Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების იარაღი, ანუ რიჩარდ ნორლანდის მისია

განხეთქილების იარაღი, ანუ რიჩარდ ნორლანდის მისია

690

საქართველოში აშშის მომავალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამოსვლის დროს თქვა, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთვის M4-ების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი ობამას ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს, მოიგერიოს ბრალდებები იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებაზე «ფაქტობრივი ემბარგო» დააწესა. საქართველოში კი ამერიკელების ამ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, ცუდად დაფარული ირონიით შეხვდებიან და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

«ნამდვილად არ გვჭირდება»

აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს, ამერიკელი პარტნიორებისგან საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები შეიძინოს. «ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება მსუბუქი შეიარაღება. ჩვენ ის უამრავი გვაქვს და, ფაქტობრივად, მის შესაძენად ბევრი ალტერნატიული გზა არსებობს, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად ერთი წლის წინ The Cable-სთვის მიცემულ ინტერვიუში. _ რაც საქართველოს რეალურად სჭირდება არის ის, რასაც სხვაგან ვერ შეიძენს და ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ცალსახაა… რომ ეს უნდა გახდეს თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი».

უცნაური სიტუაციაა. ერთის მხრივ, მთავარსარდალი (მართალია, საქართველოში სააკაშვილის მთავარსარდლად მოხსენიება ხშირ შემთხვევაში ცუდ ტონად ითვლება და ღიმილს იწვევს, თუმცა, ფორმალური თვალსაზრისით, ის ჯერ კიდევ მთავარსარდალია) აცხადებს, რომ ჩვენ მსუბუქი შეიარაღება არ გვჭირდება და ინტერვიუდან გასული ერთი წლის განმავლობაში არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც სიტუაცია დრამატულად შეცვალა. მეორე მხრივ, ვაშინგტონი რატომღაც იღებს გადაწყვეტილებას, M4-ები მოგვაწოდოს.

რა ვქნათ ახლა: ავიღოთ ჩვენი მრავალტანჯული ბიუჯეტიდან ფული და ვიყიდოთ ისეთი იარაღი, რომელიც, სააკაშვილის თქმით, «ნამდვილად არ გვჭირდება» და «უამრავი გვაქვს»? 

საუბარს M4-ის პარამეტრების მიმართულებით ვერ განვავრცობთ, რადგან არ ვიცით, თუ რა მოდიფიკაციაზე საუბრობდა რიჩარდ ნორლანდი, სად და როდის აწარმოეს ის. არადა, მთავარი სწორედ ეს ინფორმაციაა. საერთოდ, შეიარაღების შეძენის დროს წინა პლანზე პოლიტიკური მოტივების წამოწევა იდიოტიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა, თუმცა ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ რუსულ შეიარაღებაზე უარს ვამბობთ და AK ბუნებაში არ არსებობს. მაშინ რატომ M4 და არა გერმანული HK G36 ან სულაც HK416, რომელთა უპირატესობა ამერიკულ ანალოგებთან შედარებით არაერთმა ტესტმა დაადასტურა? იმიტომ ხომ არა, რომ გერმანელებთან ურთიერთობა ისე გავაფუჭეთ, რომ ანტიკვარულ «შმაისერსაც» კი არ მოგვყიდიან? ან იქნებ ამერიკული იარაღის ყიდვა სავალდებულოა?

2008 წლის 13 ივლისს ავღანეთში, სოფელ ვანატის მიდამოებში, გაიმართა მძიმე ბრძოლა, რომელშიც 9 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 27 დაიჭრა. ამ ბრძოლის ანალიზს US Army Combat Studies Institute-მა 274-გვერდიანი მოხსენება მიუძღვნა, რომელშიც ვკითხულობთ: «ფაქტია, რომ ვანატში მწყობრიდან გამოსული იარაღის უმეტეს ნაწილს M4 წარმოადგენდა». მართალია, მოხსენების ავტორები იქვე (გვ. 219) აღნიშნავენ, რომ ჯარისკაცებს თავისი M4-ების გამოყენება «არადამახასიათებელ როლებში» მოუხდათ და რომ ის არ არის გამიზნული «მაქსიმალური ტემპით ან ციკლური სროლისთვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში», თუმცა ეს ერთობ მოაგონებს ბრძნულ აზრებს იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ასანთის გამოყენება კბილის ჩხირის ნაცვლად, მაშინ, როდესაც ცხოვრება (და ომი) ცოტა სხვაგვარად არის მოწყობილი.

