Home რუბრიკები პოლიტიკა ლოთი ქობალია: ზუგდიდში მართლაც არის შეიარაღებული ჯგუფები, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს

ლოთი ქობალია: ზუგდიდში მართლაც არის შეიარაღებული ჯგუფები, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს

2377

ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში ხელისუფლებამ შექმნა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც შესაძლებელია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის გამოიყენოს და იქ ჰომსის სცენარი განვითარდეს. ალასანიას ეს განცხადება ხელისუფლებამ უარყო და მას ნაბოდვარი უწოდა. სამაგიეროდ, ამ ინფორმაციას გვარდიის ყოფილი სარდალი, ლოთი ქობალია ადასტურებს. მისი განცხადებით, სამეგრელოში მართლაც არის შექმნილი შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. ქობალიას აზრით, ზუგდიდში შეიარაღებული ძალების ყოფნა აუცილებელია, რადგანაც საზღვრისპირა ქალაქია. ლოთი ქობალიას განცხადებით, ყველა შეიარაღებულ ჯგუფს ხელისუფლება აკონტროლებს და შესაბამისად, ფინანსდება. რაც შეეხება ოპოზიციის შიშს სამეგრელოში მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ქობალია საფრთხეს გამორიცხავს და გარანტად საკუთარ თავს გვისახელებს, ალასანიასა და ოპოზიციას კი უსაფუძვლო შიშის გამო გულის გამაგრებას ურჩევს.

_ ბატონო ლოთი, ოპოზიციის წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ ზუგდიდიში ხელისუფლებამ შექმნა შეიარაღებული ჯგუფები, თუმცა თავად ხელისუფლება ამას უარყოფს; თქვენ, როგორც გვარდიის ყოფილ სარდალს, რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

_ რა თქმა უნდა, ვიცი, რაც ხდება დასავლეთში. მე არასოდეს ვიქნები ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერების წინააღმდეგი. ჩემი აზრით, საქართველოში ყველა უნდა იყოს ჯარისკაცი, იარაღი ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყველას _ შეიარაღებულ ჯგუფსა თუ ხალხს _ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. თუ ზუგდიდზე ამბობთ, გეტყვით, რომ აქ არავის არასოდეს იარაღი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არ გამოუყენებია.

_ თუმცა გამორიცხული არაა, რომ არჩევნების დროს შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნებზე მოხდება რამე? მე ასე არ ვფიქრობ, არჩევნებზე დაპირისპირება არ მოხდება.

_ მაშინ რა საჭიროა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა?

_ ზუგდიდი საზღვრისპირა ქალაქია, გააქვთ და შემოაქვთ ნარკოტიკები, კრიმინალები გადადიან და იმალებიან. არ შეიძლება ზუგდიდში არ იყოს შეიარაღებული ძალები. მზად რომ არ ვიყავით, იმან დაგვღუპა, სხვა არაფერმა.

_ კი მაგრამ, პილიცია ხომ გვყავს, ჯარიც გვყავს და ახალი ფორმირებები რა საჭიროა? ნარკოტიკები და კრიმინალები ხომ პოლიციის საქმეა და არა რეზერვისტების?

_ კიდევ გიმეორებთ: ზუგდიდი არის საზღვრიპირა რაიონი. ალბათ, გახსოვთ, თავდასხმები რომ იყო ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. სანამ  თბილისიდან დამხმარე ძალა ჩამოვა, იმას უნდა ვუცადოთ? ვფიქრობ,  ადგილობრივმა ძალებმა უნდა მიიღოს ზომები.

_ ამისათვის პოლიცია არ კმარა?

