Home რუბრიკები საზოგადოება პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ამოფარებული ღვინის პრომოუტერი

პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ამოფარებული ღვინის პრომოუტერი

1615

გოჩა ტყეშელაშვილი უკანასკნელი წლების ტელეწამყვანისა და ბიზნესმენის  ეტალონად ჩამოყალიბდა, ხოლო მისმა ამავე სახელწოდების გადაცემამ იმაზე მეტი ტელეარხი გამოიცვალა, ვიდრე ინგა გრიგოლიამ _ გაქრისტიანებამდე. გადაცემა «ეტალონის» საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებაზე თვით საქართველოს პარლამენტის წევრები ზრუნავდნენ.

ქართულ ვიკიპედიაში განთავსებული «ეტალონის» აღწერა იმდენად ნიშანდობლივია, რომ მის შესავალს (სარედაქციოს) უცვლელად შემოგთავაზებთ: «ეს სტატია (ანუ «ეტალონის» ავტორისეული აპოლოგია. _ თ.დ.) იკითხება როგორც პრეს-რელიზი ან ზედმეტად სააგიტაციო ხასიათისაა. გთხოვთ, დაგვეხმაროთ და გადააკეთოთ ეს სტატია მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით. აშკარად სარეკლამო ხასიათის ტექსტის დაუყოვნებლივი წაშლისთვის მონიშვნა შესაძლებელია თარგით (წასაშლელი – სპამი)».

ცხადია, მის წაშლაზე ან გადაკეთებაზე არავის უზრუნია, თავად «ეტალონის» ავტორი კი იქვე მოურიდებლად ეწევა თვითრეკლამას: «გადაცემა «ეტალონი» პირველი მსხვილმასშტაბიანი პროექტია (საჭიროებს წყაროს მითითებას), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობის მასობრივ დაინტერესებას სწავლა-განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მათ შორის მედიასაშუალებებით.

ეტალონი, ანუ ყველაზე ეროვნული მედიაპროექტი, ტელეკომპანია «იმედისა» და ჟურნალ «რეიტინგის» ერთობლივი, მოსწავლე-ახალგაზრდობაზე გათვლილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები (სტილი დაცულია! – თ.დ.). «ეტალონის» იდეის ავტორია მისი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი. პროექტის შექმნის შემდეგ სულ მალე იქცა ქვეყნის მასშტაბით მოზარდთათვის ყველაზე პოპულარულ გადაცემად (საჭიროებს წყაროს მითითებას). ახალგაზრდებთან ერთად მას სიამოვნებით უყურებენ უფროსი ასაკის ადამიანებიც (საჭიროებს წყაროს მითითებას).

პროექტს ეთერში გასვლამდეც კი მხარს უჭერდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. «ეტალონი» სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს (საჭიროებს წყაროს მითითებას). «ეტალონი» ქართული პროექტია და მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს (საჭიროებს წყაროს მითითებას). იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულ მხარეს ეკუთვნის. «ეტალონი» სერიოზულ დაინტერესებას იწვევს საზღვარგარეთ და შესაძლებელია, მალე სხვადასხვა ქვეყნის არხებზეც ვიხილოთ (საჭიროებს წყაროს მითითებას).

«ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ» ქალაქ ჰანოვერში (გერმანია) 2006 წლის 26-28 მაისს ფართომასშტაბიან კონფერენციაზე პროექტი «ეტალონი» პედაგოგიკის სიახლედ აღიარა, დიპლომი და ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი «მედიაპედაგოგიკა» შეურჩია (საჭიროებს წყაროს მითითებას)».

