Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

831

აპირებდნენ, თავს დასხმოდნენ ჰიტლერს გერმანიაშიც. ამის ორგანიზატორი იყო შემდგომში ცნობილი საბჭოთა მოკრივე . მიკლაშევსკი, რომელიც საბჭოთა დაზვერვის მიერ ჩანერგილი იყო ვერმახტში, როგორც «ნებაყოფლობლით ტყვედ ჩაბარებული». მან შესანიშნავად გამოიყენა მსოფლიო ჩემპიონ შმერლინგის მისდამი მეგობრული დამოკიდებულება და შეაღწია ვერმახტის უმაღლეს წრეებში. მიკლაშევსკიმ შეიმუშავა ჰიტლერზე თავდასხმის გეგმა ბერლინის ერთერთ თეატრში. ამ გეგმის განხორციელებაში მას დაეხმარებოდა ჰიტლერის საყვარლის _ ევა ბრაუნის მეგობარი, იმ დროს ცნობილი კინოვარსკვლავი ოლგა ჩეხოვა (ანტონ ჩეხოვის ცოლის ნათესავი, ცნობილი მსახიობის _ ანტონ ჩეხოვის ძმისშვილის მიხაილ ჩეხოვის ყოფილი ცოლი).

ამ დროს ორი ბელადის ორთაბრძოლა მოულოდნელად დიპლომატიური ხასიათის გახდა. მოსკოვიდან მიიღეს ბრძანება, შეეწყვიტათ ჰიტლერის მკვლელობისთვის მზადება. ბრძანება გასცა სტალინმა, რომელსაც რეგულარულად მოახსენებდნენ ამ ოპერაციის მზადების მიმდინარეობის შესახებ. სუდოპლატოვის მემუარებში ეს ფაქტი ასეა ახსნილი: «1943წელს სტალინმა უარი თქვა ჰიტლერზე თავდასხმის თავის პირვანდელ გეგმაზე, რადგან ეშინოდა: როგორც კი ჰიტლერს მოიცილებენ, ნაცისტური წრეები და სამხედროები დაუყოვნებლივ შეეცდებიან სეპარატული ზავის დადებას მოკავშირეებთან საბჭოთა კავშირის მონაწილეობის გარეშე. ასეთი შიში უსაფუძვლო არ იყო». მიმდინარეობდა ჰიტლერელთა საიდუმლო მოლაპარაკებები ინგლისისა და აშშ-ს წარმომადგენლებთან. შუამავლობდა ვატიკანი. დასავლეთგერმანელი ისტორიკოსის ხაფნერის აზრით, 1942 წლის 23 თებერვლის თავის ბრძანებით «სტალინმა მისცა მას (ჰიტლერს) მორიგი ავანსი: საბჭოთა კავშირს მიზნად არ აქვს დასახული «გერმანული სახელმწიფოს განადგურება… წითელი არმიის მიზანია, განდევნოს ოკუპანტები ჩვენი ქვეყნიდან და გაათავისუფლოს საბჭოთა მიწა-წყალი გერმანელი ფაშისტი დამპყრობლებისგან». მხოლოდ ეს და მეტი არაფერი. თავის ბრძანებაში სტალინმა განაცხადა, რომ «შესაძლებელი» და «სასურველია», თუ საბჭოეთის მიწის გათავისუფლებისთვის წარმოებული ომი მიგვიყვანს «ჰიტლერის ხროვის» დამხობამდეც. ამრიგად, ეს ამოცანები არ იყო ომის აუცილებელი მიზანი და პირობა მშვიდობის დასამყარებლად».

სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეცვალა სტალინგრადის ბრძოლამ. სხვათა შორის, ამ ბრძოლის დროს დაატყვევეს ჰიტლერის ნათესავი.

ბევრია დაწერილი სტალინის შვილის იაკობ ჯუღაშვილის ტყვედ ჩავარდნის შესახებ. მაგრამ შედარებით ახლახან განსაიდუმლოვდა დოკუმენტები, რომელთა თანახმად სტალინგრადის ბრძოლის დროს დაატყვევეს ჰიტლერის დის _ ანგაელას შვილი, ლეიტენანტი ლეო რაუბალი. საბჭოთა ბელადის შვილი ტყვეობაში ვაჟკაცურად იქცეოდა და დაიღუპა. ლეომ კი ტყვედ ყოფნის დროს თვითონ განაცხადა, რომ ფიურერის ნათესავია. ტყვეობაში მისი ამხანაგის, კაპიტან ბეკერის თქმით, ლეომ თვითონ იჩქარა, განეცხადებინა თავისი ნათესაური კავშირის შესახებ, რადგან შეშინდა _ თუ რუსები ამის შესახებ თავად შეიტყობენ, «მაშინ მისი საქმე ცუდად წავა».

