Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინი დაბრუნდა. რა ელის საქართველოს?

პუტინი დაბრუნდა. რა ელის საქართველოს?

714

ახლოვდება ნატოს ჩიკაგოს სამიტი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ამდენ იმედს, ილუზიასა და ფანტაზიას უკავშირებს. პროპაგანდისტული მანქანა ნელნელა იქოქება; გასულ კვირას მან ახალი განსახილველი თემა მიიღო. პარასკევს ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა წარმოადგინა კანონპროექტი ნატოს გაფართოების შესახებ, რომელიც საქართველოს უშუალოდ ეხება.

ეს, როგორც ჩანს, არის მორიგი ტესტი ობამას ადმინისტრაციისთვის: თუ ის აქტიურად დაუჭერს მხარს ნატოში საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას, ამით მოსკოვს დაუპირისპირდება, ხოლო თუ ლუგარის კანონპროექტის ტორპედირებას შეეცდება, ოპონენტები მას წინასაარჩევნოდ ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულებენ. ცხადია, ეს ორი სავარაუდო შედეგი ერთმანეთის თანაზომადი არ არის, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა; მასში, როგორც სარკის ნამსხვრევში, შეიძლება დავინახოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ობამას ადმინისტრაციის გეოპოლიტიკური «დღის წესრიგი» და იმ დამაჯერებელი გამარჯვების საიდუმლო, რომელიც ვლადიმერ პუტინმა რუსეთში მოიპოვა.

გზა ჯანდაბამდე საგზაო რუკაზე

რიჩარდ ლუგარის კანონპროექტი, სხვა ყველაფერთან ერთად, ითვალისწინებს აშშ-ის კანონმდებლობაში იმის დაფიქსირებას, რომ ნატოში გაწევრიანების მოსურნე ოთხივე სახელმწიფო (ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო) განიხილება, როგორც «ნატოს ასპირანტი». ის შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ობამას მიმართ, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების მკაფიო «საგზაო რუკა» წარმოადგინოს. ის მოითხოვს კონგრესში მოხსენების წარდგენას იმ ძალისხმევაზე, რომელსაც აშშ მიმართავს, რათა ნატოს შემდგომი გაფართოება უფრო ადვილი გახადოს, და, აგრეთვე, მოხსენებას პოლიტიკაზე, რომელსაც აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას უზრუნველყოფის მიზნით ატარებს. სენატორი ლუგარი, რომელიც ნატოს გაფართოების აქტიური ლობისტია, გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკელი კანონმდებლები მისი კანონპროექტის განხილვას ჩიკაგოს სამიტამდე (20-21 მაისი) მოასწრებენ.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ნატოსთან რეალურად დააახლოებს, მოსკოვთან დაპირისპირებას გამოიწვევს. ობამას ჰიპოთეტური გამოსვლა ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის «საგზაო რუკის» წარდგენით, აშკარად ასეთი ნაბიჯების რიცხვს მიეკუთვნება. მართალია, ამერიკელ კანონმდებლებს არ შეუძლიათ, ობამას ამის გაკეთება აიძულონ, მაგრამ ლუგარის კანონპროექტი, თუკი მას მიიღებენ, თეთრ სახლს დამატებით ვალდებულებებს დააკისრებს და მანევრის სივრცეს შეუზღუდავს.

ეს სიტუაცია ერთობ მოაგონებს აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ბიუჯეტის 1242-ე მუხლთან («საქართველოს რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა») დაკავშირებულ პრობლემას; თეთრი სახლისთვის მანევრის სივრცის შეზღუდვის მცდელობას ადგილი მაშინაც ჰქონდა. 1242-ე მუხლი, მისი მოთხოვნების სრული რეალიზების შემთხვევაში, ობამას ადმინისტრაციას (საკმაოდ სწრაფად) არ დაუტოვებდა მოქმედების სხვა ვარიანტს, საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების გარდა (ალტერნატივა კანონის მოთხოვნის უგულებელყოფა და მისგან გამომდინარე შედეგები იყო), რაც ისევ და ისევ აშშ-რუსეთის დაპირისპირებას გააღვივებდა. ობამამ ოპონენტების ეს «გარღვევა» იმით მოიგერია, რომ ბიუჯეტს საგანგებო შენიშვნა დაურთო, რომელშიც აღნიშნა, რომ ამ მუხლის შესრულება შეიძლება არასავალდებულოდ ჩათვალოს. ამჯერად კი მას, როგორც ჩანს, ლუგარის ინიციატივის ტორპედირება მოუწევს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამა თუ იმ ფორმით დაავალდებულებს აშშ-ის ხელისუფლებას, მუდამ აქტიურად იზრუნოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ეს კონფრონტაციას მოსკოვთან გარდაუვალს გახდის.

