Home რუბრიკები საზოგადოება ტოტალიტარული დემოკრატია

ტოტალიტარული დემოკრატია

858

ბრიტანეთში კოპტი ქრისტიანი ნადია ევეიდა ავიაკომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა, რადგან იგი არ დაემორჩილა ადმინისტრაციის მითითებას, _ ტანსაცმლის ქვეშ დაემალა ჯვარი. მედდა შირლი ჩაპლინი საავადმყოფოდან ამავე მიზეზის გამო გაუშვეს. ორივე ქალმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლა. ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ ევროკონვენციის მე-9 მუხლი არ დაურღვევია, ხოლო ორი ქრისტიანი ქალი ამტკიცებს, რომ ჯვრის ტარების აკრძალვით მათი აღმსარებლობის თავისუფლება ირღვევა. მთავრობას ასეთი არგუმენტი მოჰყავს: ჯვრის ტარება ქრისტიანული მრწამსით აუცილებელი არ არის, მაგალითად, პროტესტანტული დენომინაციები ჯვარცმას რწმენის სიმბოლოდ არ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე(!), დამსაქმებელს ჯვრის ტარების აკრძალვის უფლება აქვს!

ბრიტანეთის ანგლიკანური და კათოლიკური ეკლესიები, რომელთაც საერთო ენის გამონახვა უჭირთ, ამ საკითხში ერთიან პოზიციაზე დადგნენ და მორწმუნე ქალების უფლებათა დასაცავად აღიმაღლეს ხმა. ორივე ეკლესიის აზრით, ეს მთავრობის შურისძიებაა იმის გამო, რომ კემერონის მთავრობის მიერ ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია ორივე ეკლესიამ დაგმო. სკანდალი იმანაც გაამძაფრა, რომ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ თანასწორობის საკითხთა მინისტრის, ლინ ფიზერსტოუნსის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის მომზადებული ანალიტიკური ცნობა, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ჯვრის ტარების აკრძალვა არ წარმოადგენს რწმენის თავისუფლების შეზღუდვას.

პრემიერ-მინისტრი კემერონი კონფლიქტის გამწვავებას მოერიდა და ქრისტიანების მხარეს დადგა. მისმა პრესმდივანმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ პრემიერი ნადია ევეიდას და შირლი ჩაპლინის გამარჯვებას ელის სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ, თუ მათ სარჩელი ვერ მოიგეს, მაშინ ბრიტანეთის მთავრობა თავად მიიღებს კანონს სამუშაოზე ჯვრის ტარების უფლების დასაცავად. ქრისტიანები იმითაც არიან აღშფოთებულნი, რომ სიკხ პოლიციელებს ბრიტანეთში ჩალმის ტარების უფლება არ ეზღუდებათ, მუსლიმ ქალებსთავსაფრის, ხოლო ქრისტიანის მიერ სამუშაოზე ჯვრის ტარება იკრძალება.

თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მორწმუნეთა დისკრიმინაცია სხვა მიზეზებითაც ხდებოდა: პედაგოგი-დეფექტოლოგი ცელესტინა მბა მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს სამსახურიდან, რომ მან რწმენის საფუძველზე კვირადღეს მუშაობაზე უარი განაცხადა. მმაჩის თანამშრომელმა ლილიან ლეიდლემ კი სამსახური იმიტომ დაკარგა, რომ ჰომოსექსუალური წყვილის ქორწინების რეგისტრაციაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ქრისტიანისთვის სოდომიის ხელშეწყობა უმძიმესი ცოდვაა.

2004 წელს, როცა საფრანგეთის კანონმდებლებმა სკოლებში რელიგიური სიმბოლიკა აკრძალეს, რომის პაპმა იოანეპავლე მეორემ განაცხადა, რომ დემოკრატიულ წყობაში გარანტირებული თავისუფლებანი იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანს საჯაროდაც უნდა შეეძლოს საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამოხატვა. პაპმა ხაზი გაუსვა, რომ საჯარო სივრციდან რელიგიური სიმბოლიკის ამოშლა თავისუფლების ცნებას ეწინააღმდეგება.

რომის პაპმა მხოლოდ ის თქვა, რასაც ევროკონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ამბობს: «ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში, საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებასგამოამჟღავნოს მისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესის დაცვით და რიტუალების შესრულებით».