ჰიტლერის დისშვილი ვადამდე, 1955 წელს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ კონრად ადენაუერთან მოლაპარაკების კვალზე ციხიდან გაუშვა ყველა გერმანელი, რომლებიც ფაშისტების მხეცობაში მონაწილეობდა.

1943 წლის 27 თებერვალს იგი დაჰკითხა ცნობილმა საბჭოთა მზვერავმა ა. კოროტკოვმა. აი, რა შეკითხვები დაუსვა მან ლეო რაუბალს: «ვინ ესწრებოდა ჰიტლერის მოწყობილ სადილებს? თქვენს გარდა კიდევ ვინ ესწრებოდა ჰიტლერთან ამ ორ ბოლო შეხვედრას? ვის იცნობთ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობიდან?»

ინტერესი ამ ცნობებისადმი შემთხვევითი არ იყო. სტალინმა იცოდა, რომ დასავლეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არის მნიშვნელოვანი ფენა, რომელიც შეიძლება გაურიგდეს ნაცისტური ხელმძღვანელობის იმ ნაწილს, რომელიც მზადაა, მსხვერპლად გაწიროს თავისი ფიურერი. ამ წრეების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია სასარგებლო იქნებოდა (გამოიყენეს კიდეც, კერძოდ, 1945 წლის დასაწყისში, როცა ალენ დალესი სეპარატულ მოლაპარაკებას აწარმოებდა შვეიცარიაში ესესის გენერალ ვოლფთან).

კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ: სტალინს საფუძველი ჰქონდა, არ ნდობოდა მოკავშირეებს და ნაწყენიც ყოფილიყო მათზე. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ, მართალია, მოკავშირეები ებრძოდნენ გერმანელებს, მაგრამ, ამასთან ერთად, ცდილობდნენ, მაქსიმალურად სისხლისგან დაეცალათ საბჭოთა კავშირი (ამას, სხვათა შორის, სტალინი არც მალავდა, როცა რუზველტთან და ჩერჩილთან მიმოწერაში კატეგორიული ფორმით მოითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ომის მთელი სიმძიმე საბჭოთა კავშირს აწევს და იგი მარტოდმარტო, უდიდესი მსხვერპლის ფასად, წარმატებით ებრძვის მომხდურ მტერს. მეორე ფრონტის გაუხსნელობა გერმანელებს საშუალებას აძლევდა, ვერმახტის მთელი ძალა აღმოსავლეთისკენ წარემართა. _ ა.ს.). 1942 წელს დანაპირები მეორე ფრონტის გაუხსნელობამ გერმანელებს საშუალება მისცა განეხორციელებინათ დიდი შეტევა ლენინგრადისა და სტალინგრადის ხელში ჩასაგდებად.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩერჩილი და რუზველტი სავსებით მშვიდად განიხილავდნენ და, გამორიცხული არ არის, ეიმედებოდათ, რომ ამ ომში შეირყეოდა საბჭოთა კავშირის პოზიცია. შედეგად მოკავშირეებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, დასუსტებული პარტნიორისთვის ეკარნახებინათ თავიანთი ნება. მაგრამ გერმანელების ზაფხულის წარმატებებს ზამთრის კატასტროფა ჩაენაცვლა.