ახლა კი «გადავახვიოთ ფირი» და წარმოვიდგინოთ, რომ გავიდა ერთი წელი და ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამას ნაცვლად მიტ რომნი ზის. მართალია, დღეს ის მოქმედ პრეზიდენტს რეიტინგებში თითქმის უიმედოდ ჩამორჩება, მაგრამ დროებით დავუშვათ, რომ მოხდა სასწაული და რომნიმ არჩევნები მოიგო. ამ კანდიდატის დღევანდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ის რუსეთთან დაკავშირებით გაცილებით  ხისტად იმოქმედებდა. მაგალითად, მწვავედ გააკრიტიკებდა 4 მარტს ჩატარებულ არჩევნებს და პუტინს ლამის არალეგიტიმურ მმართველად გამოაცხადებდა. მართალია, მსგავსი განცხადებების ანალიზის დროს წინასაარჩევნო კონიუნქტურა უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა რომნი, დიდი ალბათობით, მართლაც იქნებოდა უფრო ხისტი და არც ლუგარის საკანონმდებლო ინიციატივას დაბლოკავდა.

აქ ჩვენ ძალიან საინტერესო კითხვას მივუახლოვდით: რატომ არ სცადა ვაშინგტონმა რუსეთში «ფერადი რევოლუციის» რეალური ხელშეწყობა და რატომ შეხვდა ასე მშვიდად პუტინის გაპრეზიდენტებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომენტატორი (და, სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლებაც) მისგან გაცილებით აქტიურ მოქმედებას ელოდა; წარმატების შემთხვევაში ხომ კრემლში პუტინზე გაცილებით უფრო სუსტი, დამყოლი, ვაშინგტონისთვის მეტად კომფორტული მმართველი დაბინავდებოდა? მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ არ გარისკა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ამ პროექტის ჩავარდნის ალბათობა მაღალი იყო, ხოლო მოსალოდნელი შედეგი _ მძიმე. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა ფსონზე მიდიოდა საუბარი სინამდვილეში 4 მარტს, უმჯობესი იქნება, ლუგარი თავისი კანონპროექტით სენატის დერეფანში დავტოვოთ და პირდაპირი რეისით პეკინში გავემგზავროთ.

ბალადა წითელ დრაკონზე

თანამედროვე გეოპოლიტიკური თამაში არ არის ჭადრაკი; მასში ორზე მეტი მოთამაშე მონაწილეობს, ის უფრო პოკერს, ან ბრიჯს მოგაგონებს. სხვათა შორის, ყველა თანამდებობის დატოვების შემდეგ დენ სიაოპინი მხოლოდ ერთს _ პოსტს ვერ შეელია და ჩინეთის ბრიჯის ფედერაციის თავმჯდომარედ დარჩა. დენს უყვარდა ეს თამაში, რომელიც სტრატეგიულ ალღოს ავითარებს.

