Home რუბრიკები საზოგადოება ომარ წიკლაური: საქართველოს უახლოეს მომავალში ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფა არ ასცდება!..

ომარ წიკლაური: საქართველოს უახლოეს მომავალში ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფა არ ასცდება!..

3129

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ექიმი-ჰიგიენისტები და სოციოლოგები შეშფოთებას გამოთქვამენ ავტოტრანსპორტით გადატვირთულ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა გონებრივი ჩამორჩენილობის გამო. მთავარი «ბრალდებული» ტყვიაა, რომლის ყოველწლიური რაოდენობა მსოფლიოში საწარმოო და ტრანსპორტის გამონაბოლქვის სახით 400 ათას ტონას აღემატება. სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანაა დაცული ტყვიის მავნე ზეგავლენისგან. განსაკუთრებულ საფრთხეს ავტომანქანების ძველი, ვადაგასული ტყვიის აკუმულატორები წარმოადგენს, უფრო ზუსტად, მათი მეორადი გადამუშავების კუსტარული «ტექნოლოგიები». ვესაუბრებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ ომარ წიკლაურს.

_ ბატონო ომარ, რით «გვანუგეშებთ»?

_ დავიწყოთ იმით, რომ ტყვია და მისი ნაერთები განეკუთვნება ტოქსიკური ნარჩენების პირველ კლასს, ანუ ისინი განსაკუთრებით საშიში ნივთიერებებია. მაგალითისთვის, ტყვიის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0,01 მგრ/მ3-ს, მაშინ, როცა ვერცხლისწყლის ზღვრული, დასაშვები კონცენტრაცია 5-ჯერ, ხოლო აზოტის ჟანგულებისა და გოგირდის კონცენტრაცია, შესაბამისად, 500-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ტყვიისა! მართალია, მე არ ვარ მედიკოსი, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, მოვახსენო მკითხველს, რომ ტყვიით მოწამლვის კლინიკური გამოვლინებები ძალზე ბევრია! საკმარისია იმის თქმა, რომ სატურხიზმი (ტყვიით  მოწამლვა) ანადგურებს ნერვულ სისტემას და თირკმელებს; აზიანებს სისხლმბად ორგანოებს _ ელენთას და ძვლის ტვინს, აგრეთვე, გროვდება ძვლის ქსოვილში და იწვევს ძვლების ანომალიურ სიმყიფეს!..

 

_ რა მდგომარეობაა დღეს ძველი აკუმულატორების გადამუშავების საქმეში?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცენტრალიზებული კონტროლის მექანიზმი ნარჩენების მართვასა და უტილიზაციაზე მოიშალა. როგორც სხვა ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოები, საქართველოც სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხალხმა თითქოს გონება დაკარგა _ აქა-იქ გაჩნდა თვითნაკეთი ღუმელები, რომლებშიც ფერად ლითონებს, უპირველესად, ტყვიას ადნობდნენ! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდებოდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების არნახული დარღვევით! ფულის გულისთვის ბევრმა საკუთარი ჯანმრთელობა გაწირა… უტყუარ ცნობას მოგაწვდით, 90-იან წლებში გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა ერთობლივად კუსტარულად დამზადებულ ღუმელში ორი ტონა ტყვია გამოადნო!.. რომ იტყვიან, გაჭირვება მანახეო…

ახლა, რაც შეეხება დღევანდელობას. საქართველოში გაცემულია ლიცენზიები ტყვიის აკუმულატორების პირომეტალურგიული მეთოდით გადამუშავებაზე, რასაც თან ახლავს ტყვიის შემცველი ნარჩენის _ წიდის წარმოქმნა და დაგროვება! აღარაფერს ვამბობ ჰაერში აღმავალი აირების შემადგენლობაზე. ერთი ტონა ტყვიის გამოდნობისას წარმოიქმნება 23 ათასი მ3 აირი! ასევე, არ ხდება მჟავას უტილიზაცია! თბილისსა და მის შემოგარენში აკუმულატორების შეცვლით ყოველწლიურად 250-300 ტონა გოგირდმჟავა იღვრება! ჯანდაბას გოგირდმჟავა _ მას თან მიჰყვება მავნე, დაშლილი აზოლიტების წვრილდისპერსული ფრაქცია!.. და ეს უბედურება უკვე ორი ათეული წლის განმავლობაში გრძელდება!

