Home რუბრიკები საზოგადოება დავით სოკოლოვი: რა პირობითაც დასვა ამერიკამ სააკაშვილი, იმ პირობას და დანიშნულებას ის...

დავით სოკოლოვი: რა პირობითაც დასვა ამერიკამ სააკაშვილი, იმ პირობას და დანიშნულებას ის უმაღლეს დონეზე ასრულებს

1349

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი.

_ ბატონო დავით, ვიდეორგოლი სახელწოდებით «საქართველოს მომავლის ქრონიკა», რომლის ტექსტსაც თქვენ კითხულობთ, ეს დღეებია, ინტერნეტსივრცეში აქტუალობას არ კარგავს. რის თქმა უნდოდათ ამ ვიდეორგოლით მის ავტორებს და, თქვენი აზრით, მასში ნაჩვენები «სიკეთეებიდან» რომელი შეიძლება რეალურად აუხდეს საქართველოს?

_ ეს ვიდეორგოლი ფაქტობრივად ასახავს იმას, რაც ამ ხელისუფლებას მართლა სჯერა და უნდა, ხალხსაც  დააჯეროს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობს. ვერ ამბობენ იმიტომ, რომ ამათი სიგიჟე ჯერ შესაბამის სტადიამდე არ მისულა და იციან, ამას რა რეაქციაც მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთგვარად გავუსწარით ხელისუფლებას და ვთქვით ის, რაც, სააკაშვილის ჭკუით, სრულიად რეალურია, ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, ესაა სააკაშვილის გეგმა, რომლის განხორციელებაც მას სავსებით შესაძლებლად მიაჩნია და, რომ ჰკითხო, აპირებს კიდეც. დარწმუნებული ვარ, ამათი სიგიჟე და აღვირახსნილობა მალე იქამდე მივა, რომ ვიდეორგოლებს სერიოზულად გადაიღებენ. ეს დრო არ არის შორს. ასე რომ, ნურაფერი გიკვირთ, საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ…

_ ერთერთი საოცრება, ალბათ, «ენდიაის» კვლევაც იყო, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ ამასთან დაკავშირებით ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: იმ საზოგადოებაში, რომლიდანაც ეს ნავაროა გამოსული, როგორც ჩანს, ასეთი რამ მიღებულია. მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს _ რასაც უნდა, დაწერს ვიღაცის სასარგებლოდ, ვისაც ემსახურება და ვისგანაც მილიონებს იღებს. აქ ლაპარაკია ძალიან დიდ ფულზე. აბა, ახლა ისე ხომ არ გააკეთებს ამხელა საქმეს და ტყუილად ხომ არ გაყოფს თავს ყულფში?! ეტყობა, ნავაროს გარკვეული ძალებისგან პირდაპირ დავალება აქვს მიღებული, რომ, რადაც უნდა დაუჯდეს, «გააპრავოს» ხელისუფლების განზრახვა, ხოლო რა აქვს ამ ხელისუფლებას განზრახული და რას უნდა ველოდოთ მისგან მომავალ არჩევნებში, მე მგონი, დღეს საღად მოაზროვნე ადამიანს ამის ახსნა არ სჭირდება.

_ იმ კვლევის შედეგები, რომელიც გასულ კვირას «ენდიაიმ» დადო, თქვენი აზრით, ამერიკისთვის მისაღებია?

_ რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, გამოვიდა აგერ ჯონ ბასი, რომელიც, ვერ გამიგია, ელჩია თუ გუბერნატორი და პირდაპირ განაცხადა: კვლევა იყო აბსოლუტურად დემოკრატიული და მისი შედეგები სანდოაო. ამის შემდეგ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მათთვის მისაღებია ეს ხელისუფლება? არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი არის ამერიკის უპირობო ფავორიტი და ისინი ამ გიჟს ზედ გადაჰყვებიან. არ აინტერესებთ, აქ ხალხი რა დღეშია, დემოკრატია კი, ბოდიში და, საერთოდ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. ასე რომ არ იყოს, შეიძლება ხელისუფლება შეაქო იმის შემდეგ, რაც ამათმა 26 მაისს გააკეთეს?!