კრიტიკულ მომენტში, როდესაც ბევრს მოეჩვენა, რომ ვაშინგტონი რუსულ შიდაპოლიტიკურ თამაშში აქტიურად ჩაერევა და პუტინს შესაძლებლობების მთელი სპექტრის გამოყენებით დაუპირისპირდება, 30 იანვარს გაზეთ «ჟენმინ ჟიბაო»-ში (ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ორგანო) ერთი მოკლე წერილი გამოქვეყნდა. მოდით ვნახოთ, რას წერს ამხანაგი დან სიუი პეკინის უნივერსიტეტიდანსათაური: «ჩინეთმა და რუსეთმა ევრაზიული ალიანსი უნდა შექმნან». ციტატები: «ჩინეთმა და რუსეთმა, რომლებიც ერთიან ინტერესებს მისდევენ და მსოფლიოში მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ, ერთობლივად უნდა შეაკავონ აშშის ზეწოლა სუსტ ქვეყნებზე და შებოჭონ მისი სტრატეგიული ამბიციები იმპერიის შექმნის მიმართულებით», «ჩინეთმა უნდა შეცვალოს საერთაშორისო საქმეების გადაწყვეტის წესი, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებსა და მშვიდობიან მიზნებს ეფუძნება და ქვეყნის მომავალი განვითარება სტრატეგიული სიმაღლიდან დაგეგმოს. ზღვაზე შეტევის პარალელურად, ჩვენ უნდა დავიკავოთ ევრაზიის დასავლეთი ნაწილი, სივრცის დროზე გაცვლის მიზნით, და ამერიკელების შეკავების სტრატეგიას წინ აღვუდგეთ». შესაძლოა, სწორედ ეს არის გასაღები, რომელიც ობამას რუსული სტრატეგიის გაგებაში დაგვეხმარება. მოსკოვში წარუმატებლობის შემთხვევაში (აქ იგულისხმება რეალური შეტევა პუტინის პოზიციებზე და არა ის ვოდევილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა) ვაშინგტონი, ძალიან დიდი ალბათობით, მართლაც მიიღებდა ორი გიგანტის «ევრაზიულ ალიანსს», მთელი იმ პერსპექტივით, რომელსაც ამხანაგი დან სიუი ასეთი მრისხანე პოეტურობით აღწერს.

დავუშვათ, რომ დან სიუის წერილი «ჟენმინ ჟიბაო»-ში «შემთხვევით გაიპარა» და ის ერთი ჩვეულებრივი «ქორია», ისევე, როგორც ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი, გენერალ-მაიორი ჩჟან ჩიონგი თავისი ცნობილი ციტატით: «ჩინეთი ორჭოფობის გარეშე დაიცავს ირანს, თუნდაც ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს», მაგრამ რა ვუყოთ კიდევ ერთ (ეშმაკი დეტალებშია) ინფორმაციას ჩინეთიდან ჩჰინა.ორგ.ცნ-ზე, რომელსაც, ოფიციალურად, სახელმწიფო საბჭოს პრესკანცელარია მართავს, აქტიურად განიხილება ჯერაც ფორმულირების სტადიაში მყოფი კანონპროექტი «ავიამზიდების შესახებ», რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მან, მათ შორის, სამართლებრივი საფუძველი უნდა ჩაუყაროს საწარმოო საშუალებების მობილიზაციას ავიამზიდების შექმნისთვის, ეს კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პეკინი ქმნის წინაპირობებს ავიამზიდების პროგრამის ფორსირებისთვის. რა ქნას ახლა ბარაკ ობამამ? პერლ-ჰარბორში დაჯდეს, დაელოდოს ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული ალიანსის შექმნას და იმკითხაოს იმაზე, თუ რა ნაყოფს გამოიღებს რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და სამხედრო ტექნოლოგიების შერწყმა ჩინეთის «გლობალური ფაბრიკის» შესაძლებლობებთან? ობამას, რა თქმა უნდა, შეეძლო გაერისკა და პუტინთან მწვავე კონფრონტაციაში შესულიყო, მაგრამ წარუმატებლობა ამ შემთხვევაში აშშ-ისთვის გლობალური მასშტაბის მარცხს, რუსეთ-ჩინეთის ალიანსის ფორმირებას მოასწავებდა. სავარაუდოდ, ამიტომ თეთრი სახლი რუსულ არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე სიმბოლური ჟესტით შემოიფარგლა, რომლებიც ქართველი კომენტატორების ნაწილმა რატომღაც მოსკოვში რევოლუციის მოახლოების უტყუარ ნიშნად ჩათვალა. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ობამას ადგილას მიტ რომნი?

შესაძლოა, 4 მარტს ვლადიმერ პუტინმა მოიგო არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ვაშინგტონსა და პეკინს შორის თავისუფალი მანევრის და, შესაბამისად, ევრაზიაში, მასშტაბური პროაქტიური თამაშის დაწყების შესაძლებლობა, რამაც რუსეთის ისედაც დიდი გეოპოლიტიკური წონა კიდევ უფრო გაზარდა. ამ თამაშის სივრცე და ძირითადი პრინციპები პუტინმა ჯერ კიდევ არჩევნების წინ წარმოადგინა თავის ცნობილ წერილში «ევრაზიული კავშირის» შესახებ. სხვათა შორის, ეს სტატია არ დაიბეჭდებოდა, ამ იდეის პრეზენტაციისთვის სათანადო გეოპოლიტიკური წინაპირობები რომ არ შექმნილიყო.

