Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჩალაბაშვილი: ომი გარდაუვალია! ეს შეშლილი და აწყვეტილი პრეზიდენტი ისე არ მოისვენებს,...

თემურ ჩალაბაშვილი: ომი გარდაუვალია! ეს შეშლილი და აწყვეტილი პრეზიდენტი ისე არ მოისვენებს, კიდევ ერთხელ რომ არ არიოს ქვეყანა

727

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

_ ბატონო თემურ, დღესდღეობით საზოგადოების უდიდეს ნაწილს რატომღაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები «ნაცმოძრაობის» სრული კრახით დასრულდება. ანალოგიური განწყობაა თითქმის მთელს ოპოზიციურ სპექტრშიც. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?

_ საერთოდ, შესრულებას და შეხვედრას მოლოდინი ჯობია, იმიტომ, რომ მოლოდინი სიმშვენიერეა თავისთავად. ისე, სიმართლე გითხრათ, რამე დადებითი შედეგის იმედი ნაკლებად მაქვს, მაგრამ ერთი რამ მჯერა: როგორც შუბი არ დაიმალება ხალთაში, ისე აქ ყველაფერი გადაწყვეტილად მიმაჩნია. ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანი, რომელზეც საუბარი მინდა გავაგრძელო, როგორც პიროვნება დაიკარგა უკვე, მისგან აღარ დარჩა არაფერი ღირსებისმაგვარი და ეს არის გულის ამრევი საშინელება, რასაც, ცხადია, წერტილი უნდა დაესვას.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს… ის მოლოდინი, რაც მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩნდება, არ არის შემთხვევითი, ამ რეჟიმმა უკვე ამოწურა ყველაფერი, ამიტომ წინ მას არაფერი დარჩა. ჩვენ რომ დავანებოთ ამათ თავი, ბუნება არ დაანებებს, იმიტომ, რომ არ ვიცი, თქვენ უყურებთ თუ არა, მაგრამ ეს კაცი უკვე ბოლო განწყობილებამდეა მისული, ბოლო სტადიაშია და ესაა დასასრული. აი, ამის იმედი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ, ესაა ჩემი მოლოდინი.

_ ანუ, ფიქრობთ, რომ ეს რეჟიმი თავისით დაემხობა?

_ ვიღაცას შეიძლება გულუბრყვილოდ მოეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ არარეალური ამაში არაფერია. საერთოდ, ნებისმიერი რამ, რაც ძალადობასა  და უსამართლობაზეა დამყარებული, არაბუნებრივია, ბუნების კანონთან წინააღმდეგობაშია, ანუ უკუღმართია; უკუღმართს კი დიდი ხნის არსებობა არ უწერია, იმიტომ, რომ მისი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი თვითგანადგურებისკენაა მიმართული. კი, რაღაც მომენტში რეჟიმი შეიძლება გაძლიერდეს, პიკს მიაღწიოს, მაგრამ გადახედეთ ისტორიას, _ ბოლოს ის მაინც სამარცხვინოდ ასრულებს არსებობას. ასე რომ, არა მგონია, ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი აღმოჩნდეს.

_ მოდით, კონკრეტულად ვისაუბროთ: რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე ამყარებს იმედებს, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის?

_ არა, არჩევნები რომ გაყალბდება, ამაში დარწმუნებული ვარ, ეს გზა არ არსებობს, რადგან ჩვენი ხალხი მაინც ვერასოდეს ისწავლის, რომ ოცი ლიტრი ბენზინი ვერაფერს უშველის ამ დაქცეულ ქვეყანას. ერთხელ კახელებს ვუთხარი, მაგ ოცი ლიტრი ბენზინით, ქრთამად რომ გაჩეჩებთ ხელისუფლება, შეგიძლიათ, მოხვიდეთ და პარლამენტი გადაწვათ-მეთქი. ვინ დაგიგდო ყური, ხალხი ისეა გამათხოვრებული, ოღონდ რამე მიეცი და ხვალ, ზეგ რა იქნება, არც აინტერესებს…

_ ისე, ქრთამს რაც შეეხება, ამ მხრივ ხელისუფლება განსაკუთრებით გულუხვია ინტელიგენციის მიმართ, ვინც «ნაცმოძრაობას» არ განუდგა, იმათ ვგულისხმობ, რასაკვირველია.

