Home რუბრიკები საზოგადოება ეკა კაკაჩია: ნინიკოს რამე რომ დაემართოს, საკუთარი შვილის სურათი არ მექნება, რომ...

ეკა კაკაჩია: ნინიკოს რამე რომ დაემართოს, საკუთარი შვილის სურათი არ მექნება, რომ დავხედო და დავიტირო

899

უპოვარსა და გაჭირვებულს რა დალევს ამქვეყნად. ასიათასობით ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, ხალხს ხვალინდელი დღის, უკეთესი მომავლის იმედი  გადაეწურა. დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მომდევნო დღეც ისეთივე უჟმური, ნაცრისფერი და მშიერი იქნება, როგორიც გუშინდელი იყო, როცა მთელი დღე ლუკმაპურის ამაო ძიებაში გაილია.

ლაშა და ეკა კაკაჩიების ოჯახი ამ ათასებიდან ერთ-ერთია. ეკა  ფუტკარაძე-კაკაჩია ზუგდიდელია, ლაშა კაკაჩია _ წალენჯიხელი.  სამეგრელოში ვერც ლაშამ, ვერც ეკამ სამსახური ვერ იშოვეს და ცხოვრების სახსარის ძიებაში 4 არასრულწლოვანი შვილით თეთრიწყაროში, სოფელ ხაიშში აღმოჩნდნენ. ფიქრობდნენ, ხაიშში სამუშაოს ვნახავთ, ცოტა წელში გავიმართებით და შვილებსაც უკეთ ვუპატრონებთო, მაგრამ იქ უარესი ელოდათ. მას შემდეგ 8 წელი გავიდა.……

«წალენჯიხაში თხილის ქარხანაა ერთი, მეტი არაფერი. 70 ლარს იხდიან თვეში ხელფასად. მე და ლაშას რომ გვემუშავა, ეს ფული სადამდე გაგვწვდებოდა? მიწაც არ გვქონდა, რომ სიმინდი მაინც დაგვეთესა. ხაიშს მივაშურეთ 4 შვილით. აქ კეთილშობილმა ადამიანმა, რუსუდან გურჩიანმა თავისი სახლი დაგვითმო, თვითონ სხვა სახლში ცხოვრობს. ქალბატონი რუსუდანი მოსამართლის თანაშემწეა. გვეხმარება, რითაც შეუძლია, გულთან მიიტანა ჩვენი გასაჭირი და კვირა არ გავა, რაიმე არ მოგვაწოდოს სულის მოსათქმელად _ ცხადია, საჭმელს ვგულისხმობ. ახლა 8 ადამიანი ვართ ოჯახში,» _ მიყვება ქალბატონი ეკა თავისი ოჯახის გასაჭირს.

ხაიშში კაკაჩიებს ორი გოგონა შეეძინათ. სამწუხაროდ, ორივენი ცერებრალური დამბლით არიან დაავადებულნი. ორივენი, ანგელოზივით ბავშვები, ბრმები არიან. ლიკა 5 წლისაა, ნინიკო _ ორის. ინვალიდი შვილების გაჩენას დედა იბრალებს: «თირკმელები მაქვს დაავადებული, ანთება მაქვს, მგონი, ქრონიკული ანთება… ბავშვებიც ამიტომ დაიბადნენ ინვალიდები. არადა, ფული არ მქონდა, ექიმთან წავსულიყავი და მემკურნალა… მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ორი ბავშვი ჯანმრთელი მეყოლებოდა და მომავალსაც იმედიანად შევხედავდი».

მომავალი? უკეთესი ხვალინდელი დღე? პერსპექტივა? _ ამ სიტყვების გაგონებაზე სიმწრით ეცინება სვეგამწარებულ დედას: «რისი იმედი უნდა მქონდეს? რომელ მომავალსა და უკეთეს დღეებზე მელაპარაკებით? ღამით რომ დავიძინებ, ის არ ვიცი, დილით ერთით ნაკლები შვილი მეყოლება თუ არა. იქნებ _ ორით ნაკლებიც. ლიკას და ნინიკოს უამრავი რამ სჭირდებათ, «კალიასკა» არ მაქვს, რომ ორივე ჩავსვა და ეზოში, სუფთა ჰაერზე გამოვიყვანო. თვეში 200 ლარის წამლები მარტო ლიკას სჭირდება, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ არ მოკვდეს. ნაკლები არც ნინიკოს სჭირდება. ზოგჯერ პამპერსების ფულს ძლივს ვუყრი თავს.

