Home რუბრიკები პოლიტიკა ეკა გიგაური: კონტროლის პალატის წევრების მიერ 150-მდე აქტივისტი დაიკითხა, მათზე ფიზიკური და...

ეკა გიგაური: კონტროლის პალატის წევრების მიერ 150-მდე აქტივისტი დაიკითხა, მათზე ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა

658

არასამთავრობო ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო» საქართველოში კორუფციის დონის განსაზღვრასა და არჩევნების გამჭვირვალობას აკვირდება. მათი კვლევებიდან ირკვევა, რომ დაფარულია საბიუჯეტო ხარჯები, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის მიერ დახარჯული თანხები, ასევე ეკონომიკის სამინისტრო მალავს საჯარო ინფორმაციას ინვესტორების შესახებ. «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს» ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას დააკვირდებიან და დააფიქსირებენ ყველა იმ დარღვევას, რომლებიც არჩევნების დროს მოხდება.

_ ბოლო დროს კონტროლის პალატის ფინანსურმა სამსახურმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტები დაკითხა. როგორ შეაფასებთ კონტროლის პალატის ამ ქმედებას?

_ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ 12, 13 და 14 მარტს ცალკეულ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პარტიის წევრთა და მოხალისეთა მასობრივი დაკითხვები განხორციელდა. დაკითხული ადამიანების რაოდენობამ 150 გადააჭარბა. რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებთ ამ ფაქტს, ვინაიდან ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესში მოქალაქეებზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო მუქარისა და დაშინების ფაქტებიც. კონტროლის პალატის განმარტებით, ეს დაკითხვები მიზნად ისახავდა პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის  უზრუნველყოფას, რაც სიცრუეა, რადგან დაკითხვის პროცესი შეიცავდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების დევნის ნიშნებს და წარმოადგენდა კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. ამას მოწმობს ამ უწყების თანამშრომელთა მიერ დასმული შეკითხვები, რომლებიც ფინანსური საკითხების გარდა შეეხებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური შეხედულებისა თუ აქტივობის, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის მიზეზებს.

დაკითხვაზე დაკავებულ პირებს პრობლემები ექმნებოდათ ადვოკატის დასწრებასთან დაკავშირებითაც, ადგილი ჰქონდა, აგრეთვე, ადვოკატის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ეს კი გახდა მიზეზი, რომ დაკითხვებს ზოგჯერ ვერ ესწრებოდა ადვოკატი.

გარდა ამისა, კონტროლის პალატის თანამშრომლები დაკითხვაზე დაბარებულ ადამიანებს არც კი განუმარტავდნენ, თუ რა სამართალდარღვევის გამო და ვის მიმართ იყო დაწყებული სამართალწარმოება. დაკითხვის დროს ახსნა-განმარტების პროცესში მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახავი ქმედებები, რაც მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენას. დაკითხვა ხშირად 6 საათამდე გრძელდებოდა. როგორც ხედავთ, ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენი ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას, მაგრამ არ გვყავს დამკვირვებლები არჩევნებზე. ორგანიზაციებმა «ეს შენც გეხება» და «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ» გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ  კონტროლის პალატამ უფლებამოსილებას გადაამეტა, რის გამოც დავგმეთ მისი ქმედებები.

_ თქვენი კვლევებით, საქართველო კორუფციის მხრივ რა დონეზეა?

_ ჩვენ გვაქვს, კვლევების თვალსაზრისით, ორი სახის კორუფცია: ერთია კორუფციის აღქმის ინდექსი და მეორეა გლობალური კორუფციის ბარომეტრი, რომელშიც საქართველოც შედის. საქართველო, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 2010 წლის მონაცემებით, 68-ე ადგილზეა.

_ როგორ ფიქრობთ, საქართველოში კორუფციის დონემ იკლო?

_ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, იკლო. ჩვენ გავაკეთეთ კორუფციის 10-ქულიანი მაქსიმალური შეფასება, სადაც საქართველომ მიიღო მეოთხე ადგილი. ამ შეფასებით არ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია. წვრილი მექრთამეობის თვალსაზრისით, საქართველოს ძალიან კარგი შედეგი აქვს, სამოქალაქო რეესტრი, საჯარო რეესტრი და პოლიცია არ არის ჩათრეული კორუფციაში. რაც შეეხება კორუფციის აღქმის ინდექსს, აქ საუბარია მთლიანად სისტების შეფასებაზე იმდენად, რამდენადაც არ არის გამჭვირვალე ხელისუფლების საქმიანობა. მაგალითად, თუ გვინდა, რომ გავიგოთ, ვინ დგას ამა თუ იმ საინვესტიციო პროექტის უკან, ამ ინფორმაციის მოპოვება არის ძნელი. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არის საჯარო, მაგრამ გვიმალავენ. ახლახან სასამართლო პროცესი გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელსაც ვთხოვდით, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, აგრეთვე, გვინდოდა სია იმ ინვესტორებისა, რომლებსაც გაუწყვიტეს კონტრაქტი რაიმე პირობების შეუსრულებლობის გამო. რა თქმა უნდა, არ მოგვცეს ეს ინფორმაცია და ამიტომ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, რომელიც წავაგეთ. სასამართლომაც ჩათვალა, რომ ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი გასაჯაროება არ შეიძლებოდა. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია და არ შეიძლება მისი დამალვა. შეიძლება რომელიმე კონკრეტული მუხლი დაიმალოს (თუ ამას მოითხოვს ინვესტორი), მაგრამ არა მთლიანად ინფორმაცია, თუმცა არც ეს მოთხოვნა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ, რადგანაც მალავენ ინფორმაციას, აქ არის კორუფციული ელემენტები.

_ ხელისუფლებაში მოსულ და შემდეგ გამდიდრებულ ჩინოვნიკებსა და საერთად მათ დეკლარაციებზე რას იტყვით, ისინი სიმართლეს წერენ დეკლარაციებში? ამ მხრივ თუ გქონიათ რაიმე კვლევები?

_ დეკლარაციებზე ყველას მიუწვდება ხელი და ჩინოვნიკების დეკლარაციებიც საჯაროა, თუ რამდენად რეალურია, ეს სხვა საქმეა, ამაზე ჩვენ არ გვიმუშავია. ჩვენ ვიცით მხოლოდ ელექტრონული ვერსია, რომელიც ვებ-გვერდზეა განთავსებული.

_ მაინც სად წააწყდით წინააღმდეგობას კვლევების დროს, არის თუ არა პრეზიდენტის ან პარლამენტის სარეზერვო ფონდის შესახებ საჯარო ინფორმაცია და რა თანხაა ეს?

_ ჩვენ არ მიგვიმართავს კონკრეტულად ამ ინფორმაციისთვის, მაგრამ კარგი იქნება, თუ საზოგადოებას ეცოდინება, რაში იხარჯება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების თანხები. ბოლო დროს, როცა ჩვენ მივმართავთ და მოვითხოვთ ინფორმაციას, ამა თუ იმ კონცერტისთვის რა თანხები დაიხარჯა, მართალი გითხრათ, ამ ინფორმაციას გვაწვდიან. რაც შეეხება მთლიანად ინფორმაციას, თუ რა თანხა სად იხარჯება და რა თანხაა მთლიანად ამ სარეზერვო ფონდებში, ეს ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. შესყიდვების სააგენტომ გააკეთა ელექტრონული ვებგვერდი, რომელზეც ყველა ფინანსური ოპერაცია არის საჯარო. ჩვენ იმავეს ვურჩევთ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებს, _ გახადონ ინფორმაცია საჯარო. თუმცა მათ არ სურთ ამის გაკეთება იმიტომ, რომ შესაძლებელია ამით რაღაც ბარიერი შეექმნათ.

