Home რუბრიკები საზოგადოება ნაცრის ქექვაზეა აწყობილი «ნაცმოძრაობის» არღანი

ნაცრის ქექვაზეა აწყობილი «ნაცმოძრაობის» არღანი

1354

ძნელია, უყურო შენი სამშობლოს დაკნინება-დარბევა-ძარცვას და ნაწილ-ნაწილ გაყიდვას მისი განვითარება-აყვავებაზე ყალბი ქაქანის პირობებში, როცა უკანონობა, ძალადობა, აღვირახსნილობა ყელში გიჭერს ავი ძაღლის ჯინჯილივით და ყოველდღიურად სამართლიანობის გაფურჩქვნაზე ყბედობით გაწყვეტამდე გიძაბავენ ნერვებს. გინდა, იყვირო, შველა ითხოვო, მაგრამ, კოშმარული სიზმრის მსგავსად, ხმა ვერ ამოგიღია და მძიმე განცდების ტყვეობაში უსუსურად ფართხალებ. როდემდის უნდა გაგრძელდეს ცხოვრების ასე შეუჩერებელი უკუსვლა?

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლით დავიწყეთ, ამდენი საშინელი განსაცდელის გადატანის, სისხლის დაღვრისა და მრავალი საუკეთესო ადამიანის დაკარგვის შემდეგ, გაუმაძღრობისა და ღალატის წყალობით ახლა ენისა და ერის გადარჩენა გვაქვს საზრუნავი.

იმ დაწუნებულ ცხოვრებას რაც კარგი და დადებითი ჰქონდა (უფასო მკურნალობა, უფასო სწავლა, უფასო ბინები, გარანტირებული სამუშაო, დასვენება და სხვა მრავალი სოციალური სიკეთე) მოვსპეთ. ყალბსიტყვაობა, ძალადობა, არასაიმედო პირებზე გაუკუღმართებული კანონებით ანგარიშსწორება, ყალბი პომპეზურობა, ესოდენ წარმატებით რომ იყენებდა შევარდნაძე, შეატოვა დღევანდელობას, რაც ასე ამშვენებს მის მიერ მოქალაქეთა კავშირში გაწრთვნილ ნაციონალ ხელისუფალთ. ასეა, ადამიანი თუ ერთხელ შედგა მუხთლობის ბილიკზე, მას სიკეთისკენ ვერავითარი ძალა ვეღარ მოაბრუნებს.

დღეს, ერთი მუჭა გაზულუქებულთა გარდა, ამ საყოველთაო რბევისა და ძარცვის სამთავროში ქართველ ხალხს ლუკმაპურის შოვნა აქვს საზრუნავი.

თბილისში ყველა სამრეწველო საწარმო მოსპეს, სამაგიეროდ, მათხოვართა რაოდენობით, თანაც ყველაზე განათლებული მათხოვრებით, შეგვიძლია ვიამაყოთ. უმუშევრობით ხომ სასწაულს ვახდენთ. ვინ მუშაობს?! მთელი საქართველო თბილისსაა შეხიზნული, სადაც აღარც ქარხნებია და აღარც საწარმოები. სამაგიეროდ, მრავლადაა დაცვის თუ დასჯის პოლიცია; დუქნები, მარკეტები, კაზინოები, ბაზრები და სხვა უამრავი რამ. ლუკმაპურის მაძიებლები საცოდავად მიაგორებენ გატანჯულ ამქვეყნიურობას. ქუჩაში კი თოფმომარჯვებული ბრაკონიერივით დადის უამრავი იეღოველი, უფლის სახელით რომ აქამანდებს მსხვერპლს. თუ უიმედობით სასოწარკვეთილს სადმე ბზარი მოგიძებნა, შემოგაჩეჩებს საუცხოოდ გაფორმებულ უფასო წიგნს. მორჩა, პრობლემები წარსულს ჩაბარდა, მალე ურწმუნოები გაწყდებიან და ყველაფერი იეღოველებს დარჩებათ; ოღონდ ცოტა უნდა მოითმინონ.

საზარელი ცხოვრებით გაწამებულ ხალხს ამის გარდა სხვა გასართობიც აქვს: უამრავ სატელევიზიო შოუზე კუჭის ნებიერ ხელისუფლებად წოდებულ ბიუჯეტის ვირთხების ოხუნჯობა, როცა ძალიან გამძღრებს ვიწრო წრეში ლაყბობის საქვეყნოდ გამოტანა მოესურვებათ. თავიანთი უმარილო თუ გადამლაშებული, დონდლო, ზღვარგადასული ანგლობით ტელევიზიიდან დამშეული ხალხის წინაშე თავს იწონებენ. ასეა, რადგან ხელისუფლება ჰქვიათ, უნდა ღრღნან ბიუჯეტი და უზომო ჭამა-ყლაპვით დაიმახინჯონ სულ-ხორცი. ხალხი? რის ხალხი! აბა, ხმა ამოიღოს, სულ დაუნაყავენ თავ-ყბას. ტყუილად კი არ აშენებენ პოლიციის შემინულ შენობებს. ჯარიც კარგად ჰყავთ მომზადებული მხოლოდ საკუთარი ხალხის დასაშინებლად. ხმას ამოიღებენ და 26 მაისის დარბევა სანატრელი გაუხდებათ. მაშინ, მოკლულები სახურავზე აიტანეს და, კვალი რომ დაეფარათ, დენმა დაარტყაო, გამოაცხადეს. ახლა ეგეც არ სჭირდებათ, ავღანეთში ქართველი მეომრების სიცოცხლის ფასად აქვთ ნაყიდი ყოველგვარ ძალადობაზე ამერიკის მხარდაჭერა.