ძალიან დრამატულია ჯარისკაცების მოგონებები, რომლებიც ამ ანგარიშში მოხვდა. ერთერთ მათგანს პრობლემები M4-თან სწორედ მაშინ შეექმნა, როდესაც თანამებრძოლი მოუკლეს და პოზიციაზე მარტო დარჩა. მას არ შეეძლო გადახურებული იარაღის გადატენვა და «გამწარებულმა მიწაზე დააგდო», შემდეგ დაღუპული მეგობრის M4-ის აღება სცადა, მაგრამ «აღმოაჩინა, რომ AK-47-ის იმავე ჯერმა, რომელმაც თანამებრძოლი მოუკლა, მისი იარაღი მწყობრიდან გამოიყვანა» (გვ. 155).

M4-ის რეპუტაციაზე ნეგატიურად იმოქმედა 2007-ში მერილენდში ჩატარებულმა ტესტმაც, როდესაც დადგინდა, რომ ქვიშა და მტვერი მასზე გაცილებით ცუდ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე HK416-ზე, XM8-სა და FN SCAR-ზე. ცხადია, M4-ს მთელი რიგი პლუსებიც აქვს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას, თავისი მოდიფიკაციებით, შეიძლება «მოუმწიფებელი იარაღი» ვუწოდოთ, რომელიც კონსტრუქტორებმა იდეალურ კონდიციამდე ჯერ ვერ მიიყვანეს; მას ნაკლებად ენდობიან ვიდრე Heckler & Koch-ის პროდუქციას («კალაშნიკოვზე», როგორც შევთანხმდით, ამჯერად არ ვისაუბრებთ).

ნეტავ რა ფასად მოგვყიდიან?

დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: სთხოვა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელებს M4-ები? სააკაშვილის ციტირებული ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს, წესით, არ უნდა გაეკეთებინა. გასული წლის იანვარში, როდესაც ობამა-სააკაშვილის ხანმოკლე შეხვედრა შედგა, Коммерсант-მა აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გვამცნო, რომ «სააკაშვილმა თეთრ სახლს ვრცელი მოხსენება გადასცა, რომელშიც დასაბუთებულია თბილისისთვის საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების გადაცემის აუცილებლობა». «საუბარი, რა თქმა უნდა, არ ეხება ათეულ მილიონობით დოლარის კონტრაქტს, როგორც ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ, _ დააზუსტა Коммерсант -ის რესპონდენტმა, _ თბილისის მოთხოვნა გაცილებით მოკრძალებულია». რუსული გამოცემის ცნობა კონკრეტული «ვრცელი მოხსენების» გადაცემის თაობაზე, სიმართლეს რომც არ შეესაბამებოდეს, ეჭვგარეშეა, რომ რაღაც დოკუმენტი, რომელშიც ქართული მხარის თხოვნა დაფიქსირდა, ნამდვილად არსებობს. იყო თუ არა მასში მოხსენიებული M4, თუ ვაშინგტონმა გადაწყვეტილება ამ ნიუანსის გათვალისწინების გარეშე მიიღო?

ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სპეცრაზმელებს ერთი კარგი ხუმრობა აქვთ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: «იმისთვის, რომ ხელჩართულ ბრძოლაში თავისი მაღალი ოსტატობა გამოავლინოს, მებრძოლმა უნდა დაკარგოს ავტომატი, პისტოლეტი, ხელყუმბარები, დანა, ქამარი, ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი. იპოვოს თავისუფალი ადგილი, სადაც არც ერთი ქვა ან ჯოხი არ აგდია, იქვე იპოვოს ასეთივე უთავბოლო მოწინააღმდეგე და მასთან მუშტი-კრივი გამართოს». ყოველივე ამის პროეცირება M4-თან დაკავშირებულ სიტუაციაზეც შეიძლება, თანამედროვე ომში არც ისე მარტივია მიღწევა ეპიზოდამდე, სადაც საქმე ამერიკული, რუსული, გერმანული (და ა.შ) ავტომატების პირდაპირ კონკურენციამდე და მათი ავკარგიანობის უშუალო გარკვევამდე მივა. იმ ვითარებაში, როდესაც ჰაერს მოწინააღმდეგის ავიაცია აკონტროლებს, ზღვას _ მისი ფლოტი, ხმელეთზე კი მისი ჯავშანტექნიკა ასე თუ ისე თავისუფლად დათარეშობს, ნაკლებად მნიშვნელოვანია რა უჭირავს ქვეითს ხელში _ M4, AK თუ HK. შესაძლოა, ამიტომ, ნორლანდის განცხადებაზე მსჯელობისას ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა აგვისტოს ომის შესაბამისი ეპიზოდი გაიხსენა და სიმწირით თქვა: «ბარემ წყალიც გამოეგზავნათ». ხოლო თუ ჩვენ ვსაუბრობთ არა სიმეტრიულ დაპირისპირებაზე, არამედ პარტიზანულ  ბრძოლაზე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან, M4-ის წარმოდგენა პარტიზანის იარაღად ძალიან გაგვიჭირდება, ის ამისთვის მეტისმეტად რთული, ფაქიზი და, უხეშად რომ ვთქვათ, კაპრიზულია.

რით უპასუხებენ რუსები ამერიკელების მიერ საქართველოსთვის მსუბუქი შეიარაღების, თუნდაც სიმბოლური პარტიის, გადაცემას? გამორიცხული არაა, რომ ისინი საქართველოს ტოტალურ მილიტარიზაციაზე ალაპარაკდებიან, შემდეგ კი სეპარატისტულ რესპუბლიკებში დამატებით მძიმე შეიარაღებას განალაგებენ და ამის შედეგად ძალთა, ჩვენთვის ისედაც სავალალო, ბალანსი უარესობისკენ შეიცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსკოვის პასუხი, დიდი ალბათობით, უფრო ხისტი იქნება ვიდრე ვაშინგტონის პირველი სვლა, რათა ამერიკელებმა თავის მეორე სვლაზე ფიქრს თავი დაანებონ და სააკაშვილს რაიმე უფრო სერიოზული არ მიაწოდონ.

 რამდენადმე შესამჩნევ კრიზისს ორი დიდი ქვეყნის ურთიერთობაში ადგილი, სავარაუდოდ, არ ექნება, რადგან საქართველოსთვის მსუბუქი შეიარაღების ამ პარტიის მიწოდება (რომლის მოცულობა და ფასი ჯერჯერობით დაუდგენელია) არსებითად არაფერს ცვლის.

ერი _ ჩვენი, მთავრობა და მხედრობა _ მისი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რიჩარდ ნორლანდი, დიდი ალბათობით, ქართველ სამხედროებთან აქტიური ურთიერთობით დაკავდება, შესაბამისი გამოცდილება მას ნამდვილად აქვს. ის ლატვიაში 2003-05 წლებში მოღვაწეობდა. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ის «შეიარაღებული ძალების   განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის» დააჯილდოვა. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან «მისიის დაწყებისთანავე გამოავლინა დიდი ინტერესი ლატვიის თავდაცვის სისტემის მიმართ და თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტები დაამყარა». ამასთანავე, ნორლანდმა აშშ-ის მიერ ლატვიური არმიის მოდერნიზებისთვის საჭირო დახმარების გამოყოფაში, აგრეთვე, ამ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესის დასრულებასა და ალიანსში მის «აკლიმატიზაციაში» მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა ამ მედალს, შესაძლოა, მეორე მხარეც აქვს.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამოსვლის დროს ნორლანდმა განაცხადა: «საქართველოს ინტერესების და მისი ნატოში მისწრაფების, ასევე ამ მისწრაფების ჩვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები; ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება». დავუმატოთ ამას ციტატა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის სელესტ უოლანდერის 22 თებერვლის გამოსვლიდან გორში თავდაცვის აკადემიის მსმენელების წინაშე:

