Home რუბრიკები საზოგადოება და-სა-ნა-ნი-ა!

და-სა-ნა-ნი-ა!

663

ასეთი სათაური ჩემი წერილისთვის შემთხვევით არ მიმიცია, რამეთუ ოთხი თვის წინ კმაყოფილებით შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენას. 2011 წლის 7 ოქტომბერს მისეული დაპირება _ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით მოვალო _ შესაძლებლად ვიწამე. მაშინ, 7 ოქტომბერს, ბატონმა ბიძინამ იმედის დიდი ჩირაღდანი აანთო, მაგრამ მალე ამ ჩირაღდანმა, გაძლიერების ნაცვლად, თანდათანობითი შესუსტება იწყო. დღეს, ოთხი თვის შემდეგ, მისი ძლიერება ნავთის მბჟუტავ ლამპამდეა ჩამოქვეითებული; სწორედ ეს მიმაჩნია დასანანად.

რა მოხდა? ბევრმა ინტელექტუალმა, ობიექტურად მოაზროვნე ჟურნალისტ-პუბლიცისტმა ამის მიზეზები დამაჯერებლად და სრული სიზუსტით ახსნა. ვუერთდები მათ და ჩემეულ მოკრძალებულ, ზოგჯერ კრიტიკულ შენიშვნებს თუ რჩევებს ვაახლებ ბატონ ბიძინას. იმედია, არ მიწყენს, რამეთუ მე, 82 წლის კაცს, 57 წლის სტაჟის მქონე ისტორიკოს-პოლიტოლოგს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, მისი მამის ტოლს ამის მორალური უფლება ნამდვილად მაქვს.

ბატონი ბიძინას დიდი შეცდომა იყო პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთმანეთისგან გათიშვადაპირისპირება მასთან სათანამშრომლო და არასათანამშრომლო, ანუ დაწუნებულ ძალებად; მათ შორის სადემარკაციო ხაზის გავლება.

ჟურნალისტ ია ანთაძესთან ბატონმა ბიძინამ შესანიშნავი მოწოდება გააჟღერა: «ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს». თქვენი ეს მოწოდება, ბატონო ბიძინა, დიდად ინტელექტუალურმა «ასავალ-დასავალმა» თქვენი ინტერვიუს მთავარ სათაურად შემთხვევით როდი აიტაცა; ამით მის ჭეშმარიტ ღირებულებას გაუსვა ხაზი.

სულ ახლახან, ბატონო ბიძინა, ასევე დიდად ინტელექტუალურმა «საქართველო და მსოფლიომ» თავის 2012 წლის 8-14 თებერვლის ნომერში ახალი სამოქმედო ლოზუნგი _ მოწოდება შემოგთავაზათ: «გიწვევთ ყველას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ». შესანიშნავია; იმოქმედეთ ამ მოწოდებით, რომლის ავტორია დიდებული პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ქალბატონი ნანა დევდარიანი. მე მას თქვენ მაგივრად მადლობას ვუხდი; მწამს, თქვენც ამასვე გააკეთებთ.

ამრიგად, ბატონო ბიძინა, გირჩევთ, უარი თქვათ საბედისწერო სადემარკაციო ხაზზე და იმოქმედოთ ზემოთ მოტანილი სამოქმედო ლოზუნგებით.

ბატონო ბიძინა, დაუყოვნებლივ დააარსეთ ყოველკვირეული გაზეთი სახელწოდებით «ქართული ოცნება», რომელსაც ეპიგრაფად წარემძღვარება ქალბატონ ნანას მიერ შემოთავაზებული მოწოდება.

თქვენ, ბატონო ბიძინა, საყრდენ პოლიტიკურ ძალებად «რესპუბლიკელები» და ალასანიას პარტია მიიჩნიეთ; კარგი, მაგრამ ისინი ისე გაკადნიერდნენ, რომ საკუთარ ხელში აიღეს უფლება _ ვინ მიიღონ და ვის უთხრან უარი «ქართული ოცნების» რიგებში გასაერთიანებლად, თქვენ ლამის თავიანთ მძევლად გაქციეს. ამ გარემოებამ მე, პოლიტოლოგს, მათქმევინა: «ქართული ოცნების» ანსამბლში ქაოსია; ვერ გაგვიგია, ვინ დირიჟორობს ამ ანსამბლს _ ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი თუ ირაკლი ალასანია.

