Home რუბრიკები პოლიტიკა ნინო ბურჯანაძე: რაც მეტს ილაპარაკებენ ჩვენს პრორუსულობაზე, მით მეტი ამომრჩეველი დაგვიჭერს მხარს

ნინო ბურჯანაძე: რაც მეტს ილაპარაკებენ ჩვენს პრორუსულობაზე, მით მეტი ამომრჩეველი დაგვიჭერს მხარს

550

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «დემოკრატიული მოძრაობა _ერთიანი საქართველოს» თავმჯდომარე, «სახალხო კრების» აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე.

_ ქალბატონო ნინო, «სახალხო კრებას» შემოუერთდა დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა, «უმუშევართა კავშირი», დაიწყო გამსხვილების პროცესი.

_ მრავალთვიანი პრობლემების შემდეგ შევძელით, ხელახლა გაგვეხსნა «სახალხო კრების» ოფისი, რადგან 26 მაისის შემდეგ სასტიკად იყო დარბეული. აბსოლუტურად უკანონოდ დაილუქა ჩვენი ქონების ნაწილი. ნაწილი გაანადგურეს, მათ შორის «სახალხო კრების» ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია იმ ხელმოწერებით, რომლებიც 25 ნოემბრისთვის შეგროვდა. არ დაუბრუნებიათ გახმოვანების ტექნიკა, რომელიც აქციების დროს რუსთაველზე იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვპასუხობს, რომ დღემდე ვერ პოულობს უზარმაზარ ტრაილერს, რომელზეც უძვირფასესი აპარატურა იდგა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი დღითაც არ გაგვიჩერებია მუშაობა.

კავსაძის #7-ში უკვე გახსნილია «კრების» ოფისი, სადაც ყოველდღიურად აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ჩვენი იურისტები მორიგეობით მიიღებენ და დახმარებას გაუწევენ იქ მისულ ადამიანებს. რაც შეეხება «კრების» გაფართოებას, მან მართლაც უნიკალური როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში. მიუხედავად დაჭერებისა და წნეხისა, აღმასრულებელი საბჭო არ დაიშალა, პირიქით, უფრო შეიკრა. იყო ჩვენი მომხრეების გადაბირებისა და მოსყიდვის შემთხვევები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, თუმცა ბირთვი ყველა რაიონში შენარჩუნებულია და ძალიან ვამაყობ იმით, რომ მართლაც იდეურად შეკრული გუნდი შევქმენით. შემოგვიერთდნენ და მოლაპარაკებები მიდის ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე აპირებენ შემოერთებას. ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა დაინახავს, რომ მხოლოდ ის გზაა სწორი, რომელსაც «სახალხო კრება» დაარსების დღიდან ქადაგებს.

ძალიან ბევრი სპეკულაციაა და ოპოზიციური პარტიები ხშირად უსწრებენ ხოლმე ხელისუფლებას «სახალხო კრების» ცილისწამებაში, იქამდეც, რომ ხელისუფლებას აღარც სჭირდება ბურჯანაძისა და «სახალხო კრების» კრიტიკა, ამას კარგად ახერხებენ ოპოზიციური პარტიები. «სახალხო კრება» არასდროს ამბობდა, რევოლუცია უნდა მოვახდინოთო. არასდროს ამბოდა, რომ ხელისუფლებაში ქუჩიდან აპირებდა მოსვლას. არსებობს ამის დოკუმენტებიც, ფილარმონიაში დამტკიცებული, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ასეთი არჩევნების მოპოვება ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, თუ არა იძულება, დათმოს ხელისუფლებამ თავისუფალი მედია, სასამართლო, ბიზნესი, საარჩევნო კომისია და უარი თქვას პოლიტიკურ პოლიციაზე. დღეს, როცა რეალურად არავინ იბრძვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არჩევნები ხელისუფლებას მოგებული აქვს. რაც შეეხება მოწოდებებს, _ არჩევნებს რომ გაგვიყალბებენ, მერე გამოვალთ ქუჩაშიო, რევოლუციისკენ მოწოდება, დიდი ბოდიში და, სწორედ ეს არის.

_ NDI- კვლევაში ოპოზიციური ლიდერების ჩამონათვალში 5 კაციდან სამი ქრისტიანდემოკრატია, ამაზე რას იტყვით?