_ პოლიციას მხოლოდ შიდა წესრიგის დაცვა შეუძლია, შეიძლება მოამზადონ ახალგაზრდები იმისთვის, რომ გარე შემოტევებისგან დავიცვათ ზუგდიდი. მე ვიცი, თქვენ საითაც მიგყავთ საუბარი. არ შეიძლება ყველაფერს ასეთი თვალით შეხედო. სამეგრელო არ არის ისეთი რეგიონი, რომ ადამიანებმა  ერთმანეთს ესროლონ ტყვია. ეს ხდებოდა თბილისში, როცა დამოუკიდებელ ქვეყანას ესროლეს, გახსოვთ, ალბათ. რა ჯურის ხალხიც არ უნდა მოგვიქსიონ, ერთმანეთთან ვერ დაგვაპირისპირებენ.

_ გამორიცხავთ იმას, რომ ეს შეიარაღებული ჯგუფები უკონტროლო ძალად არ გადაიქცევა და არ დაემსგავსება «მხედრიონს»?

_ «მხედრიონი» შევარდნაძის დროს იყო, მაშინ კუთხე კუთხეს დაუპირისპირდა. ახლა თქვენ ამბობთ, რომ ზუგდიდელი ზუგდიდელს ესვრის, ეს ხომ გამორიცხულია.

_ ზუგდიდში ჩამოსულებს რომ ესროლონ?

_ არა, ესეც გამორიცხეთ. სამეგრელოში ყველა მეომარს ვიცნობ. იმ შეიარაღებულ ჯგუფებში მუშაობა საკუთარი ქვეყნის დაცვაა. ის მეომრები ძალიან კარგი ადამიანები არიან და ცუდს არაფერს იკადრებენ. შეიარაღებული მეომრებს ხელისუფლება აკონტროლებს და ეს რომ რაიმე უკონტროლო დაჯგუფება იყოს, ასე არ არის. არიან რეზერვში, მათ იციან თავიანთი ადგილი,  იარაღი და თავიანთი საქმე. მათ იციან სად, როგორ და რანაირად უნდა მოიქცნენ.

_ მოდით, დავაზუსტოთ: თქვენ ადასტურებთ, რომ ასეთი სამხედრო არაფორმალური ჯგუფები არსებობს და მათ სახელმწიფო აკონტროლებს? იქნებ დააკონკრეტოთ, რა აუცილებლობამ გამოიწვია მათი შექმნა? რა ფუნქცია აქვს ამ ჯგუფებს? ვინ, რა კატეგორიის ხალხია მათში გაერთიანებული და თუ იღებენ ხელფასს? თუ არიან მათ შორის თქვენი ყოფილი თანამებრძოლები? და საერთოდ, ვის ექვემდებარებიან _ თავდაცვის სამინისტროს თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს? წესით, ყველა შეიარაღებულ ჯგუფს აქვს თავისი საბძოლო ამოცანა, რას გვეტყვით ამ ჯგუფების საბრძოლო ამოცანაზე

_ მე კი არ ვადასტურებ, არამედ ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს  ზუგდიდში ჰყავს სამხედრო შენაერთები და ყველა ისინი სახელმწიფოს კონტროლქვეშაა. მათი წევრები ნაომარი ხალხია, არიან ჯარგამოვლილი რეზერვისტებიც. იმათ ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან აფხაზეთში, რათა თავიანთი სახლ-კარი და მამა-პაპის საფლავები მოინახულონ. დღესდღეობით საქართველოში 500 ათასი კაცია ლტოლვილი, როგორ შეიძლება მათი ასე გაჩერება? ვინც კანონიერებისა და სამართლიანობისთვის იბრძოდა,  სწორედ ის ხალხია გაერთიანებული ამ ფორმირებებში, არ უარვყოფ და დასამალი არაფერი მაქვს. კატეგორიულად გეუბნებით: ვინც რეზერვშია, მათ ვიცნობ, ისინი არანაირ ფორმირებებში არ არიან. ისინი, როცა დასჭირდება ქვეყანას და დაუძახებენ, დადგებიან იქ, სადაც ევალებათ. რეზერვისტები, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინიტროს ექვემდებარებიან და ხელფასს არ ღებულობენ. რაც შეეხება შეიარაღებულ ჯგუფებს, მე ასეთი ჯგუფები არ მინახავს.

