Home რუბრიკები საზოგადოება გია იაკობაშვილი: «ნანუკას შოუს», «პროფილის» და მათი მსგავსი გადაცემების შემქმნელებსა და წამყვანებს...

გია იაკობაშვილი: «ნანუკას შოუს», «პროფილის» და მათი მსგავსი გადაცემების შემქმნელებსა და წამყვანებს ერთი წინადადებით მოვიხსენიებ – «ისინი ბანძები არიან»

863

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამჟამინდელი ქართული საზოგადოება ორ მოწინააღმდეგე ბანაკადაა გაყოფილიხელისუფლების მომხრეები და ოპოზიციურად მოაზროვნეები. «ნაციონალური მოძრაობის» მეხოტბეები, საწინააღმდეგო პოლიტიკური მსოფლმხედველობის მატარებლებისგან განსხვავებით, სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობენ. ეს გათიშულობა საზოგადოების ყველა ფენასა და პროფესიას შეეხო. ქვეყანაში დადგა დრო, როდესაც პიროვნების პროფესიონალიზმი და ცოდნა აღარავის აინტერესებს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ .. ელიტარული ხელოვანები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, მწერლები მოგვიმრავლდნენ და ყოველივე ეს ამჟამინდელი საქართველოს მწარე სინამდვილეა. მიღებულია აზრი, რომ მასმედია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად უნდა ასახავდეს. ჟურნალისტის პროფესიის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა მოვლენას საღი თვალით შეხედოს და საზოგადოებას სიმართლე მიაწოდოს. სამწუხაროდ, საქართველოში სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. «სამეფო კარის» მასმედია გაბატონებულ პოლიტიკურ ძალებს ემსახურება და ქვეყნის მოსახლეობას ვირტუალურ სამყაროში აცხოვრებს. როგორ უყურებს ამჟამინდელ ქართულ მასმედიას და რა აზრისაა ორად გახლეჩილ ჟურნალისტურ სამყაროზე _ ამ თემებზე სასაუბროდ ვებგვერდ presage.tv დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს _ გია იაკობაშვილს ვეწვიეთ.

_ ქართული მასმედია რომ ორად არის გახლეჩილი, ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ?

_ რა კომენტარი უნდა გავაკეთო: არიან ადამიანები და მათ გვერდით არაადამიანებიც ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების ნაწილმა განსხვავებული გზა აირჩია და საკუთარ სინდისზე უარი განაცხადა. ისინი პირადი კეთილდღეობისთვის ყველაფერს კადრულობენ და ხელისუფლების სათავეში მყოფ რეჟიმს ერთგულად ემსახურებიან. მიმძიმს კოლეგებზე ამის თქმა, მაგრამ უმჯობესია, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. საბედნიეროდ, ქართულ მასმედიაში კიდევ მუშაობენ პატიოსანი ჟურნალისტები. ისინი, «ელიტარული» ნაწილისგან განსხვავებით, ფულზე არ იყიდებიან და საზოგადოებას სიმართლეს ყოველგვარი შელამაზების გარეშე აწვდიან. იმედი მაქვს, რომ ხალხი ამ ვაი-ჟურნალისტებს განაჩენს თავად გამოუტანს და მომავალში პასუხს მოსთხოვს.

_ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თქვენი აზრით, სამთავრობო მასმედია მუშაობის გაგრძელებას როგორ აპირებს?

_ რასაც ეს ადამიანები კადრულობენ, მე მუშაობას ვერ დავარქმევ. ისინი საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. მეშინია, რომ უახლოეს მომავალში ამ ხალხს ქართულმა საზოგადოებამ ისეთი მკაცრი განაჩენი არ გამოუტანოს, რომ მათი ნაწილი ჩემი დასაცავი გახდეს. თავადაც ხვდებიან, რომ, «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური სარბიელიდან გაუჩინარების შემთხვევაში, კარგი დღე არ დაადგებათ. ამიტომ არის, რომ განსაკუთრებით გაბოროტდნენ და ბოღმას არც მალავენ. არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივ არხზე, «რუსთავი 2»-ზე, «იმედზე», presa.ge-ზე, droni.ge-ზე, და real.tv-ზე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ასეთი მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობდეს. ამ დაწესებულებებში მომუშავე ჟურნალისტებმა უკან დასახევი გზა მოიჭრეს და უძირო ჭაობში ჩაფლობას ბოლომდე აგრძელებენ.