_ ქართული პოლიტიკური სპექტრი არასოლიდარულია. ერთხელ პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად ვიყავით შეკრებილნი და ოპოზიციას ღიად მივეცი რეკომენდაცია: _ თქვენ თუ ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია არ გექნებათ, წარმატების მიღწევას ვერ შეძლებთ. იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლო, თქვენ მაინც უნდა იყოთ-მეთქი ერთიანი. ამ ჩემმა ნათქვამმა გამოიწვია გიგა ბოკერიას ნახევრად ხუმრობით, მაგრამ საყვედურით ნათქვამი რეპლიკა: _ თქვენ ჩვენი მეგობარი ხართ თუ ოპოზიციისო?! ოპოზიციაშიც იმავეს ვიმეორებდი, რომ, ჩვენ თუ არ ვიქენით სოლიდარული, ხელისუფლება იმდენად ძლიერია და მოტივირებული, რომ ყოველთვის დაგვამარცხებს-მეთქი. «სხვისი ჭირი _ ღობეს ჩხირი» არც ცხოვრებაშია კეთილშობილებისა და სამართლიანობის მაჩვენებელი და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც დაიწყეს ბრალდებები, რომ ბურჯანაძე არის პრორუსული და ნულოვანი რეიტინგი აქვს, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულმა ადამიანებმა ამაზე არათუ გაჩუმება არჩიეს, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების წისქვილზე დაასხეს წყალი. ისინი პროდასავლური ნიშის დაკავებას ცდილობდნენ.

თვითონ რომ დადგნენ მარგინალიზების საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება რევოლუციონერები და პრორუსული ორიენტაციის მიმდევრები დაერქვათ, აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ამ კვლევებთან დაკავშირებით. როდესაც ამ კვლევებში ბურჯანაძე 4 პროცენტს ვერ ასცდა, ხმას არ იღებდნენ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს რეიტინგები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ამაზე არავინ ლაპარაკობდა, იმიტომ, რომ მაშინ თავიანთი რეიტინგები მოსწონდათ. ახლა ხელისუფლებამ მათთვის მოიცალა. როდესაც თვითონ მათ შეეხოთ რეიტინგები, ძალიან ხმამაღლა ალაპარაკდნენ, რომ ეს თურმე არასწორი რეიტინგებია. ახლა კი, ფაქტობრივად, დიპლომატიური ნონსენსი ჩაიდინეს, როდესაც ამერიკის ელჩს წერილი მისწერეს, აღარ ჩატარდეს ეს გამოკითხვებიო.

_ ხელისუფლება ამბობს: მე უნდა ვიყო ხელისუფლებაში, ოპოზიცია _ მარტო მე უნდა ვიყო ოპოზიციაშიო. ელჩების მიმართ სააკაშვილისა და «ქართული ოცნების» განცხადებებიც წყლის ორი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს

_ არ ვაპირებ «ქართული ოცნების» კრიტიკას. სამწუხაროდ, თავად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომ უფრო და უფრო მეტი კრიტიკოსი უჩნდებათ ქართულ საზოგადოებაში, რაც ნამდვილად არ მიხარია. საქმეს არ არგებს «ქართული ოცნების» დასუსტება და სააკაშვილის გაძლიერება, მე მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამოვდივარ, მაგრამ ზოგადად, როგორ მოქალაქესა და პოლიტიკოსს, კითხვის დასმის უფლება მაქვს. NDI-ს პრეზიდენტსაც ვიცნობ და IRI-ს პრეზიდენტსაც. ორივეს ვუთხარი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბატონი შაშკინი IRI-ს შეფობიდან დაინიშნა პენიტენციალური სისტემის და პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკების მინისტრად, რომ ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული ნაბიჯი NDI-ს და IRI-ს დისკრედიტაციისკენ. დღეს, პრაქტიკულად, NDI სამწუხაროდ, წინასწარვე ამართლებს «ნაციონალური მოძრაობის» გამარჯვებას არჩევნებში. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ასეთი კვლევები, განცხადებები და ქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის ხელოვნურად მიცემა არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, ძალიან აზარალებს ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯს საქართველოში.

_ თავის დროზე ბზეჟინსკიმაც ორიანი დაუწერა ბუშს იმის გამო, რომ ამერიკის საერთაშორისო იმიჯი გაანადგურა, თუმცა ამერიკელები ყველგან ასე იქცევიან.