ევროპა აგრესიულმა სეკულარიზმმა მოიცვა. ის, რასაც ჩვენში «თავისუფლების ინსტიტუტის» გამოგონებად აღიქვამენ, იმავე მოვლენას ასახავს, რომელიც დასავლეთში, კარგა ხანია, სერიოზულ რყევებს იწვევს. თუმცა აქ განსხვავებაც თვალსაჩინოა. დასავლური ქრისტიანობა, რომელიც ძალადობას ეფუძნებოდა, ახლა იმკის იმას, რაც დათესა. მუსლიმების დედა-წულიანად ჟლეტა, იუდეველების ძალით გაქრისტიანება და ინკვიზიციის კოცონები არის იმის მიზეზი, რაც დღეს სულ უფრო აბსურდულ ხასიათს იძენს.

სწორედ ნაგვიანევად აღმოჩენილი რჯულთშემწყნარებლობა ბადებს აგრესიულ სეკულარიზმს. სეკულარიზმი კი სწორედ იმან წარმოშვა, რომ დასავლური ქრისტიანობა საერო ხელისუფლების მიტაცებისა და მისი განვრცობის გზით წავიდა. სხვადასხვა პერიოდში ევროპის სახელმწიფოები (იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ა. შ.), ფაქტობრივად, ვატიკანის ნება-სურვილით და მისი ხელდასხმით იმართებოდა. რეფორმაცია არანაკლებ სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე კათოლიკური ეკლესია. უამრავი სისხლი დაიღვარა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

როდესაც ამერიკელმა პასტორმა ყურანი დაწვა, ამერიკელმა მუსლიმმა ყმაწვილმა მას უთხრა: «თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რომელი წიგნი დაწვით; ყურანში ათასჯერ არის ნახსენები ისა (იესო ქრისტე) და თქვენ სწორედ იგი დაწვით ამით». ყურანი ამბობს: «სხვა წინასწარმეტყველთა კვალდაკვალ მოვავლინეთ იესო, მარიამის ძე, დაბადების განსამტკიცებლად. მივმადლეთ მას სახარება, რომელიც წარმართებასა და სინათლეს შეიცავს; დაბადებას განამტკიცებს; სახარება, აგრეთვე, შეიცავს წარმართებასა და გაფრთხილებას მათთვის, რომელთაც ღვთის ეშინიათ. სახარების ხალხმა სახარებისამებრ განსაჯოს. ვინც ღვთის წიგნისამებრ არ განსაჯოს, ურჯულოა. ღმერთს რომ ენებებინა, თქვენგან მხოლოდ ერთს ხალხს შექმნიდა; მაგრამ ინება, თქვენი ერთგულება გამოეცადა, დაიცავდით თუ არა მას, რაც გებოძათ».

დასავლური ქრისტიანობის დამოკიდებულება სხვა კონფესიების მიმართ არც ახლა არის იმგვარი, როგორიც ტრადიციულად იყო ჩვენში. საქართველო, რომელიც სამართლიანად ამაყობს სხვადასხვა რელიგიის თანაარსებობით, დღეს ისევ გამოცდის წინაშე დააყენა საკუთარმა ხელისუფლებამ. სპეკულირება იმით, თითქოს ქართველები შეუწყნარებლები არიან, რაკი აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოდიან, არაკეთილსინდისიერი საქციელია, რადგან საქართველოში, ტრადიციულად, არა მარტო საკუთარ ფასეულობებს უფრთხილდებოდნენ, სხვათა მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება იყო. ქრესტომატიული მაგალითი დავით აღმაშენებლის მიერ მუსლიმთა უბნებში ღორის დაკვლის აკრძალვის შესახებ ტოლერანტობის ეპიზოდს როდი წარმოადგენს; იგი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებული სამართლებრივი კულტურისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ამსახველია. ვახტანგ VI-მ კანონთა კრებულში ებრაული, სომხური, ბერძნული სამართალი შეიტანა (ეს პრაქტიკა ბევრად ადრე იყო 1705-1709 წლებამდეც, როცა ვახტანგ VI-ს სამართალი დაიწერა), არსებობდა არჩევანის საშუალება, თუ რომელი სამართლით განსჯილიყო ესა თუ ის სარჩელი. «განჩინებული წიგნები შევკრიბეთ და რომელიც გენებოსთ და უმჯობეს გიჩნდესთ, მით სჯიდეთ და მართალსა სამართალსა იქმოდეთ», _ მიუთითებს ვახტანგი. იქვე იგი მიუღებლად მიიჩნევს ქართლში სხვა ქვეყნების სამართლის წიგნების მოქმედებას, რადგან «ქართველთა წესნი და ქცევანი სხვა რამე არს და არა მოგავს სხვათა ქვეყნისა რიგთა და ქცეულობითა». ქართველი არც თავად აიძულებდა სხვას, მისი რწმენისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ ეცხოვრა და, მით უფრო, არც საკუთარი თავის მიმართ უშვებდა ამას.

