Home რუბრიკები პოლიტიკა შავი ორშაბათი

შავი ორშაბათი

1787

ეს წერილი რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დაიწერა. მაშინ ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა მისი გამოქვეყნება და აღარ გავგზავნე. ბოლოს და ბოლოს, რუსმა ხალხმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კი გადავწყვიტე, რუსი მკითხველებისთვის ძალიან მოკლედ ამეხსნა, რით მთავრება ე.წ. ფერადი რევოლუციები და რა ემუქრებოდათ მათ მისი წარმატების შემთხვევაში. წერილი ავტორიტეტულ გამოცემაში expert.ru გამოქვეყნდა.

რუსეთში მიმდინარე პროცესებს რომ აკვირდები, გარედან თავსმოხვეული «ფერადი რევოლუციების» ტექნოლოგიაში სრულიად გაუთვითცნობიერებელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რა ხდება სინამდვილეში. შემეძლო, დუმილი მერჩია, მით უფრო, რომ ამის საკმაო მიზეზი მაქვს, მაგრამ იმ ადამიანების გაოცებული გამომეტყველება, რომლებიც, პირველ რიგში, უნდა ხვდებოდნენ, საიდან ქრის სიო, მოგანდომებს იმის გაზიარებას, რაც ჩვენთან, საქართველოში უკვე მოხდა.

ერთ-ერთ სატელევიზიო თოქ-შოუში თინა კანდელაკი იმას არკვევდა, თუ რატომ ცდილობს ოპოზიცია ხელისუფლების (ამ შემთხვევაში – პუტინის) მხარდამჭერთა მარგინალიზებას. ეს სულაც არ არის შემთხვევითი და არც იმიტომ ხდება, რომ პუტინს რეალურად მხარდაჭერა არ აქვს. შესაძლოა, – პირიქითაც. მათ, ვინც «იცის», რომ ჩულპან ხამატოვას «აშანტაჟებდნენ», არაფერი ახალი არ მოუგონიათ. ეს «ხელისუფლების არაძალადობრივი შეცვლის» ტექნოლოგთა კარგად აპრობირებული მეთოდია და იგი ერთნაირია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებშიც ერთი და იმავე სცენარით ხდება შემდეგ «ფერად რევოლუციად» წოდებული სახელმწიფო გადატრიალებანი.

უნდა შეიქმნას ატმოსფერო, როდესაც ადამიანები ვერ გაბედავენ ხელისუფლების მხარდაჭერას და საკუთარი არჩევანის დაცვას. აგრესიული უმცირესობის გამარჯვების შემთხვევაში ეს შეუწყნარებლობა სახელმწიფო მასშტაბებს შეიძენს, მაგრამ ეს მოგვიანებით, «რევოლუციის» შემდეგ მოხდება, ახლა კი რევოლუციონერები ცხარედ ამტკიცებენ, რომ სჯობს იყო ჯანმრთელი და მდიდარი, ვიდრეღარიბი და ავადმყოფი; რომ თავისუფლება სჯობს მონობას, რომ საჭიროა «ნამდვილი, სამართლიანი არჩევნები» და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.

რიტორიკა, ბრალდებები, მოთხოვნები და სახის გამომეტყველებაც კი ტკივილამდე ნაცნობია. მაგრამ გავა სულ ცოტა ხანი და იმ ყველაფრისგან, რასაც ისინი დღეს ამტკიცებენ და მოითხოვენ, მხოლოდ მოგონება დარჩება, მომხდარის გამოსწორება კი გვიანი იქნება. ისინი უმცირესობა არიან, მაგრამ ჯიუტად ითხოვენ, უმრავლესობამ სწორედ ის აირჩიოს, რომელიც მათ უნდათ. უმცირესობა ვერასოდეს იგებს არჩევნებს, ამიტომ ძალაუფლება არჩევნების შედეგების მიხედვით კი არ უნდა აიღონ, არამედ მისი გვერდის ავლით. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. მთავარია, ვის დაუჭერს მხარს დასავლეთი. რაც პირდაპირ ძალის გამოყენებით არ ხერხდება, ის ქუჩიდან ზეწოლით უნდა განხორციელდეს.

ქუჩაში კი ისინი გამოდიან, ვისაც, კარგა ხანია, ასწავლიან სამოქალაქო პროტესტს. 

მათ დღეს ამზადებენ და აფინანსებენ დასავლური «არასამთავრობო» ფონდები, მაგრამ, თუ ისინი გაიმარჯვებენ, ახალი დროის ეს «დანაელები» ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას შეწყვეტენ, რადგან «გამარჯვებული რევოლუციის» ქვეყანაში ამის აუცილებლობა აღარ იქნება.

«უკანონო პრემიების» გამოწერისთვის დაპატიმრებულ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს არ აწამებენ, _ როგორ გეკადრებათ! მან თვითონ მიიწვა სიგარეტები ზურგზე!