_ ხომ ადასტურებთ, რომ არსებობს შეიარაღებული ჯგუფები?

_ გითხარით, ესენი არიან რეზერვისტები, რომლებიც გადიან სამხედრო წვრთნას.

_ რეზერვისტები არიან შეიარაღებული?

_ ვინ გითხრათ, რომ შეიარაღებული არიან! რა გინდათ, რომ მათქმევინოთ?

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ რეზერვისტები წვრთნებს გადიან შეუიარაღებლად?

_ არ ვიცი და მე ამ საკითხზე ვმუშაობ, მართალი გითხრათ. თუკი შეიარაღებული ადამიანები დადიან ჩუმ-ჩუმად, ამას გავიგებ და საჯაროდ დავიწყებ ყვირილს. უკანონო შეიარაღებულ ძალებს მაშინაც ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი, არანაირი შეიარაღებული ძალა სახელმწიფოს გარეშე არ გვჭირდება.

_ თუმცა, როგორც ბრძანეთ, სამეგრელოში არიან შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. ვინ არიან ისინი?

_ აქ მოდიან ჯგუფები, ერთი კვირის მერე ისევ იცვლებიან. რაც შეეხება შეიარაღებას, მე ისინი შეიარაღებული არ მინახავს.

_ მაინც დავაზუსტოთ: თავდაცვის სამინისტროს ხალხია?

_ როგორც მე ვხედავ, თავდაცვის არიან. ისე, გზაზე რომ გამოვიდნენ, დავინახე, «პოლიცია» ეწერათ.

_ თქვენ პირადად თუ იცნობთ იმათგან ვინმეს?

_ ჩემი ნაცნობები არ არიან, უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

_ ბევრნი არიან?

_ კი, შეიძლება 800 კაცამდე იყოს. გადიან და გამოდიან, იცვლებიან ხოლმე.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ ძალიან გინდათ იმის გაგება, კიდევ რა შეიარაღებული ჯგუფები არიან. თქვენთვის ასე ძნელია ამის გარკვევა?

_ მე მართლა მინდა ამის გაგება, ტყუილს ვერ გეტყვით, ჩემს ცხოვრებაში არ მითქვამს. თუ მართლაა შექმნილი არაფორმალური გაერთიანება, ამის წინააღმდეგი წავალ.

_ თუმცა ჯერ კიდევ არსებობს «მხედრიონის» მიმართ გარკვეული შიში, რომ ზუგდიდში არსებული შეიარაღებული თუ, როგორც ამბობენ, ნებაყოფლობითი ჯგუფები ახალ «მხედრიონად» არ გადაიქცეს…  

_ არა, აქ «მხედრიონზე» არაა ლაპარაკი. «მხედრიონი» სულ სხვა იყო, კუთხეეები გადაეკიდნენ ერთმანეთს. სამეგრელოში ასეთი დაპირისპირება არ იარსებებს. სამეგრელოში უკონტროლო დაჯგუფება აღარ არსებობს და არც დაპირისპირება, რომ ვიღაცამ ვიღაცას ესროლოს. მოდით, ნუ შექმნით მტრის ხატს. თუ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, მაშინ მოვემზადოთ არჩევნებისთვის. დღეს ვინმემ რომც მოინდომოს, კუთხე კუთხეს დაუპირისპიროს და ამისთვის შეიარაღებული ჯგუფები გამოიყენოს, არაფერი გამოუვა. ამით ხალხს ვერ დააშინებენ და საერთოდ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ალასანიასაც არ უნდა ეს ლაპარაკი, ამით ხალხს ნუ დავაშინებთ, მე ვარ გარანტი იმისა, რომ სამეგრელოში არაფერი მოხდება. მაგრამ, თუ ვიღაცას ეშინია და უსაფუძვლო შიშები აქვს, გულს ვერ გავუმაგრებ. ჩვენს ხალხს ჩვენვე დავიცავთ სამეგრელოში! დარწმუნებით გეტყვით, რომ სამეგრელოში ყველა შეიარაღებულ ყოფილ და ახლანდელ მეომარს ვიცნობ და მე, ლოთი ქობალია, გაძლევთ გარანტიას, რომ სამეგრელოში თოფი არ გავარდება.