_ მსმენია, რომ . . განვითარებულ ქვეყნებში არსებობს შედარებით უსაფრთხო ტექნოლოგიები. იქნებ გადმოვიტანოთ?

_ განვითარებულ ქვეყნებში, მართალია, არის შესაბამისი ტექნოლოგიები, მაგრამ მათი მექანიკური გადმოტანა ჩვენთან _ ე.წ. განვითარებად ქვეყანაში _ მიზანშეუწონელი და უპერსპექტივოა.

_ მიზეზი?

_ აქ რამდენიმე მიზეზია: პირველი, თითქმის ყველა მათგანი დამუშავებულია დიდტონაჟიანი წარმოებებისთვის, ესე იგი, გათვლილია ნედლეულის დიდ რაოდენობაზე. განვითარებადი ქვეყანა კი ორიენტირებული უნდა იყოს მცირეტონაჟიან წარმოებებზე, რაც მიღებული პროდუქტის თვითღირებულებას არ გაზრდის; მეორე _ ყველა არსებული ტექნოლოგიური ვარიანტი და შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა ძვირადღირებულია. მაგალითად, ცნობილი გერმანული ფირმა Varta დეფიციტური ტყვიის მიღებას ახორციელებს აკუმულატორის ჯართის გადამუშავებით. მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია რუსეთმა შეისყიდა. მის ტექნიკურ გადაზიდვას გერმანიიდან ქალაქ კურსკში დასჭირდა 28 სარკინიგზო ვაგონი! ეს ხომ, სულ ცოტა, 30 მილიონი ევრო ეღირება! გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია გათვლილია 15 ათას ტონა ტყვიის წარმოებაზე წელიწადში!

_ ამისთვის რამდენი ამორტიზირებული აკუმულატორია საჭირო?

_ ეს შეესაბამება მილიონ 500 ათას ცალ აკუმულატორს, რაც მთლიანად საქართველოში ყოველწლიურ გადასამუშავებელ რაოდენობას ბევრად აღემატება!

და მესამე მიზეზი: ვერც ერთი დასავლური ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას!

_ გამოდის, ჩვენი საშველი არაა?!

_ როგორ თუ არაა! ჩვენ _ ქართველმა მეცნიერებმა, ძირითადად, მეცნიერულ ინტერესსა და ენთუზიაზმზე დაყრდნობით დავამუშავეთ საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების კომპლექსური გადამუშავების ახალი, უნარჩენო ტექნოლოგიები, რომელთა დანერგვის შედეგად მიიღება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნილი, კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქცია, მათ შორის, სამშენებლო მასალებიც! ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობს არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ შუა აზიის რესპუბლიკებშიც, რაც მომავალში განაპირობებს მათი გავრცელების, ტირაჟირების შესაძლებლობას!

_ მაინც რით განსხვავდება თქვენი ტექნოლოგიები დღემდე არსებულისგან?

_ ჩვენი ტექნოლოგიები გამორიცხავს ჩამდინარე საწარმოო წყლების არსებობას, რაც ეკოლოგიური უსაფრთხოების და ეკონომიკური მომგებიანობის გარანტიაა! ერთ მაგალითს მოვიყვან: ამორტიზებული აკუმულატორების გადამუშავებისას ვიყენებთ არა ძვირადღირებულ ბუნებრივ აირს, კოკსს ან მუდმივ დენს, არამედ საყოფაცხოვრებო პოლიმერულ ნარჩენებს, მათ შორის, პლასტმასის ბოთლებს, რომლებიც საშინლად აბინძურებს გარემოს! ეს და სხვა ტექნოლოგიები ჯერ ლაბორატორიულ დონეზეა გამოცდილი. ახლა საჭიროა მათი საცდელ-საწარმოო გამოცდა, რომლის შედეგად დაზუსტდება საპროექტო მონაცემები, ხოლო შემდეგ _ ბიზნესგეგმა.

_ როგორც ვიცი, საცდელი სამუშაოები გარკვეულ თანხას მოითხოვს

_ დიახ! არსებობს დაფინანსების სამი წყარო: პირველია _ კერძო ინვესტიცია, რაც თითქმის გამორიცხულია…

_ რატომ?

_ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოს ფუნქციონირებას და მის კონტროლს; და, კიდევ, საცდელ-საწარმოო სამუშაოებს საქართველოში კერძო პირი, როგორც წესი, არ აფინანსებს, თუ არაა ბიზნესგეგმა…

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში არ მიღებულა ნარჩენების მართვისა და მათი გადამუშავების პრობლემების არც ერთი დამარეგულირებელი კანონი!.. აქვე გეტყვით, რომ აშშ-ში ფედერალურ დონეზე მოქმედებს სამსახური, რომელიც აკონტროლებს ამორტიზებული აკუმულატორების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების მთელ ციკლს! ასეთ ყურადღებას ტყვიაშემცვლელი მეორადი ნედლეული იმსახურებს თავისი მაღალი ტოქსიკურობის გამო.

_ დაფინანსების მეორე წყარო?

_ საერთაშორისო ფონდებია, მაგრამ ისინი ადგილობრივი, რეგიონული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას უტილიზაციის დონეზე არ აფინანსებენ. სამაგიეროდ, ეს ფონდები უხვად ასაჩუქრებენ «მწვანე კუპიურებით» ადგილობრივ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, თუ მათ დავუჯერებთ, მუშაობენ «საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლაზე გარემოსთან დაკავშირებით» და მათი «მუშაობა» ამოიწურება ტელეეკრანზე კეკლუცობით!..

მესამე წყაროა საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდი. თუ მის წესდებას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ამ ფონდს არ აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები. ამასთანავე, წარდგენილი პროექტის ექსპერტთა მიერ შეფასების პირველ ეტაპზე, როცა ხდება გადამწყვეტი ქულების მოგროვება, წესდებით არაა ნებადართული შედეგების გასაჩივრება, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია და ამაზე კომენტარის გაკეთება «დიდი ფუფუნებაა»!

_ ბატონო ომარ, საინტერესოა, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რა მდგომარეობაა ამ საკითხში?

_ ისინი მეტ-ნაკლები მონდომებით ცდილობენ, გადაჭრან ნარჩენების გადამუშავების პრობლემები. უზბეკეთში, კარგა ხანია, მიიღეს კანონი, რომლის საფუძველზეც გაიზარდა ეკოლოგიის სფეროში მიზნობრივი საგრანტო დაფინანსება; ხოლო ის საწარმოები, რომლებიც მუშაობენ მეორად ნედლეულზე, სარგებლობენ საგრძნობი საგადასახადო შეღავათებით!

აგერ, აზერბაიჯანში, მისი პრეზიდენტის _ ილჰამ ალიევის განკარგულებით, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა კომპეტენტური კომისია, რომელიც უკვე ავლენს ყველაზე დაბინძურებული და ეკოლოგიური საფრთხის შემცველ რაიონებს და წყაროებს. ეკოლოგიის მიზნობრივი საგრანტე დაფინანსება შეადგენს დაახლოებით 16 მილიონ ლარს! როგორც ხედავთ, ყველა გვჯობნის!.. მაგრამ ეს ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ ანაღვლებს! იცით, ერთი რამ არ მესმის, თბილისში ხომ მძიმე ეკოლოგიური ვითარებაა, ნუთუ, ეს ადამიანები აქ არ ცხოვრობენ, ამ ჰაერს არ სუნთქავენ?! საკუთარი ჯანმრთელობა მაინც არ აღელვებთ?!

_ ჩემი აზრით, ფიქრობენ, რაც შეიძლება მალე ბოლომდე გაძარცვონ ქვეყანა და შემდეგ ნაქურდალით გადასახლდნენ, უკეთეს შემთხვევაში _ მსოფლიოს დედაქალაქ ლონდონში, უარეს შემთხვევაში პროვინციაში _ ვაშინგტონში!..

_ ასეა თუ ისე, საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ, თუ ანთროპოგენური (საყოფაცხოვრებო) და ტექნოგენური (საწარმოო) ნარჩენების კონტროლის, პროფილაქტიკისა და უტილიზაციის პროგრამა არ მოექცა საკანონმდებლო ბაზის ჩარჩოებში და არ მოხდა ამ პრობლემების მოგვარების საკითხის აყვანა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, საქართველოს უახლოეს მომავალში ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფა არ ასცდება!..

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here