«ყველაზე ეფექტიანი პოლიცია» ყაჩაღობის განზრახვის (!) ეჭვით უიარაღო ახალგაზრდებს დღისითმზისით ქუჩაში ხვრეტს. იმდენი ტყვიაა ნასროლი, რამდენიც ჰოლივუდის ბოევიკების მათ საყვარელ გმირებსაც კი არ უსვრიათ. როცა ვერ ამტკიცებენ, რომ დაღუპულები შეიარაღებულნი იყვნენ, მათ თავად პოლიციის წარმომადგენლები უდებენ იარაღს და ტელევიზიით აჩვენებენ.

აცხადებენ «ნულოვან ტოლერანტობას» და 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით ევროპის ჩემპიონები ხდებიან. სახელმწიფო მოხელეთა აპარატს პენსიონერზე 200-500-ჯერ მეტ ხელფასს უნიშნავენ, რომელიც 65 დოლარს შეადგენს. ისინი კი, თავის მხრივ, ყოველ თვე იმავე რაოდენობის პრემიებს უწერენ საკუთარ თავს.

სახელმწიფო შენობები იყიდება, პრეზიდენტი კი ასეულ მილიონად ღირებულ ახალ რეზიდენციას იშენებს, რომლის ბიუჯეტი სახელმწიფო საიდუმლოებასავით დახურულია.

2003-ში მმართველმა პარტიამ არჩევნებში 22 პროცენტიც ვერ დააგროვა და ეს რევოლუციის საბაბად იქცა. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პარლამენტში 6 პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა ოპოზიციის უმრავლესობით? ყველა მომდევნო არჩევნებში «სამართლიანი არჩევნების» მოთხოვნით მოსული რევოლუციური ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებს!

ადამიანის უფლებებისთვის გუშინდელი მებრძოლები «ფართოდ დახუჭული თვალებით» აღარ იმჩნევენ დარღვევებს და ოკუპირებული ტელეკომპანიების ეკრანებიდან უტიფარი ღიმილით ამტკიცებენ, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ისინი ერთმანეთს იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში, ერთმანეთს და მთავრობას აქებენ, რომელიც ამასობაში მსოფლიო ბანკმა «ნომერ პირველ რეფორმატორად» გამოაცხადა.

მიწა უცხოელებზე იყიდება, ქართველი გლეხები კი შიმშილისთვის არიან განწირულნი. შემოსული პროდუქციის დემპინგურ ფასებთან მათ კონკურენცია არ შეუძლიათ. შემოტანილ პროდუქტსაც აღარავინ ამოწმებს და, თუკი სადმე უხარისხო პროდუქცია «ჩაწვა», ყველაფერი დაუბრკოლებლად შემოდის.

ადამიანებს სამსახურიდან ყრიან. არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არამედ სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, საავადმყოფოებიდან. პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ მათი «საბჭოთა» გამოცდილება არავის სჭირდება. ხელმძღვანელ თანამდებობებზე 22-25 წლის ახალგაზრდები ინიშნებიან, რომლებმაც დასავლეთში ხანმოკლე, დაჩქარებული კურსები გაიარეს.

ინტელიგენცია «ჩარეცხეს», სამაგიეროდ გაჩნდა ახალი, «ვარდისფერი» ინტელიგენცია, რომელიც ლიბერტარიანულ ხელისუფლებას ხალისიანად ემსახურება და აქებს. იგი უხვად არის დაფინანსებული და ხალხთან არაფერი აქვს საერთო.

თუ 2003 წელს ქუჩაში 50 ათასი ადამიანის გამოსვლა საკმარისი აღმოჩნდა ძალაუფლების ასაღებად, 2008-ში ათჯერ მეტი ადამიანის გამოსვლა მეორე ტურის დანიშვნისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.

ჯარი ომს აგებს საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ ერაყსა და ავღანეთში «დემოკრატიის მშენებლობას» ეხმარება.

დეპუტატს, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნიდან გაბედა, ეთქვა, რომ ომი სამხრეთ ოსეთში სააკაშვილის ავანტიურა იყო, მმართველი პარტიის წარმომადგენელი იქვე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ურტყამს და იმუქრება, რომ ასევე გაუსწორდება ყველას, ვინც ამგვარ განცხადებას გააკეთებს!

ჰკითხეთ ქსენია სობჩაკს, მოსწონს ამგვარი გამოხატვის თავისუფლება? ჰკითხეთ მათ, ვინც ასე იკლავს თავს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის, _ მოსწონთ ის, რაც საქართველოში სინამდვილეში ხდება და არა ის, რასაც მიშიკო ჩამოსულ ფანებს აჩვენებს?

თქვენ ეს ყველაფერი გინდათ?

მაშინ:

Go ahead!

Good luck!

Do it!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here