 ესაა დემოკრატია? უკეთესი დემოკრატია ნუ ანახოთ თავიანთ ოჯახში და ქვეყანაში…

რაც შეეხება ამ ე. წ. კვლევას, რომელიც ენდიაიმ გამოაქვეყნა, მე ერთი რამ მაინტერესებს: სად ჩაატარეს ეს გამოკითხვა, ვის ჰკითხეს აზრი და უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. «ნაცმოძრაობა» რომ ლიდერობს გამოკითხვაში და ძარღვის გაწყვეტამდე გაჰყვირიან ეს ჩვენი ჰალსტუხწაჭერილი მინისტრები, მოსახლეობა გვენდობაო, ჰკითხონ ერთი გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და კიდევ უამრავი დახოცილი ახალგაზრდის მშობლებს, რას ფიქრობენ, ჰკითხონ 26 მაისს ამათი ჯალათების მიერ მოკლული ადამიანების ოჯახებს, რა აზრის არიან და ნახავენ, რა შედეგსაც მიიღებენ… საქმე ისაა, რომ სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან ხალხის აზრი და განწყობა. ამიტომაც ატარებენ ამ რაღაც კვლევებსა და გამოკითხვებს, მაგრამ ამით რეალურად ვერაფერს მიაღწევენ. ასეთი გამოკითხვებით საზოგადოების აზრის შეცვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ხალხს უკვე ყელში აქვს ეს ყველაფერი ამოსული და მეტის მოთმენა, უბრალოდ, შეუძლებელია…

_ თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი ამერიკის ფავორიტია, გამოდის, მომავალ არჩევნებში «ნაცმოძრაობას» ვაშინგტონის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

_ «ენდიაის» ეს ე. წ. გამოკითხვა ამის ნათელი მაგალითია. ესაა მწვანე შუქი ამ ხელისუფლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს. ახლა ესენი უკვე მართლა საშიშები არიან, იმიტომ, რომ რეჟიმი ყველანაირი მუხრუჭისგან თავისუფალია; სააკაშვილმა იცის, რომ, რაც უნდა გააკეთოს, პასუხს არავინ მოსთხოვს, პირიქით, სულ რომ გაწყვიტოს მოსახლეობა, გამოვა რომელიმე ტვინგახურებული სენატორი, როგორიც ვთქვათ, მაკკეინია, და ხოტბას შეასხამს.

გახსოვთ, ალბათ, 26 მაისის იმ ავბედითი მოვლენების დროს ჯონ ბასმა რა განცხადებაც გააკეთა. მან, ფაქტობრივად, გაამართლა ის ბარბაროსობა, რაც სააკაშვილის პირსისხლიანმა ჯალათებმა ჩაიდინეს. დღეს ამერიკის სენატი გატენილია ანალოგიურად მოაზროვნე ჭკუათხელი ადამიანებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ამ ხელისუფლებას გარანტირებული აქვს…

_ სანაცვლოდ რას ითხოვს სააკაშვილისგან თეთრი სახლი, როგორ ფიქრობთ?

_ რასაც ითხოვს, აგერ ყველა ვხედავთ, _ მის სიგიჟეებსა და აღვირახსნილობას ბოლო არ უჩანს. თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომი ავიღოთ. ასეთ რამეზე სააკაშვილისნაირი გიჟი თუ წავიდოდა მარტო, თორემ ჭკუათმყოფელი ადამიანი გააკეთებდა ამას?! და მერე რისთვის? იმისთვის, რომ ვიღაცას ტაში დაეკრა? ის ტაშიც რომ არ დაგვიკრეს? რა მიიღო საქართველომ? _ სამასი ათასი დევნილი, რომელიც სააკაშვილმა საქათმეში შეასახლა. სამაგიეროდ, თურმე რუსეთი წარმოჩნდა მონსტრად და მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს, რომ პუტინი ოკუპანტია… მართლა ვაი ამათ პატრონს, როდემდე შეიძლება ამ სისულელეების გაგრძელება, ვერ წარმომიდგენია. ისე, ერთი რამ ფაქტია: რა პირობითაც დასვა ამერიკამ სააკაშვილი, იმ პირობას და დანიშნულებას ის უმაღლეს დონეზე ასრულებს.