_ საერთოდ, ნორმალურ საზოგადოებაში ინტელიგენცია უნდა ქმნიდეს ხელისუფლებას, აქ კი რა ხდება: ხელისუფლება ძალით აკოწიწებს რაღაც ჯგუფს, რომელსაც რატომღაც დაარქვეს ინტელიგენცია. ვინაა ეს ხალხი, საიდან მოვიდა, კაცმა არ იცის. ამ დროს ისეთი სახეებით გამოდიან და ისეთი სიტყვებით გველაპარაკებიან, გეგონება ერის მამები არიან; ეს ყველაფერი გულისამრევია, ინტელიგენცია კი არა, ესაა ნახირი… ცუდად არ გამიგოს ბევრმა კარგმა ადამიანმა, მაგრამ რატომ ვერ ჩაითრიეს ამ სიბინძურეში, ვთქვათ, იგივე თენგიზ არჩვაძე? ჩაითრიეს ვინ, იცით? ვინც გროშებსაა აყოლილი, გაუბედურებული ხალხი, რომელსაც ღირსების ნატამალი არ გააჩნია.

_ გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს ხომ თავიანთი შეხედულებები აქვთ?

_ ცხადია, შეხედულების გამო ვერავის გააკრიტიკებ, ჩვენც გვაქვს ჩვენი პოზიცია, მაგრამ მე სხვა რამ ვიგულისხმე. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ადამიანები ფულით არიან მოსყიდულები. მათ რომ გულწრფელად სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ, სხვა საკითხია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენზე უკეთ იციან, რა უბედურებაც გვჭირს ამ ხელისუფლების სახით. ამიტომაა ეს ხალხი ყველაზე მეტად საშიში, _ გიჟს აქეზებენ; მე მარტო ინტელიგენციას არ ვგულისხმობ, ეს ეხება სააკაშვილის გარემოცვასაც, პირველ რიგში კი _ მის მრჩევლებს. ყოველთვის მიკვირდა, რას აკეთებენ ეს ადამიანები, ნუთუ მათი რჩევა-დარიგების შედეგია ის, რასაც ვხედავთ?

გელა ჩარკვიანს მინდა ვკითხო: ყველას მრჩეველი შეიძლება იყო? სინდისი, ნამუსი და პრინციპი არ უნდა გქონდეს? სხვათა შორის, მამამისმა ვაჟა-ფშაველა აკრძალა თავის დროზე სკოლებში, ახლა კიდევ ამის რჩევითა და წაქეზებით ეს გიჟი გვანგრევს ქვეყანას თავზე.

_ სამაგიეროდ გვიშენებს მეჩეთს. რა აზრის ხართ ამაზე?

_ აზიზიეს მეჩეთს გულისხმობთ, ალბათ. რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. რა საჭირო იყო ამხელა კომპლექსის წამოჭიმვა, მოეწვიათ თურქული მხარე და პირდაპირ ზავი გაეფორმებინათ: აჭარა _ თურქეთის შემადგენლობაში. ადრე თუ გვიან მაინც მოხდება ეს…

_ ანუ ფიქრობთ, რომ ამ მეჩეთის აშენება კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს?

_ რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი! ბათუმი ისედაც ნაყიდი აქვთ თურქებს. აჭარას რა ჰქვია დღეს, იცით? გალაკტიონს რომ აქვს, «წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული», _ ზუსტად ასეა, ეს კუთხე აღარაა უკვე ჩვენი…

_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტებას ბევრი შიშით უყურებს, არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტი განახლდეს. თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ მე პოლიტიკოსი არ ვარ, რომ ეს საკითხები განვიხილო, მაგრამ, ამათ საქციელს რომ ვუყურებ, არაფერი მიკვირს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს და ამ დროს ყველაფერს ველოდები; კაცი რომ იტყვის, ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთ 2020 წელსო, აბა, ის ნორმალურია?! მისგან ხომ არაფერი უნდა გაგიკვირდეს?!

რუსეთის მონები ვიყავითო სამოცდაათი წელი, გაჰყვირიან ძარღვის გაწყვეტამდე, დღეს ვისი მონები ვართ?! მაშინ ჭკვიანი მაინც გმართავდა, ახლა კიდევ, ბოდიში და, გიჟი გაზის თავზე.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ომი, მე ვიტყოდი, რომ ომი გარდაუვალია. რაც უნდა გავაკეთოთ, ეს მაინც მოხდება, ვინაიდან ეს შეშლილი ხელისუფლება და ეს აწყვეტილი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ისე არ მოისვენებს, რომ თავისი ვადის ამოწურვამდე კიდევ ერთხელ არ არიოს ეს ქვეყანა. ესაა მისი მოწოდება და აქეთ მიჰყავს ამ ადამიანს ყველაფერი, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე არ გავისტუმრეთ…

_ გასაგებია, მაგრამ იმ პირობებში, როცა ამ ხელისუფლებას ამერიკის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა აქვს, არ მიგაჩნიათ, რომ მისი გასტუმრება ადვილი არ იქნება?