ერთი თვის წინ გერმანიის რეინის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა პფალც იოჰენ ჰარტლოფმა წინადადება წამოაყენა, რომ გერმანიაში შარიათის სასამართლო იქნას დაშვებული. მისი აზრით, ისლამური სამართლის ნორმები ფულთან, ოჯახურ ურთიერთობებთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ დავებში შეიძლება იქნას გამოყენებული. ჰარტლოფის ამ განცხადებას კოლეგების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ალაპარაკდნენ მისი გადაყენების საკითხზეც. ის, რაც საქართველოში 200 წლის წინ იყო დაშვებული («განჩინებული წიგნები შევკრიბეთ და რომელიც გენებოსთ და უმჯობეს გიჩნდესთ მით სჯიდეთ და მართალსა სამართალსა იქმოდეთ»), დღევანდელ ევროპაშიც კი მიუღებელი აღმოჩნდა.

საფრთხობელა, რომელსაც ისლამისგან და მართლმადიდებლობისგან ქმნიან, მხოლოდ აღრმავებს დაძაბულობას მსოფლიოში და თავად ევროპაშიც. უფლებანი და თავისუფლებანი, რომელიც «თეთრი ადამიანისთვის» შეიმუშავეს, სხვებზე არ ვრცელდება. ხელოვნური პოლიტკორექტულობა, რომლის თანახმად ჯვარი სხვა კონფესიების წარმომადგენლებს «აწუხებს», სინამდვილეში რელიგიასთან არავითარ კავშირში არ არის. ამერიკამ, რომელიც მთელ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს გამადიდებელი შუშით აკვირდება, აიტანა ის, რომ პრეზიდენტმა ბუშმა 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ ერთ კონკრეტულ კონფესიას დააკისრა. რელიგიური ნიშნით ამერიკაში მუსლიმთა დევნამ ამის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. კიდევ ერთი «დემოკრატიული გარღვევა» იმავე ბუშმა ერაყში განახორციელა, როცა სადამ ჰუსეინის საერო სახელმწიფო გაანადგურა და ახლა ფუნდამენტალისტები ჰომოსექსუალებს აწამებენ და კლავენ. იანვრიდან უკვე 90 გეია მოკლული, რაც უთუოდ ამერიკული დემოკრატიის ექსპორტის დიდ «გამარჯვებაზე» მიუთითებს! ჩვენი პროვინციალი უფლებადამცველები კი კვლავაც იმაზე დავობენ, რომ სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესი მორწმუნესთვის მისაღები უნდა იყოს!

ბრიუსელში, ევროკავშირის გულში, ამ რამდენიმე დღის წინ მთავარ შიიტურ მეჩეთში ბოროტგანმზრახველი შეიჭრა, იატაკზე ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეჩეთი გამოიწვა, ხოლო 46 წლის იმამი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ლამობდა _ დაიღუპა.

2009 წელს შვეიცარიამ რეფერენდუმით უარი თქვა მინარეთების მშენებლობაზე.

თუმცა ოთხი მეჩეთის უკვე არსებული მინარეთები დანიშნულების მიხედვით მაინც არ გამოიყენებოდა, რადგან ქვეყანაში «სიჩუმის შესახებ კანონი» მოქმედებს. რეფერენდუმის წინ საგანგებო პლაკატები გამოიკრა, რომელზეც შვეიცარიის რუკის ფონზე ფარანჯიანი მუსლიმი ქალია გამოსახული, რუკა კი მინარეთებით არის აჭრელებული.

მოგვიანებით ეს პლაკატი ფრანგებმა «მოიპარეს» და ანტიისლამური პროპაგანდისთვის იგივე ფარანჯიანი ქალი საფრანგეთის რუკის ფონზე გამოსახეს. ვიდრე პლაგიატის საკითხს არკვევდნენ, შვეიცარიაში მინარეთების წინააღმდეგ რეფერენდუმის ინიციატორმა, ულტრამემარჯვენე ანტიისლამისტმა დანიელ სტრეიჩმა განაცხადა, რომ ისლამი მიიღო! «ისლამმა მიპასუხა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მებადებოდა და პასუხს ვერ ვპოულობდი», _ განაცხადა სტრეიჩმა.

