Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო _ ამერიკული თამაშის ახალი მსხვერპლი

საქართველო _ ამერიკული თამაშის ახალი მსხვერპლი

682

რამდენიმე თვეა, რაც  პოლიტიკით დაინტერესებული ქართული საზოგადოება იმის ფიქრშია, თუ რას აპირებს სააკაშვილი მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებითდარჩება იგი ხელისუფლებაში რაიმე სხვა თანამდებობაზე თუ საერთოდ წავა პოლიტიკიდან. მიხეილ სააკაშვილის  შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ ყველა ქართველის ყურადღება ერთი რამისკენ იყო მიმართული _ რა უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა ბატონ სააკაშვილს. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედის ნაპერწკალი გააღვივა სააკაშვილთან შეხვედრისას ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ხელისუფლების ფორმალურ გადაცემასთან დაკავშირებით.

ვისაც ოდნავ მაინც ესმის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის უმთავრესი სტრატეგიული პრინციპები, ალბათ, დამეთანხმება, რომ ამერიკელები მიხეილ სააკაშვილის  გაშვებას პენსიაზე ჯერ არ აპირებენ, ვინაიდან მას ჯერ კიდევ ის სტრატეგიული ამოცანები არ ამოუწურავს, რომლებიც მას ოკეანისგაღმელებმა დააკისრეს. მან მომავალ პოლიტიკურ თამაშებში, რომელსაც ქართული პოლიტიკური სისტემის არქიტექტორი ამერიკელები  გეგმავენ საქართველოში, მათ მიერვე კონტროლირებადი პოლიტიკური ძალების მეშვეობით, საკვანძო ადგილი უნდა დაიკავოს ბიძინა ივანიშვილთან და მის პროამერიკულ, ლიბერალურ გუნდთან ერთად. ამას მოწმობს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას გაკეთებული განცხადებაც, როცა მან პირდაპირ აღიარა ხელისუფლებაში დარჩენა და საკუთარ გუნდთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვა. ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ პროცესებს სრულად და ტოტალურად ამერიკელები აკონტროლებენ და სადაც არც ერთი გადაწყვეტილების მიღება და გახმოვანება არ ხდება მათთან შეუთანხმებლად, არც ასეთი ტიპის განცხადება  გაკეთდებოდა თვითნებურად.

ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ანალიზისას, აუცილებელია ყურადღების გამახვილება სოციუმის ნაციონალურ ხასიათზე, მის ღირებულებით ორიენტირებსა და მენტალობაზე. ამის შემდეგ კი შესაძლებელია პოლიტიკურ პროცესებში გარკვევა და გარკვეული დასკვნების გაკეთება. ქართული საზოგადოება დასავლური საზოგადოებისაგან განსხვავდება თავისი კოლექტიური ბუნებითა და პატრიარქალურობით, რომელიც აქცენტს ძლიერ, ქარიზმატულ ლიდერზე აკეთებს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა 2003 წელს რევოლუციური გადატრიალების გზით, როდესაც მას მხარი დაუჭირა ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ისეთი ტიპის პატრიარქალურ საზოგადოებებში, როგორსაც ქართული საზოგადოება წარმოადგენს, ყურადღებას არ ამახვილებენ იმაზე,  თუ ვინ არის ლიდერის გარშემო. მთავარია, საზოგადოებას მოსწონდეს ესა თუ ის ლიდერი და მას აღჭურვავს განუსაზღვრელი ძალაუფლებით. ქართველების ეს ბუნება ბრწყინვალედ შეისწავლეს ჩვენმა ამერიკელმა «პატრონებმა», რომელთაც სტრატეგიული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოში. ისინი ცდილობენ, საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ საქართველოზე მათ მიერ კონტროლირებადი ძალების მეშვეობით და მათ მიერ შემოთავაზებული დემოკრატიულობანას თამაშით. ამ მიზნით, როგორც ჩანს, ამერიკელმა სტრატეგებმა გარკვეული კორექტივები შეიტანეს საქართველოში, პოლიტიკური პროცესების გაკონტროლების მიზნით.