მაძღარს მშიერის არ ესმის, ცხადია. ესენი კი გადამაძღრებულნი არიან და მშიერი ხალხის სიძულვილს მისი დაცინვით იკმაყოფილებენ. ცრუპენტელა ტელევიზიებმაც შეაძულეს ხალხს თავი, მაგრამ, ნაგავში ქექვის მსგავსად, მასაც უყურებენ, იქნებ რაიმე სასიკეთო გამოჩნდესო.

ესენი კი, როცა გართობის ხასიათზე არიან, ხალხიც ახსენდებათ. ისეთ ქაღალდის ვაუჩერებს არიგებენ, რომ არც მოგეცემა და არც დაგეკარგება. იმით ვერც მოხნავ და ვერც დათესავ, არც საპირფარეშოში გამოდგება, კედელზე მიკვრა კი შეიძლება, ყოველ შეხედვაზე ნაციონალთა სოფლის მეურნეობის აყვავებაზე მორიგი ნაცრის ამტვერების გასახსენებლად.

პრეზიდენტმა და გილაურმა ტელევიზიითაც ისეთი ღრმაშინაარსიანი საუბარი გამართეს ამ ვაუჩერით გლეხის მიერ მიწის დამუშავების მაგიურ ძალაზე, რომ მამალი ძროხების მწველავ ყოფილ სოფლის მეურნეობის მინისტრზე არანაკლებ წაღმა-უკუღმა ერკვევიან სოფლის მეურნეობის აღმართ-დაღმართებში. გლეხებს კიდევ მწარედ ეცინებათ, სოფლის მეურნეობაში ეგეთი მაგრები რომ არიან, პოლიტიკაში რა ღმერთი გაუწყრათ, სწორად როგორ ვერ გათვალეს, ის ურჩევნიათ, მაკკეინს ვიეტნამში დაკარგული პისტოლეტი უკანვე გამოართვან. არადა, ის პრეზიდენტი რომ გამხდარიყო, მაშინ გენახათ მსოფლიოს გადარევაო. პრეზიდენტის აღმა-დაღმა სირბილს და სატელევიზიო შოუებზე ქადაგებაზე თავისთვის ღიღინებენ:

ვაუჩერზე ქაქანით

ვერ დაჭედავ მაკე ვირს;

ობამას რომ შეუძვერ,

გამოუძვერ მაკკეინს?

«ნაციონალებმა» კი თავიანთი საქმე კარგად იციან, ნაბახუსევზე ტელევიზიის თანხლებით დაჯოგდებიან და რომელიმე წინასწარ შერჩეულ გლეხს მიადგებიან, რომ მანაც სამადლობელივით ჩააგალობოს ვაუჩერის დარიგებით ხელისუფლების ხალხზე ზრუნვის ზღაპარი.

სოფელი სულს ღაფავს. ბევრგან გარდაცვალება დაბადებას ორმაგად და მეტად აღემატება. უფროსი თაობის შემდეგ ბინები იკეტება, რადგან ახალგაზრდები ან საზღვარგარეთ არიან გახიზნული, ან ქალაქში ეძებენ ლუკმაპურს.

ყველა სოფელში ვეტერინარული სამსახური მოსპეს, ბინები გაყიდეს; ცხოველების ვეტერინარული მომსახურება წარსულს ჩაბარდა. მიწებს ვიღაც ფულიანები დაეპატრონენ. მიწის ზევით გასაყიდი რომ აღარაფერი დარჩათ, მის ქვეშ ჩაწყობილი სარწყავი მილები გაყიდეს, ექსკავატორით მოთხარეს და გავერანებულ-აჩიჩქნილი სავარგულები შეატოვეს ხელისუფლების სინდისს.

სოფლის მეურნეობაში მამალი ძროხის წველის დონეზე კომპეტენტურები რომ არიან, სიმინდის მოყვანის ჰარიქაშეყრილებივით დაამტკიცეს. მარცვლით საქართველოს დაკმაყოფილებით და მსოფლიოში მისი ქადილის ფონზე ის მოახერხეს, რომ «ნაციონალ» პარლამენტარებს რამდენიმე მჭადი გამოეცხოთ.

