Home რუბრიკები საზოგადოება მიშა, მოგვეც სანახაობა, ანუ «თქვენი სიმინდის ტაროებია ჩემთვის რევოლუცია»

მიშა, მოგვეც სანახაობა, ანუ «თქვენი სიმინდის ტაროებია ჩემთვის რევოლუცია»

721

სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიების გადამკიდე ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილში, კარგა ხანია, მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ, თუ გინდა, სიმართლე გაიგო და მოისმინო, სამ სახელისუფლო არხს: «რუსთავი 2»-ს, «იმედსა» და საზოგადოებრივად «ბრალდებულ» მაუწყებელს, თვალი და ყური არ უნდა გააკარო. მეც სწორედ ამ კატეგორიის («არგასახარებელ») ადამიანთა ჯგუფს განვეკუთვნები და არც ერთ «მიშავიზიას» პრინციპულად არ ვუყურებ, მაგრამ… ამასწინათ რამდენიმე წუთით მეც «დაბოლებულთა» არცთუ მცირერიცხოვან არმიას შევუერთდი.

ის ის იყო, ცხრა საათი შესრულდა და «კურიერი» იწყებოდა. «დმ, დმ, დმ, დმ…» _ შემზარავი მუსიკა, რომლითაც საინფორმაციო გამოშვება იწყება, როგორც იქნა, დამთავრდა, დაცობილი ყურები გავითავისუფლე და სმენად ვიქეცი.

რას ვხედავ!

სიუჟეტი #1:

გრანდიოზული აქციის მზადება რუსეთში, გადაკეტილი ქუჩები, უკმაყოფილო მოქალაქეები და მოსალოდნელი ვაი-ვიში. გვიჩვენეს, თუ რამდენად დაძაბული ვითარებაა ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოში, თუ რაოდენ უკმაყოფილოა რუსი ხალხი ჩატარებული არჩევნებით და რა სასტიკად უსწორდება «საზიზღარი» პუტინი მშვიდობიან მანიფესტანტებს (ისე, ძალიან კი მინდოდა ომონის მიერ ნაცემ-ნალეწი რუსები მეხილა, მაგრამ «მიშავიზიებმა» ეს კადრები «შეგნებულად» არ აჩვენეს, _ ვინმეს გული არ წაუვიდესო);

სიუჟეტი #2:

რუსული კვალი ოპოზიციის პოლიტიკაში _ დეტალურად გაგვიშიფრეს, თუ როგორ, რა სქემით აპირებდა რუსეთის ხელისუფლება 2011 წლის მაისის აქციების დროს ოპოზიციის მხარდაჭერას, როგორ უნდა შემოსულიყვნენ თბილისში რუსი სამხედროები, აეღოთ ყველა სტრატეგიული სიმაღლე, შენობა თუ სხვა სახის ობიექტი და როგორ უნდა განედევნათ საქართველოდან სააკაშვილი თხემით-ტერფამდე ქართული, პატრიოტული გარემოცვითურთ. ზემოაღნიშნულ ორივე სიუჟეტს ლაიტმოტივად გასდევდა მძაფრი ქვეცნობიერი პათოსი _ მიშა მაგარია, რაც იმის მტკიცებაში გამოიხატებოდა, რომ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, «ნაციონალურმა მოძრაობამ» სირთულეები გადალახა და ქვეყანას აღებული კურსი შეუნარჩუნა…

სიუჟეტი #3:

ბოკერია-რასმუსენის შეხვედრა _ ეს სიუჟეტი რომ დაიწყო, თავიდან, ცოტა არ იყოს, დავიბენი, ვიფიქრე, ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა, მაპზე უკეთესიც მიღებული გვაქვს და ახლა კიდევ რა უნდა მიეცა ან ეჩვენებინა ამ რასმუსენს ბოკერიასთვის ისეთი, რომ სიხარულისგან იმხელაზე ეცინება, პირი ლამის ყურებამდე გადაეხსნას-მეთქი. თურმე რაშია საქმე: ნატო ისევ საქართველოს ერთგული რჩება(?), ის არასოდეს აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, არ გვიხურავს კარს (პირიქით, გვეხვეწება, შემოდითო) და დღედაღამ ჩვენზე ფიქრობს. მოკლედ, შეგვახსენეს, რომ ნატო ჩვენთანაა. გვიხაროდენ…