შეიძლება ითქვას, რომ აქ პირველად გამჟღავნდა სტალინის სტრატეგიული ნიჭი. მისი ხელმძღვანელობით (ჟუკოვის გვერდის ავლით) შემუშავდა მოწინააღმდეგის დეზინფორმაციის ოპერაცია: ჩვენმა აგენტმა, რომელსაც გერმანელები სავსებით ენდობოდნენ, აცნობა მათ, რომ საბჭოთა კონტრშეტევა იგეგმება ძირითადად რჟევის მიმართულებიდან, სადაც გაიგზავნა მარშალი ჟუკოვი, რომელმაც არ იცოდა, რომ უნდა განეხორციელებინა ყურადღების გადატანის მანევრი. გერმანელებმა რჟევთან თავი მოუყარეს თავიანთ ძალებს და წარმატებით მოიგერიეს წითელი არმიის შეტევები; და სწორედ ამ დროს მტრისთვის მოულოდნელად სტალინგრადთან დაიწყო ჩვენი შეტევა, რომელიც მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფების (300 ათასამდე ადამიანის) ალყაში მოქცევით და განადგურებით დამთავრდა.

მსგავსი რამ განმეორდა მომდევნო წელსაც. ჰიტლერმა აღმოსავლთის მიმართულებით თავი მოუყარა მნიშვნელოვან შეიარაღებულ ძალას და მცირე ყოყმანის შემდეგ გადამწყვეტ მოქმედებაზე გადავიდა. მის განკარგულებაში იყო 257 დივიზია (სუფთად გერმანული _ 207), 240-ის ნაცვლად 1942 წელს. სტალინის მოკავშირეებს ჰიტლერელთა ჯარების ნაწილი საფრანგეთში გადასხდომით უნდა დაეკავებინათ. მაგრამ არ ჩქარობდნენ და ამიტომ 1943 წლის 16 თებერვალს სტალინმა მიწერა რუზველტს:

«რაც შეეხება ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნას, ეს, როგორც თქვენი ცნობიდან ჩანს, დაგეგმილია მხოლოდ აგვისტო-სექტემბრისთვის. მე მგონია, რომ ახლანდელი სიტუაცია მოითხოვს, ეს ვადები მაქსიმალურად შემცირდეს და მეორე ფრონტი დასავლეთში გაიხსნას აღნიშნულ ვადაზე მნიშვნელოვნად ადრე…» მაგრამ ეს მოვლენა განხორციელდა პირიქით _ გაცილებით გვიან!

და აი, 1943 წლის 4 ივნისს, როცა ჰიტლერი თავის ძალებს კურსკის მიმართულებით თავს უყრიდა, როცა აქ ხდებოდა კონცენტრირება უახლესი ტექნიკის, მძიმე ტანკების _ «ვეფხვების» და «პანტერების», თვითმავალი დანადგარების _ «ფერდინანდების», სატანკო არმიების არნახული რაოდენობის (ესესის დივიზია «ადოლფ ჰიტლერი», «მკვდარი თავი», «დიადი გერმანია» და სხვა), სწორედ ამ დროს რუზველტი სტალინს უგზავნის წერილს «პირადად და მკაცრად საიდუმლოდ».

რის შესახებ წერს რუზველტი?

უწინარეს ყოვლისა _ გერმანული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლის, მოკავშირეთა მხარეს თურქეთის შესაძლო მონაწილეობის, იაპონიასთან ბრძოლის და ჩინეთის მხარდაჭერის, საფრანგეთის ჯარების მხარდაჭერის შესახებ აფრიკაში…

რას გრძნობდა სტალინი ამგვარი მესამეხარისხოვანი მნიშვნელობის მქონე ამბებს დაკითხვისას, როცა კარს იყო მომდგარი გადამწყვეტი ბრძოლა, რისთვისაც გერმანიას მობილიზებული ჰქონდა ყველა თავისი შესაძლებლობა საბჭოთა შეიარაღებული ძალების წელში გასატეხად, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

რუზველტი კი ადრესატს დასკვნით ნაწილში აცნობებს, «ინგლის-ამერიკის ერთობლივი საშტაბო ჯგუფი მუდმივად იყო დაკავებული და დაკავებულია აუცილებელი გეგმების უახლესი მონაცემებით შესავსებად, რათა დაუყოვნებლივ გამოვიყენოთ მოწინააღმდეგის ნებისმიერი სისუსტე საფრანგეთში ან ნორვეგიაში…» (არადა, სულ ახლახან გერმანელების სამი სატანკო დივიზია საფრანგეთიდან აღმოსავლეთ ფრონტზე იქნა გადასროლილი! შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჰიტლერი დარწმუნებული იყო: ინგლისი და აშშ ხელს არ შეუშლიან ვერმახტს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს წითელ არმიას). «ახლანდელი გეგმების თანახმად, 1944 წლის გაზაფხულზე ბრიტანეთის კუნძულებზე კონცენტრირებული უნდა იყოს ადამიანებისა და მასალების საკმარისად დიდი რაოდენობა იმისთვის, რათა განვახორციელოთ ყოვლისმომცველი შეჭრა კონტინენტზე».

