Home რუბრიკები საზოგადოება კახა მიქაია: როლანდ ახალაია ისევ რჩება მთავარ ფიგურად სამეგრელოში…

კახა მიქაია: როლანდ ახალაია ისევ რჩება მთავარ ფიგურად სამეგრელოში…

766

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობის «დაიცავი საქართველო» და არასამთავრობო ორგანიზაციის «ამომრჩეველთა ლიგა» წარმომადგენელი კახა მიქაია.

_ ბატონო კახა, როგორია თქვენი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო» მიმართ?

_ გარკვეულწილად ვიზიარებ ივანიშვილისა და კოალიციის გზას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ზომიერად აქტიური, მაგრამ მე მაქვს კითხვა: სანამდე? ზომიერი აქტიურობა არ არის ის გზა, რომლითაც სააკაშვილი წავა ხელისუფლებიდან. მე ვთვლი, რომ მთავარ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ყალიბდება ივანიშვილის კოალიციის სახით, უნდა მიეცეს საშუალება, ბოლომდე ჩამოყალიბდეს და ბოლომდე გაერკვეს, თუ ვინ არის სააკაშვილი.

_ თქვენ თვლით, რომ ისინი ბოლომდე არ არიან გარკვეულნი?

_ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით არ არიან გარკვეულნი. მე ნიშნის მოგებით არ ვლაპარაკობ. მე დღესაც ვთვლი, რომ ივანიშვილი და მისი კოალიცია არის მთავარი ალტერნატივა სააკაშვილისა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად «ქართული ოცნებაც» და მთელი ოპოზიციური სპექტრიც გადავა მოქმედების აქტიურ ფაზაში და ეს აქტიურობა მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ არჩევნებამდე.

_ შესაძლებელია თუ არა, რომ თქვენ აღმოჩნდეთ ამ კოალიციაში?

_ არა აქვს მნიშვნელობა, მე რომელ პარტიაში ან რომელ კოალიციაში ვიქნები, მე ვარ მთელ საქართველოსთან. პარტიულობაზე თუ ვიმსჯელებთ, მე არ ვყოფილვარ ზვიად გამსახურდიას კოალიციაში, მე არ ვყოფილვარ «მრგვალი მაგიდის» წევრი, მაგრამ ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ბატონ ზვიადისადმი და უზენაესი საბჭოსადმი,  ამიტომაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის არ არის პარტიულობა განმსაზღვრელი: სადაც იქნება ფრონტის ხაზი, იქ ვიქნებით. ახლა მთავარია, თუ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, და ვინც სვამს კითხვას,  სააკაშვილი წავა თუ არა ხელისუფლებიდან, ის პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა იყოს. სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის არსად წავა. ამასთან, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ის უფრო მეტად აგრესიული და საშიში გახდება, ამიტომაც ამ საშიშ ხელისუფლებას საზოგადოება აქტიურობით უნდა დაუპირისპირდეს და უშიშარი უნდა გახდეს. შიშის დაძლევის გარეშე სააკაშვილის დამარცხება გამორიცხულია. თუ არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ საზოგადოებაში არ შექმნეს იმის განცდა, რომ შიში გატეხილია და შეგვიძლია სააკაშვილის დამარცხება, მარტო არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთებთან მისვლით არაფერი გამოვა.

_ ბატონო კახა, რამდენადაც ცნობილია, თქვენ ახლადშექმნილი «ამომრჩეველთა ლიგის» წევრიც გახდით

_ დიახ. მინდა გითხრათ, რომ ეს ლიგა ემსახურება ამომრჩეველთა გააქტიურებას. ამ ლიგაში გაწევრიანება შეუძლია ყველა ადამიანს, ყველა ამომრჩეველს. მთავარია, ამომრჩევლებისგან წამოვიდეს ინიციატივა. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ის, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პასუხს აგებს, ამიტომაც მოვუწოდებთ ყველას, რომ გაერთიანდნენ ამ ორგანიზაციაში. ამ მიზნით  ამომრჩეველთა ლიგის ორგანიზაციები ჩამოყალიბდება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში. ამომრჩეველმა უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი, მთავარი მესიჯი უნდა გავუგზავნოთ ხელისუფალთ, რომ ჩვენი არჩევანის გაყალბებას არ ვაპატიებთ.