ამით გამოშვების პირველი, «მძიმე» ნაწილი დასრულდა და დაიწყო მეორე, გულში იმედის გამჩენი ბლოკი.

სიუჟეტი #1:

სააკაშვილის სტუმრობა გორში, კერძოდ სოფელ ბერბუკში, რუსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახში. კადრი: პრეზიდენტი ნერვული ნაბიჯებით შედის სახლში, სადაც მას მოუთმენლად ელოდება ყველა. შეაღებს მისაღების კარს ისე, რომ კამერამ სისწრაფეში ვერ დააფიქსირა, ქუსლით გააკეთა ეს თუ ხელით და სათითაოდ მიესალმება ოჯახის ყველა წევრს. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ მასპინძლის უკითხავად იღებს სკამს, ჯდება მაგიდის თავში, მოისვამს გვერდით ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს, რომელიც «სრულიად შემთხვევით» პირველკლასელი აღმოჩნდა, და ეკითხება: 

_ გარემონტებული სკოლა მოგწონს?

ბავშვი არ იბნევა და თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

_ ნეთბუქი გაჩუქეს? _ ისევ ეკითხება სააკაშვილი.

ბავშვი კვლავ თავს უქნევს და პრეზიდენტს ისე აკვირდება, უეჭველი, სპაიდერმენი ან ბეტმენი ჰგონია.

_ ინგლისურს, კომპიუტერს გასწავლიან? მანდატურები ხომ საყვარლები არიან? _ განაგრძობს სააკაშვილი კითხვების დაყრას და ბავშვს უკვე ისეთი სახე აქვს, სადაცაა, რეტი დაესხმება.

ამომწურავი პასუხების მიღების შემდეგ «ბელადმა» მიმოიხედა და სახლი წამში დაათვალიერა. მოშორებით კომპიუტერს მოჰკრა თვალი. როგორც ყოველთვის, ინტუიციამ «უყივლა» და ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთი კითხვა დასვა:

_ ეს ვისია (ვისი იქნებოდა?!)?

_ ეს ჩემი შუათანა შვილისაა, სკოლაში აჩუქეს, _ უპასუხა ოჯახის უფროსმა უშეცდომოდ.

მცირე პაუზის შემდეგ სააკაშვილმა კამერის ობიექტივს ჰოლივუდური ღიმილი სტყორცნა და დაკრეჭილმა კმაყოფილად ჩაილუღლუღა:

_ ა, ეგ იმისთვის, რომ ათოსანი ხარ, ხომ?..

ჯერი ოჯახის უფროსზე მიდგა.

_ ყველაფერი კარგადაა, არაფერი გვაკლია, _ დაიწყო ნაცრისფერ პულოვერში გამოწყობილმა მოხუცმა ანგარიშის ჩაბარება, _ ვაუჩერებიც მივიღეთ, მიწაც დავამუშავეთ…

ვაუჩერების ხსენებაზე სააკაშვილმა  გაოცებულმა იკითხა:

_ ვა, ვაუჩერიც მიიღეთ უკვე?

_ კი, აბა რა, მაგით გვიდგია სული, აი, რამხელა მოსავალი გვაქვს, _ განაგრძობს მოყოლას მოხუცი, თან სააკაშვილს სიმინდით სავსე ნალიას უჩვენებს. პრეზიდენტი აღფრთოვანებულია, იღიმება და სახეზე აწერია, კონტექსტში რომ ჯდებოდეს, ერთი სული აქვს, საქართველოს მტრებს კიდევ ერთხელ მიახალოს პირში: გინდოდათ ჩვენი დაქცევა? ვერ მოგართვითო.