«მედიაპედაგოგ» გოჩა ტყეშელაშვილს სულაც არ აწუხებს ეს ხშირი მითითება: საჭიროებს წყაროს მითითებას, მან ხომ საკუთარი თავი «ეტალონად» თავად გამოაცხადა და ვინმეს დამოწმება არაფერში სჭირდება! მერე რა, რომ «პირველი მსხვილმასშტაბიანი პროექტი», «ყველაზე ეროვნული მედიაპროექტი», «ქვეყნის მასშტაბით მოზარდთათვის ყველაზე პოპულარული გადაცემა», «მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს»  მთლიანად გოჩა ტყეშელაშვილის ფანტაზიის ნაყოფია, ამისთვის წყაროს მითითება სულაც არ არის სავალდებულო! რაც შეეხება იმას, რომ «ეტალონი» სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს, ამას ქვემოთ მივუბრუნდეთ, ახლა კი ვნახოთ, როგორ ახერხებს ტყეშელაშვილი «ამა ქვეყნის ძლიერებთან» ურთიერთობას და მათი პირადი პირისფარეშობით როგორ განაგრძობს საკუთარი «მცირე ტელეიმპერიის» გაძლიერებას.

2008 წლის 16 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია ხუბუას ბრძანება 22/01.01 გამოუცია, რომელშიც «ეტალონის» შემოქმედებით ჯგუფთან ერთად «სტუდენტური პროექტის – დიდი პერსპექტივა» ერთობლივი განხორციელების მიზნით საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი შეუქმნია. უნივერსიტეტიდან პროფესორების გამყრელ ხუბუას ამაზე უფრო დიდი საზრუნავი არ ჰქონია და ამ ჯგუფში (საკუთარი თავით დაწყებული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით გაგრძელებული და თითქმის ყველა დეპარტამენტის უფროსებით დამთავრებული) სულ 12 პირი შეუყვანია. «ეტალონს» ამხელა რესურსი არ ჰქონდა და მისი მხრიდან 5 პირი _ გოჩა ტყეშელაშვილი და მისი პროდიუსერ-ასისტენტები იყვნენ წარმოდგენილნი.

გაურკვეველია, რამ შეუშალა ხელი ამ პროექტის განხორციელებას, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ «სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ, უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს». მიზეზი ორი შეიძლებოდა ყოფილიყო: პირველი – რექტორი ხუბუა კორუფციაში დაადანაშაულეს და გერმანიაში გაიქცა; მეორე (უფრო რეალისტური) _ მისი განხორციელება 2008 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ იმ ზაფხულმა სულ სხვა რამით – ტერიტორიების დაკარგვით დაგვამახსოვრა თავი.

თუმცა გოჩა ტყეშელაშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის გამო ხელები არ ჩამოუყრია და 2009 წელს ახალი იდეა გაუჩნდა. ეკონომიკის მაშინდელ მინისტრ ლაშა ჟვანიასთან ერთად მან სატელევიზიო ბიზნესმარათონის «ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია» განხორციელება დაიწყო. რა კავშირშია ეს საქმიანობა «მედიაპედაგოგიკასთან», კაცმა არ იცის, თუმცა ამ მიზნით პროექტში 16 სასწავლებლის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტები ჩართეს. ლაშა ჟვანიამ მათთან შეხვედრაზე განაცხადა: «სამწუხაროდ, ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში იმპორტი სჭარბობს ექსპორტს, Aამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული პროექტი გარკვეულწილად დაგვეხმარება ამ მიმართულებით. ამასთან, ეს ყველაფერი მიბმულია ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა ყველა თაობის ერთობლივი ძალისხმევით დაიძლიოს».

ზუსტად 10 დღეში ლაშა ჟვანია თავად შეუერთდა უმუშევრების არმიას, ქართული ეკონომიკა მის გარეშე მდგრადი გახდა, ხოლო მის მიერ «სუსტ პრემიერად» წოდებული გილაური დღესაც იქ არის და ამტკიცებს, რომ უმუშევრობა შემცირდა. გოჩა ტყეშელაშვილი ლაშა ჟვანიას ხომ ვერ გადაჰყვებოდა?! მან სულ მალე 21 უმაღლეს სასწავლებელში გამოკითხვა ჩაატარა და 8 ნომინაციის გამარჯვებულები გამოავლინა. მაშ, ასე: 2009 წლის «მსოფლიო ეტალონი პოლიტიკოსი» ბარაკ ჰუსეინ ობამა გახდა, «საქართველოს ეტალონი საზოგადო მოღვაწე» _ პაატა ბურჭულაძე, «ეტალონი სპორტსმენი» _ ზაზა ფაჩულია, «ეტალონი სატელევიზიო გადაცემა» _ «ვის უნდა 20 ათასი», «საქართველოს ეტალონი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში» _ გიორგი წერეთელი, შესაბამისად, «საქართველოს ეტალონი პოლიტიკოსი ოპოზიციაში» _ ირაკლი ალასანია, «ეტალონი კომპანია» _ თიბისი ბანკი, ხოლო «საქართველოს ეტალონი ბიზნესმენი» _ მაია რჩეულიშვილი.  