2 ოთახში 8 სული ვცხოვრობთ, ძილით კი ნაჩუქარ რკინის 3 საწოლზე, მეზობლების ნაჩუქარ თეთრეულში 1 ოთახში გვძინავს ყველას, რადგან ორ ოთახს ვერ გავათბობთ. სახლი გასალესია შიგნიდანაც და გარედანაც, ზამთარში გარედან უბერავს და ხან ერთი ინვალიდი შვილი გამიხდება ავად, ხან _ მეორე. ერთი შვილი, ნანა მე-9 კლასიდან გამოვიყვანე, რომ ოჯახში იყოს და შემეხიდოს. მე და ლაშა, რაც შეგვიძლია, ვმუშაობთ, რომ პურის და წამლის ფული მაინც ვიშოვოთ», _ მეუბნება ეკა.

ლაშა კაკაჩიას კისერზე დიდი ჯირკვალი აქვს, სასწრაფოდ საოპერაციოა, ჯირკვალი ამოსაკვეთია _ ექიმებმა კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ჯვარი სწერია, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის გადაიზრდება ავთვისებიან სიმსივნეში. საოპერაციო ფული არ აქვს, თუმცა, რომც იშოვოს, ოპერაციას მაინც არ გაიკეთებს, რადგან ოჯახში ყოველდღე 6 მშიერი შვილი ელოდება. ხშირად ყოფილა, _ ერთი პური 6 ნაწილად გაუტეხიათ, ბავშვები დანაყრებულან და დაუძინიათ, დედ-მამას კი ღამე თეთრად უტეხია, ერთმანეთის ჩუმად უწმენდიათ ცრემლი და დილით ღამენათევები სამუშაოდ წასულან.

რამდენიმეჯერ ვახსენე სამუშაო. მუდმივი საქმე არც ლაშას აქვს და არც _ ეკას. სოფელში თუ ვინმეს რაიმე დასჭირდა, ეხმარებიან _ თუ მიწაა დასაბარი, გასამარგლი, ძროხაა მოსაწველი, ბოსელია გამოსახვეტი, შეშაა დასაჩეხი თუ ბეტონია ასარევი… ცოლ-ქმარი  ყველანაირ სამუშაოზე თანახმაა, ოღონდ თავი გაიტანონ. «შრომა არ გვეთაკილება, დღიურ მუშებად დავდივართ სოფელში, გვირეკავენ და მივდივართ, დღეში 10 ლარს გვიხდიან, მაგრამ ყოველდღე ხომ არ არის ასეთი სამუშაო, თან _ ორივესთვის? თუ ორივეს საქმე გამოგვიჩნდა, თან ერთსა და იმავე დღეს, ის უბედნიერესი დღეა ჩვენთვის _ შვილებს ნორმალურ სადილს გავუკეთებთ.

 რა იქნებოდა, ლაშასთვის მაინც გამოჩენილიყო სამსახური? მშენებლობებზე უმუშავია, ეს საქმე იცის. მაგისთანა მონდომებულ და უღალატო კაცს ბევრს ვერ შეხვდები», _ ლაპარკი უჭირს ეკას, თითქმის ჩურჩულებს, ერიდება საქვეყნოდ ოჯახის ჭირის გამოტანა, მაგრამ სხვა გზაც რომ აღარ დარჩენია?   

ხორციანი კერძი, რამდენი ხანია, არ გაკეთებულა თქვენს ოჯახში? _ ვეკითხები ქალბატონ ეკას მობოდიშების ტონით.

_ «ხორცი?» _ ჩამეკითხა. თავი დაუქნიე. დიდხანს იფიქრა და ვერ გაიხსენა: «არა, ნამდვილად ვეღარ ვიხსენებ, როდის ჭამეს ბავშვებმა ხორცი. დიდი ხანია, იმდენად დიდი, რომ ზუსტად ვერ ვიხსენებ».

ეკა მეზობლებისგან ნისიად იღებს ყველს, კვერცხს, მაწონს, რძეს და თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ყიდის: «ყველს 1 ლარს წავუმატებ, კვერცხს _ 5 თეთრს, მაწონს _ 20-30 თეთრს და რაღაც მეც მრჩება. ეგ არის, კვირაში ერთხელ ჩამოვდივარ თბილისში, არ იყიდება უფრო ხშირად. ერთხელ ვერ გავყიდე ყველი _ ხუთი თავი სულგუნი გამიფუჭდა ჩემი თანასოფლელის და ჩემზე უბედური ქალი არ იყო დედამიწის ზურგზე. ძლივს გავისტუმრე იმ სულგუნის ვალი. რამდენიმე დღე თითქმის მშივრები იყვნენ ჩემი შვილები. აღარც კი მინდა იმ დღეების გახსენება».