ამერიკული პოლიტიკური სისტემა, თუ ამერიკული პოლიტიკური მეცნიერების კლასიკოსებს ჩარლზ ლინდბლომს და რობერტ დალს დავესესხებით, წარმოადგენს პოლიარქიას, ანუ მრავალთა მმართველობას, რომელშიც მართვა ხორციელდება რამდენიმე სხვადასხვა ავტონომიური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით. ძალაუფლება პოლიარქიის დროს ტრადიციულად გადანაწილებულია ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მსხვილი საზოგადოებრივი სტრუქტურების მიერ. ამერიკაში ყველაზე მძლავრ ასეთ საზოგადოებრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ბიზნესელიტა და  სტრატეგიული კვლევითი ცენტრები, რომლებიც დებენ სხვადასხვა პოლიტიკურ სტრატეგიას, მათი ინტერესების სფეროში არსებული ქვეყნების პოლიტიკური თუ სოციალური სისტემების კვლევის შემდეგ.  ამერიკული პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა  თუ პრეზიდენტი იძულებულია, დაემორჩილოს მათ მოთხოვნებსა თუ სტრატეგიებს, ეს იქნება ობამა თუ ნებისმიერი სხვა. ასე რომ, დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა თქვა ობამამ. ამერიკაში  პრეზიდენტი  ერგება სისტემას და არა სისტემა _ პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკელმა სტრატეგებმა თამაშის ახალი გეგმა შეიმუშავეს საქართველოსთვის პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ, დიდი ალბათობით, სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად დარჩება ხელისუფლების უმაღლეს პედესტალზე. ამერიკელები ცდილობენ ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის შექმნას და მის ფაქტობრივ დახურვას, ხოლო იურიდიულად ის ღია იქნება. საერთოდ პოლიტოლოგიაში ორი ტიპის პოლიტიკური სისტემა გამოიყოფა: ღია და დახურული. დახურულიც, თავის მხრივ, იყოფა ორ ტიპად: ერთის მხრივ, როდესაც სისტემა დახურულია როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად, და მეორე, როდესაც იგი ღიაა იურიდიულად, მაგრამ ფაქტობრივად დახურულია. ჩვენს შემთხვევაში ადგილი ექნება მეორეს, იურიდიულად პოლიტიკური სისტემა ღია იქნება, ანუ დემოკრატიული, ხოლო ფაქტობრივად _ დახურული, ანუ არადემოკრატიული.

ამერიკელებს და მათ მიერ კონტროლირებად ქართველ «პრარაბებს»  საქართველოში ანგლოსაქსურ ქვეყნებში არსებული ანალოგის გადმოტანა სურთ. ისინი ცდილობენ, შექმნან ორი პოლუსი, ორივე, რა თქმა უნდა, მართული იქნება ვაშინგტონიდან. შეიქმნება ისეთი სიტუაცია და ისეთი ტიპის დემოკრატიული სისტემა, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკის თეორეტიკოსმა ჟოზეფ შუმპეტერმა შემდეგნაირად დაახასიათა: «დემოკრატია წარმოადგენს  ინსტიტუციონალურ პროცედურას (მექანიზმს), რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუმთა მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღწევას, ელექტორატის ხმების მოსაპოვებლად კონკურენტული ბრძოლის გზით». ეს ნიშნავს, _ როდესაც პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები იბრძვიან არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, თუ ამ კონცეფციას მივუსადაგებთ ქართულ პოლიტიკურ რეალობას, ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი დაიწყებს ბრძოლას ქართველი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად. ამომრჩეველს კი სხვა რა დარჩება, თუ არა ხმა მისცეს ამ ორიდან რომელიმე ერთს, რომელთა ღირებულებითი ორიენტირები თუ მსოფლმხედველობა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ისე, საინტერესოა, რა განსხვავება შეიძლება არსებობდეს (საუბარია მსოფლმხედველობრივზე) ქალბატონ ხიდაშელსა და ბატონ ბოკერიას შორის, ორივე  სოროსის «კანტორიდანაა» და ორივე გაჟღენთილია ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური ღირებულებებით.

უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში იმედგაცრუება გამოიწვია მრავალ მიზეზთა გამო. მან ვერ გადაწყვიტა ის საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად  მას ნდობა გამოუცხადა ქართული საზოგადოების უმრავლესობამ 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფორმალურად  მისი არჩევის დროს. მან ვერ მოახერხა ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი, პირიქით, რეგრესს განიცდის, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილის კიდევ უფრო გაღატაკება გამოიწვია. მისი მმართველობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის მაჩვენებელმა გაუსწრო შევარდნაძის დროინდელ მაჩვენებელს, ადგილი ჰქონდა არჩევნების გაყალბებას და, რაც მთავარია, მან ვერ მოახერხა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უფრო მეტიც: მისმა მმართველობამ კიდევ უფრო მეტად დააშორა საქართველო თავის ძირძველ ტერიტორიებს. ეს არის ის მიზეზები, რომლებმაც ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი მიტინგები გამოიწვია, ხოლო საზოგადოების მხრიდან წამოსული მოთხოვნების შეუსრულებლობამ მოსახლეობის დიდი ნაწილი და ხელისუფლება დააშორა ერთმანეთს. ამ ყველაფერმა ქვეყანაში გამოიწვია ლეგიტიმურობის კრიზისი, რომლის დროსაც არსებული ხელისუფლება არ სარგებლობს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით, მაგრამ იგი ინარჩუნებს საკუთარ ძალაუფლებას გაყალბებული არჩევნების მეშვეობით.