_ ჟურნალისტი სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენი კოლეგების «პრივილეგირებული» ნაწილი შიშის სინდრომითაა დაავადებული?

_ ამ ხალხს არანაირი გრძნობები არ აწუხებს. რა შიშის სინდრომზეა საუბარი. მათ თავიანთი გზა უკვე აირჩიეს და მას ბოლომდე მიჰყვებიან. მაქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. ელიტარული ჟურნალისტების დიდი ნაწილი სხვადასხვა სამსახურებში არიან გაფორმებულები და ძირითადი სამუშაოს გარდა არაერთი დამატებითი შემოსავალი გააჩნიათ. მათ 90 პროცენტს ამ ქვეყანაში მალე აღარ დაედგომება და, სანამ საშუალება აქვთ, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერზე მიდიან. ჟურნალისტების ამ ნაწილს არ აწუხებს, რომ საქართველოს წინაშე არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. «მოდელირებული ქრონიკის» ერთ-ერთი წამყვანი, ლაშა ხარაზიშვილი ტელეეკრანებიდან დღესაც საზოგადოების დაბოლებას აგრძელებს. მისი საქციელი არაეთიკურად მიმაჩნია. ეს პიროვნება მასმედიაში არ საქმიანობს, ის უშუალოდ ხელისუფლებაში მუშაობს. რასაკვირველია, ხარაზიშვილი და ნუგზარ წიკლაური ერთნაირად მაღიზიანებს.

_ ხომ არ მიმდინარეობს ჟურნალისტის პროფესიის დევალვაცია?

_ ამ პროფესიის დევალვაცია იმ დროიდან დაიწყო, როდესაც ჟურნალისტობა რატომღაც პრესტიჟულ საქმიანობად გადაიქცა. სინამდვილეში ეს პროფესია სირთულითა და არაპრესტიჟულობით გამოირჩევა. ის ყოველდღიურ ოფლის ღვრას, არაერთი ბარიერის გადალახვასა და მრავალი ცდუნების გაძლებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ამ მკაცრ გამოცდას ბევრი ვერ უძლებს. მათ ჰგონიათ, რომ ჟურნალისტობა საზოგადოების ელიტურ ნაწილში დამკვიდრებასა და ყვითელი პრესის ფურცლებზე მოხვედრას ნიშნავს.

ქართული ტელევიზიების გასართობ გადაცემებს, დიდი ხანია, აღარ ვუყურებ. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამჟამინდელი მასმედიის «ცნობადი» წარმომადგენლები საკუთარ სასიყვარულო თავგადასავლებზე, სექსუალურ მიდრეკილებებზე, ლიფისა და ტრუსების ფერზე დაუფარავად საუბრობენ. ერთ მოსაზრებას გეტყვით და გთხოვთ ყოველგვარი შელამაზების გარეშე დაწეროთ. «ნანუკას შოუ», «პროფილი» და მათი მსგავსი გადაცემები ხელს უწყობს ხალხის გამოლენჩებას. «ნანუკას შოუს», «პროფილის» და მათი მსგავსი გადაცემების შემქმნელებსა და წამყვანებს ერთი წინადადებით მოვიხსენიებ _ «ისინი ბანძები არიან».

არ ვიცი, ამ ვაი-ჟურნალისტებს ქართული საზოგადოება მომავალში პასუხს თუ მოსთხოვს, მაგრამ მე, გია იაკობაშვილმა ჩემი განაჩენი უკვე გამოვუტანე. გასულ წელს ფოტოგრაფების გახმაურებული საქმის დროს, უსამართლოდ დაპატიმრებულ კოლეგებს გვერდით არაერთი ჟურნალისტი დაუდგა. რასაკვირველია, ჩვენი პროფესიის «ცნობად» სახეებს ხმა არ ამოუღიათ. საბედნიეროდ, ქართული მასმედია ისე არ გადაგვარებულა, რომ კეთილსინდისიერი მედია-საშუალება არ არსებობდეს.