ბოლოს სიტყვა 2003 წლის «ვარდების რევოლუციაზე» ჩამოვარდა. გლეხი ამაყად აღნიშნავს, იმ დღეებში მე სულ იქ ვიდექიო. ამის გაგონებაზე სააკაშვილი ისევ დაიკრიჭა და რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ისტორიული ფრაზა დააფრქვია: «თქვენი სიმინდის ტაროებია ჩემთვის რევოლუცია»…

დაახლოებით თხუთმეტწუთიანი «რეიდის» შემდეგ პრეზიდენტმა ჭიშკრისკენ გასწია; გლეხი ფეხდაფეხ მიჰყვა (ძუნძულით) და კარის ალაგას, ზღურბლთან, სტუმარ-მასპინძელი შეიბა. დაიწყო გაწევ-გამოწევა, პრეზიდენტს წასვლა უნდა (არ მინდა თავი შეგაწყინოთო), გლეხი კი არ ანებებს, ჯერ რა დროს წასვლაა, ერთი-ორი საათით კიდევ დაგვატკბე თქვენი სტუმრობითო. ბოლოს, როგორც იქნა, გლეხმა თავისი გაიტანა, სტუმარი დაიყოლია, პრეზიდენტმა კი სიხარულისგან სპეციფიკურად, მაგრამ გულიანად გაიცინა და მასპინძელს ხელგადახვეული ოჯახში შეჰყვა…

შემდეგი კადრი: დიანა ჯოჯუა ჯოკონდას ღიმილით და ტექსტი, რომელიც ყველამ ზეპირად იცის…

ამ სულ რაღაც ათწუთიანი სიუჟეტის ნახვის შემდეგ ნამდვილად არ ვიცი, რა სახე მექნებოდა და რა ემოციას ამოიკითხავდა ჩემს სახეზე ადამიანი (ალბათ, უფრო სასოწარკვეთილ სიბრალულს), მაგრამ  ნუ გაგიკვირდებათ და სულაც არ მინანია, რომ ეს სიუჟეტი ვნახე. პირიქით, იმ გამოთქმისა არ იყოს, «ზოგი ჭირი მარგებელიაო», ერთი იდეაც გამიჩნდა, უფრო სწორად, რჩევა, რომელიც «მიშავიზიებს» მინდა მივცე (ალბათ, მიხვდით, რომ «რუსთავი 2»-ზე, «იმედზე» და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაქვს საუბარი).

მოგეხსენებათ, ამ სამი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ისეთია, დეკემბერში მერცხლის ჭიკჭიკი უფრო შეიძლება გაიგონო, ვიდრე მათ ეთერში ხელისუფლების მიმართ თუნდაც ერთი კრიტიკული სიტყვა. უკვე წლებია, ასეა და ბევრი, ალბათ, შეეგუა კიდეც ამას. ამიტომაცაა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, სამივე  წარმატებით განაგრძობს მუშაობას, თორემ ასე რომ არ იყოს, ახლა სამივე არხი სანთლით უნდა დაეძებდეს  მაყურებელს; მოკლედ, ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ტელევიზიებს კიდევ უფრო დიდი წარმატების მომტან ერთ პატარა «რჩევა-საიდუმლოს» გავანდობ: ძვირფასო «რუსთავი 2»-ო, «იმედო» და პირველო არხო, თქვენს ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარება და გვჯერა თქვენი. ვენდობით თქვენს ინფორმაციებს, იმას, თუ როგორ ხსნის ხელისუფლება ფაბრიკა-ქარხნებს, როგორ ასაქმებს მოქალაქეებს, აკეთილშობილებს საარჩევნო კოდექსს, კონსტიტუციას; როგორ შეუპოვრად ებრძვის კორუფციას, კრიმინალს, უცხო ქვეყნის აგენტებს, ჯაშუშებს და ა.შ., მაგრამ მუდმივად ამაზე საუბარი რომ მოსაბეზრებელია, ხვდებით, ალბათ. ხომ იცით, ადამიანის ბუნება ასეთია, ერთი და იგივე ყელში ამოსდის ხოლმე. ამიტომ, მოდით, გარისკეთ და გატეხეთ ნავსი _ ერთხელ მაინც მოამზადეთ  კრიტიკული სიუჟეტი. გვესმის, რომ ამ ხელისუფლებას საკრიტიკებელი არაფერი აქვს, მაგრამ ფანტაზია ხომ გაქვთ?!