ყველაფერი ნათელია: მოკავშირეებმა ამჯერადაც _ 1943 წლის სამხედრო კამპანიის ყველაზე მწვავე და გადამწყვეტ მომენტში უღალატეს სტალინს.

1943 წლის 11 ივნისს სტალინი პრეზიდენტ რუზველტს უგზავნის პირად და საიდუმლო წერილს, რომელშიც ნათქვამია:

«ახლა, 1943 წლის მაისში თქვენ, ბატონ ჩერჩილთან ერთად იღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ინგლის-ამერიკის დასავლეთ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა, რომელიც უკვე გადადებული იყო, 1942 წლიდან 1943 წლისათვის, კვლავ გადაიდება, ამჯერად 1944 წლის გაზაფხულისათვის.

თქვენი ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ სიძნელეებს უქმნის საბჭოთა კავშირს, რომელიც უკვე ორი წელიწადია თავისი ძალების უკიდურესი დაძაბვით ებრძვის გერმანიის მთავარ ძალებს და მის დამქაშებს, და საბჭოთა არმიას, რომელიც იბრძვის არა მარტო თავისი ქვეყნისთვის, არამედ თავისი მოკავშირეებისთვისაც, საკუთარი ძალების ანაბარა ტოვებს ორთაბრძოლაში ჯერ კიდევ ძალზე ძლიერ და საშიშ მტერთან».

13 დღის შემდეგ კი უფრო დაწვრილებით მიწერა ჩერჩილს და შეახსენა:

«ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება დასავლეთ ევროპაში შეჭრის შესახებ თქვენი ადრინდელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე თქვენი და პრეზიდენტის მიერ მიღებულია საბჭოთა მთავრობის მონაწილეობის გარეშე და გარეშე ყოველგვარი ცდისა, მიგეწვიათ მისი წარმომადგენლები ვაშინგტონში გამართულ თათბირზე, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია არ იცოდეთ საბჭოთა კავშირის როლის შესახებ გერმანიასთან ომში და ის, რომ მისი დაინტერესება მეორე ფრონტის საკითხებით საკმაოდ დიდია».

მოკავშირეთა ასეთი ქმედება ძალიან ჰგავდა შეთქმულებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მიმართული იყო არა იმდენად ჰიტლერის წინააღმდეგ, რამდენადაც სტალინის წინააღმდეგ.

თუმცა მას მაინც და მაინც დიდი იმედი არ ჰქონდა თავისი ფრიად არასანდო «თანამებრძოლების», ისინი კვლავ ელოდნენ მომენტს, როცა ერთმანეთთან ბრძოლით დასუსტდებოდა გერმანია და საბჭოთა კავშირი და ხელ-ფეხი გაეხსნებოდათ ევროპაში აქტიური მოქმედებისთვის…

სტალინიც თავს უყრიდა შეიარაღებულ ძალებს კურსკის მიმართულებით. ჰიტლერმა იცოდა ეს და ამიტომ გადაწყვიტა, არ გადაედო დასახული ოპერაცია «ციტადელი», კიდევ უფრო გაეძლიერებინა თავისი შესაძლებლობანი, უწინარეს ყოვლისა კი, _ ჯავშანსატანკო ძალები. მაგრამ სტალინმაც იცოდა ეს და ამიტომ იზრუნა იმისათვის, რომ საბჭოთა მხარეს უპირატესობა ჰქონოდა ადამიანებისა და ტექნიკის თვალსაზრისით.

გერმანელების ორ დამკვრელ დაჯგუფებაში გაერთიანებული იყო ერთი მილიონი ადამიანი, 10 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 2700-მდე ტანკი, 2050 თვითმფრინავი. მათ წინააღმდეგ თავმოყრილი იყო ცენტრალური და ვორონეჟის ფრონტის ძალები: 1,3 მილიონი ადამიანი 19 ათასი ქვემეხი და ნაღმსარტყორცნი, 3400 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი, 2170 თვითმფრინავი.

