Home რუბრიკები პოლიტიკა ნონა გაფრინდაშვილი: ერთიანი ფრონტის უმთავრესი მიზანი მხოლოდ ერთი რამ იქნება _ ბრძოლა...

ნონა გაფრინდაშვილი: ერთიანი ფრონტის უმთავრესი მიზანი მხოლოდ ერთი რამ იქნება _ ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ

657

სასტუმრო «ვერე პალასში» 16 მარტს «სახალხო კრების» სათათბირო ორგანოს _ დარბაზის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, განიხილებოდა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის აუცილებლობისა და მის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები.

დარბაზის სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, «წინააღმდეგობის მოძრაობის» ლიდერი სოსო მანჯავიძე, საზოგადოებრივი მოძრაობის «ემსახურე საქართველოს» ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე.

სხდომაზე დარბაზის სპიკერად  გოგი ქავთარაძის ნაცვლად აირჩიეს სოსო ჯაჭვლიანი. ასევე მიიღეს დარბაზის ახალი წევრები: თამარ იოვაშვილი, თინათინ ნიბლოშვილი, დავით მალაზონია და ფერდინანდ ლორთქიფანიძე.

«ბოლო პერიოდის განმავლობაში სპიკერის მოვალებას ნონა გაფრინდაშვილი ასრულებდა. ბატონი გოგი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს. მას არ დაუფიქსირებია, რომ კრება დატოვა, მაგრამ ის ვერ ათავსებდა თავის საქმიანობას თეატრალურ კავშირსა და «კრებაში». ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გადაღებებზე იყო და «კრების» ღონისძიებებს ვერ ესწრებოდა», _ განმარტა ბურჯანაძემ.

სხდომის დაწყებამდე, «დემოკრატიული მოძრაობის» ლიდერი ნინო ბურჯანაძე «სახალხო კრების» წარმომადგენლებისა და კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა: «სად წაიკითხეს, რომ მე კოალიციაში შესვლას ვითხოვდი? არ მგონია, რომ ადამიანები კითხულობენ და ვერ იგებენ. როგორც ჩანს, მართლა არ წაიკითხეს, რაც კიდევ უფრო გასაკვირია, ან სხვა მიზეზია, რომელზეც არ საუბრობენ. მაშინ დავმარცვლავ _ არავინ კოალიციაში და «ქართულ ოცნებაში» მიღებას არ გთხოვთ, თქვენს ადგილებსა და თქვენს ხელფასებს არავინ გეცილებათ».

ბურჯანაძემ ასევე ხაზგასმით ისაუბრა ქვეყანაში ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის მნიშვნელობაზე. «კოალიციაში ადგილებს არ ვითხოვთ. საუბარია ერთიან ეროვნულ ფრონტზე, სადაც ადამიანები გაერთიანდებიან პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ერთ-ერთი კრიტერიუმი სამშობლოს სიყვარული და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ გვაინტერესებს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მივესალმებით ყველა იმ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ოპოზიციური ძალების კოორდინაციას», _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ არაპოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა ივანიშვილის მოსაზრება 26 მაისის მოვლენებზე. მისი თქმით, სააკაშვილსაც არ უთქვამს, ბურჯანაძე პოლიტიკიდან უნდა წასულიყო იმიტომ, რომ პოლიტიკოსია.

«რას ნიშნავს, რომ «კრებას» უნდა ჩამოვშორდე? ვის აქვს იმის უფლება, სამშობლოს სიყვარული ამიკრძალოს ან არგუმენტირებულად მითხრას, რომ ამ პროცესს ხელს ვუშლი. ჯერ ერთი, ეს «სახალხო კრების» გადასაწყვეტია. ვიღაცამ რატომ უნდა მიკარნახოს, სად წავიდე და სად არა? მესია საქართველოში ჯერ არ გამოცხადებულა და დანარჩენს არავის აქვს ამის უფლება. რა პროცესს უნდა შევუშალო ხელი? საერთოდ რამე პროცესი არსებობს?

 უკაცრავად, მაგრამ სააკაშვილსაც არ უთქვამს, რომ ბურჯანაძე პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსია», _ აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის აუცილებლობა, მისი მოქმედების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები. «რაც შეეხება შეთავაზებას, ის გაკეთებულია, შეთავაზებები დამთავრდა. ვისაც სურს თანამშრომლობა და ჩაბმა არსებულ რეჟიმთან შეურიგებელ ბრძოლაში, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის», _ აღნიშნა მან.

 დარბაზმა მხარი დაუჭირა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის წინადადებას ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების სერიის დაუყოვნებლივი დაწყების თაობაზე, განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალების ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების შეთანხმების მიზნით. დარბაზმა ასევე მოისმინა და მხარი დაუჭირა «თავისუფალი საქართველოს» თავმჯდომარის, კახა კუკავას წინადადებას, რომ მომავალი კვირის დასაწყისში პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომზადდეს დოკუმენტი საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.

«სახალხო კრებამ» კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვლავ გააგრძელოს ქმედითი ღონისძიებები, რათა საკითხი გადაწყდეს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად. «სახალხო კრება» აქტიურად ჩაერთვება 31 მარტს ბათუმში დაგეგმილ აქციაში.