ობამაზე ნუ ვიდავებთ, მაგრამ, გიგი წერეთელი რომ წლის ეტალონი პოლიტიკოსი გახდა, ეს უფრო პოლიტიკურ ანეკდოტს ჰგავს, ხოლო მაია რჩეულიშვილი ამ დროს უკვე ათასობით ოჯახს ტოვებდა ღია ცის ქვეშ. თუმცა დრო არ იცდის და ტყეშელაშვილი ახლა უკვე უზენაეს სასამართლოს უწვდის პიარ-ყავარჯენს: 2010 წლის 2 მარტს კოტე კუბლაშვილმა უზენაეს სასამართლოში სტაჟირებაგავლილ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ სასამართლო აქტიურად ყოფილა ჩართული გადაცემა «ეტალონის» მზადებაში. ამ გადაცემაში გამარჯვებული სტუდენტი იურისტები სტაჟირების გავლის პარალელურად, მთელი წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიასაც იღებდნენ. მთავარი ის ხომ არ არის, რომ მოსახლეობა სასამართლოს არ ენდობა, მთავარია, რომ იგი «ეტალონის» მონაწილეებს სტიპენდიას უხდის!

მაგრამ გოჩა ტყეშელაშვილის სატელევიზიო-საგანმანათლებლო მოღვაწეობის გვირგვინი მაინც 2010 წლის «ეტალონი სკოლის დირექტორის» გამოვლენა გახდა. მთელი ქვეყანა სიამაყით აღივსო, როცა გაირკვა, რომ ეს მაღალი წოდება ჟენია თუმანიშვილმა-მერაბიშვილმა მიიღო. ჟურნალისტებმაც იხალისეს: «ეტალონი-დირექტორი ხარისხის ახალი ნიშანია. გადაცემა ეტალონი ამ ნიშნის ავტორიც და გადამცემიც თავად არის, ხოლო პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი დირექტორი, რომელსაც ეტალონი-დირექტორის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედაა»!

«ეტალონი დირექტორი» აგრარული უნივერსიტეტის, სასულიერო აკადემიის, თსუ-ს და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტის სტუდენტებს «აურჩევიათ». კითხვაზე, თუ საიდან აქვთ სტუდენტებს ინფორმაცია სკოლის დირექტორების საქმიანობის შესახებ, «ეტალონის» პროდიუსერმა არჩილ თავბერიძემ უპასუხა, რომ ისინი ადგილზე ჩადიან კანდიდატ სკოლებში, ეცნობიან იქ არსებულ მდგომარეობას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. თავად გოჩა ტყეშელაშვილმა კი საჯაროდ განაცხადა: «არსებობენ ადამიანები, რომლებიც პედაგოგობისთვის არიან დაბადებულები და ქალბატონი ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება».

ქალბატონი ჟენია კი, რომელიც მანამდე მხოლოდ მისი მოპარული ქათმების გამო გუბერნიის ფეხზე დაყენებით იყო ცნობილი, გულაჩუყებული ყვებოდა «საკუთარი წარმატების საიდუმლოს» შესახებ: «ვეძებ ფულს. დირექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტი ის არის, რომ სპონსორები მოიძიოს. ზოგმა  რაღაც დამპირდა, ზოგი ლამინატს მიგებს, ზოგი რაღაცას მჩუქნის, ზოგი ფულს მოიტანს, ზოგი ფიზიკურად მუშაობს».