ურეიტინგო რესპუბლიკელებმა და ირაკლი ალასანიას პარტიამ «ქართული ოცნების» გვერდით დადგომის მსურველ ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ცალკეულ ცნობად პოლიტიკურ სახეებს (ვაჟა ლორთქიფანიძეს, ვალერი კვარაცხელიას და ა. შ.) გველივით დაუწყეს კბენა და გარეთ ერეკებიან. თუ ასე გაგრძელდა, რასაც ბატონი ბიძინას მისამართით კომპრომატები უშუალოდ თითქმის ყოველდღიურად ემატება, მაშინ საპარლამენტო არჩევნებში «ქართული ოცნების» შედეგები სავალალო იქნება _ 15-17 პროცენტს ძლივს მიაღწევს, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა ოცნების საზღვრებში დარჩება; მარტო დოლარების ხარჯვა გამარჯვებას ვერ მოგვიტანს.

«ქართული ოცნება» მხოლოდ მაშინ მოიპოვებს მხარდაჭერას და გახდება ყველაზე მასობრივი სახალხო მოძრაობა, თუ თავის გარშემო შემოიკრებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ უკლებლივ ყველა ძალას.

«ქართულმა ოცნებამ» დევიზად უნდა გაიხადოს: «ღარიბ-ღატაკებო, უმუშევრობით გაწამებულებო, პენსიონერებო, საზღვარგარეთ გადახვეწილებო, დადექით «ქართული ოცნების» დროშის ქვეშ და თქვენ გაიმარჯვებთ!»

თუ არ ჩაღრმავდება ფსკერზე ხალხის ძირითადი მასების გულებში და, «სახალხო კრების» მსგავსად, მხოლოდ ზედაპირზე იტივტივებს, «ქართული ოცნება» მასობრივ პოპულარობას ვერა და ვერ მოიხვეჭს, გამარჯვებას ვერ მიაღწევს.

თქვენ კარგად ხედავთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, უკვე წლებია, მისი პარტიისთვის დიდად სასარგებლო წინასაარჩენვო საქმიანობას ეწევა. თქვენი 7 ოქტომბრის განცხადების შემდეგ მან ეს საქმიანობა გააათკეცა. მან ბევრი რეკორდი დაამყარა: ვანო ჯავახიშვილით დაწყებული ყველა შოუმენს, ჯამბაზს, ილუზიონისტს თუ ფანტაზიორს გადაუსწრო, დემაგოგიის დიდოსტატად იქცა; არც შავ სამუშაოს თაკილობს; «ფიგარო _ აქ, ფიგარო _ იქ», როლიც შესანიშნავად აითვისა, ხალხიც მრავლად აიყოლია. არჩევნებისთვის დიდად სასარგებლო რესურსებს ქმნის.

აღნიშნულის ფონზე «ქართულ ოცნებაში» სრული უმოქმედობაა; მეტიც _ უკუსვლაა. «ქართულმა ოცნებამ» დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა რეგიონებში _ ქალაქებსა და სოფლებში, რათა დაამყაროს მჭიდრო კავშირი იქ მოქმედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მაგალითად, ქ. ქუთაისში ორგანიზაცია «ახალი მემარცხენეები» გამოხატავს მზადყოფნას, იმუშაოს «ქართული ოცნების» გვერდით მის მხარდასაჭერად, თუ იგი ამას ინებებს და არ გვიბიძგებს იმისკენ, რომ მესამე ძალის მიმართულებით ვიმოქმედოთ; დაუფიქრდით! თბილისში ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია 74-68-21, ხოლო ქუთაისში _ 24-96-83 და 27-77-55.

საგარეო პოლიტიკის დარგში «ქართულმა ოცნებამ» უარი უნდა უთხრას ნატოს, რომელიც რუსეთირანის სამეზობლო პირობებში უკიდურესად შეუთავსებელია საქართველოს გეოგრაფიული სივრცისთვის და, საერთოდ სამხრეთ კავკასიისთვის, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესანიშნავად შეიმეცნესმან უნდა მოუხმოს ჯანსაღ გეოპოლიტიკურ აზროვნებას; პატივი მიაგოს ისტორიულ მემკვიდრეობამეხსიერებას. სწორედ ნატოს უარყოფა მისცემს «ქართულ ოცნებას» უაღრესად საჭირო, ტაძართან მისასვლელ მწვანე გზას რუსეთთან კეთილმეზობლობისა და ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების მიმართულებით.