ამას გარდა, გერმანელების ღრმად შემოჭრის შემთხვევაში გამზადებული იყო სტეპის სარეზერვო ოლქი, რომლის შემადგენლობაში იყო ნახევარ მილიონამდე კაცი, 7400 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1550 ტანკი. სტალინისგან განსხვავებით, ჰიტლერმა ვერ განსაზღვრა, რომ ვერმახტის შეტევა შეიძლება შეფერხებულიყო და რუსები კონტრშეტევაზე გადავიდოდნენ. «ციტადელი» შემუშავებული იყო როგორც შეტევითი ოპერაცია. მის გასაძლიერებლად გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტის ცალკეული უბნები გააშიშვლეს.

რა თქმა უნდა, იგივე გააკეთა საბჭოთა მხარემაც. მაგრამ ამ დროისთვის ქვეყანამ შეძლო მოეშუშებინა მტრის მიერ მიყენებული ჭრილობები. ფრონტი მარაგდებოდა ტანკების მეტი და მეტი რაოდენობით, ხოლო ტანკისტები, მფრინავები და არტილერისტები მნიშვნელოვნად უფრო კვალიფიცირებული გახდნენ.

საინტერესოდ წერს ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსი პოლკოვნიკი ე. ლეიდერი იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდნენ წითელარმიელები მტრის შეტევის მოსაგერიებლად:

«ჯარისკაცები გადიოდნენ ფიზიკურ მომზადებას, აწყობდნენ მარშ-გადარბენებს. ტანკების ეკიპაჟები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ წინაღობათა გადალახვაში, სისწრაფესა და სროლის სიზუსტეში. ვეტერანები ახალგაზრდა ჯარისკაცებს  თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ. თითოეულ სატანკო ეკიპაჟში ჩართული იყო ერთი-ორი კომუნისტი ან კომკავშირელი, რომლებსაც თავგანწირვის მაგალითი უნდა ეჩვენებინათ. თავისუფალ დროს ნახულობდნენ კინოფილმებს, ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები, გამოცდილი მეომრები ლექციებს კითხულობდნენ».

საქმე, რა თქმა უნდა, მარტო ეს არ იყო. მიმდინარეობდა ტერიტორიის დანაღმვისა და საცეცხლე წერტილების მოსამზადებელი სამუშაოები იმის გათვალისწინებით, რომ გერმანელები შეტევის თავში დააყენებდნენ ზემძლავრ «ვეფხვებს», «პანტერებსა» და «ფერდინანდებს» და განახორციელებდნენ რიგ მანევრებს, რომელთა გამოცნობა ძნელი არ იქნებოდა. ჩვენს ჯარს უნდა მოეგერებინა საშინელი ძალის დარტყმა. მაგალითად, კურსკის რკალის სამხრეთ ფლანგზე გერმანელების ცხრა საუკეთესო დივიზია იყო განლაგებული 45 კილომეტრის სიგრძის ფრონტზე.

აღმოსავლეთისკენ შეტევის წინ გერმანელებს წაუკითხეს ფიურერის პათეთიკური მიმართვა: «რაიხის ჯარისკაცებო! დღეს თქვენ იწყებთ დიად შეტევას, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ომის საერთო შედეგზე.

თქვენი გამარჯვება უფრო მეტად, ვიდრე უწინ, გააძლიერებს რწმენას იმისა, რომ ამაოა ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევა გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის».

მაგრამ 5 ივლისის განთიადისას, როცა გერმანელი ჯარისკაცები და ოფიცრები სასიკვდილო შეტაკების წინ ისმენდნენ ამ სიტყვებს, მათ თავზე დაატყდა ჭურვების, ბომბების, ნაღმებისა და რაკეტების გრიგალი.

ჩვენს მხარეს სარდლობა დაძაბულ მოლოდინში იყო: ხომ არ შეცდნენ, ხომ არ გადაიტანა მტერმა შეტევის თარიღი? თუ მთავარი დარტყმები სხვა ადგილზე განხორციელდება?