«ქვეყნის ხერხემლის» დედას რომ სპონსორები არ გამოელევა, ეს სკოლის მოწაფესაც ესმის და გოჩა ტყეშელაშვილსაც. მას შემდეგ, რაც საქართველოს «ეტალონი სკოლის დირექტორი» გამოავლინა, ტყეშელაშვილმა ფრთები გაშალა და ბიზნესკომპანიების რეიტინგების დადგენას მიჰყო ხელი. 2011 წლის განმავლობაში მან «საქართველოს ბანკების ასოციაციასთან», «მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციასა» და «ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან» ერთად ლუდსახარშები, ბანკები და სხვა ფირმები დააჯილდოვა.

2010 წელს გოჩა ტყეშელაშვილმა საქართველოს პატრიარქიც დააჯილდოვა «ეტალონის ოქროს ორდენით». პატრიარქის «ლოცვა-კურთხევით მოქმედმა» ტყეშელაშვილმა 2011 წელს სააღდგომოდ და საახალწლოდ ღვინო «ეტალონი» გამოუშვა და მის რეკლამას ეს «მედიაპედაგოგი» პირადად ეწეოდა. «ეტალონის» თითო ბოთლი 11-დან 14 ლარად იყიდებოდა. საპატრიარქო ამგვარ საკითხებზე ადრეც ხუჭავდა თვალს, როცა 90-იან წლებში მისი ქოლგის ქვეშ «მოღვაწე» ფირმები გადასახადისგან გათავისუფლებული იყვნენ და საქართველო დაუბეგრავი თამბაქოს ნაწარმითა  და სპირტიანი სასმელებით აავსეს.

საპატრიარქო ამჯერადაც დუმს იმაზე, რომ მოზარდთათვის განკუთვნილი «მისი ლოცვა-კურთხევით მოქმედი ყველაზე ეროვნული საგანმანათლებლო პროექტი» ღვინის წარმოებითა და რეკლამირებით არის დაკავებული. რეკლამაში საგანგებოდ არის ხაზგასმული, რომ ღვინო «ნაკურთხი თაფლით არის შეზავებული». ეს, ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა კურთხევა პირდაპირ კომერციული მიზნით არის გამოყენებული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, საბავშვო გადაცემის სახელწოდებით ღვინის გამოშვება იგივეა, რომ რუსებმა არაყი ჩამოასხან და მას «спокойной ночи, малищи» დაარქვან!

ამასობაში კი თავგასული გოჩა ტყეშელაშვილი «ეტალონის» ნიშნით უკვე კომპანია «მითანას» ხორცის პროდუქტებს აწარმოებს, ხოლო უახლოეს პერიოდში სხვადასხვა ადგილობრივ მწარმოებელთან ერთად უალკოჰოლო სასმელების, ტკბილეულის, მინერალური წყლის, ჩაის, პურ-პროდუქტების, ნაყინის და კვების სხვა პროდუქტების გამოშვებას გეგმავს.

გასაგებია, რომ «მედიაპედაგოგმა» ტყეშელაშვილმა განათლებით დაიწყო, მერე აშკარა მლიქვნელობაზე გადავიდა და ბიზნესსაც ეწია. ოღონდ რა შუაშია აქ ან საქართველო, ან ბავშვები?!

თამარ დავითულიანი

P.S. სიტყვა «ეტალონი» გაზომვის საშუალებას ნიშნავს. საფრანგეთში, სევრის საერთაშორისო ბიუროში, დღესაც ინახება სიგრძისა და მასის ეტალონები. ფართო გაგებით, სიტყვა «ეტალონი» იდეალური საზომის მნიშვნელობით იხმარება. გოჩა ტყეშელაშვილმა მოახერხა ამ «იდეალური საზომის» მითვისება და ახლა სხვადასხვა ბიზნესსუბიექტზე ჰყიდის მისი გამოყენების უფლებას. ამასაც ხომ მოხერხება უნდა? ფრანგებს გონება ისევე რომ უჭრიდეთ, როგორც ტყეშელაშვილს, მას, დიდი ხანია, სპირტიან ქილაში ჩასვამდნენ და სევრის ბიუროს თაროზე კილოგრამისა და მეტრის ეტალონებს შორის მიუჩენდნენ ადგილს!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here