ამიტომაცაა, რომ მის შეცვლაზე ჯერჯერობით აღარც ფიქრობს ვაშინგტონი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, პრინციპში, ამ ეტაპზე არც ეგულება რეალური შემცვლელი…

_ თუ სააკაშვილი ამერიკის ფავორიტია და, როგორც თქვენ ამბობთ, ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, რას უნდა ველოდოთ არჩევნებისგან?

_ ის, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს, მე მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ, მეორე მხრივ, სახლში ჯდომით და რა გვეშველებას ძახილით არაფერი გამოვა. მე ჩემს თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ შორიდან ვუყურო ამ ყველაფერს, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ კაცი, პირველ რიგში, შენი თავის წინაშე უნდა იყო მართალი. თუ არ გჯერა და არ გწამს ამ გზის, მაშინ რამე სხვა უნდა აირჩიო, სხვა გამოსავალი უნდა ეძებო, რომ ერთი ადგილის ტკეპნა არ გამოგივიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ხელისუფლებას მოსთხოვ, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. მითუმეტეს, ამათ უკვე ისე აქვთ ძალაუფლება გამტკბარი, რომ, თუ ხალხმა რამე არ იღონა და არ აიძულა, წასვლაზე იფიქრონ, ნაბიჯსაც არ გადადგამენ. ის კი არა, აგერ უკვე შეიარაღებულ დაჯგუფებებსაც კი ქმნიან იმისთვის, რომ, ვინიცობაა და რამე პრობლემა შეექმნათ, უცებ ქვეყანა არიონ. არც შიდაარეულობაზე დაიხევენ უკან და, თუ დასჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ომსაც ატეხენ.

ერთი სიტყვით, ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, ამიტომ, როცა მის შეცვლაზეა საუბარი, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მარტივად ამის მიღწევა შეუძლებელია. მეტიც, საბოლოოდ ეს ყველაფერი საქართველოს შეიძლება ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდეს და ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ მსხვერპლზე წასვლა, თუ გვინდა, ქვეყანაში რეალურად ძირეული ცვლილებები განხორციელდეს.

_ თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლება შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის?

_ რა უფლება მაქვს, არ დავიჯერო, როცა ფირიც არსებობს, რომელიც ამას ადასტურებს. ესეც რომ არ იყოს, ადგილობრივები ხომ ხედავენ, იქ რაც ხდება? ამათგან უკვე არაფერი მიკვირს, ისეთი რამეები მესმის და ისეთ საოცრებებს ვხედავ ყოველდღე…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში რატომღაც არის მოლოდინი, რომ მომავალი არჩევნები «ნაცმოძრაობის» დასასრული იქნება. თქვენი აზრით, არის ამის შანსი?

_ ყოველ შემთხვევაში, მინდა, დავიჯერო, რომ ასე იქნება, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და, ჩვენს მოსახლეობაზეც ცოტა არ იყოს გულგატეხილი ვარ. ნახეთ, რა ხდება? ყველას ეშინია, ყველას რაღაც ბოჭავს და აკავებს, ხმის ამოღებასაც კი არავინ ცდილობს. გაგიგიათ ასეთი რამე! სახლში მკვდარი შემოგისვენეს და შენ შენს დამცველს ეუბნები, რომ არაფერი მომხდარაო; ვიღასი გეშინია, დალოცვილო, ოჯახის წევრს გიკლავენ, სახლიდან გაგდებენ, რაც გაქვს, ყველაფერს გართმევენ და მეტი რაღა უნდა გაგიკეთონ, რომ ხმა ამოიღო?! ვერავითარი არჩევნებით პრობლემები ვერ მოგვარდება, ვერაფერი ვერ უშველის ამ ქვეყანას, სანამ ჩვენ თვითონ არ მოვალთ აზრზე.

