Home რუბრიკები პოლიტიკა მიშიზმ-ბოკასიზმი, ანუ დეპორტი, დეპორტი, დეპორტი ჩქარა!

მიშიზმ-ბოკასიზმი, ანუ დეპორტი, დეპორტი, დეპორტი ჩქარა!

840

მუდამ დასავლეთზე მოჟღურტულე სააკაშვილი თუ «ფრანციცულ» საელჩოებს დაერეოდა, ამას, ალბათ, მრავლისმომსწრე ქართველი ამომრჩეველიც კი ვერ დაუშვებდა. ამ ორიოდე დღის წინ, თბილისის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა უცხოური საელჩოების თანამშრომლები გააკრიტიკა.

ცხადია, არც საკუთარი ხელისუფლების დამსახურებები დავიწყებია და მეტი კონტრასტისთვის განაცხადა: «რომ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის არ არის აუცილებელი, გადავიდეთ მეზობელ ქვეყანაში და რომელიმე საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ. მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს უცხოელები და, სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. რატომ? _ ჰგონია, რომ ის არის უფროსი და შეუძლია დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს, დაგამციროს და ამით სიამოვნება მიიღოს. ასეა ბევრ ქვეყანაში. ეს ხდება ჩვენს საელჩოებში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის _ განვითარებული ევროპული ქვეყნების», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რომელმა ელჩმა დახედა სააკაშვილს «ზემოდან ქვემოთ», ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ჯონ ბასი, რომელმაც 26 მაისის დარბევა «გაუპრავა» სააკაშვილს, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გამოხატავს «შეშფოთებას და წუხილს». როგორც ჩანს, ურთიერთობის სხვა, უფრო ჩვეული მეთოდები ხელისუფლებასთან ამოწურა და 15 მარტს აშშ-ის ელჩმა «ფეისბუქში» საკუთარ კედელზე დააწერა: «შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ».

კაკო ბობოხიძე რის კაკო ბობოხიძე იქნებოდა, რომ სააკაშვილისთვის «ატმაზკა» არ დაეჭირა და შეუძახა კიდეც მისი პატრონის დამცირების მოსურნე გათამამებულ ელჩს: «საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და არა იმის მიხედვით, რა მოსწონს და რა არ მოსწონს რომელიმე ელჩს. ყველა ელჩის დამოკიდებულება და შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერანაირი დამოკიდებულება ვერ დადგება საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა.

ვფიქრობ, რომ ამერიკის ელჩს ან არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, ან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს კანონმდებლობას კარგად არ იცნობს. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებენ». ამ ტირადის წარმოთქმისას ბობოხიძეს ჩვეული სიმინდის ტარო არ სჭერია, მაგრამ ასე თუ გააგრძელა, ისეთ რამეს დააჭერინებენ ხელში, რაც ჰიბრიდული სიმინდის ტაროსგან ზომითაც განსხვავებული იქნება და ფაქტურითაც!

თუმცა ჯონ ბასმა შენიშვნა მიიღო და თავიც იმართლა: «ეს გამოწვეული იყო ინფორმაციის ნაკლებობით, რომელიც გვაქვს და იმით, რომ არ არის ნათელი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება, რომელიც აქვს კონტროლის პალატას კანონის ამ მოთხოვნების აღსრულების დროს. ჩემი დაკვირვებით, ყველა პარტიის მხრიდან ჩემი განცხადება ნათლად არ იყო გაგებული. ჩემი განცხადება განპირობებული იყო იმით, რომ არ იყო სრულფასოვანი ინფორმაცია კონტროლის პალატის უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ».

ზოგიერთი პარტია, «ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა» არ იყოს, ყველამ კარგად იცის, ვინც არის. დიპლომატიურ მისიებზე გაგულისებულ სააკაშვილსა და ბობოხიძეს არც ბოცო წიკლაური ჩამორჩა და როყიოდ განაცხადა: «არ გამოვრიცხავ ზოგიერთი საკონსულოს თანამშრომლის დეპორტაციას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ძალიან უდიერად ექცევიან, ხშირ შემთხვევაში, დამამცირებლადაც კი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე სწავლობს ამ საკითხს და მალე კონკრეტული შედეგებით წარსდგება საზოგადოების წინაშე». ფორუმშიც მეტი რა უნდოდათ და სიტყვა შეაწიეს: «კაი ჩიტსაც დაიჭერენ, გასაქცევიც აღარ ექნებათ არსად»!

ბოცო წიკლაური ისეა გულმოცემული, რომ დიპლომატების დეპორტაციაზე ალაპარაკდა, სინამდვილეში კი არც ისე შორს არის დრო, როცა მასა და მის თავგასულ უფროსებს თავად ქართველი ხალხი გაადეპორტებს არა მარტო ხელისუფლებიდან, არამედ საქართველოდანაც!