დავით მალაზონია, «დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის» თავმჯდომარე:

_ როგორც «დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის» თავმჯდომარემ, გავაკეთე განცხადება, რომ ვუერთდებით «სახალხო კრებას». ჩამოყალიბების დღიდან «სახალხო კრებასთან» აქტიურად ვთანამშრომლობთ, რადგან, ჩვენი აზრით, სწორედ საზოგადოების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსთა ეროვნული იდეოლოგიისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი ზეპარტიული ორგანო მოახერხებს ქვეყნის კრიტიკული რეალობის შეცვლას, რომელიც მმართველმა ავტოკრატულმა რეჟიმმა საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით შექმნა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ სახელოვან ხალხთან თანადგომა და მათთან ერთად ბრძოლა. მოვუწოდებ არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, დევნილებს განსაკუთრებით, რომ დავდგეთ ერთად, რათა ხელისუფლება გადავაყენოთ.

რატომ გადაწყვიტეთ, «სახალხო კრებას» შეერთებოდით?

– იმიტომ, რომ საჭიროა მთელი ოპოზიციური ძალების გაერთიანება და ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ.

ვისთან აპირებთ თანამშრომლობას?

– ის არასამთავრობოები და პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც დღეს ამ შეხვედრას ესწრებიან, ვაპირებთ ახალი ერთიანი ბრძოლის დაწყებას. შემოგვემატა ასევე «უმუშევართა კავშირი», ქალბატონი თამარ იოვაშვილი და ველით ასევე ახალ ძალებს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მოვიდეს და ჩვენთან ერთად დადგეს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია «ქართულ ოცნებაში» გაერთიანდეს. მთავარია, ერთი მიზნისთვის ვიბრძოლოთ.

ამ ეტაპზე რამდენად რეალურია ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით და, თუ არჩევნები კვლავ გაყალბდა, რას აპირებთ?

– ჩემი აზრით, ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით ახლა ყველაზე მეტადაა რეალური. თუ გავერთიანდებით, გავაკეთებთ ერთ საქმეს და, მგონი, იქით მიდის საქმე, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ვალდებულია, საკუთარი ამბიცია გვერდზე გადადოს და არჩევნებში გასამარჯვებლად ერთად ვიბრძოლოთ. თუ არჩევნებს გააყალბებენ, საპროტესტო აქციებს დავიწყებთ ჩვენი ხმების დასაცავად.

ნონა გაფრინდაშვილი, «სახალხო კრების» აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე:

_ მორიგი სამუშაო შეხვედრა გვაქვს ჩვენს სათათბიროსთან. ჩვენი რეგლამენტით მას უნდა ჰყავდეს სპიკერი. სხვადასხვა მიზეზის გამო, ფაქტობრივად, მე მიწევდა შეთავსება. ეს არასწორი იყო. ამიტომ დღეს სამართლიანობა აღვადგინეთ და საბჭომ სათათბიროს შესთავაზა ბატონი სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურა, რომელიც ერთხმად აირჩიეს. ახლა ის უძღვება ამ შეხვედრას. ჩვენ ამ ბოლო დროს ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ნებისმიერი ასეთი ღონიძიების დროს შეგვიძლია ახალი წევრების მიღება სათათბიროში, თუ კანდიდატურას წარმოადგენენ. დღეს ასეთი სამი წევრი დაგვემატა. ეს პროცესი გრძელდება. სათათბირო ძლიერდება როგორც ხარისხობრივად, ასევე რიცხვობრივადაც. ერთ-ერთი თემა, და ძირითადიც ესაა, არის აგორებული აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა «სახალხო კრების» წარმომადგენლების შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ ინფორმაცია გადავეცით მათ. გარდა ამისა, გვქონდა ბრიფინგი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესახებ.

დღეს ჩვენთან უკვე გამოჩნდნენ ახალი ძალები. არ არის გამორიცხული, რომ სწრაფი გაერთიანებები დაიწყოს. ამ ერთიან ფრონტში შეჯერდება ჩვენი მოსაზრებები და შედეგი ყველასთვის ცნობილი გახდება. ჩვენი გაერთიანების, ერთიანი ფრონტის უმთავრესი მიზანი მხოლოდ ერთი რამ იქნება – ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. სხვა ყველანაირი ამბიცია გვერდზე უნდა გადავდოთ. დღეს აქ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გვესწრებიან. ის, რომ ეს ადამიანები აქ არიან და საკუთარ სათქმელს ამბობენ, მიანიშნებს იმაზე, რომ მათაც მსგავსი იდეები აქვთ.

 – როგორ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილთან გაერთიანება იმ მოწოდების ფონზე, როდესაც იგი კოალიციაში  ხედავს მხოლოდ «სახალხო კრებას» და არა ნინო ბურჯანაძეს?

– სხვათა შორის, როდესაც ბატონ ბიძინას შევხვდით, მან თქვა, რომ ახალ რეჟიმში იწყება ჩვენი ურთიერთობაო, მაგრამ შემდეგ ნახეთ, რომ საიტზე სულ სხვა რაღაც დაიდო და ამიტომ ატყდა აჟიოტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, თუ ერთობა მოხდა, მაგრამ, თუ გაერთიანება ვერ მოხერხდა, არ გავჩერდებით. ჩვენ ხელს არავის შევუშლით. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ხელს შეუწყობს. ასე რომ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ, გარდა ამისა, არის სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ რეჟიმს ებრძვიან.

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here