_ გინდათ, თქვათ, რომ ირაკლი ალასანიამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას?

_ არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არავისთან დაპირისპირება არ მინდა. არ ვიცი, რა ჰომსზე ლაპარაკობს ალასანია. მე მირჩევნია, მოფერებით, გემრიელად, ჩვენი კონცეფციით და გეგმით ჩავატაროთ ეს არჩევნები და შევძლოთ გასვლა გაღმა და არა პარლამენტში გავიდეთ და სოლიდური დაფინანსება მივიღოთ ბიუჯეტიდან. ეს მაგათი საქმეა, მაგრამ მე ამის მომხრე არ ვარ.

_ რას გულისხმობთ «ჩვენს კონცეფციაში»?

_ ჩვენი კონცეფცია არის ის, რომ არც შევარდნაძის ხელისუფლება გვინდა და არც სააკაშვილის. სააკაშვილმა ჰიბრიდული სიმინდი შემოიტანა, ბანკის ვალები დაადო ხალხს და სახლები გააყიდვინა. ჩემი კონცეფციით უნდა აღდგეს სამართლიანობა _ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, როგორც  ნორმალურ ქვეყნაში. ახლა ჩვენს კონცეფციაზე რომ გელაპარაკოთ, ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდება. მე ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი და დღესაც ვარ, ახლა კი იმ ხალხის გვერდით ვერ დავდგები, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურს.

_ ვის გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მას არჩევნებში შეეძლო მარტო გასულიყო, ის გრიალ-გრიალით გავიდოდა, მაგრამ მასთან ისეთი ხალხი დადგა, ჩემთვის მიუღებელია. არ მომწონს, რომ ისევ რუსეთისკენ გვაბრუნებენ, ძლივს დავაღწიეთ თავი რუსეთის მარწუხებს.

_ ივანიშვილის მხარეს ხართ თუ სააკაშვილის?

_ არც ერთის. ივანიშვილის მხარეს ვიქნებოდი, ის ნაძირალები რომ არ ყოფილიყვნენ მასთან, მათ შორის, «ძმები რესპუბლიკელები».

 ვეტერანებმა და ყოფილმა მებრძოლებმა გადავწყვიტეთ, შევქმნათ ძალა და მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საამისო ფინანსები.

_ თქვენ აფხაზეთში დაბრუნება ახსენეთაგვისტოს ომიც «სამაჩაბლოშიდაბრუნების» საბაბით დაიწყო და არათუ ვერაფერი დავიბრუნეთ, იქეთ დავკარგეთ ტერიტორიები

_ შეიარაღებული  ძალების სწორ განლაგებასა და შემდგომ მისი  მოქმედების სწორ წარმართვაზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ეს დაგვანახა 1993 წელმა და 2008 წელმაც. ომი  კი იმიტომ წავაგეთ, რომ მოუმზადებელი ვიყავით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილს, რომ არ ემორჩილებოდეს, ასეთი შეიარაღებული ძალა სამეგრელოში არ არსებობს.სამეგრელოში არავითარი უკონტროლო ძალა არ არსებობს.  მიშას რეჟიმის გარდა თქვენ წარმოგიდგენიათ უკონტრლო ძალები?თუ ვინმემ რაიმე დააშავა და მერე თქვა, რომ უკონტროლო ძალა იყოო, ეს ტყუილია.

_ გამოდის რომ სადამსჯელო რაზმებია შექმნილი?

_ არ ვიცი რა არის, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ყველა შეიარაღებული ძალა სააკაშვილის კონტროლქვეშაა.

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here