დღეს არსებულ ლეგიტიმურობის კრიზისში ლომის წილი ოპოზიციასაც მიუძღვის, რომელმაც ვერ შეძლო საზოგადოებიდან წამოსული ენერგიისათვის სწორი მიმართულების მიცემა და ხელისუფლების იძულება, დათმობებზე წასულიყო; პირიქით, გადამწყვეტ მომენტში უკანაც დაიხია, რამაც საზოგადოების მხრიდან სრულიად საფუძვლიანი უკმაყოფილება გამოიწვია ოპოზიციური სპექტრის მიმართ და საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, ნიჰილისტურად განაწყო პოლიტიკური პროცესებისადმი. ამან ოპოზიციური პარტიების რეიტინგების მკვეთრი დაცემა გამოიწვია. ხელისუფლების მიმართ არსებული ნეგატიური მუხტის მაორგანიზებელი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის არარსებობის პირობებში, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ დაიწყეს ტოტალური კონტროლი  საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე. ისინი შეეცადნენ პოლიტიკური სისტემის იმაზე მეტად დახურვას, ვიდრე მანამდე არსებობდა. ასეთი ტიპის პოლიტიკური სისტემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადგილი აქვს სისტემის გარეთ არსებული კონტრელიტის ფორმირებას, რომელიც სარგებლობს მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილებით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ და გადატრიალების გზით ამხობს არსებულ ხელისუფლებას. საქართველოს შემთხვევაში,  რევოლუციური პოლიტიკური ძალა შეიძლებოდა  სრულიად დამოუკიდებელი ყოფილიყო გარე ძალებისაგან (ამერიკელებისაგან), ჩვენი ხელისუფლებისა და ურეიტინგო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისაგან განსხვავებით, რაც ამერიკელების ინტერესებში არ შეიძლებოდა შესულიყო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ამერიკელებმა პოლიტიკაში შემოსვლა აიძულეს საქართველოში საკმაოდ ავტორიტეტულ და პატივსაცემ ბიზნესმენსა და მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს (ვისაც სჯერა იმის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ვაჟიშვილის თხოვნით წავიდა, ეს მისი _ მიამიტი ქართველის პრობლემაა), რომელმაც ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს და არაეროვნული და პროამერიკული, ლიბერალური ჯგუფი უნდა შეიყვანოს პოლიტიკურ სისტემაში, რითაც უნდა აღადგინოს დარღვეული პოლიტიკური ბალანსი, რომელიც დაირღვა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უნიათობის გამო. ბალანსის აღდგენით შეიქმნება ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა და ამომრჩეველი იძულებული იქნება, არჩევანი გააკეთოს ამ ორი ძალიდან რომელიმეზე, სხვა ალტერნატივა მას არ ექნება. ამ არგუმენტების გასამყარებლად აუცილებელია, დავაკვირდეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულ პოლიტიკურ სუბიექტებს: რესპუბლიკელებსა და ალასანიას პარტიას, რომელთა რეიტინგი, ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევებით, 1 ან 2%-ს შეადგენს და რომელთა მიმართ საქართველოში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს მათი ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგიის გამო. აქვე მინდა დავამატო ქალბატონ ნანა დევდარიანის წერილიდან ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი, რომელიც შიგნიდან აკვირდებოდა მოვლენებს და რომელმაც დატოვა «ქართული ოცნება»: …»ივანიშვილის ბანაკში ორი მეგობარი პარტია იმასაც უწყვეტს ჯერ არშექმნილ პარტიას, ვინ იყოს მის რიგებში და ვინ _ არა». ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომელ ორ პარტიაზეა საუბარი, რომლებიც პირდაპირ კონტროლდებიან ამერიკელი კურატორებისაგან. ცნობილი ამერიკელი სტრატეგის, სტივენ მანის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ივანიშვილი ლიბერალური ვირუსით დაავადებული ინდივიდების შეყვანას ცდილობს პოლიტიკურ სისტემაში, რათა ამერიკელებს  ქართული პოლიტიკური სისტემის გაკონტროლების საშუალება მისცეს ლიბერალური ვირუსით ინფიცირებული ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მომავალში შექმნიან ერთ-ერთ მძლავრ პოლიტიკურ ფლანგს.