ზოგიერთი კომენტატორის დღევანდელი შელოცვები იმის თაობაზე, რომ პუტინი დღეს დასუსტებულია, ამიტომ იძულებული იქნება, ოპოზიციის ყველა კაპრიზი შეასრულოს და დასავლეთთან საუბრის დროს უფრო დამთმობი გახდეს, შესაძლოა, საკუთარი თავის მოტყუებაა. სიტუაციის დაკვირვებას უფრო იმ ვარაუდისკენ მივყავართ, რომ პუტინმა 4 მარტს კარტ-ბლანში მიიღო როგორც რუსეთის შიგნით, ისე (ცხადია, გონივრულ ჩარჩოებში) მის ფარგლებს გარეთ აქტიური მოქმედებისთვის. საქართველოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა, მათ შორის ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწევს.

«რაცა გნებავს თავისა შენისათვის»

7 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჩიკაგოს ნატოს სამიტამდე ორიოდე დღით ადრე კემპდევიდში, «დიდი რვიანის» სამიტზე შეხვდებიან. «გადატვირთვის» ახალი ეტაპისთვის ათვლის წერტილი სწორედ ეს შეხვედრა გახდება. მთელი მსოფლიო ცდილობს იმის ამოცნობას, თუ როგორი იქნება პუტინის პირველი ნაბიჯები საერთაშორისო არენაზე, მათ შორის _ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით ერთგვარ საცდელ პოლიგონად არ იქცეს; ახლა მკვეთრი მოძრაობების დრო, ალბათ, არ არის. დღეს ჩვენ რუსეთთან რაიმე ფორმით კონფრონტაციისთვის არანაირი რესურსი არ გვაქვს.

ზესახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა არ ჰგავს გემის მოძრაობას, რომლის კურსი შეიძლება საკმაოდ სწრაფად 180 გრადუსით შეიცვალოს, ის უფრო მატარებლის მოძრაობას მოგაგონებს; მას თანმიმდევრულობა და მემკვიდრეობითობა ახასიათებს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პუტინის დაბრუნება კრემლში რუსეთის მოქმედებას საერთაშორისო არენაზე მეტ სიხისტესა და რელიეფურობას შესძენს. ჩვენთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია, არ აღმოვჩნდეთ რელსებზე მაშინ, როდესაც რუსული ჯავშანმატარებელი აჩქარებას დაიწყებს, რაც ახლო პერსპექტივაში აუცილებლად მოხდება. დღეს აქტუალური იმის დადგენა კი არ არის, რა მოუვა ამ მატარებელს  მომავალში: ლიანდაგიდან გადავარდება თუ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად ჩააღწევს; დღეს მთავარია, რომ მან ჩვენ არ გადაგვიაროს.

არის ერთი ძველი დიალოგი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ფუნდამენტი საქართველოს წარმატებული საგარეო პოლიტიკისთვის. როდესაც შაჰმა ვახტანგ გორგასალს უთხრა: «ითხოვე ჩემგან, რაცა გნებავს თავისა შენისათვის», ქართველთა მეფემ უპასუხა: «მნებავს, რათა იყოს მშვიდობა შენ შორის და კეისრისა», შესაძლოა ამ სიტყვების დაკვირვება დაგვეხმარება იმ პოზიციის მოძებნაში, რომელიც უნდა დაიკავოს საქართველომ გზაგასაყარზე დიდ აღმოსავლეთსა და დიდ დასავლეთს შორის. არის კიდევ ერთი გამონათქვამი, რომელიც, მართალია, ოტო ფონ ბისმარკს ეკუთვნის, მაგრამ ამ იდეაზე დაფუძნებულ პოლიტიკას საქართველოს წარმატებული მმართველები მის დაბადებამდე გაცილებით ადრე მისდევდნენ: «გერმანიას თითოეულ მეზობელ ქვეყანასთან უფრო კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან აქვთ».

არც გორგასლის და არც ბისმარკის ფრაზა არ არის ლოზუნგი ან ბრჭყვიალა სიტყვების რახარუხი; ეს პრინციპებია, რომელთაც დღესდღეობით ძალიან დავშორდით. არადა, ქვეყნის გამთლიანება და ქართული სახელმწიფოს რამდენადმე ხანგრძლივი არსებობა ამ პრინციპების გათვალისწინების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი ჩანს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here