_ თქვენ გახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც ამათ დაიწყეს? სააკაშვილს მაშინაც ჰქონდა იმედი, რომ ამერიკა დაეხმარებოდა, რა მოხდა მერე, ყველამ ვნახეთ, _ სანამ თბილისს არ მოადგნენ მოწინააღმდეგის ტანკები, ყურიც არავის შეუბერტყავს, ანუ ამით რის თქმა მინდა: _ ამერიკა რის გვერდით დამდგომია, ორასი და სამასი წლის ჩვენ მარტო ხეები გვიდგას აგერ ქართლსა და კახეთში… სადღაც ოკეანის გაღმა რომ ვიღაც რაღაცას გადაწყვეტს, იმის იმედადაა ეს ხელისუფლება? წასულია ამათი საქმე. უწარსულოა სააკაშვილის ცხოვრება და უწარსულოდ დასრულდება მისი არსებობა, რადგან ქართველობისა და ეროვნულობის მას არაფერი სცხია…

_ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლახან გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. როგორ ფიქრობთ, მას რამდენად აქვს ეროვნული ორიენტირები?

_ ივანიშვილის გამოჩენით რომ საზოგადოებაში ეროვნულმა სულმა გაიღვიძა, ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ეს მე, ცოტა არ იყოს, სხვანაირად მესახება. პირდაპირ გეტყვით, ქართული ოცნება ჩემთვის ისაა, რომ სომეხი ცხოვრობდეს ერევანში და აზერბაიჯანელი _ ბაქოშიაი, ასე მესმის მე ეს ყველაფერი, მაგრამ არჩევნებს ყოველთვის იგებს მათი ხმები. ამას რაღაც ნაციონალისტობაში ნუ ჩამომართმევთ, არა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ საქართველოში მე ვარ მასპინძელი და მე უნდა მქონდეს სიტყვა, ისევე, როგორც ერევანში _ სომეხს, ბაქოში _ აზერბაიჯანელს და ..

_ ბევრი ამის ასე საჯაროდ თქმას ვერ ბედავს.

_ ვერ ბედავს იმიტომ, რომ ვიღაცების გადაკიდება არ უნდა… სულაც არ მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს, სამშობლოს გამო, ვინც უნდა, ის გადამეკიდოს; საქართველოში საქართველო უნდა იყოს, ყველა კი არ უნდა ბუქნაობდეს…

_ თქვენ თქვით, რომ სააკაშვილს ეროვნულობის არაფერი სცხია, ივანიშვილის გარემოცვაშიც არიან ასეთი ადამიანები. ამაზე რა აზრის ხართ?

_ რესპუბლიკელები თუ გყავთ მხედველობაში, პირდაპირ გეტყვით, რომ მრცხვენია, როცა რესპუბლიკელებს ვხედავ ივანიშვილის გვერდით; ჩემთვის ამას ახსნა არ აქვს. თინა ხიდაშელი, ურომლისოდაც, ფაქტობრივად, ფეხს არ ადგამს ბიძინა თავისი რეზიდენციიდან, იგივე სააკაშვილია, ოღონდ კაბაში.

ასე რომ, ეს ხალხი თუ მოვიდა ხელისუფლებაში, ვაი ჩვენს პატრონს…

_ რა მოლოდინებიც ივანიშვილის მიმართ ჩნდება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ხომ არ არის, როგორ ფიქრობთ?

_ არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მისი ბევრი რამ  არ მომწონს და არ მჯერა. ამას არც ვმალავ, იმიტომ, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით არავისგან არაფერი მიმიღია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ საზოგადოებას ცოტა გადაჭარბებული მოლოდინი აქვს და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ივანიშვილი კი არა, ბოლოსდაბოლოს, ილია მოვკალით. ასე რომ, ბევრი რამ ბიძინამაც უნდა გაითვალისწინოს, არ უნდა პოლიტიკაში შვილების სიმღერებით მოსვლა, არ არის ეს ლამაზი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here