_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული ენისა და ადათწესების მიზანმიმართული ამოძირკვის პროცესი მიმდინარეობს?

_ სამწუხაროა, მაგრამ ამ პროცესებს მედიაზე უფრო მეტად თავად საზოგადოება უწყობს ხელს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ადრე თუ ვიტყოდით: «კინოს სახლთან შევხვდეთ», ამჟამად ამავე ადგილს «მაკდონალდსად» მოვიხსენიებთ. რა მოხდა? ნუთუ კინოს სახლმა თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა დაკარგა?

კიდევ ერთ ფაქტს მოგახსენებთ. კარგა ხანია, გაზეთებში შემდეგი სახის განცხადებები გაჩნდა: «ვეძებ დამლაგებელს. ინგლისურის ცოდნა აუცილებელია», «ვეძებ მეეზოვეს. ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა აუცილებელია». სამწუხაროდ, ქართულის ცოდნას დღეს აღარავინ გთხოვს. ეს ჩვენი უბედურებაა და, რაც გვჭირს, ყველაფერი თავად საზოგადოების ბრალია. სამწუხაროდ, ქართველობა პროვინციული არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადდა. მიჭირს თქმა, მაგრამ სამშობლო ღრმად არ გვიყვარს და ნაკლებ პატივს ვცემთ. ეს ნამდვილი უბედურებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მალე გამოფხიზლდება და ქვეყნის გადასარჩენად გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. საქართველოს უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს თავს დატეხილი ყველა პრობლემის მოთავეები ქართველები ვართ. აუცილებელია რომ მოვლენებს საღი თვალით შევხედოთ, წარსული გულდასმით გავაანალიზოთ და სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ.

_ ნება მომეცით, ბოლო შეკითხვა დაგისვათ: უახლოეს დღეებში presage.tv ახალი ფორმატით ამუშავდება. რა სიახლეებს სთავაზობთ თქვენს მკითხველებს?

_ ვებგვერდი თემატიკითა და შინაარსით იგივე დარჩება. სიახლე ის იქნება, რომ ახალი დიზაინი და მისამართი _ For.ge გვექნება. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ვმუშაობთ საინფორმაციო სააგენტოს მაკეტზე, დაგვემატა პრესკლუბი. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ახალგაზრდა ნიჭიერმა ჟურნალისტებმაც გამოთქვეს. თავად დარწმუნდებით, რომ საზოგადოებას მრავალ საინტერესო და პრობლემატურ წერილს მივაწვდით. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ რეგიონულ პრესასთან კავშირი დავამყარეთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისის გარეთ ინტერნეტი სუსტად არის განვითარებული. ამის გამო რამდენიმე გაზეთში For.ge-ს ყოველკვირეული ჩანართები გაჩნდება. წინა კვირას მასალები «რუსთავის მოამბეში» უკვე ჩაიდო, რიგში «გურია ნიუსია». უახლოეს მომავალში ჩვენი ვებგვერდის მასალების წაკითხვა ახალციხეში გამომავალ გაზეთში «სამხრეთის კარიბჭე» შეგეძლებათ. ამის გარდა, გვსურს, რომ კონტაქტები ბათუმთან, ქუთაისთან და კახეთის რეგიონთან დავამყაროთ.

ჩვენი საუბრის დასასრულს კი, მსურს, რომ presage.tv-ს ერთგულ მკითხველებს მივმართო: ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ყოველივე ამას ღირსეულად გავუძელით და  უფრო გავძლიერდით. უკან დახევას არ ვაპირებთ _ საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად ყოველთვის ვიბრძოლებთ.

ესაუბრა

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here