ამერიკელთა მიერ დემოკრატიის დამცველის სახელის ფრიალი ყალბი რომ ყოფილა, «ნაციონალების» აგულავებიდან ჩანს.

 გამომცემლობა «სამშობლოდან» რისთვის გამოყარეს უამრავი გაზეთის რედაქციები და რატომ დგას ეს უზარმაზარი შენობა ასე იავარქმნილი, პასუხს არ გაღირსებენ.

შეიძლება ზოგმა იკითხოს: მწერლობამ რაღა დაუშავათო? დავით აღმაშენებლის, პატარა კახის, ილიას, ქართლის დედის, სამამულო ომში დაღუპულთა და ყველა ღირსეული მამულიშვილის უწმინდეს ხსოვნასთან მებრძოლს მწერლობა როგორ ეყვარება, როცა ქართულ ენას და მის მძლავრ მაჯისცემას ვერაფერი დააკლო მთელი ერის ინგლისურად გადაჯიშების მათმა ტუტუცურმა მცდელობამ. ისეთი ინგლისური ენის მასწავლებლები მოყარეს, თვითონ რომ სჭირდებათ სწავლა.

ხშირად ვსაყვედურობთ იმ შენობების გაყიდვის გამო, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.  არადა, ყაჩაღისგან რატომ უნდა ელოდო კანონიერ საქციელს!

მწერლების შენობიდან გამოყრის შედეგად უნიკალური არქივი, მწერლების მონაცემები, ბიბლიოთეკა უყურადღებოდ დააგდეს. დიდი და მძლავრი ობიექტები მოსპეს, გაყიდეს და ჩაიჯიბეს; ახლა წვრილფეხობას მიადგნენ, რა ქნან, ნებივრობისთვის ფული სჭირდებათ.

ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მწერლობას სახელმწიფოსგან დახმარება და ხელის შეწყობა სჭირდება; ესენი კი ებრძვიან, რამეთუ მწერლობის მართალი სიტყვა მათი თვალთმაქცობის ნიღბის ჩამოხევის ტოლფასია.

მწერალთა კავშირს ისეთი ადგილი უწყალობეს, კარგ მეძებარს გაუჭირდება მიგნება. ვიწრო კიბეზე საწინააღმდეგოდ მომავალმა თუ არ დაიცადა, ვერ აივლი. დაბალ, პატარა შესასვლელ კარებთან ისეთი მაღალი საფეხურია, სამშენებლო ბლოკი დაუდვიათ, რომ ჩააბიჯო. ფეხი თუ დაგიცდა, კისერი თუ არა, რომელიმე კიდურის მოტეხვა-ღრძობით გარანტირებული ხარ. მხცოვანი მწერლისთვის იქ შეღწევა იალბუზის დალაშქვრის ტოლფასია.

თუ რომელიმე ბიზნესმენმა გაბედა მწერლობისთვის მატერიალური მხარდაჭერა, მაშინვე სახელმწიფოს მტრად გამოაცხადებენ, რამეთუ თავი სახელმწიფოდ წარმოუდგენიათ, რადგან საქართველო მათი თავხედური განუკითხაობის არენაა.

გამოჩნდა მწერლობის გულშემატკივარი ალექსანდრე ებრალიძე, დააარსა დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია შემოქმედი ინტელიგენციის დასახმარებლად და წასახალისებლად, ამათ კიდევ ლამის მტრად გამოაცხადონ.

აგერ ბადრი პატარკაციშვილს სიკვდილიც არ აკმარეს და მისი კუთვნილი ქონება ვანდალური გაუმაძღრობით დაიტაცეს.

თუ ბიზნესმენობა გინდა, ბენდუქიძესავით იხმატკბილე «ნაციონალებთან», ძარცვე საქართველო და შოუებზე ტინგიცობით შეახსენე ხალხს შენი დუნე არსებობა.

მიუხედავად ძალადობის მძვინვარებისა, მაინც გამოჩნდა შეუპოვარი მებრძოლი, ქვეყნისა და ერის ერთგული ადამიანი და ისე შეეჭიდა ამ განუკითხაობას, როგორც ზღაპრის გმირი _ დრაკონს. რაც უახლოვდებათ აღსასრული, მით სასოწარკვეთამდე მისული ძალადობით ებრძვიან კანონს, სინდისს და პატიოსნებას. ნაცრის ქექვაზეა აწყობილი ამ ხელისუფლების არღანი, ხალხის გაბითურებაზეა აწყობილი და იძულებით უსმენ, რადგან ყურების დაცობა არ შველის, ის შენს არსებაშია შემოჭრილი, გიყიდის სამშობლოს, გისპობს ეროვნულ ტრადიციებს, გილანძღავს ყოველივე სპეტაკს და გიმახინჯებს მომავალს.

 ხალხის დამშევა მათი გალაღების საწინდარია და უმატებენ კიდეც მუხთლობის სამსალას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ბოროტების გზა ხალხის მრისხანე სამსჯავროსთან თავდება.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here