მაგრამ 06:00 საათზე ორი ათასი გერმანული ტანკი გამოვიდა საფარებიდან და დაიძრა მოწინააღმდეგისკენ. მათ დასახვედრად ყველაფერი მზად იყო. «ჩვენ ირგვლივ რუსეთის არტილერიის შეტევის შედეგად, _ წერდა «ვეფხვის» რადისტი, _ მიწა ყალყზე დადგა. ივანს, მისთვის ჩვეული ეშმაკობით, წინა კვირეებში ცეცხლი არ გაუხსნია… მთელ ფრონტს გარს შემოერტყა აფეთქებათა რკალი. გეჩვენებოდა, რომ ცეცხლის რკალში მივძვრებოდით».

უდიდესი დანაკარგით მიიწევდნენ წინ რჩეული გერმანული ნაწილები.

სოფელ პროხოროვკასთან ერთმანეთს შუბლით შეეჯახა ორი სატანკო არმია _ ორივე მხრიდან 1200 მანქანა. დაიწყო მსოფლიოში არნახული ბრძოლა ჯავშანურჩხულებისა, რომლებიც ამოაფრქვევდნენ ცეცხლს, ფეთქდებოდნენ, იწვოდნენ… «ჩვენ შევეჯახეთ, _ წერდა გერმანელი ტანკისტი, _ რუსული ტანკების ამოუწურავ ოდენობას _ მანამდე არასოდეს მინახავს რუსული ძლიერების ასეთი დემონსტრაცია. მტერის ღრუბელი, რომელიც ბრძოლის ველს გადაეფარა, «ლუფტვაფეს» საშუალებას არ აძლევდა, დაგვხმარებოდა, და მალე მრავალრიცხოვანმა «ოცდათოთხმეტიანებმა» გაარღვიეს ჩვენი მოწინავე ზღუდე და როგორც მტაცებელი მტრები მოედვნენ ბრძოლის ასპარეზს».

ამ შეტაკებაში გერმანელებმა დაკარგეს 400 საბრძოლო მანქანა, რუსებმა _ ასით ნაკლები. გერმანელების შეტევის გაგრძელებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაგრამ მათთვის გაცილებით ცუდი რამ მოხდა. «ჩვენ ვიმედოვნებდით, _ წერდა არმიების დაჯგუფება «სამხრეთის» სარდალი ფონ მანშტეინი, _ რომ ოპერაცია «ციტადელის» მსვლელობისას მოწინააღმდეგეს ისეთი ძლიერი დარტყმა მივაყენეთ და ისე საგრძნობლად დავაზარალეთ, რომ შევძლებდით ამოგვესუნთქა ფრონტის ამ სექტორში…»

მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. გერმანელების მნიშვნელოვნად შეთხელებულმა სატანკო დივიზიებმა უკან დაიხიეს დისლოკაციისთვის და საბრძოლო მანქანების შესაკეთებლად. არც ჩვენი დანაკარგი იყო მცირე. მაგრამ ბრძოლის ველი ჩვენ დაგვრჩა, ხოლო ათასამდე დაზიანებული საბჭოთა ტანკი და თვითმავალი ქვემეხი ნახევარ თვეში კვლავ მწყობრში ჩადგა. ჯარი შეივსო ახალი ძალებით. და მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა შეძლეს სამხრეთის მიმართულებით გარღვევა, ამან მხოლოდ გააუარესა მათი მდგომარეობა. 3 აგვისტოს საბჭოთა ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და ქანცგაწყვეტილ მტერს გამანადგურებელი დარტყმები მიაყენეს. მტერი შეუჩერებლად იხევდა უკან. ვერა და ვერ შეძლო მან რომელიმე ზღუდეზე მოეკიდა ფეხი და გამაგრებულიყო.

როგორც დასავლეთგერმანელი ისტორიკოსი პაულ კარელი წერდა: «…მრავალი თვის განმავლობაში დაჟინებული და თავდადებული ძალისხმევით შეგროვებული საჯარისო რეზერვები, განსაკუთრებით, სატანკო და მოტორიზებული დივიზიები შემოგვადნა კურსკის ბრძოლის ცეცხლის ქურაში. შეტევის ძალა დიდი ხნით ჩაიფუშა. ამ მომენტიდან და მომავალში სტრატეგიული რეზერვების შექმნა შეუძლებელი გახდა… ამ თვალსაჟრისით კურსკის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტი იყო. ჰიტლერელთა დიადი შეტევა უდიდეს დამარცხებად შემობრუნდა».

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here