სად არის ამ დროს სახელმწიფო, როცა ამ ოჯახს ასე უჭირს? სახელმწიფო, სოციალურად დაუცველ ამ ოჯახს სულზე 24 ლარს უხდის. ეს კაკაჩიების 8-სულიანი ოჯახისთვის თვეში 192 ლარია, ინვალიდ ბავშვებს თვეში 70-70 ლარს უხდის სახელმწიფო. თეთრიწყაროში უსინათლო, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს დიაგნოზი ვერ დაუსვეს. და რა იყო ეს დიაგნოზი? _ ინვალიდები არიან თუ არა ეს ბავშვები? _ აი, ამ უმარტივეს კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი თეთრიწყაროს პოლიკლინიკის ექიმს, მაგრამ ეს «ვერ შეძლო». ეკამ ბავშვები მარნეულში წაიყვანა. იქ, საბედნიეროდ, ის მაინც დაადგინეს, რომ ორივე უსინათლო გოგონა ინვალიდია, მაგრამ ინვალიდობის ჯგუფი ვერ დაუდგინეს…

«მარნეულში მითხრეს, ორთაჭალაში, ოფთალმოლოგიის ცენტრში უნდა წახვიდე. იქ გასინჯავენ ბავშვებს, დაუდგენენ ინვალიდობის I ჯგუფს და 70 ლარის ნაცვლად თითო ბავშვზე 90 ლარს მოგცემენო. მარნეულში, «ავერსის» კლინიკაში, სადაც ლიკას და ნინიკოს ეს უჯგუფო ინვალიდობა დაუდგინეს და «ფორმა 100» მომცეს, თითო ბავშვის გასინჯვაზე 75 ლარი გადავიხადე. ახლა ოფთალმოლოგიის ცენტრში რომ მივიყვანო, იქაც თითოზე 75 ლარია გადასახდელი. არა მაქვს ეს ოხერი ფული!

 რატომ მაწვალებთ, ხალხო? ნუთუ ასე ძნელია, ორ უსინათლო, თანაც დადამბლავებულ ბავშვს იქვე, მარნეულში, «ავერსის» კლინიკაში დაუდგინონ ინვალიდობის ჯგუფი? რაიმე ფარული დაავადება სჭირთ და ძნელი გამოსაკვლევია? საჭოჭმანოა რამე? ბავშვები ხომ ბრმები არიან? ღმერთო ჩემო, ადექი და მაგ «ფორმა-100»-ში ჩაწერე, რა! უკანონოს ვითხოვ რამეს? რაიმეს ვითხოვ განსაკუთრებულს? რასაც საკუთარი თვალით ხედავდა ექიმი, იმის ჩაწერას ვთხოვდი, მაგრამ არა, მე ვერ ჩავწერ _ ოფთალმოლოგიის ცენტრში წადი, იქ დაგიდასტურებენ, რომ ბავშვები უსინათლონი არიან, მე არა მაქვს უფლებაო, _ ასე გამომისტუმრეს «ავერსიდან».

ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა. რატომ არ აქვს უფლება მარნეულის «ავერსის» კლინიკის ოფთალმოლოგს, რომ აშკარად უსინათლო, ბრმა ბავშვებს სამედიცინო დოკუმენტში ჩაუწეროს ის, რაც ნამდვილად სჭირთ? ორივეს _ ლიკასაც და ნინიკოსაც «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე» უწერიათ «ავერსის» მიერ გაცემულ ცნობაში. რომელ შეზღუდულ შესაძლებლობებზეა ლაპარაკი, როცა ბავშვები ვერ დადიან, ვერ მეტყველებენ, განსაკუთრებით მძიმე დღეში ნინიკოა. ძალიან არ მინდა ამ თემის პოლიტიზირება, მით უფრო, ეკამ მთხოვა, ჩემს ოჯახს ნუ დააკავშირებ პოლიტიკასთანო, მაგრამ, ეს რომ არ დავწერო, გული გამისკდება. «ავერსი» ამ ხელისუფლების კარის ბიზნესმენის, პაატა კურტანიძის საკუთრებაა. ოფთალმოლოგიის ცენტრი კი, მეორე ფარმაკომპანიას _ «პსპ»-ს ეკუთვნის. «პსპ»-ს, ანუ ოფთალმოლოგიის ცენტრის მეპატრონე კი დმანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაციონალი კახა ოქრიაშვილია. აი, ასე მდიდრდებიან ჩვენი ოლიგარქები გაუბედურებულ ხალხის ხარჯზე.