_ თქვენ რუსეთი ახსენეთ და: ბევრი პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტებას ჩვენთვის გარკვეულ საფრთხედ აღიქვამს. შიში, რომ შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტი განახლდეს, თქვენი აზრით, რამდენად მართებულია?

_ ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერია მოსალოდნელი. ის გზა, რომელსაც ამათი წყალობით ადგას საქართველო, არის პირდაპირ თავით შეჯახება რუსეთთან და ვაი მათ პატრონს, ვინც ამას ვერ ხვდება.

ყველაფერს თავი დავანებოთ, ის, რომ კრემლთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე ჩვენი ეკონომიკა წინ ვერ წავა, ხომ ყველასთვის ცხადია? ხომ ფაქტია, რომ  ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს? ნუ დამიწყებენ ახლა ეს გოკა გაბაშვილები და ბოკერიები მტკიცებას, ევროპული ოჯახის ნაწილი ვართო, რისი ნაწილიც ვართ და ვისი დახმარების იმედიც შეიძლება გვქონდეს, კარგად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში.

უბედურება ისაა, რომ ამ ხელისუფლებას, რესურსთან ერთად, მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დალაგების ნებაც არ გააჩნია, პირიქით, ამათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია იქით, რომ როგორმე რუსეთს უკბინონ, გააღიზიანონ და გაამწარონ. უხეშად თუ ვიტყვით, იცით, ამას რა ჰქვია? _ ეს არის ხისთავიანობა: იცი, რასაც აკეთებ, დაგღუპავს და მაინც აკეთებ, ღუპავენ ქვეყანას, თორემ თვითონ რა უჭირთ, თუ რამე უბედურება მოხდება, დაკრავენ ფეხს და გაიქცევიან, ჩვენ შეგვრჩება ეს დანგრეულ-გაოხრებული ქვეყანა.

_ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გზებზე არც მაინცდამაინც ოპოზიციაა ჯეროვნად ორიენტირებული, პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას თუ  არ ჩავთვლით, რომელსაც ამ საკითხზე არაერთი საფუძვლიანი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.

_ არა მარტო ამ საკითხზე, მე ალექსანდრე ჭაჭიას ნაშრომებს ზედმიწევნით ვიცნობ. ის, რაც ამ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს საქართველოს მომავლის გზასთან, მის პოლიტიკურ კურსთან თუ, გნებავთ, ორიენტირებთან დაკავშირებით, მართლაც ესაა ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანი და დამაჯერებელი ხედვა, რაც კი ბოლო დროს ვინმესგან მინახავს. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მაგრამ უბედურება, იცით, რა არის, ხელისუფლებას არ სჭირდება ჭკვიანი ხალხი. პირიქით, ეშინიათ ასეთი ადამიანების, იმიტომ, რომ იციან, მათ გვერდით ეს უტვინოები ჭიანჭველებად გამოჩნდებიან. აი, ესაა მათი პოლიტიკა, _ მათზე ჭკვიანებს იშორებენ და ქვეყანას მართავს ტვინგახურებული ადამიანები. ასე რომ, რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა რუსეთთან ომის ალბათობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არსებობს და, გვინდა თუ არა ამის აღიარება, ეს ფაქტია.

_ დასასრულს ისევ არჩევნებზე გკითხავთ: თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება ისევ გაყალბების ნაცად ხერხს მიმართავს, რა შეიძლება, საზოგადოებამ ამას დაუპირისპიროს?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ დუმილით პრობლემა ვერ მოგვარდება, რომ, როცა შენს მეგობარს ან მეზობელს შვილს უკლავენ, შენ არ უნდა გაჩუმდე და გულხელდაკრეფილი არ უნდა უყურებდე, მერე რა მოხდება… ამას თუ შეიგნებს საზოგადოება და ამ პრინციპზე თუ იქნება ჩვენი აზროვნება დამყარებული, მერე შეიძლება გამოსავალზე ვიფიქროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ უმსგავსობის დაკანონებას და ცხოვრების წესად ქცევას, რასაც ესენი აკეთებენ, სულ რაღაც ოთხი-ხუთი წელი სჭირდება, და მერე აღარაფერი  გვეშველება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here