«ჩვენი თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, არის იმის ცალსახა ჩვენება, რომ ზუსტად გესმით და შეგიძლიათ ჯარისთვის შესაფერისი როლის შესრულება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სახის იარაღის ან სამხედრო აღჭურვილობის შეძენა, საბრძოლო უნარჩვევების გამომუშავება ანდა თავსებადობა ნებისმიერ კოალიციურ ძალასთან. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი გამოცდის ჩასაბარებლად ქართულმა ჯარმა უნდა აჩვენოს, რომ კარგად ესმის, რა როლი აკისრია სრულფასოვანი დემოკრატიის მქონე ევროპულ საქართველოში». და კიდევ: «სამხედრო უწყება არა მარტო აპოლიტიკური უნდა იყოს, არამედ ყველა თვალნათლივ უნდა ხედავდეს, რომ ის აპოლიტიკურია» და სხვა მრავალი მსგავსი სულისკვეთების მონაკვეთი. დავუმატოთ ამას რიჩარდ ნორლანდის უნარი _ სამხედროებთან წარმატებული ურთიერთობები დაამყაროს, მათთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება (მუშაობა პენტაგონის ეგიდის ქვეშ პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშის პოლიტიკის საკითხებზე, მისიები ავღანეთში და ..).

რაზე ისაუბრებს რიჩარდ ნორლანდი ქართველ სამხედროებთან? იმაზე ხომ არა, რომ ჯარი არ შეიძლება დიქტატორის ინსტრუმენტად იქცეს? ცხადია, იქნება მსჯელობა ქართული არმიის მოდერნიზაციაზე, ავღანეთის მისიაზე, მთელ რიგ სხვა საკითხებზე და ყბადაღებულ M4-ებზეც კი, თუმცა, შესაძლოა, ნორლანდის მთავარი მისია ის იქნეს, რომ არ დაუშვას სააკაშვილის მიერ არმიის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან იმის გარანტია, რომ სააკაშვილი ამის გაკეთებას არ შეეცდება, არ არსებობს. თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ ადრე ვაშინგტონი არ თანამშრომლობდა ხიშტებზე დაყრდნობილ, ყოვლად ამაზრზენ დიქტატურებთან, თუმცა დღეს საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია, «დემოკრატიის შუქურის» იდეა მსგავსი ბარბაროსული მეთოდების გამოყენებას გამორიცხავს. ამასთანავე, სააკაშვილის ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დატოვება, სიტუაციას ამერიკელების თვალით თუ შევხედავთ, მეტად არარაციონალური ჩანს.

რიჩარდ ნორლანდი ჯონ ბასზე გაცილებით გამოცდილია და ამ მისიას (ცხადია, თუ ის ნამდვილად არსებობს) თავს, დიდი ალბათობით, წარმატებით გაართმევს. აქ შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი კითხვა: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ნორლანდი ამ მიმართულებით არაფერს გააკეთებს, ან თუ ამერიკელები სააკაშვილს რეპრესიების დაწყებაზე «მწვანეს აუნთებენ»? მხოლოდ ძია სემის იმედად ხომ არ უნდა ვიყოთ?

ჩვენ, ალბათ, უნდა გვჯეროდეს, რომ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ჯარისკაცები უკანონო ბრძანებებს არ შეასრულებენ და ერის წინააღმდეგ არ წავლენ. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვენდობოდეთ მათ და ისინი ამას აუცილებლად იგრძნობენ. მეტს ვერაფერს დავამატებთ; დანარჩენი მათი გადასაწყვეტია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here