_ ჩემი აზრით, ამერიკელებისკენ ხელის გაშვერას მაინც თავი უნდა დავანებოთ. ჩვენი საქმე ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ. ხშირად მსმენია, _ რატომ არ მოგვაშორებს სააკაშვილს ამერიკა, რატომ დაგვასვა თავზე? ამერიკას არ დაუსვია სააკაშვილი ჩვენთვის თავზე, ჩვენ თვითონ დავისვით, თითოეულმა ჩვენგანმა. გარწმუნებთ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიგონა ეგვიპტელი ხალხის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო მუბარაქი, პოზიცია შეცვალა. ჯერ დაიცვეს, მაგრამ, როდესაც სამი კვირის მერე ხალხმა მაინც განაცხადა, არ გვჯერა მუბარაქის ჩატარებული არჩევნებისო, ერთი კვირის შემდეგ თქვეს, არჩევნები უნდა ჩატარდეს სექტემბერშიო და მესამე კვირას განაცხადეს, მუბარაქი უნდა გადადგესო. ხალხმა საკუთარი ნება უნდა გამოავლინოს. ათი ათასი კაცი რომ მდგარიყო 26 მაისს ქუჩაში, სააკაშვილი ვერ გაბედავდა იმას, რაც გაგვიბედა და დღეს, დიდი ალბათობით, სააკაშვილი შეიძლება აღარც ყოფილიყო. რამდენიმე თვეში კი ყოფნა-არ ყოფნის, გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება.

ვითარებას რომ გადახედოთ, დღეს არ ჩანს, რომ საქართველოში პრაქტიკულად დიქტატურისკენ მიმავალი ავტოკრატული რეჟიმია და არსებობენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეს დიქტატორული რეჟიმი შეცვალონ. გულისტკივილით ვამბობ, რომ ყველაზე დიდი მოლოდინი საიდანაც არის, იქიდან ჯერჯერობით ეს დინამიკა არ ჩანს. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, «ნაციონალური მოძრაობა», ყოველგვარი პრობლემის გარეშე, გაიფორმებს არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ გვაბრალებენ რევოლუციონერობას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვითხოვდით: გამოდით, ვიბრძოლოთ, რათა ხელისუფლებას გამოვართვათ ხელიდან საარჩევნო ბერკეტი და მოვიპოვოთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები. თუნდაც ჩვენი ინიციატივა, რომ ალტერნატიული საარჩევნო სიები დაიდოს, რეაგირების გარეშე რჩება. არადა, «ქართულ ოცნებას» ამის რესურსი აქვს; არაფერს ვამბობ ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნის იდეაზე, რომელიც აბსოლუტურად იგნორირებულია. ესმით, რომ ამაზე უარის თქმა საზოგადოებაში უფრო მეტ ეჭვს გააჩენს, დათანხმება კი, პირადი თუ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ ხდება.

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, რადგან ნათლად ვხედავთ, როგორ დამთავრდება ეს პროცესი და, ბუნებრივია, «სახალხო კრებაში» არსებული პარტიები ძალიან სერიოზულად ფიქრობენ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებითაც. ცხადია, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება და სრულიად საქართველო გადაწყვეტს, რომ არჩევნებში ექსპერიმენტს ჩაატარებს, ჩვენ მზად ვართ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ელექტორატის 15-17% «სახალხო კრებაში» არსებულ პარტიებსა და პროქართულ კურსს უჭერს მხარს. ბევრს თუ ილაპარაკებენ პუტინთან თანამშრომლობასა და პრორუსულობაზე, ამით კიდევ უფრო ნათლად დაანახებენ ხალხს, რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ჩვენ შევძლებთ, კარგად დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან, სხვა მეზობლებთან და ეს პროცენტი კიდევ უფრო გაიზრდება.

ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენ მაშინ დავუშვით, როდესაც ეიფორიას ავყევით. ჩემი წვლილიცაა, რა თქმა უნდა, ამაში, თუმცა მე მაშინ უმრავლესობის ნებას დავყევი, როცა 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ხალხში იყო მოთხოვნა, _ «არ შეუშალოთ მიშას ხელი, დაუდექით გვერდით, ერთად იყავითდა შევქმენით ის ერთობა, რომელიც, ფაქტობრივად, ავტოკრატიაში გადაიზარდა. დღეს ვთვლი, რომ იმავეს გაკეთების უფლება არ მაქვს. არც ხელისუფლების მონოპოლიზაციის უფლება აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში ვინმეს და არც ოპოზიციის მონოპოლიზების. ნებისმიერი ეს მცდელობა, თუ დროულად არ იქნა სწორ კალაპოტში მოქცეული, შეიძლება ისევე ტრაგიკულად დამთავრდეს, როგორც ეს 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ დამთავრდა.

ესაუბრა

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here