ორპოლუსიანი პარტიული სისტემის შესაქმნელად მიხეილ სააკაშვილის დარჩენაც აუცილებელია, ვინაიდან, თუ სააკაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ ჩაუდგება სათავეში «ნაციონალურ მოძრაობას», ეს უკანასკნელი გაქრება პოლიტიკური სცენიდან, როგორც გაქრა მისი წინამორბედი «მოქალაქეთა კავშირი», რაც, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არ შედის ამერიკელების ინტერესებში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერ პატრიარქალურ საზოგადოებაში და მათ შორის _ ქართულში, საზოგადოება აქცენტს აკეთებს ქარიზმატულ ლიდერზე და არა პარტიულ იდეოლოგიაზე ან პროგრამაზე. გვინდა თუ არა, სააკაშვილს აქვს ქარიზმა, ამიტომ რიგი ადამიანებისა ამ ხელისუფლების მომხრეები რამდენიც არ უნდა იყვნენ, პირადად მას აძლევენ ხმას და არა «ნაციონალურ მოძრაობას». ნურავინ იტყვის, რომ ქართველი ამომრჩეველი პარტიული პროგრამების კითხვით იკლავს თავს და ამის შემდეგ აკეთებს არჩევანს რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე.

სააკაშვილის წასვლით კი «ნაციონალურ მოძრაობას»  გარანტირებული აქვს ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე. ამ უკანასკნელის წასვლით მის ადგილს ალტერნატიული ძალა დაიკავებს, ასეთს ივანიშვილი და მისი გუნდი წარმოადგენენ. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი ისევე გაკოტრდებიან, როგორც დღევანდელი ხელისუფლება, რადგან მათი იდეოლოგიური თუ საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია იგივე იქნება, როგორიცაა  სააკაშვილისა და მისი გუნდის, ხოლო მათი დამაბალანსებელი ახალი პროამერიკული ძალა უკვე აღარ იარსებებს. ამ შემთხვევაში, სისტემა გაიხსნება და ოპოზიციური ფლანგი კვლავ გამოთავისუფლდება, რაც ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის აღმასვლას შეუწყობს ხელს  და ეს ოპოზიცური ძალა შეიძლება ამერიკელების მხრიდან არაკონტროლირებადი აღმოჩნდეს, რაც ამერიკელების ინტერესებში არ შედის.  თუ დავეყრდნობით უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვის  შედეგებს, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ფონდ «ღია საზოგადოება-საქართველოს» თანადაფინანსებით ჩატარდა, ამერიკელების რეიტინგი საქართველოში სულ უფრო ეცემა, ამიტომ ამერიკელებისთვის უკეთესი ხდება ორი პოლიტიკური ძალის  დარჩენა პოლიტიკურ არენაზე, რადგან ორივე მათი კონტროლის ქვეშ იქნება. სააკაშვილის ამოცანა ხდება «ნაციონალური მოძრაობის» შეყვანა სისტემაში, ივანიშვილისა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, _ მის გარშემო არსებული რესპუბლიკელებისა და ალასანიას პარტიის. არ გამოვრიცხავ, მასზე დაკისრებული ამოცანის შესრულების შემდეგ, ის წავიდეს პოლიტიკიდან. მან უკვე ერთ-ერთ მის წერილში აღნიშნა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში ყოფნას ორ წელზე მეტხანს.

სააკაშვილი, სავარაუდოდ, სათავეში ჩაუდგება «ნაციონალურ მოძრაობას» არჩევნებში, ამაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: «როგორც «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერი ყველაფერს გავაკეთებ, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» არჩევნებში გაიმარჯვოს». მის გარეშე სახელისუფლო პარტიას არანაირი შანსი არ ექნება. «ნაციონალური მოძრაობას» გაამარჯვებინებენ ისეთი პროცენტული მაჩვენებლებით, რამდენიც საჭირო იქნება უმრავლესობის შესაქმნელად პარლამენტში, რითაც სახელისუფლო პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, დააკომპლექტოს მთავრობა. პრეზიდენტი კი დარჩება პოლიტიკაში, მაგრამ რა თანამდებობაზე _ პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ პრემიერმინისტრი, ამას დიდი მნიშვნელობა არ  აქვს.

ორპოლუსიანი პარტიული სისტემის შექმნის შემდეგ, ორი დიდი მოთამაშის მიერ პოლიტიკურ სისტემაში არსებული სხვა პატარა პოლიტიკური პარტიები თანდათან გაირიყებიან სისტემიდან, ზოგიერთს კი ეს ორი ძალა შეისრუტავს.

ირაკლი უბილავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here