უარესი რაღა უნდა დაემართოთ კაკაჩიებს, მაგრამ ეკა დაჟინებით მთხოვს, პოლიტიკაზე არ მინდა ლაპარაკი, პირიქით, მადლიერი ვარ ზოგიერთი ჩინოვნიკისო. ემადლიერება თეთრიწყაროს გამგებელს, გულადი უმფრიანს _ კარგი კაცია, ყოველწლიურად 100 ლარი დაუნიშნა ჩემს ოჯახს დახმარების სახით და ერთხელ, 50 ლარიც აჩუქა პატარებს წამლის ფულადო. არ შემიძლია, ერთი მარტივი არითმეტიკული ოპერაცია არ ჩავატარო: 100 ლარი გავყავი  თორმეტზე, ნაშთი _ ოცდაათზე და, იცით, რა მივიღე? დღეში 0,27 თეთრი. ისევ ცინიზმი და აბუჩად აგდება! აბა, რა დავარქვა ამას? აი, ასე «ეხმარება» თეთრიწყაროს გამგეობა კაკაჩიების ოჯახს. ბატონო გულადი, იქნებ ეს ყოველწლიური 100-ლარიანი დახმარება ყოველთვიურად აქციოთ, არც ესაა ბევრი, მაგრამ დღეში 3 ლარი და 30 თეთრი გამოუვა ოჯახს _ ეს კი პურის ფულია 8-სულიანი ოჯახისთვის.

ეკა და ლაშა კაკაჩიები უსაშველო უიმედობას შეუპყრია. არადა, როგორ გინდა იმედიანად და მხნედ იყო, როცა ცხოვრებამ ასე გადაგთელა, დაგტორა, ჭირსა და უბედურებას შეგაჩვია, როცა შენი ცხოვრების მზის კაბადონზე მუდმივად ღრუბელია და ერთხელ მზის სხივი არ შემოიჭყიტება, ერთი პატარა სიხარული არ გაგითბობს გულს ამდენი წლის მანძილზე? არა, დაცემით არ დაცემულან, ებრძვიან ამ ცხოვრებას, თავიანთ წილ ჯვარს ატარებენ, როგორც შეუძლიათ, მაგრამ იმედი არ აქვთ, რომ მათ ცხოვრებაში რამე შეიცვლება უკეთესობისკენ; შიშით შეჰყურებენ ორ ინვალიდ შვილს, რომელიმე ხელიდან რომ არ გამოეცალოთ; სირცხვილით თვალს არიდებენ 16 წლის ნანას, სკოლას რომ მოსწყვიტეს ნიჭიერი ბავშვი; გულმოკლულნი არიან, რომ მთელი ზამთარი, უპალტოობის გამომეოთხე კლასელი, ასევე ნიჭიერი ირაკლი სკოლაში ვერ დადიოდა. 9 წლის ბიჭი მამას გაყინული ხელებით ეშველებოდა შეშის დაჩეხაში, დედას კი ხშირად მძიმე ჩანთების ტრანსპორტამდე მიტანაში ეხმარება, როცა ეკას თბილისში მეზობლებისგან ნისიად აღებული რძის პროდუქტი მოაქვს თბილისში გასაყიდად.

თითქოს თავის თავს ელაპარაკება ეკა: «რა არის, იცით? გული მიკვდება, რომ  ნინიკოს სურათი არ მაქვს. ვერ გადავუღე, ფული არ მქონდა საამისოდ არასდროს. ფოტოაპარატი, ცხადია, არ მაქვს. ფოტოაპარატი კი არა, ტელევიზორი არ მაქვს, ქვეყანაზე რა ხდება, მეზობლებისგან ვიგებ. სურათი რატომ ვახსენე, იცით? ღმერთმა დამიფაროს და, ნინიკოს რამე რომ დაემართოს, საკუთარი შვილის სურათი არ მექნება, რომ დავხედო და დავიტირო. ღმერთო, მაპატიე, რომ ვცოდავ! მაგრამ ასეა. ნინიკო ძალიან ცუდად არის, მხოლოდ სულდგმულობს». მეგონა, ეკა ტირილს დაიწყებდა, ცრემლად დაიღვრებოდა,  მაგრამ ცრემლი გამშრალი აქვს, საკუთარი შვილების უბედურების ცქერამ გაუშრო ცრემლი.

«ჰო, იმდენი მატირა ცხოვრებამ, ცრემლიც კი გამიშრო», _ უიმედო მზერას მაპყრობს, დგება და მიდის. წასვლისას ესღა მითხრა _ «იქნებ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები? იქნებ ღმერთმა არ გამწიროს და ჩემს პატარებს ვუმკურნალო? იქნებ ცოტა, ძალიან მცირედით მაინც შეიცვალოს ჩემი შვილების ცხოვრება?»

არ ვიცი, რით დავაიმედო გულმოკლული დედა. ცარიელ სიტყვებს რა აზრი აქვს? ისევ ხალხის თანადგომით თუ მოხერხდება კაკაჩიების ოჯახში ერთი პეშვი სიხარულის შეტანა. არ მჯერა, რომ საქართველო ისე გადაგვარდა, ამ ერთ ოჯახს ვერ უპატრონოს, ვერ ამოიყვანოს სიდუხჭირის ამ უძირო ნაპრალიდან. მჯერა, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, შეეწევიან, მხარში დაუდგებიან, მათ ჭირ-ვარამს გაიზიარებენ და უიმედოდ შთენილებს იმედს ჩაუსახავენ.

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here