გაიხსენეთ თუნდაც მოდელირებული ქრონიკა, ყველაფერი, რაც იქ აჩვენეთ, თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო, მაგრამ, აბა, დაფიქრდით, შემდეგ ან მანამდე რომელიმე თქვენს გამოშვებას მსგავსი აჟიოტაჟი მოჰყოლია?! ვფიქრობ, თქვენს რეიტინგს კიდევ ერთი ასეთი კარგი «შეზანზარება» არ აწყენდა და თქვენ ეს ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ასე, მაგალითად: გააკეთეთ სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ გაიქცა სააკაშვილი თავქუდმოგლეჯილი გორიდან 2008 წლის აგვისტოში (კი, ეს ყველაფერი გადაღეჭილია, მაგრამ თქვენი ბაგეებიდან ამას ხალხი სიამოვნებით მოისმენს); მოამზადეთ გადაცემა იმაზე, თუ როგორ აყალბებენ გოგორიშვილები, წიკლაურები და სხვები არჩევნებს; როგორ დაეხეტება თქვენი «ბელადი» საზღვარგარეთ ხშირი ვიზიტების დროს ბორდელიდან ბორდელში, რესტორნიდან რესტორანში, სასტუმროდან სასტუმროში, საიდან უხდის მილიონებს თავის უცხოურ პიარჯგუფებს წინასაარჩევნოდ და ა.შ. მართალია, ეს ყველაფერი ტყუილია და ამას ის «ენაგასახმობი» ხალხი ამბობს, რომელსაც ძალიან უნდა ამ ქვეყნის დანგრევა, მაგრამ სინდისის საკითხია, არ შეიძლება ამდენი სიმართლე, სიმართლე და სიმართლე, ხალხიც «გამოსიმართლევდა», მოსახლეობას ტყუილი ენატრება; რა გახდა ბოლოსდაბოლოს ერთი მოდელირებული ქრონიკა, გვაჯახეთ და, თუ გული გაგვისკდება, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება ასეთი გულახდილობა. ნათქვამია, მართლის მთქმელს ცხენი უნდა ჰყავდეს შეკაზმული გასაქცევადო, თქვენც ასე რომ არ დაგემართოთ, ხანდახან «იცრუეთ» ხოლმე, თქვენთვისვე აჯობებს… და კიდევ: იმ შემთხვევაში, თუ ჩემს რჩევას ყურად იღებთ, ბარემ ისიც გაითვალისწინეთ, რომ «ბელადის» რისხვა არ აგცდებათ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი, მინიმუმ, სამსახურს მაინც დაკარგავს, მაგრამ ეგ არაფერი, როგორც ჩანს, თვითონ «ბელადსაც» არ უწერია დიდი ხნის ზეობა. ასე რომ, ცოტა წინაც გაიხედეთ, დროა, თქვენს ტექსტებში შიგადაშიგ, მინიშნების დონეზე, მომავალი «ბელადის» გულის «მოთვინიერებაზეც» იფიქროთ, თორემ ხომ გაგიგონიათ, ეშმაკს არ სძინავსო, რა იცით, ხვალ და ზეგ რა ხდება, პოლიტიკაც «ვერტიკალურია და თან ბრუნვადი»…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here