_ შეიძლება ითქვას, რომ ამ სარეზერვო ფონდებიდან არამიზნობრივად იხარჯება თანხები?

_ ამის ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, რადგანაც დაფარულია სარეზერვო ფონდების ხარჯები, ყველაფერი შესაძლებელია.

_ თქვენი ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ მედიის მფლობელების ვინაობა გამჭვირვალე ყოფილიყო. ამჟამად გაქვთ სრულყოფილი ინფორმაცია?

_ ამის შესახებ ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა ანგარიში. ჩვენ გვაქვს მონაცემები, თუ ვინ დგას ამა თუ იმ ტელევიზიის უკან. სხვათა შორის, ჩვენი კვლევებით გავიგეთ, რომ «იმედის» 64%-ის მფლობელია გიორგი არველაძე.

_ საკუთრების უფლების შელახვის თაობაზე თქვენ გააკეთეთ კვლევები. ფიქრობთ, რომ ასეთი ფაქტები ბევრია?

_ ადამიანებს, რომლებიც ტურისტულ ზონებში ცხოვრობენ, მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ გონიოში, 200 ოჯახს წაართვეს მიწის ნაკვეთები, რომლებიც თავის დროზე ამ ადამიანებმა მიიღეს მერიის პროგრამის «რაც შენია, შენია» მიხედვით. ანაკლიაში ერთ-ერთი დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეპატრონემ საჯარო რეესტრში გაარკვია, რომ მისი მიწა გაყიდული ყოფილა სხვა პირზე. ჩვენ მსგავს შემთხვევებში სასამართლოში ვეხმარებით ქონებაწართმეულ ადამიანებს.

_ რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, თქვენ ითხოვდით მის გარკვეულ მუხლებში ცვლილებების შეტანას

_ ჩართული ვართ კამპანიაში «ეს შენც გეხება». ზოგადად, ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ალტერნატიული წინადადებები შევიდეს საარჩევნო კოდექსში, რადგან ვფიქრობთ, საარჩევნო კოდექსის რიგი მუხლებისა უნდა შეიცვალოს. გვქონდა შეხვედრა პავლე კუბლაშვილთან და ძალიან ბევრ საკითხზე შევთანხმდით.

_ კერძოდ, რაზე შეთანხმდით?

_ იმაზე, რომ ამა თუ იმ პარტიასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელსაც გაცხადებული აქვს არა პოლიტიკური, არამედ საარჩევნო მიზნები და ამისთვის ხარჯავს ფულს, შეიზღუდება; სხვა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გამოვა და დააფიქსირებს თავის პოზიციას, შეზღუდვა არ მოხდება.

_ ძალიან ძნელად დასაჯერებელია, არ შეიზღუდონ ის ადამიანები, რომლებიც დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, იმ ფონზე, როდესაც ამა თუ იმ პარტიის აქტივისტებს იბარებენ დაკითხვაზე და მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახდენენ.

_ ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ ვისაუბრეთ პავლე კუბლაშვილთან და ამ საკითხებზე შევთანხმდით. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დავინახავთ.

_ პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, რამდენად რეალურად გეჩვენებათ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა?

_ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის კუთხით ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და გაკეთდეს, იმიტომ, რომ ანგარიშგება არ იყო კონკრეტული. მაგრამ, რა ცვლილებებიც შევიდა კანონში, ბევრი პრობლემის მომტანია.

_ თუ აპირებთ არჩევნების მონიტორინგს და რა სახით ჩაერთვებით ამ პროცესში?

_ ჩვენ მოვახდენთ მონიტორინგს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კუთხით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ვერ გეტყვით იმას, რომ ჩვენი წარმომადგენლები შეძლებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებს დააკვირდნენ, თუმცა კონკრეტულ რეგიონებში დამკვირვებელი გვეყოლება.   

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here