს 25 მილიარდი აშშ დოლარი აქვს და საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. ისინი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ ამერიკაში. გიულენი ერდოღანის მრჩეველი გახლდათ და მას სააკაშვილთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ერთიანი კავკასიური სახლის იდეაც მათ ეკუთვნით. მათი აზრით, უნდა შეიქმნას ისეთივე კავშირი, როგორიც დღეს ევროკავშირია, ოღონდ ეს უნდა იყოს თურქული კავშირი და მან მსოფლიო ბატონობა მოიპოვოს. 

სოფელი არ დარჩენილა, მეჩეთი რომ არ აეშენებიათ. რატომ უნდა აშენდეს ახალი მეჩეთები, არ მესმის. აჭარის გარდა, სურთ, მეჩეთები აშენდეს სამხრეთ საქართველოსა და თბილისშიც, საუბრობენ, რომ საქართველოში, ოთხ ადგილას უნდა აშენდეს მეჩეთი. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და არა რელიგიური, ამიტომაც არის სახიფათო. აქედან გამომდინარე, არც ერთი გულანთებული ქართველი პატრიოტის მოსაზრებას არ გავიზიარებ, რომელიც ამბობს, რომ ოშკი უნდა გადავარჩინოთ და აჭარა დავანგრიოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here