ნატო დღეს იარაღია, «სხვისი ხელით ნარის მგლეჯელი», მსოფლიო ჟანდარმად ქცეული აშშ-ის ხელში. მხატვარი რომ ვიყო, აშშ-ის სიმბოლო ძია სემს ხელში დიდი უროთი დავხატავდი _ უროს თავზე წარწერით: NATO-OTAN, ხოლო უროს ქვეშ, ლიბიის რუკაზე ჩაკეცილი კადაფის გასისხლიანებულ თავს გამოვსახავდი. კადაფი ლაჩარივით არ გაქცეულა, სული საკუთარ მიწაზე დალია.

იუგოსლავიაში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში და .. სისხლისმნთხეველ ნატოს ქართველი კაცი არ უნდა ეთაყვანებოდეს, ბატონო ბიძინა.

ჯერ კიდევ 60 წლის წინ, როცა აშშ-ის ინიციატივით ნატო ახალი ჩამოყალიბებული იყო, თავის მახვილ პოლიტიკურ პუბლიკაციაში _ «ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი» დიდებული მწერალი კონსტანტინე გამსახურდია წერდა:

«საკმარისია, თვალი გადავავლოთ აშშის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის მთავარ ეტაპებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სახელმწიფოს მესვეურთა მთელი პრაქტიკა ემსახურებოდა არა მშვიდობისა და ხალხთა სოლიდარობის მაღალ იდეალებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ იყო ომისა და შფოთის ინიციატორი» (იხილეთ თხზ., . VI, გვ. 720). რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია; კაცი იტყვის: კონსტანტინე ბატონს ეს სტრიქონები დღეს ხომ არ დაუწერია?

ბატონო ბიძინა, ბევრჯერ მითქვამს: ნატო გაეროს გვერდით ზედმეტია, შფოთის წყაროა, იგი უნდა დაიშალოს, ხოლო გაეროს უფლებები გაძლიერდეს.

მავანი, რომელიც იყბედებს: ნატოშიც შევალთ და რუსეთთანაც დავამყარებთ ნორმალურ ურთიერთობასო, ხალხს უსირცხვილოდ მოატყუებს და საქართველოს ეროვნულ მტრად მოგვევლინება.

ბატონო ბიძინა, ობამას მისამართით გაგზავნილი თქვენი წერილის შინაარსი არა და არ მომეწონა, რამეთუ თქვენ მას უთხარით: არჩევნებში ხმა მე მომეცით და თქვენთვის სააკაშვილზე უკეთესი სააკაშვილი მე ვიქნებიო. სხვა ლოგიკა მე ვერ დავინახე.

ბატონო ბიძინა, 9 თებერვალს თქვენ და თქვენმა მხლებლებმა სააკაშვილის პორტრეტი ფეხქვეშ რომ გაიგდეთ, ემოციის ტყვეობაში რომ აღმოჩნდით, ნამდვილად არ მომეწონა; ეს პოლიტიკური უკულტურობა იყო; ამით სისუსტე უფრო გამოამჟღავნეთ, ვიდრე სიძლიერე, რამეთუ მავანს ათქმევინეთ: «ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო».

ბატონო ბიძინა, ძალიან მწარე კომპრომატები წამოიწყო თქვენ წინააღმდეგ სააკაშვილის ტელევიზიებმა; თუ არგუმენტირებულად არ უარყოფთ მათ, იცოდეთ, დამარცხდებით.

თქვენთან შესახვედრად და სასაუბროდ მზად ვარ, რამეთუ გარკვეული მიზეზების გამო აქ ყველაფერი ვერ გითხარით.

თქვენდამი წრფელი პატივისცემით,

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი,

ქუთაისი

 

1 COMMENT

  1. გთხოვთ დამაკავშირეთ ბატონ გივი გურეშიძესთან ან მისი ტელეფონის ნომერი თუ შეგიძლიათ რომ მომწეროთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here