Home რუბრიკები საზოგადოება არჩილ კბილაშვილი: უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ არასტაბილურობის შეგრძნება აქვთ

არჩილ კბილაშვილი: უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ არასტაბილურობის შეგრძნება აქვთ

620

წარმატებული ადვოკატის პოლიტიკურ ამპლუაში წარმოთქმულმა პირველივე განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. რატომ არ აქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლება «სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიურ ეტაპგადაულახავებს», რატომ გადაწყვიტა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და როგორ ესახება «ქართული ოცნების» მომავალი, ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიტიკური პარტია «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» საინიციატივო ჯგუფის წევრი არჩილ კბილაშვილი.

_ წარმატებულმა ადვოკატმა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და რატომ აირჩიეთ ბიძინა ივანიშვილის გუნდი?

_ ჩემი გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოებამ განაპირობა: პირველი და უმთავრესი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი აღმოჩნდა. ეს ადამიანი ყველასთვის უხილავი, მაგრამ თავისი მასშტაბური ქველმოქმედებით მაინც ცნობილი იყო. ამას გარდა, მან მშვენივრად მოახერხა, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების ერთგული ყოფილიყო და პარალელურად, ეროვნული, მართლმადიდებლური საქმე ეკეთებინა. არადა, ითვლება, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები ნაკლებად შეთავსებადია ეროვნულთან. დღეს ერთ-ერთი გამოწვევა, რაც არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას, არის, ერთის მხრივ, გლობალიზაცია თავისი ლიბერალური ფასეულობებით და მეორე მხრივ _ თვითმყოფადობის შენარჩუნების საშიშროება, მან კი ორივეს შეთავსება მშვენივრად მოახერხა.

ამას გარდა, ამ ნაბიჯისკენ მართლმსაჯულებაში არსებულმა პრობლემებმაც მიბიძგა. 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლო კოლეგიამ 7300 სისხლის სამართლის საქმე განიხილა და მხოლოდ სამი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ 0,01 პროცენტია გამართლების კოეფიციენტი. ეს ციფრი რუსეთშიც კი დაახლოებით 1%-ს აღწევს, ანუ ასჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან, აღარაფერს ვამბობ ევროპის ქვეყნებზე, სადაც გამართლების კოეფიციენტი 20-25%-ია. როგორ შეიძლება 100-დან 99 შემთხვევაში ბრალმდებელი მართალი იყოს, ხოლო ადვოკატის პროფესია მთლიანად დისკრიმინირებული? 

_ ბევრი ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას გააერთიანებდა, მაგრამ მან პირიქით, გამიჯნა ოპოზიცია. როგორ შეძლებთ ორისამი პარტიით გამარჯვების მოპოვებას?

_ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანდნენ ძალები, რომლებიც იდეოლოგიური, აზრობრივი თუ გარკვეული ფასეულობებით მის მსოფლმხედველობასთან ახლოს არიან, თუმცა ვინც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში არ არის, არ ნიშნავს, რომ მტრული ბანაკის წევრია. იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებთანაც კოალიციური და პარტნიორული თანამშრომლობა არ შედგა, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ვითანამშრომლებთ.

_ როგორ და რა ფორმით წარმოგიდგენიათ კოალიციის გარეთ დარჩენილ პარტიებთან თანამშრომლობა?

_ ამ ეტაპზე, მთელი ოპოზიციური სპექტრის მთავარი მიზანია არჩევნების რაც შეიძლება სამართლიან გარემოში ჩატარება, მაგრამ, თუ როგორი იქნება ამ პარტიებთან თანამშრომლობის ფორმატი, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, ვინაიდან პარტია სულ ახლახან ჩამოყალიბდა და ჯერ ყველაფერი განხილვის პროცესშია.

_ იქმნება საინიციატივო თუ თემატური ჯგუფები, საზოგადოება კი ელოდება, როდის დაიწყებთ უფრო აქტიურ მოქმედებას

_ როცა პარტია სრულად ჩამოყალიბდება, მას უკვე უფლებამოსილება და მანდატიც ექნება, რათა აქტიურად იმოქმედოს. მაგალითად, გავიდეს რეგიონებში, ხალხს გააცნოს თავისი ხედვა, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს ამომრჩეველთან, ამიტომ ასე აქტიურები დღეს ვერ ვიქნებით.

_ თქვენ იცავდით ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ინტერესებს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. რა ხდება ამჟამად ამ საქმის ირგვლივ და რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ დაუბრუნა?

_ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მოპოვებისა და აღდგენის ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. უკვე გვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და განხილვას ველოდებით. პარალელურად, მივმართეთ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და მოვითხოვეთ მოქალაქეობის მინიჭება სპეციალური, ნატურალიზაციის წესით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება საბოლოო მაინც არ არის. ამ დასკვნის საფუძველზე პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. უარის შემთხვევაში, რასაკვირველია, გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ, ბუნებრივია, ამას დიდი დრო დასჭირდება და მანამდე, ალბათ, არჩევნებიც დასრულდება. ამიტომ ასეთი სათადარიგო ვარიანტიც არსებობს, რომელსაც ჩვენ ჯერ სერიოზულად არ განვიხილავთ, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ.

არ არის აუცილებელი, ბიძინა ივანიშვილი იყოს საარჩევნო სიაში, ეს ნაკლებმნიშვნელოვანია, მთავარია, რომ სიის სახელწოდება ივანიშვილის სახელთან იქნება ასოცირებული და ამომრჩეველს ეცოდინება, რომ ეს პოლიტიკური გუნდი მისი გუნდია. ასე რომ, თუ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ მიანიჭებს, ტრაგედია არც ეს იქნება.

_ თქვენი განცხადება  _ «ადამიანი პოლიტიკაში მაშინ უნდა მოვიდეს, როცა სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახული აქვს» _ ქილიკის საგნად იქცა. თქვენ ასევე ისაუბრეთ პოლიტიკოსების მატერიალურ შესაძლებლობებზე. თუ ელოდით ასეთ რეაქციას და პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ადამიანის მხრიდან რამდენად მართებულია მსგავსი გამონათქვამები?

_ მოდი ასე ვთქვათ: მართებულია, როდესაც ადამიანი გულწრფელია და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, თანაც პოლიტიკოსის რანგში ეს ჩემი პირველი გამოსვლაა. მიმაჩნია, რომ ყველას არ აქვს ადამიანების ბედის გადაწყვეტის უფლება. ადამიანი ჯერ საკუთარ პროფესიაში უნდა იყოს წარმატებული, არ უნდა ჰქონდეს საკუთარი მატერიალური საზრუნავი. თუ იმაზე ფიქრობ, როგორ არჩინო ოჯახი, სხვების ბედზე როგორ იფიქრებ? ამას გარდა, როცა სახელმწიფო ხაზინასთან გაქვს შეხება, მატერიალური პრობლემების შემთხვევაში, ეცდები ჯერ საკუთარი ფინანსური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო. კარგად დავინახეთ, ხელისუფლების წევრები მმართველობით სტრუქტურაში ღარიბ-ღატაკები მოვიდნენ და დღეს როგორ გამდიდრდნენ.

რაც შეეხება ადრეფიზიოლოგიური სექსუალური ეტაპის გადალახვას, ხატოვნად ნათქვამმა სწორმა აზრმა ქილიკის საფუძველი წარმოშვა, მაგრამ დააკვირდით, ვინ ქილიკობდა? ვინც ჩემს სიტყვებში საკუთარი თავი ამოიცნო, კრიტიკაც სწორედ მათგან დავიმსახურე. როგორც ჩანს, ძალიან ეწყინათ ჩემი სიტყვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათქვამმა მიზანს მიაღწია.

როცა გამოხმაურებები წავიკითხე, ზოგი ძალიან მაკრიტიკებდა, ზოგი ამბობდა, რომ აზრი სწორია, მაგრამ გამოხატვის ფორმა არც თუ ისე მისაღებიაო. შეიძლება ასეც იყოს, არ უარვყოფ, მაგრამ მე დაწერილ სიტყვებს არ ვკითხულობდი, არამედ იმ იმპულსებით ვსაუბრობდი, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი.

_ ახლახან ისრაელში პატრიარქს ახლდით. თქვენი ვიზიტის შესახებ მომიყევით.

_ მოგეხსენებათ, მე ორ ებრაელ ბიზნესმენს ვიცავდი. გასული წლის 18 აპრილს პატრიარქმა ისინი საპატიმროში საკუთარი ნებით მოინახულა. მათ უთხრეს, როცა გავთავისუფლდებით, დიდი სიამოვნებით გიხილავთ ისრაელშიო. წელს რონი ფუქსმა დაბადების დღე მიულოცა პატრიარქს და კვლავ სურვილი გამოთქვა ისრაელში ეხილა პატრიარქი. ამას გარდა, დაემთხვა, რომ საქართველოს საპატრიარქომ ბერძენთა პატრიარქისგანაც მიიღო მიწვევა იერუსალიმში. ეს ოფიციალური ვიზიტი და გათავისუფლებული ებრალების სურვილი _ ეხილათ პატრიარქი თავიანთ სამშობლოში, ერთდროულად განხორციელდა. როდესაც პატრიარქს მადლობის წერილი გადავეცი, თქვენც ხომ იქნებითო, მკითხა, ასე რომ, მეც იქ აღმოვჩნდი. უნიკალური შესაძლებლობა მომეცა, მენახა წმინდა ადგილები და მაცხოვრის ტაძარში საქართველოს პატრიარქის მიერ შესრულებული წირვა-ლოცვის მონაწილეც გავმხდარიყავი.

_ ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს შეხვდით, რომელმაც ისრაელის მოქალაქეების კვალიფიციური მომსახურებისთვის მადლობა გადაგიხადათ. როგორ აისახა ცნობილი ინციდენტი საქართველოისრაელის ურთიერთობაზე?

_ ისრაელის პრეზიდენტს რონი ფუქსის დაბადების დღეზე შევხვდი. მან მადლობა გადამიხადა თანამემამულეების დაცვისთვის. მომხდარმა, რა თქმა უნდა, ცუდი გავლენა მოახდინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. 14 თვის განმავლობაში, რაც ებრაელები დაპატიმრებულები იყვნენ, არც ერთი ოფიციალური დელეგაცია საქართველოდან ისრაელში არ ჩასულა. გაუქმდა რამდენიმე ვიზიტი. ამ შემთხვევაში ის კი არ არის მთავარი, ჩაიდინეს თუ არა მათ დანაშაული, ეს ადამიანები ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდნენ და, როდესაც ქვეყნის პირველი პირი სტუმრად მოწვეულ ადამიანს ბორკილებს ადებს, ეს გაუგებარია და არანაირ მორალურ ჩარჩოებში არ ჯდება.

შესაძლებელია, საქართველოს სახელმწიფომ რაღაც მილიონები დაზოგა, მაგრამ ვინ დათვალა საქართველოს ზარალი?

_ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაპატიმრებულ ებრაელებს ციხეში ცუდად ექცეოდნენ. რას ამბობენ თავად უკვე გათავისუფლებული პატიმრები?

_ დაპატიმრებულ ებრაელ ბიზნესმენებს ჰქონდათ პრეტენზია კვებასთან დაკავშირებით; ტელეფონზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ. იყო შემთხვევები, როცა არაადამიანურადაც ეპყრობოდნენ: ღამე აღვიძებდნენ, საკანში ხელებაწეულებს, ტანისამოსის გარეშე აყენებდნენ, მათ პირად ნივთებს და სალოცავებს ძირს ყრიდნენ, საწოლზე რაღაც სითხეს უსხამდნენ და ყველანაირად აბუჩად იგდებდნენ, რამაც ერთ-ერთი მათგანის, ზეევ ფრენკელის ინფარქტიც კი გამოიწვია.

იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ამ ადამიანების ბედით ისრაელის სახელმწიფო იყო დაინტერესებული. ისრაელის ელჩი ყოველ კვირა მიდიოდა მათ სანახავად და ამის მიუხედავად, მათ თუ ასე ცუდად ექცეოდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ პატიმრები, რომლებსაც მომკითხავიც არავინ ჰყავთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან? იმაზე მეტი უუფლებო, ვიდრე პატიმარია საკანში, არავინ არსებობს. მათ საკუთარი სიმართლის დამტკიცების უფლებაც არ აქვთ.

_ თქვენ მრავალი უცხოური კორპორაციის ინტერესებს იცავთ. როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი?

_ მათი დამოკიდებულება ძალიან ფრთხილია. უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ არასტაბილურობის შეგრძნება აქვთ, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი დამკვიდრებული ქცევის წესები. არადა, ბიზნესში სტაბილურობა მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის გეტყვით, გასართობი ბიზნესის სფეროს რეგულაცია ახალი წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ლიცენზია თუ ღირდა 20 ათასი, ახლა მილიონი ღირს. კი, ბატონო, არავინ დავობს, სახელმწიფოს უფლებაა, განსაზღვროს, რა არის გონივრული. გასართობი ბიზნესი ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია, მაგრამ ასეთი სწრაფი ცვლილებები ბიზნესში არ შეიძლება. როგორ შეიძლება ამის მერე სტაბილურ გარემოზე ისაუბრო? პრობლემაა ნდობა, რომელიც არ არსებობს და ჩვენი, «ქართული ოცნების», ერთ-ერთი დევიზი სწორედ ეს არის: გვსურს, ადამიანებს დაკარგული ნდობა დავუბრუნოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here