ევროპული ტოლერანტობა ღრმა მარაზმშია. ნოდარ ლადარია კი მეგობრებთან ერთად კვლევას ატარებს, რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს ისტორიის შეცვლის პრეტენზია აქვს. კათოლიკურ არქივებში დაცულ წყაროებზე დაყრდნობით ისინი ამტკიცებენ: «ერეკლე მეორის ინტენსიური მიმოწერა დასავლეთის მეფეებთან და უმაღლეს სასულიერო პირებთან ცხადს ხდის, რომ რუსეთმა ჯერ ერეკლეს პროდასავლური გეგმა ჩაშალა, შემდეგ კი სათითაოდ გაყარა საქართველოს ტერიტორიიდან ევროპული მისიები».

ერთი სიტყვით, მიმოწერა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე რეალური ისტორიული მოვლენები. მთავარი ის კი არ არის, რომ ქართველებს ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობა არ მიუღიათ, არამედ ის, რომ პაპებს წერილებს უგზავნიდნენ! კვლევის ავტორები ცდილობენ, საქართველოს ისტორია დღევანდელი ცალსახად პროდასავლური ხელისუფლების პოლიტიკურ გზავნილებს მოარგონ და ამტკიცებენ: «საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ერეკლეს არჩევანი რუსეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის უნდა გაეკეთებინა. რეალურად ეს არჩევანი უფრო რუსეთსა და ევროპას შორის გაკეთდა».

ისტორიული წარსულის გადაწერის მცდელობა არახალია. არც ის არის ახალი, რომ ყველაფერი რუსეთის ბრალი ყოფილა და არა იმ ევროპის, რომელიც საკუთარ ტყავზე ზრუნვის გარდა არაფრით იყო დაკავებული. ერეკლე კარგად იყო ინფორმირებული, თუ როგორ გააგდებინეს თავები ევროპაში მონარქებს და მის არჩევანზე ამანაც არცთუ მცირე გავლენა იქონია. წარმოიდგინეთ მეფე, რომელიც მეფეთა დამამხობლებთან წავიდოდა კავშირზე და არა ერთმორწმუნე მონარქიულ რუსეთთან!

დასავლურ ქრისტიანობასთან ნაგვიანევი დაახლოების სურვილი ოდენ პოლიტიკური კონიუნქტურაა და სხვა არაფერი. თუმცა კულტურის სამინისტრო, რომელიც აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ამართლებს, ურიგო არ იქნებოდა, დაინტერესებულიყო, როგორ უდგება დღევანდელი (და არა 200 წლის წინანდელი!) ევროპა მეჩეთების საკითხს. როცა «საწყალ» კათოლიკე მისიონერებს, ამ ფენომენალური კვლევის ავტორების ვერსიით, რუსები ავიწროებდნენ, თავად კათოლიკეები ჯერ კიდევ თხებს ასამართლებდნენ, ხოლო ინკვიზიცია, ფორმალური თვალსაზრისით, დღესაც არ გაუუქმებიათ და ახალი პაპიბენედიქტე მეთექვსმეტე პაპად არჩევამდე 20 წელი რწმენის დოქტრინის კონგრეგაციას ხელმძღვანელობდა. ეს ლამაზი სახელი «წმინდა ინკვიზიციას» 1908 წელს პაპმა პიუს მეათემ მიანიჭა!

რჯულთშემწყნარებლობა იქ კი არ არის, სადაც ამაზე ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, არამედ ყოველი მორწმუნე ადამიანის გულში. ქართული გამოთქმა «ძალად მაცხონე» სწორედ იმას გვიჩვენებს, რომ ძალით ადამიანს ვერც მოაქცევ, ვერც იხსნი და ვერც აცხონებ. ვიდრე დასავლეთი ამას ისწავლის, კიდევ ბევრი სკანდალი და ტრაგედია მოხდება. ჩვენ კი ჩვენს თავს უნდა მივხედოთ და არა მათ, ვინც ადამიანის უფლებათა სახელით ახალ, ტოტალიტარულ დემოკრატიას აშენებს!

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here