_ ბატონო კახა, ახლა რაც შეეხება ჩვენი რეგიონის პრობლემებს: გავრცელებული ვერსიით, მას შემდეგ, რაც სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორი გახდა გურამ მისაბიშვილი, საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას პოზიციები შეირყა. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ რა თქმა უნდა, არა. ხელისუფლების ვერტიკალს მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს. აქ ბევრი რამ არ არის დამოკიდებული არც მისაბიშვილზე, არც გოროზიაზე და არც ახალაიაზე. რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას, რომ მისაბიშვილმა დაასუსტა ახალაიაო, არ არის მართალი. გურამ მისაბიშვილი, შევარდნაძის ცნობილი კადრი, ქურდებისა და ნარკომანების მეგობარი, სენაკში ძალზე კორუმპირებული პიროვნებაა. ის სენაკში შარტავას ძეგლის წინ «ნაც-მოძრაობის» მიტინგებს არბევდა, მერე  შევარდნაძის სადღეგრძელოებს სვამდა და მიხეილ სააკაშვილს აგინებდა. ეს კაცი როგორ იქნება როლანდ ახალაიასათვის საშიში? სააკაშვილის ხელისუფლება სულ რამდენიმე პიროვნებაზე დგას, ესენი არიან: მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია და ახალაიები. ახალაიები შედიან ხელისუფლების კოჰორტაში. ორ კორუმპირებულ კლანს _ გოროზიასა და ახალაიას შორის დაპირისპირება დამთავრდა იმით, რომ ახალაიებმა გაიმარჯვეს. პირდაპირ უთხრა როლანდ ახალაიამ მიხეილ სააკაშვილს: ან _ მე, ან _ გოროზიაო. სააკაშვილმა დააკმაყოფილა ახალაიას მოთხოვნა, ამიტომ მე მეღიმება იმაზე, რომ მისაბიშვილი ახალაიას უპირისპირდებაო. როლანდ ახალაიას მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, რომ სრულად გააკონტროლოს არჩევნების პროცესი სამეგრელოში, რათა სამეგრელო გახდეს მაგალითი მთელი  საქართველოსთვის, თუ როგორ შეუძლია ხელისუფლებას დაამარცხოს და გაანადგუროს ოპოზიცია.

_ ბატონო კახა, ხალხი იმასაც ამბობს, რომ მისაბიშვილი ახალაიას კადრებს თავისი კადრებით ცვლის და არჩევნების წინ სავსებით შესაძლებელია, პრეზიდენტმა ახალაია სამეგრელოს მოაშოროსო. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მსგავსი მითქმამოთქმა?

_ როლანდ ახალაია ოდიოზური ფიგურაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი ეჭვის გაჩენა თვით როლანდ ახალაიას აძლევს ხელს. ახალაიებმა ამჟამად გვერდზე გაწიეს ვანო მერაბიშვილი და  თავად არიან წინა პლანზე. ახლა ახალაიები აგროვებენ ე. წ. ნებაყოფლობით რეზერვს. ეს არის პოლიტიკური თამაში. ასე რომ, როლანდ ახალაია ისევ რჩება მთავარ ფიგურად სამეგრელოში. ეს ჭორი იმიტომ სჭირდებათ, რომ ხალხის ყურადღება  სხვა რამეზე გადაიტანონ და არჩევნები განზე დარჩეს. მოსახლეობისათვის რა მნიშვნელობა აქვს, მისაბიშვილი მოუგებს ახლაიას თუ პირიქით?!

_ ბატონო კახა, თქვენი აზრით, რა ხრიკებისა და მაქინაციების მოწყობას აპირებს ხელისუფლება საარჩევნოდ?

_ მე მართლაც მაქვს ინფორმაცია, თუ რა ხრიკებისა და მაქინაციების დაგეგმვას აპირებს ხელისუფლება, ამიტომაც მინდა მივმართო სამეგრელოს მოსახლეობას:  გაფრთხილდით! არ აღმოჩნდეთ ბრიყვის როლში, რადგან უკვე აპირებენ, განთესონ თავიანთი აგენტურა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა დავაშვებინოთ. ამიტომაც მივმართავ ყველა პოლიტიკური პარტიისა თუ მოძრაობის ლიდერებს: შეხედეთ, ვინ არის თქვენ გვერდით, გაარკვიეთ, ვინ მოვა არჩევნების წინ თქვენთან და კარგად დაფიქრდით, ვისთან გაქვთ საქმე. საქმე კი გვაქვს დიდ ბოროტებასთან და ჩვენ უნდა მოვუგოთ მას, ქვეყანა რომ გადავარჩინოთ.

ლადო ქირია,

ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here