«გასაქცევად საქმის ქონისმიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა არც ამჯერად დაიზარა და პირდაპირ მიუთითა, საიდან მოდის საფრთხე: «პუტინმა გამოაცხადა, რომ არჩევნებია წელს საქართველოში და გამოყო რამდენიმე მილიარდი. «გაზპრომს» მილიარდების მეტი რა აქვს და გამოყვეს ეხლა მილიარდერი, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ, რომ ქართველი ხალხი არ იყიდება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ხალხმა გაიგო თავისუფლების გემო».

როგორც ჩანს, «გაზპრომმა» მილიარდებს სამახსოვრო ინსტრუქციაც გამოაყოლა იმის შესახებ, რომ ეს ფული კი არ უნდა დაიხარჯოს, არამედ პირიქით, ამომრჩეველს არაფერს უნდა დაჰპირდე და გაარკვიო, თვითონ რით დაგეხმარება ფარულად! სააკაშვილის გაგულისება გასაგები გახდება, თუ ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტის, ალექსანდრ რარის ორიოდე დღის წინანდელ შეფასებას გადავხედავთ: «უნდა დაველოდოთ, ვინ შეცვლის სააკაშვილს. ამაზეა დიდწილად დამოკიდებული საქართველოს პოლიტიკა. შეუძლებელია, საქართველოს მუდამ ამერიკის 51- შტატად ჰქონდეს საკუთარი თავი წარმოდგენილი. შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ჯორჯიის შტატი. საქართველო სხვა გეოპოლიტიკური დისლოკაციის შემადგენლობაშია და ამერიკის მარადიული პარტნიორი ვერ იქნება».

როგორც ჩანს, სააკაშვილიც კარგად გრძნობს ამას და იმიტომაც გაიწია ელჩებზე. ნომერ პირველმა დიპლომატმა გრიგოლ ვაშაძემაც დაუდასტურა, რომ პრეზიდენტისგან მსგავს დავალებებს ძალიან ხშირად იღებს. «ჩვენთან მუდმივად შემოდის საქართველოს მოქალაქეების საჩივარი, რომ ზოგიერთ საელჩოში არ აქვთ სწორი გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის შესახებ ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს არავის შევალახვინებთ. ამიტომ, როგორც კი ჩვენთან, საკონსულო დეპარტამენტში შემოდის ჩვენი მოქალაქის საჩივარი, რომ ვიზაზე გაუმართლებლად უთხრეს უარი ან პასუხის გაცემა დროში გაუწელეს, ან უდიერად მოექცნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქმედებს», _ განაცხადა ვაშაძემ.

უცხოეთის საელჩოებთან პრობლემები ქართველი მაღალჩინოსნების მხლებელ ქალბატონებს და საქალბატონეებს ადრეც ჰქონიათ. მით უფრო მაშინ, როცა «ესკორტის გოგონებს» ყალბი საბუთებით სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებად ასაღებდნენ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილის აფეთქება ან ამ მიზეზით, ან წინასაარჩევნოდ საელჩოებიდან გამობუნძულებულ ამომრჩეველზე დარდით იყოს განპირობებული. სიმართლეს უფრო ის ჰგავს, რომ სააკაშვილი ბოკასას გზას არის შემდგარი და როგორც იმპერიალიზმია კაპიტალიზმის ბოლო სტადია, ისე მიშიზმ-ბოკასიზმია სააკაშვილის რეჟიმის უკანასკნელი ფაზა. ბოკასა, როგორც ცნობილია, ოპოზიციის ლიდერებით იკვებებოდა, ერთხელ კი მინისტრთა კაბინეტის წევრებს მათი კოლეგის ხორცით გაუმასპინძლდა. დადიოდა ანეგდოტი, რომ ერთ-ერთი დასავლური სახელმწიფოს ელჩის შეჭმის შემდეგ საპროტესტო ნოტაზე ბოკასამ უპასუხა: «თქვენთანაც არის ჩვენი საელჩო და, ვინც გაგეხარდებათ, ის მიირთვითო»!

რამდენიმე წლის წინ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბოკასას მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც ადამიანის ხორცის დასამუშავებელი დაფები, იმპერატორის ხელჯოხი და სხვა პირადი ნივთები გამოიფინა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გამოფენა ბოკასას მმართველობის მიღწევების ფოტოებით არის გაფორმებული. ფოტოებზე კი მის მიერ გაყვანილი გზები, სტადიონები და შადრევნებია გამოსახული!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here